ბლოგი
კატეგორია - ბლოგი
01 საათი და 30 წუთია. სახლში ვეღარ ვჩერდები. ასეთ დროს სახლში არასოდეს ვმჯდარვარ. ყოველთვის ვცდილობდი მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნას ჩემს ჯგუფთან ერთად. დღეს კი ტელევიზორს მივშეტერებივარ იმ იმედით, რომ რამეს გავიგებ. არც ერთ არხზე არაფერია. ალბათ, რაღაც საშინელება ხდება და თან მასშტაბური. ეტყობა, მზად არ იყვნენ ან ვერ ახერხებენ ეთერის დაწყებას.

1 საათი და 40 წუთი...უნდა წავიდე... მართალია, არც ერთ ტელევიზიაში აღარ ვმუშაობ, მაგრამ რამეს მაინც გავიგებ და სოციალურ ქსელში დავწერ. ყველას აინტერესებს რა ხდება, მინდა ინფორმაცია გავავრცელო, სანამ ტელევიზიები სპეციალურ გამოშვებას დაიწყებენ. სახლიდან ზოოპარკამდე მანძილი 10 წუთში გავირბინე. ზოოპარკის მაგივრად ტბა დამხვდა. ცხოველების ღმუილი და ხალხის ყვირილი ერთმანეთში ირევა. კადრების გადაღება მინდა, მაგრამ ტელეფონი ამის საშუალებას არ მაძლევს, არაფერი ჩანს. ასე ჩავწერე ჩემი პირველი ვიდეო, სადაც იმის აღწერა ვცადე, რაც იმ წუთას ხდებოდა ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

გასროლა... ვეფხვი მოკლეს. პირველ ვიდეოს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე ... და ცოტა ხანში, ჩემი პერსონალური „სპეციალური გამოშვება“ მაქვს ფეისბუკზე.

ვიცოდი, რომ ბევრი ადამიანი ადევნებდა თვალს ჩემს ფეისბუკ გვერდს. ისიც ვიცოდი, რომ ბევრი ჩემი საშუალებით იგებდა გარკვეულ ინფორმაციას. თუმცა, ნამდვილად არ მეგონა, რომ ვიდეოების ნახვების რაოდენობა 80 000–მდე იქნებოდა. როგორც ჩანს, იმ ღამეს „რეიტინგით“ ტელევიზიებსაც გავასწარი. გეფიცებით, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. ამ ამბების შემდეგ ბევრი ვიფიქრე იმაზე, თუ რა მოხდა რეალურად და რამ გამოიწვია ჩემი ასეთი „რეიტინგულობა“.

იმ ღამეს ყველა ჩემი კოლეგა ჩემზე გაცილებით უფრო აქტიურად და „გმირულად“ მუშაობდა. თუმცა, სწორედ ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო, უმეტესობამ, როგორც ჩანს, დროულად ჯერ სამსახურამდე და მერე ეპიცენტრამდე მისვლა ვერ მოახერხა. შესაბამისად, მასალების არქონის გამო ვერ მოხერხდა ეთერში სპეციალური გამოშვებებით გასვლა. მე კი იქვე ახლოს ვცხოვრობ, არც სამსახურში მისვლის აუცილებლობა მქონდა და არც ოპერატორს არ ველოდი. შესაბამისად, ოპერატიულობის მხრივ უპირატესობა ჩემ მხარეს იყო.

ჩემი მუშაობის დეტალებზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. ერთადერთი იმას გეტყოდით, რომ, როგორც ჩანს, თუ კამერით არ ხარ გადაღებაზე, სამართალდამცველებს მაინც უჭირთ შენი ჟურნალისტად აღქმა. აქ გაცილებით უფრო საინტერესო ეგრეთ წოდებული „ახალი მედიაა“, რომლის კარგი მაგალითიც ჩემი „რეპორტაჟებია“.

იმ ღამეს აღმოჩნდა, რომ ჩემი ფეისბუკ გვერდი ინფორმაციის ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო იყო. ამ დღემდე ამ ეგრეთ წოდებულ „ახალ მედიასთან“ ასეთი აქტიური შეხება არასოდეს მქონია. სიმართლე გითხრათ, მომეწონა. თანაც ძალიან. არის მასში რაღაც განსხვავებული და საინტერესო. შენ ხარ შენი თავის პროდიუსერიც, შენი არხის დირექტორიც, ოპერატორიცა და ჟურნალისტიც. აუცილებელი არ არის, რომ იყო პროფესიონალი ჟურნალისტი. ახალი მედია დღეს ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია და ნებისმიერს შეუძლია იყოს „ მოქალაქე ჟურნალისტი“. ამას თავისი ხიბლი აქვს. მაგრამ ამ ყველაფერს ერთი პატარა ან დიდი მინუსი აქვს. ისეთი „არატრადიციული“ რეპორტაჟის დროს, როგორიც მე მქონდა, ძალზედ დიდი სიფრთხილე გმართებს. ჩემ მიერ გადაღებული ვიდეოების რაოდენობა გამოქვეყნებულს ორჯერ აღემატებოდა. მიზეზი კი ის არის, რომ შესაძლოა ამბის შესაბამისი კადრი ვერ აჩვენო, ძნელია ინფორმაციის გადამოწმებაც და შესაბამისად, გაცილებით უფრო მეტი სიფრთხილე გმართებს.

ამ ბლოგის წერისას ბევრი ვიფიქრე, თუ როგორ დამეწყო და დამესრულებინა. ბოლოს გადავყვიტე, რომ გუშინ მომხდარი ერთი პატარა ამბით დავასრულო.

16 ივნისი. საღამოს 6 საათი. ფილარმონიასთან ბავშვებს ვასეირნებ და სიამაყით ვუყურებ როგორ მოდიან გმირთა მოედნიდან ტალახში ამოსვრილი ახალგაზრდები. უცებ ერთი გოგო მომიახლოვდა:

– თქვენ ხართ?

– ვინ მე?

– აი, ვიდეოებს ვინც დებდა ფეისბუკზე ზოოპარკთან.

კი, მე ვარ-მეთქი ვუპასუხე და გავიღიმე. – თქვენ გმირი ხართ – ეს მითხრა და გადამეხვია.

გავშრი. პატარა გოგონა, რომელიც სტიქიის ადგილას მოხალისედ მუშაობდა, მე მეუბნება რომ გმირი ვარ?! შემრცხვა. მე არ ვიცი, ვინ იყო ეს გოგონა. არც მისი სახელი ვიცი. გული მწყდება რომ ვერაფერი ვუთხარი. არადა სიამოვნებით შევუბრუნებდი სიტყვას – „გმირობა თქვენკენ მოიკითხეთ...მე ერთი რიგითი ჟურნალისტი ვარ.“

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
კატეგორია - ბლოგი
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ვებგვერდის მეშვეობით მე და ჩემსავით დაინტერესებული პირები კიდევ ერთი ახალი და არცთუ ისე უმნიშვნელო პროცესის მონაწილეები გავხდით. ამ ელექტრონულ მისამართზე ხელმისაწვდომია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2015 წლის 28 აპრილის #295-ე გადაწყვეტილება, რაც უკვე გამხდარა საფუძველი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2015-2016 წლების პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრასთან დაკავშირებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის.

სამეურვეო საბჭოს წევრებმა, ძალიან დიდი ვნებათაღელვისა და დისკუსიების პირობებში შერჩეულმა ფავორიტებმა(ამაზე ოდნავ მოგვიანებით), საჯარო განხილვისათვის წარმოადგინეს საბჭოს საქმიანობის ყველაზე ხელ(და თვალ)შესახები ნაწილი - სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2015-2016 წლების პროგრამული პრიორიტეტების პროექტი.

29 მაისამდე ყველას ჰქონდა უფლება, დოკუმენტის თაობაზე შენიშვნები და მოსაზრებები წერილობით წარედგინა, მაგრამ მე ამ შესაძლებლობით არ მისარგებლია. პროცესისაგან ასე გამიჯვნის მიზეზი ინერტულობა ან ინდიფერენტულობა არ ყოფილა. ვაღიარებ - გამოქვეყნებისთანავე გადმოვწერე მასალა, გადავამოწმე ყველა გასული წლის პრიორიტეტი, გავიხსენე ჩემი ჩანაწერები საზოგადოებრივ მაუწყებელთან პროფესიულ კვეთაში რომ დამრჩა, რამდენჯერმე დავწერე და წავშალე მოსაზრებები... მაგრამ მაინც ჩავთვალე, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება ჩემი, როგორც მოქმედი სამეურვეო საბჭოს შერჩევაში მონაწილე პირის, პოზიციების ძალიან ღია ფორმატში გადმოტანა იქნებოდა. თავს ვერ ავარიდებდი სუბიექტურ დამოკიდებულებებს მნიშვნელოვან პროცესებში მონაწილეობით რომ ჩნდება ხოლმე (ჩემს შემთხვევაში ეს იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებებზე მუშაობა კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში და სამეურვეო საბჭოს წევრების შერჩევაში ორჯერ მონაწილეობა) და რომ ეს ყველაფერი „რაღაც“ შინაგან უხერხულობას მიქმნიდა (შესაძლოა არასწორადაც). ამიტომ ასეთ პროფესიულ თუ ემოციურ ქარცეცხლში გატარებული მოსაზრებები რამდენიმე მეგობართან იდეის გაცვლის დონეზე დავტოვე მხოლოდ.

მაინც რატომ არის საზოგადოებრივი მაუწყებელი ასე მნიშვნელოვანი? გახსოვთ, ჩვენ ყველა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ინფორმაციულად მხოლოდ ერთი ქართული ტელევიზიით ვიკვებებოდით, რაც საკუთარი ინფორმირებულობის მიმართ ხშირად საფუძვლიან ეჭვს გვიჩენდა, - ეს ტენდენცია ახლახან შეიცვალა - ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ ერთი წლის განმავლობაში განახორციელებდა საკანონმდებლო ცვლილებებს ქვეყანაში მედიის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ბევრ მნიშვნელოვან რეგულაციასთან ერთად უნდა შექმნილიყო ახალი საკანონმდებლო ჩარჩო 1956 წლიდან სახელმწიფო ტელევიზიის სტატუსის მქონე მაუწყებლისათვისაც. მცდელობის მიუხედავად, ვალდებულების შესრულება შევარდნაძის მთავრობამ ვერ შეძლო. თუმცა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ - 2003 წლის ბოლოდან საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის საზოგადოებრივ მაუწყებლობად გარდაქმნის პროცესს. ამ პროცესის მონიტორინგისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე პრეზიდენტმა სააკაშვილმა შექმნა საზოგადოებრივი მონიტორინგის დროებითი კომისია, რომლის ძირითად ფუნქციადაც საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ხელმძღვანელობისათვის საზოგადოებრივ მაუწყებლობად გარდაქმნის საკითხში რეკომენდაციების გაწევა და საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობა იყო განსაზღვრული.

2004 წელს ქართულ რეალობაში გაჩნდა ძალიან საჭირო ჩანაწერიც - პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით დაფუძნდა ერთი საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია და არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას. მაუწყებლის საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხები განისაზღვრა „მაუწყებლობლობის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2006 წლიდან, BBC- ის სტანდარტების გაზიარებით, შეიქმნა კიდევ ერთი პროგრესული დოკუმენტი - საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი.

დღეს ინფორმაციის მიღების საკმაოდ მრავალფეროვანი რესურსები არსებობს, თუმცა საზოგადოებრივი არხები ისევ რჩება თანამედროვე სახელმწიფოების ინტერესის საგნად. საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ძირითადი წყარო ისევ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტია. საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ოდენობა საქართველოს სახელმწიფოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ია. ამდენად, დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის თითოეული თანამშრომელი ფინანსდება, რადგან მათი საქმიანობა საჭირო და პრიორიტეტულია ქვეყანაში. ამ დიდი მოლოდინით კი რეალურად ჩვენ უარს ვამბობთ სოციალური თუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა პროექტების დაფინანსებაზე. ასეთ ხაზგასმას საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ინფორმაციის მიღებისა და სათანადოდ დამუშავების აუცილებლობის გამო ვაკეთებთ ჯერ კიდევ.

ამ უდიდესი სამოქალაქო, სამართლებრივი თუ მატერიალური მხარდაჭერის მიუხედავად, 2004 წლიდან დღემდე საზოგადოებრივი ტელევიზია არაერთხელ იქცა საზოგადოების კრიტიკის საგნად. უმეტეს შემთხვევაში უარყოფითად ფასდებოდა ის, რომ მაუწყებელი სრულყოფილად ვერ ასახავდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მუდმივად იყო ეჭვქვეშ დაყენებული მისი ხელმძღვანელების და სამეურვეო საბჭოს წევრების პოლიტიკური დამოუკიდებლობა (ვიტყოდი ხან საფუძვლიანად, ხანაც უსაფუძვლოდ-მეთქი).

2013 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის მიზნით საპარლამენტო უმრავლესობამ („კოალიცია-ქართული ოცნება“) ინიცირება გაუკეთა სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას და მიიღო ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალ წესს, აჭარის სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნას, სავალდებულო ტრანზიტის ე.წ. “MUST CARRY”-ისა და “MUST OFFER”-ის დაკანონებას და ტელევიზიების მეტი ფინანსური გამჭირვალობის უზრუნველყოფას შეეხებოდა. განახლებული რეგულაციებით შეიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესი და მისი შემადგენლობა არსებული 15-დან 9 წევრამდე შემცირდა.

ძალიან მალე ახალი წესით დაკომპლექტდა სამეურვეო საბჭო. თუმცა იგი დღეისათვის ნაცვლად 9 წევრისა მხოლოდ 7 მეურვის შემადგენლობით ფუნქციონირებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებაში ჩართული იყო ახალი რგოლი - საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილი საზოგადოებრივი კომისია. კომისიის მეშვეობით შესაძლებელი გახდა მეურვეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის პირდაპირი ეთერის მეშვეობით გაცნობა. მეურვეობის კანდიდატთა შერჩევის პირველივე ეტაპს ამერიკის საელჩო სპეციალური განცხადებითაც გამოეხმაურა, ”ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით ადევნებს თვალყურს პარლამენტის ძალისხმევას დაასახელოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელი სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები. ეს პროცესი უმნიშვნელოვანესია პრესის თავისუფლებისა და ინფორმირებული საჯარო დებატებისთის. ჩვენ მივესალმებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს პარლამენტს ჯანსაღი და გამჭვირვალე პროცესის მხარდაჭერისთვის, რაც ხელს შეუწყობს ახალი დამოუკიდებელი და პროფესიული სამეურვეო საბჭოს შექმნას.”- აღნიშნული იყო ყველასათვის ძალიან სიმპტომურ დოკუმენტში.

მაღალი მოლოდინების მიუხედავად, პირველ ჯერზე საზოგადოებრივი კომისიის მიერ წარდგენილი სიიდან უფლებამოსილმა სუბიექტებმა - პოლიტიკურმა ძალებმა სათანადო ოდენობის კანდიდატების შერჩევა ვერ მოახერხეს. ზემოაღნიშნული საზოგადოებრივი კომისია კი ორჯერ დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა შერჩევის პროცესის უზრუნველსაყოფად.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შერჩევის პროცესის გაჭიანურებამ კიდევ უფრო მეტი კითხვა და დისკუსია წარმოშვა. მეურვეების შერჩევის საკითხმა და მოქმედმა პირებმა საქალაქო და საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზებშიც კი გადაინაცვლეს. ნათელია, რომ ყველა ეს პროცესი (მათ შორის პოლიტიკური ინტერესების ლუსტრაციაც) ემსახურებოდა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის საჭიროების ხაზგასმას.

ეს ფაქტები უფრო ნათლად გვაჯერებს, რომ დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილეები ვართ. ახლა როგორმე უნდა გადაწყდეს, რა და როგორ უნდა გაკეთდეს 2015 და 2016 წლებში საზოგადოებრივი არხების მეშვეობით, შეფასდეს, რამდენად ეფექტიანი იყო წინა პერიოდის პრიორიტეტების შესრულება, იყო თუ არა საკმარისი საგამოძიებო ჟურნალისტების მიერ შემოთავაზებული ფორმატი, რა სიახლეები შეიძლება დაიგეგმოს გაციფრულების შემდეგ საზოგადოებრივ არხებზე, რას ავალდებულებენ მეურვეები საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციას და ა.შ. პრიორიტეტების დამტკიცებამდე მეურვეები ვალდებულები არიან იფიქრონ - რა არის ქართული საზოგადოებისათვის საჭირო/მოთხოვნადი. მათ უწევთ გადახედონ ასევე დანიშვნიდან დღემდე გადადგმულ ნაბიჯებს და მიღწევებს.

მიმდინარე პროცესი ერთგვარად განსაკუთრებული იმიტომაცაა, რომ მეურვეები ახალ ფორმატში მუშაობენ - ცვლილებები განიცადა სამეურვეო საბჭოს პასუხისმგებლობის საფუძვლებმაც. განსხვავებით წინა წლებში მოქმედი რეგულაციებისაგან, დღეს საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, თუ არ შესრულდა სამეურვეო საბჭოს მიერ ამ კანონის საფუძველზე და მის მოთხოვნათა გათვალისწინებით განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტები და საბჭომ არ განახორციელა ქმედითი ღონისძიებები მათ შესასრულებლად (წყარო: “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი მუხლი 27, პუნქტი 7, „ა“ ქვეპუნქტი).

ნათელია, რომ კანონის მითითებული ჩანაწერი და დასამტკიცებელი პრიორიტეტები ერთმანეთთან ორგანულ კავშირშია. ახალი სამეურვეო საბჭო ახალი გამოწვევის წინაშე დგას, ამიტომაც წინა პრაქტიკა ნაკლებად გამოსადეგი ჩანს დღეს. სასურველია, სამეურვეო საბჭომ დოკუმენტის დამტკიცებისას მაღალი პასუხისმგებლობით და სიფრთხილით დაადგინოს თითოეული პრიორიტეტი. ამავე დოკუმენტში ზუსტად წარმოიდგინოს მათი შესრულების გაზომვის ინდიკატორები. ეს უნდა იყოს სტაბილური და საიმედო შესაძლებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის და მით უფრო სამეურვეო საბჭოს ფუნქციონირების მყარი დასაბუთებისა და ერთგვარი გამართლებისთვის მრავალფეროვან ციფრულ პერიოდში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მდგრადობა და განვითარების პერსპექტივების უკეთესად წარმოდგენა ახლა ყველაზე დიდი სურვილია.
კატეგორია - ბლოგი
ერთმა კაცმა დაკარგა თავისი ცული და იფიქრა, რომ ცული მეზობლის შვილმა მოიპარა. ყოველთვის, როცა ეს კაცი იმ ყმაწვილს ხედავდა, ფიქრობდა, რომ ის ნამდვილად ქურდია.

- განა ისე არ გამოიყურება, როგორც ნამდვილი ქურდი?

- განა ისე არ დადის, როგორც ნამდვილი ქურდი? - ფიქრობდა ეს კაცი.

ცოტა ხნის შემდეგ კაცმა თვისი ცული იპოვა. როდესაც მეორე დილით თავისი მეზობლის შვილი დაინახა, ის უკვე აღარ ჰგავდა ქურდს. (ლაო-ძი)

მედიის წარმომადგენლები მუდმივად დგანან გამოწვევის წინაშე, როგორ მიიტანონ ინფორმაცია საზოგადოებასთან, გამოწვევა კიდევ უფრო მაშინ მძაფრდება, როცა საქმე პირადი, ადამიანური ტრაგედიების ან მძიმე დანაშაულის გაშუქებას ეხება. ეს არის ხელოვნება - შეძლო და არ ჩადო მძიმე ისტორიაში შენი განცდები.

ამჯერად მედიის მიერ სხვადასხვა მძიმე დანაშაულის გაშუქებისას კონკრეტული პირების მიმართ სიტყვა „მანიაკის“ გამოყენებაზე მსურს ყურადღების გამახვილება. ალბათ, ჩვენი საზოგადოებისთვის კარგი მაგალითია ე.წ.“რუსთაველი მანიაკის” შემთხვევა. გამოძიების პროცესში, სხვადასხვა დროს, „რუსთაველი მანიაკის“ საქმეში 16 ეჭვმიტანილი ფიგურირებდა. აი ასე, დააკავებდნენ ადამიანს „მანიაკობის“ ბრალდებით, შემდეგ გამოუშვებდნენ, მტკიცებულებები არ გვაქვსო, მერე სხვას დაიჭერდნენ და ასე გრძელდებოდა უსასრულოდ. მედიაც ფეხდაფეხ მიჰყვებოდა გამოძიებას, ყოველ ახალ ეჭვმიტანილზე ახალ სენსაციურ ისტორიებს თხზავდა, მტკიცებით ფორმაში ჰყვებოდა გოგონების გაუპატიურების, წამების შესახებ, აქვეყნებდა „მანიაკობაში ეჭვმიტანილი“ პირების ფოტოებს, პირად ისტორიებს. საბოლოოდ 16 ეჭვმიტანილიდან დანაშაული მხოლოდ ერთს დაუმტკიცდა, დანარჩენმა 15-მა კი „მანიაკის“ იარლიყით გააგრძელა ცხოვრება. ერთ-ერთ მათგანს პატიმრობაში ყოფნაც სრულიად უმიზეზოდ მოუწია.

მძიმე დანაშაულის გაშუქებისას „მანიაკს“ დღესაც იყენებენ, თუმცა, საბედნიეროდ, ისეთი სიხშირით აღარ, როგორც ეს „რუსთაველი მანიაკის“ შემთხვევაში იყო. გასაგებია, რომ გამომცემლობა ჟურნალისტისგან ითხოვს სენსაციას, საზოგადოებაც სწრაფად “ყიდულობს” ეფექტებით გაჯერებულ მასალას, მაგრამ აქ ჩნდება რისკი, რომ შესაძლოა, ჟურნალისტური მასალა “ინფიცირების წყაროდ” ჟურნალისტი კი - „ინფექციის გამავრცელებლად“ იქცეს. დარტ ცენტრის (ბერლინი, ტრავმა და ჟურნალისტიკა) მიერ ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ყოველი გაშუქებული ჰომოციდი ან სუიციდი ზრდის ახალი დრამატული მოვლენების ტალღას. თითქოს ძალადობა კასკადური ხდება და ეს კასკადურობა მით უფრო იზრდება, რაც უფრო მძიმეა ჩადენილი დანაშაულის ბუნება.

გადამწყვეტ როლს სერიული მკვლელების ფსიქოლოგიაში ფანტაზია წარმოადგენს. ასეთი ადამიანების ფსიქოლოგიის შესწავლისას ჩანს, რომ მათ ხშირად ბავშვობის ასაკიდან აქვთ სიამოვნების განცდის მიღების პათოლოგიური სურვილი და ეს სურვილი მათ ფანტაზიებშია. ისინი დანაშაულის ჩადენამდე ფანტაზიორებენ თუ როგორ მოხდება ეს მოვლენა და ამ პროცესით იღებენ სიამოვნებას. ყოველი ჩადენილი დანაშაულის შემდეგ დგება ე.წ.დეპრესიის ფაზა, დაუკმაყოფილებლობის მძაფრი შეგრძნება, თითქოს ჩადენილმა არ მიანიჭა ის კმაყოფილება, რასაც ელოდა პროცესისგან და დამნაშავე ამ ფაზაზე ეძიებს ნებისმიერ მასალას, რომელიც დაიწერება, რომელიც ამ მოვლენის შესახებ სიუჟეტად იქცევა. ამაშია ჟურნალისტის ამოცანა, საჭიროა კი რომ პრობლემური ფსიქიკის მქონე პიროვნებებს მივცეთ მხატვრული აღწერილობის მასალა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მათ მოტივაციას ან ადამიანებს , რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ასეთი ტიპის ფანტაზიებისკენ, მივცეთ სტიმული, გააკეთონ მსგავსი ფანტაზიების რეალიზება.

ტერმინი “სერიული მკვლელობა” 70-იანი წლების ბოლოს ევროპაში გაჩნდა და სიტყვა “მანიაკი“ ჩაანაცვლა. ტერმინის სწორად შერჩევამ მნიშვნელოვნად შეამცირა მკვლელობების ტალღა. ერთი მხრივ, ეს ტერმინი ხსნის მომხდარ ფაქტს და მეორე მხრივ, არ აწებებს იარლიყს კონკრეტულ ადამიანს.

სერიული მკვლელობების და ძალადობის რიცხვი მზარდი ხდება, როცა საქმეში იარლიყი ჩნდება - განსაკუთრებით მძიმეა იარლიყი “მანიაკი”. „მანიაკი“ საინტერესოდ ჟღერს, ყურადღებას იქცევს და ასეთ მასალას მკითხველთა დიდი რაოდენობაც გარანტირებული აქვს. ამ დროს აღარავის ახსოვს უდანაშაულობის პრეზუმფცია, სწრაფად და უაპელაციოდ ვაკრავთ ადამიანს „მანიაკის“ იარლიყს.

ეს არ არის მისტიკური წრე, ეს ხილული პროცესია, რის შექმნაში ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას, ჩვენ იოლად ვიმეტებთ ადამიანებს, ძალადობის ფაქტის შთამბეჭდავი აღწერილობით ვაფარებთ საზოგადოებას “ეჭვის სქელ ტილოს” ,რის ქვეშაც მარტივია დადანაშაულება და ძალადობის გაღვივება.
კატეგორია - ბლოგი
დღეს პირველი ივნისია, ბავშვთა დაცვის დღე, და როგორც წესი, მედიის ყურადღების ცენტრშიც ბავშვები იქნებიან. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს კარგია და მოსალოდნელიც. თუმცა მთავარია, როგორ არიან ბავშვები წარმოდგენილნი მედიასაშუალებების მიერ.

ბავშვები ხშირად გვევლინებიან ან ქველმოქმედების ობიექტებად,ან ფონად მავანთა ქველმოქმედების წარმოსაჩენად. პოლიტიკოსები და კერძო კომპანიების წარმომადგენლები ამ დღეს თავს ვალდებულად თვლიან ბავშვებს, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველებსა თუ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფებს, საჩუქრები მიუტანონ და ამ გზით საკუთარი მისიაც შესრულებულად ჩათვალონ. და ვხედავთ ტელემარათონს,თუ ვინ ვის ეწვია და რა მიუტანა, სად რა კონცერტი და ღონისძიება გაიმართა და ა.შ.

ბავშვების გარკვეული სტერეოტიპებით წარმოჩენა ჩვენს მედიაში ჯერ კიდევ აქტუალურია. ძირითადად ორი სტერეოტიპი დომინირებს - ბავშვები, როგორც მსხვერპლნი და ბავშვები, როგორც გულუბრყვილო და საყვარელი არსებები. პირველ ივნისს ძირითადად მეორე სტერეოტიპს ვხვდებით, როცა იმართება სხვადასხვა გასართობი ღონისძიება ბავშვებისათვის და სადაც პატარა, საყვარელი არსებები ბედნიერნი ჩანან. რასაკვირველია, ეს მნიშვნელოვანია, თამაში და დასვენება ხომ ბავშვის ერთ-ერთი უფლებაა.

სხვა დროს კი ძირითადად მეორე სტერეოტიპი მუშაობს - ბავშვები როგორც მსხვერპლნი. ისინი გვახსენდებიან, როცა მაგალითად, მათ მიმართ ძალადობა ხდება ან რაიმე ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლნი ხდებიან.

ცხადია, უნდა გავაშუქოთ ამბავი, მაგრამ ხშირად ამბის თხრობა მხოლოდ ფაქტის კონსტატაციით შემოიფარგლება და არ გვაინტერესებს ის საკითხი, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესს შეიძლება წარმოადგენდეს. აქცენტი კეთდება კონკრეტულ ფაქტზე და ნაკლები ყურადღება ექცევა იმ მიზეზებს, რაც ამ ამბის გამომწვევი შეიძლება იყოს და რაც სწორედ საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმულ სოციალურ ნორმებსა და სტერეოტიპებსუკავშირდება.

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი რეგიონში მამინაცვალმა ბავშვებს სასტიკად სცემა და ეს ფაქტი, ბუნებრივია, მედიასაშუალებების ყურადღების ქვეშ მოექცა.

შემთხვევა ფართოდ გაშუქდა, იყო საუბარი იმაზეც, თუ რა მდგომარეობაა ბავშვთა მიმართ ძალადობის მხრივ, რა არის სტატისტიკა, რა კეთდება და ა.შ. ეს ძალიან კარგი. მაგრამ ეს შემთხვევა ხომ არც პირველია და სამწუხაროდ, არც უკანასკნელი იქნება იმ საზოგადოებაში, რომლის ნახევარიც დასაშვებად მიიჩნევს ბავშვის მიმართ ძალადობას. მხოლოდ ერთი კონკრეტული ფაქტის წარმოჩენით არაფერი შეიცვლება, თუ მედია უფრო სიღრმისეულად არ დაინტერესდა აღნიშნული საკითხით.

საქართველოში ფიზიკური დასჯა ბავშვების აღზრდის მიღებული და გავრცელებული ფორმაა და მშობლები ხშირად ვერ აცნობიერებენ იმ საფრთხეს, რომელიც საკუთარი შვილების აღზრდისას ძალადობრივი მეთოდების გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს. ამგვარი მეთოდების გამოყენებასთან დაკავშირებული საფრთხეებისა და აღზრდის პოზიტიური მეთოდების შესახებ მშობლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში მედიის როლი მნიშვნელოვანია.

საზოგადოებაში ფართო დისკუსია და მსჯელობა უნდა მიმდინარეობდეს ძალადობის მიზეზებზე, იმ მანკიერ სოციალურ ნორმებსა თუ სტერეოტიპებზე, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ძალადობას და ხელს უშლის ჩვენი საზოგადოების განვითარებას. მაგალითად, ჩვენთან მიღებული სოციალური ნორმა -„თუ ძალადობის მოწმე გავხდი, ვერ ჩავერევი, იმიტომ რომ რეაგირება ჩემი საქმე არაა“, ვერ შეუწყობს ხელს ნამდვილი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეები იცხოვრებენ და თავადაც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ამ საზოგადოების მშენებლობაში.

ამ სოციალური ნორმებისა და სტერეოტიპების მსხვრევაში მედიის როლი განუზომელია. ხშირად კი მედია ხელს უწყობს არა სტერეოტიპების მსხვრევას, არამედ მათ კიდევ უფრო გამყარებას, როცა ბავშვებს საკუთარი აზრის არმქონე ქველმოქმედების ობიექტებად წარმოაჩენს და არა ინდივიდებად, რომელთაც აქვთ საკუთარი აზრი იმ საკითხებზე, რომლებიც მათ ეხებათ;როცა საუბრობს ფაქტზე, მაგრამ არა მიზეზებსა და იმ სოციალურ ნორმებზე, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება აღნიშნულ ფაქტს და რომელზე საუბარიც აუცილებელია ამ პრობლემის მოსაგვარებლად;როცა ბავშვებს ისეთი განზოგადებული სიტყვებითა და ეპითეტებით მოიხსენიებს, როგორიცაა „მაწანწალა ბავშვები“, „არასრულწლოვანი დამნაშავეები“, „უპატრონო ბავშვები“; როცა აქცენტს აკეთებს არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უნარებზე, იმაზე თუ რამდენი რამ შუძლიათ მათ, არამედ სწორედ იმაზე, თუ რა არ შეუძლიათ.

ისევ პირველ ივნისს დავუბრუნდეთ, კარგია გასართობი ღონისძიებები, საჩუქრებიც, მაგრამ საქართველოში ბევრი ბავშვია, რომლებსაც, ალბათ, არც გასართობ პარკში წაიყვანენ და არც საჩუქარს მიუტანენ, ბევრი ისეთი პრობლემაა ბავშვების წინაშე, რომლის მოგვარებაც პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის განვითარებას. ბავშვები ხვალინდელი საქართველოს ადამიანური რესურსია და როგორ უნდა ვილაპარაკოთ ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობაზე, თუ ხვალ კვალიფიციური რესურსი არ ეყოლება ქვეყანას.სწორედ დღესაა მნიშვნელოვანი მეტი ინვესტიცია ბავშვებში, მათ განათლებაში, მათ ჯანდაცვაში. მედიის როლიც სწორედ ისაა, რომ ზემოქმედება მოახდინოს გადაწყვეტილების მიმღებებზე ამ საკითხების შესახებ, მოუთხროს საზოგადოებას, თუ როგორ ასრულებს მთავრობა თავის ვალდებულებებს, როგორ იცავს ბავშვის უფლებებს.

და რაც მთავარია, მოდით ვკითხოთ თავად ბავშვებს, მათ რა სურთ, რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ იმ საზოგადოებაში, სადაც ცხოვრობენ და იზრდებიან. მათ ბევრი რამის თქმა შეუძლიათ. მათი ხმა კი, სამწუხაროდ, დღეს მედიაში არ ისმის.
კატეგორია - ბლოგი
სპორტულ გამოცემებს რომ ვკითხულობ, სულ იმის განცდა მაქვს, თითქოს დრო გაჩერდა სადღაც 90-იანებში. არქაული ფრაზები, მოსაწყენი ტექსტები, მატჩის აღწერას მიყოლებული ფეხბურთელების კომენტარები და უცხოური გამოცემებიდან ნათარგმნი მასალები - სპორტულ ვებგვერდებზე ამგვარი კონტენტის გარდა სხვა ტიპის მასალის პოვნა ადვილი არ არის. ასე მგონია, ერთი სქემის მიხედვით წერს ყველა გამოცემა.

ტექსტები იმდენად მსგავსია, იმის გარჩევაც კი ჭირს, რომელია ჟურნალისტების მიერ შექმნილი ონლაინ გამოცემა და რომელი ამა თუ იმ სპორტის სახეობის ფანების ვებგვერდი.

ფაქტობრივად, შეუძლებელია მოკვლევითი მასალის, კარგი პროფაილის, თუნდაც, რეპორტაჟის პოვნა. ბევრი გამოცემა ჟურნალისტურ სტანდარტებს საერთოდ არ ცნობს ან თავისებურად იგებს.

ასე მგონია, სპორტული მედია განყენებულია ჟურნალისტიკის დანარჩენი ნაწილისგან. პროფესიულ ტრენინგებზეც არასდროს შემხვედრიან სპორტული ჟურნალისტები, თითქოს მათ არ სჭირდებოდეთ, მაგალითად, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, სხვადასხვა ტიპის მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, კანონმდებლობის ცოდნა, ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების მიზნობრიობის შესწავლა და ყველა ის კომპონენტი, რაც რიგითი ფანის ტექსტს ჟურნალისტურ პროდუქტად აქცევს.

სპორტულ მედიაში ყველაზე მეტად იგრძნობა ერთ ყალიბში მოქცეული ფრაზების და კლიშეების „ხიბლი“. მაგალითად, თუ წაუგებლად თამაშობს რომელიმე გუნდი, აუცილებლად დაწერენ, რომ „უდანაკარგოდ ირჯება“, თუ დამსახურებულად იგებს „გარჯა დაუფასდა“, ფეხბურთელმა ტრავმა რომ მიიღოს, იტყვიან, „დიდი ხნით დაისვენებსო“. ვერასდროს ვხვდებოდი, ჯვარედინი მყესების გაწყვეტა და რამდენიმე ოპერაციის გაკეთება დასვენებას რატომ ნიშნავს. კლუბიდან წასვლაზე „კარი გაიჯახუნაო“ წერენ. „ხელთ იგდეს უპირატესობა“ ან თამაში „გარდამავალი უპირატესობით წარიმართა“ - ამ ფრაზებს კი ყველა იმ შემთხვევაში იპოვით, თუ დაახლოებით თანაბარი დონის გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

შეუსაბამო, ვითომ ორიგინალური სათაურებიც ქართული სპორტული მედიის სტილის მთავარი მახასიათებელია - „მილანი ვისია? უკვე მისტერ ბისია“, „არსენალს ერთი გოლი დააკლდა, ლევერკუზენს - ნერვები“, „გვარდიოლა იხტიბარს არ იტეხს“, „ანორთოსის ქართველები აინტერესებს - კაკაბაძე რეალურია, პაპუნაშვილი კი ვნახოთ“, „ძლიერებს ფეხი დაუცდათ“ - ლიდერის წაგებას ნიშნავს, „ცხინვალმა“ „დინამო“ დაარბია“ - ეს კი რეალურად 4:1 ანგარიშით მოგებას აღწერს. "ნაპოლიმ" "კალიარის" სამი უპასუხო გოლი მიართვა“ - არ ვიცი „მიართვას“ აქ რა კონოტაცია აქვს.

ფამილარული ტონი როგორც მოვლენის აღწერისას, ასევე სტატიის ტექსტებში, ჩვეულებრივი ამბავია. აი თუნდაც ასეთი -„ესეც მეოთხედფინალი! - გადაიდო, გადმოიდო, მაგრამ რეგულარული მაინც დასრულდა“ ან კიდევ ეს - "მანჩესტერ სიტი": საით, იაია?“- ამგვარად დასათაურება გამოცემამ იმ მასალაზე გადაწყვიტა, სადაც მატჩის მიმოხილვასთან ერთად საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, ფეხბურთელი იაია ტურე სხვა კლუბში გადავიდეს სათამაშოდ.

სპორტულ მასალებში ჟურნალისტები დროდადრო „გამოხატავენ წუხილს“, ულოცავენ გამარჯვებას ქვეყნის ნაკრებს, შიგადაშიგ ასკვნიან, ვინ იმსახურებს ნაკრებში გამოძახებას, ყველაზე ხშირად კი მაინც საკუთარ დასკვნებს აკეთებენ:

„ახლა უილიამ სონიორ შემდგომ შეხვედრას გამოტოვებს და დაისვენებს. მოკლედ, მავნებლობას ჰქონდა ადგილი“.

„მართალია, კლასით "ბარსასთან" შეტოქება არ შეუძლიათ, მაგრამ ბრძოლის ჟინს რაღა ედგა წინ?“

„ტიმ შერვუდს არ უნდა წამყვანი ბელგიელი თავდამსხმელის კრისტიან ბენტეკეს გაშვება, მაგრამ თუ დაიჟინა, ძალით ვერ გააჩერებს და საკმაოდ ძვირად გაყიდის. იმას კი არ ამხელს, რამდენია ეს "ძალიან ძვირად".

"ლივერპულის" ბუნდოვანი მომავალი - მარიო ბალოტელის ყურება მოედანზე უკვე საცოდაობაა“.

სამაგიეროდ, ამგვარი სტილის სპორტულ გამოცემებს იმდენი სარეკლამო ბანერი აქვთ, სტანდარტების შესაბამისად მომუშავე საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოცემები ახლოსაც ვერ მივლენ.
კატეგორია - ბლოგი
„უბრალოდ სიკვდილით დავსჯით“, – ასე გამოეხმაურა ტაილანდის სამხედრო ხუნტის ხელმძღვანელი პრაიუტ ჩან-ოჩა რეპორტიორების კითხვებს, თუ რას მოიმოქმედებს ქვეყნის ხელისუფლება იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ, ვინც სიმართლეს არ ამბობს. მანამდე პრაიუტი ამბობდა, რომ შეუძლია ქვეყანაში ნებისმიერი მედიასაშუალების დახურვა. თუმცა ახლა, როგორც ირკვევა, ტაილანდელი სამხედროები, რომლებიც გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდნენ, უფრო სერიოზულად არიან განწყობილები. „არ არის აუცილებელი, მთავრობის მხარე იყოთ, მაგრამ თქვენ უნდა იყოთ სიმართლის მხარეს“, – განაცხადა გენერალმა.

ჩვენ უფრო გაგვიმართლა და განსხვავებულ რეალობაში ვცხოვრობთ. საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს განეკუთვნება, რომელთა კანონმდებლობითაც, ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამართლო დავის წამოწყება და დავის მოგება არც თუ ისე მარტივი საქმეა. მედიის პასუხისმგებლობის ძირითადი საკითხები თვითრეგულირების ფარგლებშია მოქცეული. ამდენად, საქართველოში მედიის „მსუსხავი ეფექტები“ საკანონმდებლო დონეზე მინიმუმამდეა დაყვანილი.

მედიის თავისუფლების ძირითადი გარანტია საქართველოს კონსტიტუციაა. 2004 წლის 24 ივნისიდან კი მიღებულია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი. ეს სამართლებრივი აქტი არა მარტო იმეორებს მნიშვნელოვან კონსტიტუციურ პრინციპებს, არამედ აფართოებს გამოხატვის თავისუფლების საზღვრებს და დაცვის სისტემას.

აღნიშნული კანონის ყველაზე დიდი მიღწევა ცილისწამებისათვის დანაშაულის სტატუსის მოხსნაა. მანამდე ცილისწამება ისჯებოდა ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ასიდან ორას საათამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე. მართალია, ცილისწამების საქმეები უმეტესად პირობითი გამოსაცდელი ვადით სრულდებოდა, მაგრამ ეს შესაძლებლობა უკვე იყო დემოკრატიული მმართველობისათვის შეუსაბამო ბერკეტი.

ჟურნალისტები პასუხისმგებელნი არიან მთელი საზოგადოების წინაშე. თავად ინფორმაცია კი უნდა განვიხილოთ, როგორც საზოგადოებრივი სიკეთე და არა როგორც მოხმარების პროდუქტი. მედია დატვირთულია მნიშვნელოვანი სოციალური პასუხისმგებლობით. ეს კი ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ჟურნალისტებისგან პროფესიული ეთიკის ფარგლებში მოქმედებას მოითხოვს.

ახალმა კანონმა მნიშვნელოვნად შეცვალა გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტი, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ძირეულად შეიცვალა მედიის მიდგომები. ამ ხარვეზების შესავსებად ყველაზე პროგრესულმა ჟურნალისტებმა 2009 წელს ეთიკის ქარტია მიიღეს. დღეს ქარტია, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მსგავსად, ერთ-ერთი ძირითადი დოკუმენტია. მგონია, რომ ის თანაბრად იცავს მაყურებელს და ამასთანავე, ეხმარება ჟურნალისტს დაიცვას საქმიანი რეპუტაცია. ამ მიდგომის საშუალებით დისკუსიებმა მედია სტანდარტების დარღვევის თაობაზე ახალ, უფრო ღია სივრცეში გადაინაცვლა. პროფესიული გაერთიანების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სიმწვავე მნიშვნელოვნად განსხვავდება სასამართლოსა და პროკურატურის ზემოქმედების მაჩვენებლებისაგან.

ჩვენს რეალობაში მედიის სტანდარტების დაცვის კიდევ ერთი დემოკრატიული ინსტიტუტი „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ საფუძველზე თითოეულ მაუწყებელში მოქმედი თვითრეგულირების მექანიზმია, ეს არის კარგი საშუალება ჟურნალისტის მიერ დაშვებული შეცდომა დაინტერესებულმა პირმა და მაუწყებელმა მოლაპარაკებების ფორმატში გამოასწორონ. სამწუხაროდ, დღემდე ეს მექანიზმი ნაკლებად ეფექტურია.

დროდადრო სოციალურ ქსელში (facebook) იმართება ხოლმე დისკუსია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის ნორმების გადახედვის თაობაზე. რჩება შთაბეჭდილება, რომ ადამიანებს აწუხებთ მედიაზე ზემოქმედების ბერკეტების არარსებობა.

და ისევ დასაწყისს რომ დავუბრუნდე - რადგან მედია საზოგადოებისათვის მუშაობს, ალბათ, ჟურნალისტებს დააინტერესებთ ჩვენი მოქალაქეების რეაქციები ტაილანდში ჟურნალისტების სიკვდილით დასჯის თაობაზე, რამდენიმე კომენტარი სოციალური ქსელიდან:

„ასეთ შემთხვევაში საქართველოში მედია დაიხურება.“
„ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულშიც. ცოტა უფრო ლირიული ჰანგებით, ვიდრე ტაილანდშია“
„უნდა იყოს სიკვდილით დასჯა, რომ დეზინფორმაციიის გავრცელება ვერავინ გაბედოს...“ „კიდევ კარგი ჩვენთან რომ არ არის ესეთი კანონი, თორემ დღეს ჟურნალისტების გარეშე ვიქნებოდით“
„ჩვენს ქვეყანაშია ეგ კანონი საჭირო, მაგრამ რა არცერთი ჟურნალისტი აღარ დარჩება - ყველა ტყუის დაა )))...“

ისეთი აქტიური და სოციუმზე გათვლილი საქმიანობისათვის, როგორიც ჟურნალისტობაა, ალბათ, თითოეული შეფასება განსაკუთრებული და საინტერესო უნდა იყოს...

მე კი მგონია, რომ დემოკრატიული, განვითარებული და საღად მოაზროვნე საზოგადოებისათვის თანაბრად მიუღებელია „ტაილანდური მიდგომებიც“ და პროფესიული ღირებულებების არმქონე მედიაც.

გასათვალისწინებელია, რომ თვითრეგულირება მედიაში განსაკუთრებულად ღირებული უმტკივნეულო მექანიზმია, რეგულირება გარე მექანიზმების აღიარების ვალდებულებაა.

კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებამდე, კარგი იქნება, თვალი გავუსწოროთ კიდევ ერთ რეალობას - პროფესიული სტანდარტების დარღვევის შედეგი პროფესიული კვდომაა.

საგულისხმოა ისიც, რომ ასე უმეტესად საკუთარი ნებით კვდებიან.
კატეგორია - ბლოგი
რა უნდა გააკეთოს წამყვანმა, პროდიუსერმა და ჟურნალისტთა ჯგუფმა იმისთვის, რომ რეიტინგული გადაცემა შექმნას?

ბევრი არც არაფერი.

უბრალოდ, ერთი შეხედვით გასართობ გადაცემაში განსახილველად ისეთი მწვავე პრობლემა უნდა შეიტანო, როგორიც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვაა და გადაცემა შოუდ აქციო.

არც გადაცემის შოუდ ქცევა მოითხოვს დიდ ძალისხმევას. შეკრებ ეკლექტურ და განსახილველი თემისთვის არარელევანტურ სტუმართა დასს: საზოგადოებისთვის სრულიად უცნობ და ნაკლებად ცნობილ მსახიობებს, ჟურნალისტებს, მომღერლებს, სასულიერო პირს და 10 წლის წინანდელი რეალითი-შოუს ყველასგან მივიწყებულ მონაწილეს.

შოუც მზად არის.

სტუმრები ისეთ “ჰომოფობიურ სიბრძნეებს” და საუკუნეებგამოვლილ სტერეოტიპებს გადმოალაგებენ, დიდი რეიტინგის მოპოვებისთვის მებრძოლი წამყვანი და პროდიუსერი უკეთესს რომ ვერ ინატრებს.

აი, მაგალითებიც:

“ძალიან ბევრ ტელევიზიაში მუშაობენ ჰომოსექსუალები. ჰომოსექსუალებს ჰყავთ სერიოზული ლობი, ერთი თუ არის სადმე მომჯდარი, მერე თავისიანები მოჰყავთ”,

“ტიპები გამოდიან, რომ ძალით გაალახინონ თავი, გვაღიზიანებენ...”

“არსებობს ერთი თემა, რასაც ვერავინ ვერ გაუვა. დნმ რომ გაქვს, რაზე ხარ აწყობილი... ჩვენ ვართ კავკასიელები, აბსოლუტურად სხვა დნმ-ით შექმნილი ადამიანები და სხვა ხერხემალი გვაქვს. ფრანგებს აქვთ აბსოლუტურად სხვა მენტალიტეტი. ფრანგს სისხლიც ისეთი აქვს, სულიც ისეთი აქვს, რომ შეუძლია გარკვეულ საკითხებს ძალიან მშვიდად შეხვდეს...მინიმუმ გაუნათლებელია ადამიანი, რომელიც ვერ განარჩევს ქართველის, რუსის და ფრანგის აბსოლუტურ მენტალურ განსხვავებას”.

“რუსეთში ძალიან კარგი კანონები არსებობს. ლგბტ თემის პროპაგანდა კანონით არის აკრძალული”.

“ძალადობას ებრძვიან, ხო? აი, რისთვის ებრძვიან? ესენი ვერ მრავლდებიან, ვერაფერს ვერ შვრებიან! რისთვის არიან? გამოდიან, პახოდუ პარადი აქვთ!”

“შვილი რომ გყავს, სირცხვილი არ არის მერე? შენ ცისფერი ხარ! რას გეძახის შვილი: დედას, მამას? შენი სქესიც არ იცი!”

“დიდი გადაცდომები დიდგვაროვნებაშიც ყოფილა. ჩვენს ქორეოგრაფიასაც ახსოვს რაღაცა გადაცდომები, არ ვასახელებ...”

“მე ვიცი ადამი და ევა, ადამი და ადამი არ ვიცი.”

“მალე ამოწყდეს ყველა ადამი და ადამი.”

გავიგეთ, რომ საზოგადოებამდე სწორი პოზიციის მიტანა “სხვა რაკურსის” მიზანი არც არის და შოუს დადგმით ის მხოლოდ რეიტინგის მოპოვებას და შენარჩუნებას ცდილობს, მაგრამ ათასობით მაყურებლის მსგავსად ვერც მე გავიგე: გასართობ შოუში “სერიოზული განხილვისთვის” ლგბტ თემის პრობლემები თუ შეგაქვს, “დისკურსი” ვინმე მულატკაზე რატომ უნდა დაიყვანო?

რატომ უნდა გამოაყენებინო ეთერი ადამიანებს ჰომოფობიური იდეების ტირაჟირებისთვის და ათქმევინო, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის მქონე ადამიანები ცალკე უნდა გადავარჩიოთ, თვითმფრინავში ჩავსვათ და ქვეყნიდან გავადეპორტოთ, ჩავქოლოთ ან ჩავცხრილოთ, ყველაზე კარგ შემთხვევაში კი საკეტი გადავურაზოთ, სახლში ჩავკეტოთ და საკუთარ “პრობლემებზე დავაფიქროთ”.

როგორც ჩანს, საკუთარ პრობლემებზე “სხვა რაკურსშიც” დაფიქრდნენ და ჰომოფობიური იდეების ტირაჟირებისთვის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში, „იმედის“ თვითრეგულირების ორგანოში რომ არ უჩივლონ, წამყვანს ასწავლეს, რომ რესპონდენტის და სტუმრის დისკრიმინაციულ გამონათქვამს უნდა გაემიჯნოს.

“მულატკა არის საქართველოს მოქალაქე. მას აქვს თავისი აზრი. შოუბიზნესის წარმომადგენელია. მე ვემიჯნები მის პოზიაციას, მაგრამ უფლება არა მაქვს, არ მოვუსმინო საზოგადოების წევრებს,” - ასეთი პასუხი გასცა “სხვა რაკურსის” წამყვანმა გადაცემის ერთ-ერთ სტუმარს კითხვაზე, რატომ და რა მიზნით მოიწვია სტუმრად გადაცემაში მულატკა.

განცხადება - “მე ვემიჯნები მის პოზიციას” ჰომოფობი სტუმრების ფაშისტურ იდეებთან ფორმალური გამიჯვნის საშუალებად იქცა.

ლგბტ თემისადმი არატოლერანტულ გარემოში რომ ვცხოვრობთ, ეს “სხვა რაკურსის” გარეშეც ვიცით. ამდენი შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული გამონათქვამი კი ერთი გადაცემის კვალობაზე, მეტისმეტია.
კატეგორია - ბლოგი
როგორც ამბობენ, ობიექტური რეალობა არ არსებობს - არსებობს რეალობის მხოლოდ სუბიექტური იდენტიფიცირებები, გარემო კი ისეთია, როგორსაც ხედავ. ეს, ალბათ, ნახევრად სავსე და ნახევრად ცარიელ ჭიქას შორის სხვაობაა, როდესაც გამოხატულება იდენტურია და სხვაობას მხოლოდ აღქმის დამოკიდებულება გვაძლევს.

შეგვიძლია ირონიით ისიც ვთქვათ, რომ ქართველი ტელემაყურებელი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებას ცდილობს, გარკვეულწილად, არჩევანით განებივრებულია. მას ტელევიზორის მართვის პულტის ღილაკზე თითის მარტივი დაჭერით შეუძლია რეალობის ერთი პოლუსიდან მეორეზე გადაინაცვლოს. ამ შემოთავაზებული რეალობის მიღების გზაზე კი ტელემაყურებელს საინფორმაციოს წამყვანები, პროდიუსერები და ჟურნალისტები დაეხმარებიან, დაწყებული ახალი ამბების მიმდევრობისა და პრიორიტეტების განსაზღვრით, გაგრძელებული თემების ხედვის კუთხითა და წყაროების სპეციფიკური შერჩევით.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ქართველი მაყურებელი რეალობას თავად ირჩევს. ყოველივე ზემოთ თქმულს უკვე დიდი ხანია შევეჩვიეთ, თუმცა, უკანასკნელ დროს დაკვირვებული ადამიანი ადვილად შენიშნავდა ე.წ. სატირულ-იუმორისტულ ტენდენციებს რაც თავს ზოგიერთი მაუწყებლის საინფორმაციო სივრცეში იჩენს. მეტი დამაჯერებლობისთვის ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” 9 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში, წამყვან გიორგი გაბუნიას ტექსტს მოვიყვან: „მმართველი გუნდის გეგმის მიხედვით დღეს ჩვენ პარლამენტის მიერ დამტკიცებული განახლებული მთავრობა უნდა გვყოლოდა, მაგრამ არ გვყავს, იმიტომ რომ კოალიციის გეგმებში პრეზიდენტმა ჩაა...ბიჯა.“ ამ ასო-ბგერათა წყობას („ჩაა..“) და იმ პაუზას, რომელიც მას მოსდევს, ცხადია,მაყურებელი გარკვეული მიმართულებით მიჰყავს. სავარაუდოდ, წამყვანს მომარჯვებული ექნება არგუმენტი, რომ უბრალოდ ენა დაება და სიტყვა ერთიანად ვერ წარმოთქვა, მაგრამ თუკი რამდენჯერმე მოვისმენთ და დავაკვირდებით, მარტივად დავრწმუნდებით, რომ სწორედ გამიზნულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

შესაძლოა, ბევრ ჩვენგანს უნახავს უცხოურ მედიაში სხვადასხვა პოლიტიკური ფიგურის გამონათქვამების გაშარჟება, ირონია, ცინიზმიც, თუმცა აქ მნიშვნელოვანია გადაცემის ფორმატი, რომელიც მაყურებლისთვის გაცხადებულია და წამყვანს ამის შესაძლებლობას აძლევს.

ალბათ, გასაკვირია, მაგრამ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას აბსოლუტურად არ აღელვებს, როდესაც ტენდენციურობასა და მიკერძოებულობაში ღიად ადანაშაულებენ. ის ფორმალურადაც კი არ მიიჩნევს საჭიროდ ბრალდება უარყოს. თითქოს ეს დასაძრახი კი არაა, პირიქით. ის კმაყოფილი გამომეტყველებით აგრძელებს გადაცემას - თითქოს კარგიც არის, რომ საჯაროდ გაცხადდა, რომელ პოლიტიკურ ორბიტაზე იმყოფება ჟურნალისტური საქმიანობის ჟამს. 9 საათიან კურიერში 13 წუთიანი ჩართვის დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას, წამყვანმა მხოლოდ სამი კითხვა დაუსვა, რამდენჯერმე კი რეპლიკით დაეთანხმა მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.

გასაკვირი არ არის, რომ იმავე პოლიტიკური ორბიტის განწყობა გასდევს მთელ გადაცემასაც. საინფორმაციო გამოშვებაში თითქმის 8 წუთიანი ქრონომეტრაჟის გამოკითხვა, რომელშიც 66 გამოკითხულიდან 64 მთავრობის საქმიანობას მკვეთრად უარყოფითად აფასებს, გარკვეულ ეჭვს აჩენს. ცხადია, მსგავსი გამოკითხვები რეალურ დროში არ მიმდინარეობს და მაყურებელს გამოკითხვაზე გარკვეული კონტროლი არ აქვს. ჩანაწერის მონტაჟი შესაძლებელს ხდის გამოკითხულთა პასუხები გადაირჩეს პოლიტიკური სიმპათიებიდან გამომდინარე. ასეთ დროს ერთადერთ ფაქტორს მაუწყებლის მიმართ საზოგადოების ნდობა წარმოადგენს. თუმცა, როდესაც ტელეწამყვანი არც უარყოფს საკუთარ პოლიტიკურ სიმპათიებს, სანდოობის ხარისხი დაბალია.

„რუსთავი 2“ არ გახლავთ ერთადერთი ქართულ სამაუწყებლო სივრცეში, რომელიც საკუთარ რეალობას გვთავაზობს. ობიექტური ინფორმაციის ძიებაში კი ქართველ ტელემაყურებელს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა განსხვავებულ რეალობებში მოგზაურობისა.
კატეგორია - ბლოგი
ქობულეთში სასტუმრო “არმაზში” გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ბავშვის გარდაცვალების ფაქტი თითქმის ყველა ქართული გაზეთის, ონლაინ გამოცემისა და ტელევიზიის წამყვანი თემა იყო.

ბუნებრივია, ასეთ შემზარავ ტრაგედიას ვერც ერთი მედიასაშუალება გვერდს ვერ აუვლიდა. უბედური შემთხვევის დროს სამი მოზარდი დაიღუპა - 10 და 11 წლის ბიჭები. ბავშვებთან დაკავშირებულ უბედურ შემთხვევებს კი საზოგადოება, როგორც წესი, განსაკუთრებული ემოციით ხვდება.

თუმცა, ეს ის შემთხვევა იყო, როცა მედიამ საზოგადოებას ისეთი პათოსით და ტემპით მიაწოდა ინფორმაცია, რომ ყოვლისმნახველი ქართული აუდიტორიაც კი შეძრწუნდა და აღშფოთდა.

ტრაგედიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მივიღეთ:

ვნახეთ, როგორ იწვოდა სასტუმრო,

გავიგეთ, რომ მოზარდები, რომლებიც დაიღუპნენ, თავის გადარჩენის მიზნით აბაზანაში იმალებოდნენ,

არც ის დაგვიმალეს, რომ გარდაცვლილი ბავშვების ცხედრები იმდენად იყო დამწვარი, რომ ბათუმის პროზექტურაში მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა,

მედია არც უბედურებისგან სასოწარკვეთილი და განადგურებული მშობლების გლოვისა და მწუხარების ამსახველი კადრების ჩვენებას მოერიდა.

დამწვარი სასტუმროს და პროზექტურის წინ მყოფი, თავზარდაცემული მშობლების გლოვის ამსახველი კადრები “ქობულეთის ტრაგედიის” ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.

10 მაისს გადაცემაში - “იმედის კვირა” ეს კადრები სამჯერ აჩვენეს: ჯერ გადაცემის ანონსში, შემდეგ სიუჟეტში და ბოლოს ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ფატი ხალვაშის, ჩართვისას. არა ერთი სიუჟეტი მიუძღვნა თემას palitra.tv-მაც. სიუჟეტი „გამწარებული მშობლები და სასტუმროში დამწვარი ბავშვები“ ძირითადად მშობლების გლოვის კადრებზეა აგებული.

მედია იმდენად გაიტაცა თვითმხილველების ჩაწერამ, რომ “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” სახელმძღვანელო რეკომენდაცია, რომელიც უბედური შემთხვევის გაშუქების დროს მაუწყებლის მხრიდან ზუსტი და სარწმუნო ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვს, თითქმის არავის გახსენებია.

ამიტომ უხვად ვისმენდით ვერსიებს იმის თაობაზე, რომ ოთახი, სადაც გარდაცვლილი მოზარდები იმყოფებოდნენ, გარედან იყო ჩაკეტილი, რომ ოთახი ერთ-ერთი გარდაცვლილი ბავშვის 28 წლის დამ ჩაკეტა, თვითონ და კი ამ დროს ქუჩაში იყო და ალკოჰოლურ სასმელს სვამდა, რომ სასტუმროში მყოფი ბავშვების მშობლები, ანსამბლის ხელმძღვანელი, ქორეოგრაფები და მასწავლებლები კი ამ დროს თურმე ქეიფობდნენ და “თრიაქობდნენ”.

მედიას დაავიწყდა, რომ უბედური შემთხვევის არასრულწლოვან მოწმეთა და დაზარალებულთა ანონიმურობა უნდა დაიცვას. ასე მაგალითად, “იმედის კვირამ“ სასტუმრო “არმაზში” მყოფი პატარა გოგონა ჩაწერა და მისი სახე არ დაფარა.

სასტუმრო “არმაზის” ხანძრის გაშუქების პროცესში ნანახით და მოსმენილით შეძრწუნებული მაყურებლები ამ დღეებში ხშირად კითხულობდნენ - არსებობს თუ არა რაიმე რეგულაცია ან რეკომენდაცია, რომელიც უბედური შემთხვევის გაშუქების წესებს ადგენს?

ასეთი რეგულაცია არსებობს.

უბედური შემთხვევის გაშუქების პრინციპები “მაუწყებელთა ქცევის კოდექსშია” გაწერილი და ამ პრინციპის თანახმად, “მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე”.

ამავე კოდექსში ისიც წერია ( მუხლი51), რომ მაუწყებელმა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გააშუქოს უბედური შემთხვევები და პატივი სცეს აუდიტორიის ემოციებს.

აუდიტორიის ემოციაზე კი ამ შემთხვევაში არავის უფიქრა.
კატეგორია - ბლოგი
-საიდან ხარ? - გორელი ვარ. - სტალინი გიყვარს ხომ? პატარა გორი დიდია და რამე...

ეს დიალოგი გორელების უმეტესობისათვის ნაცნობია. ნაცნობი და მტკივნეული. შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს - ნერვები უნდა მოიშალო. არადა, როგორც გერმანელებს - ჰიტლერი, გორელებს ასე გვერგო სტალინის თანაქალაქელობის „ტვირთი“და გვინდა თუ არა, უნდა ვზიდოთ.

გერმანელებისაგან განსხვავებით, გორელებს არაექსპრესიული კომპლექსი გვაქვს. თავს არ ვღუნავთ დამნაშავეებივით (ყოველ შემთხვევაში, სხვის დასანახად), თუმცა გულში მწარედ გვხვდება სხვების ქილიკი. ქილიკი, რომელიც სტერეოტიპებზეა დაფუძნებული და კბილებით ვიცავთ საკუთარ ქალაქსა და რეპუტაციას.

ბევრი დარწმუნებულია, რომ გორში სტალინის კულტია. დისკუსიისას არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ გორელებმა ძეგლის აღება გააპროტესტეს. სჯერათ, რომ ამ ქალაქში ბავშვებმა სოსელოს ყველა ლექსი ზეპირად იციან, რომ მათთვის აგვისტოს ომიც არ გამოდგა ჭკუის სასწავლებელი..

მოკლედ, საზოგადოების ნაწილს ისეთი მსუყე და საფუძვლიანი ინფორმაცია და დასკვნები აქვს, ხანდახან ეჭვიც შეგეპარება, ნამდვილად ხარ თუ არა გორელი და სერიოზულად უფიქრდები, ხომ არ გრძნობ სტალინის ხსენებაზე გულში პატრიოტული სიმების რხევას ან ხომ არ გჯერა, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილის ბრალი იყო, თორემ რუსეთი ამას არაფრით იკადრებდა. სტერეოტიპები იმდენად ღრმად არის გამჯდარი, რომ მათთან საბრძოლველად ისღა დაგრჩენია, მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მოძებნო სტალინსა და მაშინდელ ეპოქაზე, მოძებნო და ისტორიული ფაქტებით შეიარაღდე.

სტალინისა და გორის თემა განსაკუთრებით აქტუალური ცხრა მაისის პერიოდში ხდება. მედიამაც კარგად იცის, რომ თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, სტალინის მოყვარული ქალაქი და კომუნიზმის მომხრე გორელები კიდევ ერთი კარგი მასალა იქნება რეზონანსის გამოსაწვევად და არც ერიდება.

“იმედის კვირის“ ჟურნალისტის განწყობა და მიზანი, თუ რისი ჩვენება სურს სიუჟეტით, კითხვის ფორმულირებაშივე ჩანს: „რატომ გიყვართ სტალინი გორელებს?“

სტალინის ფორმაში გამოწყობილი სიუჟეტის ავტორი საკუთარი მოსაზრებების ფაქტებად წარმოდგენას სტუდიაში აგრძელებს. ჩატარებული ქუჩის გამოკითხვის საფუძველზე ასკვნის, რომ „სტალინი თითქმის უკლებლივ ყველა გორელს უყვარს და მისი ფოტო ყველა ოჯახში კიდია“. აქვე ამატებს, რომ გამოკითხვის ჩატარებისას, კითხვის დასმის შემდეგ, ერთმა გოგომ უთხრა, კარგია რომ სტალინს არ ჰგავხარო, საიდანაც ასკვნის, რომ რესპონდენტმა ვერ გაუმხილა სტალინისადმი უარყოფითი დამოკიდებულება: „თუ ამას ხმამაღლა იტყვის, კომუნისტები სახლს გადაუწვავენო“.

მეორე საკითხი, რომელიც სტალინს ეხება, მისი ძეგლი და სახლ-მუზეუმია, რომელიც ასევე არაერთგზის გამხდარა ქილიკის საგანი. მისი არსებობის მოწინააღმდეგეებმა, ალბათ, არ იციან, რომ გორის ცენტრში მდებარე ეს შენობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი მუზეუმია, რომელიც წელიწადის ყველა დროს სავსეა ტურისტებით.

მსგავსი სახის სიუჟეტები სტერეოტიპების გამყარების გარდა არაფერს ემსახურება. სტერეოტიპების, რომლებიც გორელების ირგვლივ მითსა და რეალობაში არსებობს და სტალინის კომპლექსის მოხსნის საშუალებას არ იძლევა.
კატეგორია - ბლოგი
სოციალური ეთიკის პროფესორს, დონალდ შრივერს, თავის სტატიაში „ჟურნალისტიკა და დემოკრატიული მეხსიერება“ ერთი საინტერესო მაგალითი მოჰყავს: 1993 წელს ABC-ის რეპორტიორმა სერბ ჯარისკაცს ჰკითხა: „რატომ ებრძვით ბოსნიელ მუსულმანებს?“ ჟურნალისტმა მოკლე პასუხი მიიღო: „იმისთვის, რაც კოსოვოში გაგვიკეთეს“. კოსოვოსთვის კი 1389 წელს იომესო, იხსენებს პროფესორი და განმარტავს, რომ კოლექტიურ მეხსიერებას პოლიტიკოსებთან და რელიგიურ წინამძღვრებთან ერთად ჟურნალისტებიც აყალიბებენ. უდავოა, რომ თანამედროვე ეპოქაში ისტორიის პირველ ვერსიას სწორედ მედია ქმნის და თავადვეა მერე გადახდენილი ამბების არაერთხელ შემხსენებელი.

სახალხო მეხსიერება, რომელიც სოციალური იდენტობის აგრესიული განმსაზღვრელია, უმეტესწილად სიმბოლოებით საზრდოობს. მოგონებათა საერთო სკივრი ძირითადად მედიის მიერ შექმნილი სტერეოტიპებით, ვიზუალური ხატებითა და სიტყვიერი მეტაფორებითაა სავსე. მაგალითად, 9/11-ის ტერორისტულ აქტზე საუბრისას უმეტესობას მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ახსენდება. პენტაგონის შენობას კი, რომელიც ასევე თვითმფრინავის შეჯახების შედეგად დაზარალდა, ცოტა თუ ასახელებს. როგორც იმ პერიოდის მედიის კონტენტ-ანალიზმა დაადასტურა, ამერიკული პრესა თუ ტელევიზია ძირითადად სწორედ სავაჭრო ცენტრის ცეცხლმოკიდებულ შენობებს აჩვენებდა, რაც იქცა კიდეც იმ დღისა და ტერორიზმთან ბრძოლის სიმბოლოდ. მოგვიანებით „ნიუ-იორკ ტაიმისის“ ჟურნალისტი ტომას ფრიდმანი მსოფლიო სავაჭრო ცენტრს „სამოქალაქო რელიგიის ტაძარს“ უწოდებს, სადაც 90-მდე ეროვნების ადამიანი საკუთარ და ქვეყნის მომავალს ქმნიდა. ბუნებრივია, მეხსიერებაში შემორჩენილი ამბები, სიმბოლური კადრები თუ ხატოვანი ფრაზები ტყუილად არ უკავშირდება ერთმანეთს. მოვლენათა ლოგიკური ჯაჭვი ახალ სადისკუსიო თემებს ბადებს და ხედვის განსხვავებულ რაკურსს გთავაზობს.

საცხრამაისოდ სამ ძველ ამბავს გიამბობთ, სამივეს წყარო ქართული მედიაა. დაახლოებით ათი წლის წინ ერთ-ერთ არხზე (მეხსიერებაში „რუსთავი 2-ის“ ლოგოთი შემომრჩა) ჟურნალისტის მიერ მომზადებულ სიუჟეტში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი 60 წლის წინანდელ ამბავს იხსენებდა. სიუჟეტის დრამატურგია სტანდარტული გახლდათ: ჭავჭავაძის გამზირიდან გადაღებული ვაკის პარკის გაშლილი ხედი, პოლიტიკოსების მარში უცნობი ჯარისკაცის საფლავისკენ, გვირგვინებისთვის ბაფთის გასწორება და ინტერვიუები პოლიტიკურ ლიდერებთან და ომის ვეტერანებთან. ამ სტანდარტულ სიუჟეტში კი სრულიად მოულოდნელად გამოკრთა ერთი მომნუსხველი ამბავი: ქალბატონს, რომელიც ომის დროს მედდად მუშაობდა, სასიკვდილოდ დაჭრილმა ჯარისკაცმა სთხოვა - ქალისთვის არასოდეს მიკოცნია, ისე არ მინდა მოვკვდე და, თუ შეძლებ, მაკოცეო. „და მე ვკოცნიდი და ისე კვდებოდა“, - უცრემლოდ და ღიმილით იხსენებდა მოხუცი ქალბატონი ძველ ამბავს და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ყოველ 9 მაისს მე სწორედ ოც წამში ჩატეული რომანი გამახსენდებოდა და არაერთხელ გავიფიქრებდი - შესაძლოა ასეთი დიდებული წამებისთვის ხდება კიდეც დიდი ომები. პოეტურად ჟღერს? სულაც არა, მსგავს პასაჟებს იშვიათად თუ შეხვდებით ისტორიულ ნარკვევებში. ეს სწორედ მედია მემატიანეების მოსაყოლი ამბებია. ასევე, ცხადად მახსოვს კიდევ უფრო ძველი სტატია გაზეთიდან „ქართული კულტურა“, სადაც საცხრამაისოდ ჟურნალისტი მხოლოდ იმას ჰყვებოდა, ომის ქარცეცხლიანი დღეები როგორ დამწკრივდა კადრებად, ნოტებად, ფერებად და როგორ შეიქმნა კინოს, მუსიკის თუ მხატვრობის შედევრები მეორე მსოფლიო ომის თემაზე. მესამე ამბავი გიორგი გოგუას ფოტორეპორტაჟი გახლავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემისთვის „რეალური სივრცე“, რომელიც, მართალია, საცხრამაისოდ არ მომზადებულა, მაგრამ გაზაფხულის ბოლო თვეს სწორედ თბილისის ომის ვეტერანთა ჰოსპიტლის დამთრგუნველი კადრები ამომიტივტივდა. მედიაში მოსმენილი, წაკითხული და ნანახი ამბები ერთი მარტივი მიზეზის გამო ჩამრჩა მეხსიერებაში, სამივეში იყო რაღაც განსხვავებული, სიმბოლური და შთამბეჭდავი. დიახ, ადამიანების მეხსიერება შერჩევითია, თქვენ შესაძლოა სულ სხვა ამბები გაგახსენდეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოგონებათა საერთო სკივრში მეორე მსოფლიო ომის ამბები ჯერ კიდევ ცოცხალია. ომები ასე ადვილად არ მთავრდება: გერმანიაში დღეს ოსვენციმის ბანაკის დაცვის ყოფილ წევრს ასამართლებენ, ხოლო ჰოლოკოსტის თემაზე გადაღებული პოლონური ფილმი „იდა“ „ოსკარს“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის იღებს.

ქართული მედია კი ამ დროს მნიშვნელოვან თემებს უგულებელყოფს: მაგალითად, როგორ არ მოუგია ომი მხოლოდ რუსეთს (ამ რაკურსით გაშუქება, თავის მხრივ, სტალინიზმსაც დაუკარგავდა სიმკვეთრეს); ან თუნდაც, მეორე მსოფლიო ომის წიაღში აღმოცენებულმა შეუწყნარებლობამ, რასიზმმა და ქსენოფობიამ, რომელიც 9 მაისს არ დამარცხებულა, რამდენად განსაზღვრა თანამედროვე კონფლიქტების ბუნება; ჯერ კიდევ საკვლევია საოჯახო არქივები და ზეპირი ისტორიები, თუნდაც ჭრელკაბიანი ქვრივებისა, რომელთაც არასოდეს მიუღიათ ცნობა ქმრის დაკარგვისა თუ გარდაცვალების შესახებ და ღრმა მოხუცებულობამდე გაუტეხელი ნებისყოფითა და მოლოდინით იცხოვრეს.

ომის გაშუქებამ, ისევე როგორც თავად ომებმა, ფორმა და შინაარსი იცვალა. პირველი მსოფლიო ომის დროს ფრონტზე საერთოდ არ შეუშვეს ფოტორეპორტიორები, მეორე მსოფლიო ომის დროს დაბეჭდვამდე ცენზურას გადიოდა ყველა მასალა, ვიეტნამის დროს მედია უკვე რეგულარულად სთავაზობდა მკითხველს დახოცილი და დაჭრილი ჯარსიკაცების ფოტოებს. ბოლო ათწლეულში კი ომები პირდაპირ ეთერში იწყება... თუმცა, ომის გაშუქებაზე არანაკლებ დიდი გამოწვევა მშვიდობის დროს ომის ამბების განსხვავებულად მოყოლაა: ანალიზი, შეჯამება, ნამდვილი გმირების ისტორიებისა და სიმართლის ახალი შრეების მოძიება. რაც უფრო მეტი დრო გაშორებს ისტორიულ თარიღთან, მით უფრო რთულდება ორიგინალური თემებისა და რაკურსის მოძიება. მედიაც ხშირად ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ნებდება მუდმივ გამოწვევას და გაშუქების სტანდარტულ სქემებს სჯერდება. შედეგად კი კალენდარზე წითლად მონიშნულ დღეებში ადამიანები ტელევიზორს და შინმოუსვლელ გაზეთს სულ უფრო და უფრო ნაკლებ დროს უთმობენ.

არ ვიცი, წელს რას გვიამბობს მედია, მაგრამ 9 მაისს მე ჩემსას კიდევ ერთხელ გავიხსენებ და მოვყვები. მოვყვები იმაზე, რომ მხოლოდ ჩემი ოჯახიდან სამი ბიჭი აღარ დაბრუნებულა მეორე მსოფლიო ომიდან. ის ომი კი არც 1941 წლის 22 ივნისს დაწყებულა და არც 1945 წლის 9 მაისს დამთავრებულა. იქნებ სულაც ამით უნდა დამეწყო.
კატეგორია - ბლოგი
სამშაბათს „არჩევანში“ ადამიანები გვიჩვენეს, სიდუხჭირით შეწუხებულები.

ცნობილი ჟურნალისტები ბაზარში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შევიდნენ, რეგიონებში გავიდნენ და რიგით ადამიანებს პრობლემების შესახებ ჰკითხეს.

მათაც რაც აწუხებდათ, თქვეს. გულწრფელად, გულისმომკვლელად. იმასვე ეტყოდნენ „რუსთავი 2-ის” უცნობ ჟურნალისტსაც. ამ არხის მიკროფონი ხომ ხშირად ადამიანისთვის იმედია. იციან, რომ ბევრი უყურებს, იქნებ ვინმეს გააგონონ ხმა.

პრობლემებზე ისევე ემოციურად ისაუბრეს, როგორც ამას 2 ან 5 წლის წინ გააკეთებდნენ, უბრალოდ, აქამდე მათი პრობლემებით არავინ დაინტერესებულა. არადა, ბაზარი ადრეც გვქონდა და ეს ის ადგილია, სადაც ყოველთვის რეალურად, შეულამაზებლად ჩანს საზოგადოების მდგომარეობა.

პოლიტიკოსებით გაჯერებულ ეკრანზე რიგითი ადამიანის დანახვა და ამდენი პრობლემის მოსმენა საზოგადოებას ეხამუშა და „რუსთავი 2“ „აპოკალიფსის“ მოწყობაში დაადანაშაულა.

ასე ხდება მაშინ, როდესაც ყველა არხზე ყველა სიუჟეტის ამოსავალი წერტილი ადამიანი არ არის.

როცა ის ვერ ხედავს საკუთარ პრობლემას ეკრანზე.

როცა უყვები ახლადმიღებულ კანონებზე და არ გაინტერესებს, რა გავლენა ექნება მას ადამიანზე. br>
როცა ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგს არ აკეთებ ამავე ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე. br>
როცა დასავლურ კურსზე აკეთებ აქცენტს და არ უხსნი, რატომ არის ეს სასარგებლო. br>
როცა მთელი დღე პოლიტიკოსების ბრიფინგიდან პრესკონფერენციაზე გადადიხარ და სხვა თემა უბრალოდ არ გაქვს. br>
როცა ნებისმიერ ამბავს იმ კონტექსტით აშუქებ, რაც გაწყობს. br>
როცა ერთსა და იმავე პიჯაკიან და დაყენებულსახიან ტიპებს ეკითხები აზრს ყველასა და ყველაფერზე. br>
როცა ძვირადღირებულ ეთერს „სელებრითების“ პირად ცხოვრებას უთმობ. br>
როცა რელიგიურ დღესასწაულებზეც კი „ცნობილი“ პირების კომენტარს წერ. br>
როცა რიგითი ადამიანი შენს ეთერში მხოლოდ უბედური შემთხვევისას ჩანს. br>
და აი, ერთ დღესაც, როცა გადაწყვეტ, რომ ადამიანები, მათი ყოველდღიურობა, მათი პრობლემები გაინტერესებს - მაყურებელს ეხამუშება და ცდილობს პასუხის მიღებას ლოგიკურ კითხვაზე - ახლა რატომ? br>
პასუხს ის მაშინვე ხვდება, როგორც კი ეკრანზე გამოტანილ კითხვას შეხედავს - უნდა შეიცვალოს თუ არა პრემიერ მინისტრი და მთავრობის ეკონომიკური გუნდი?