ბლოგი
კატეგორია - ბლოგი
საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მედიას არაერთხელ გაუსაჯაროებია საიდუმლო დოკუმენტები, ჩანაწერები. ამის ყველაზე კარგი დასტური 2010 წელს აგორებული ვიკილიკსის სკანდალია, რომლის გაშუქებაში აქტიურად მონაწილეობდნენ მედიის ისეთი გრანდები, როგორიცაა BBC, The Guardian და The New York Times;

The New York Times-მა Wikileaks-ზე დაყრდნობით ერთ-ერთმა პირველმა გაასაჯაროვა ისეთი დოკუმენტაცია, როგორიცაა: ჰილარი კლინტონის ბრძანება ამერიკელ მაღალჩინოსნებს - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მაღალჩინოსნებისთვის ეთვალთვალათ; ვლადიმერ პუტინისა და სილვიო ბერლუსკონეს ახლო ურთიერთობა, ერაყის მცდელობა საკუთარი მიზნებისთვის გადაეკეთებინა ჩრდილოკორეული რაკეტები, კავშირები პუტინსა და კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის.

ფარული ჩანაწერების თემა ქართული მედიისთვისაც არახალია. მედიასაშუალებები საკუთარ აუდიტორიას სექსუალური ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველ, პოლიტიკოსთა და მაღალჩინოსანთა ან უბრალოდ არაეთიკურ ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერებს გარკვეული პერიოდულობით აწვდიან ხოლმე.

ფარული ჩანაწერების თემა აქტუალური “რუსთავი 2-ში” განვითარებული მოვლენების პარალელურად გახდა. არც თუ ისე დიდი ინტერვალით ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის, “რუსთავი 2-ის”გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და ნაციონალური მოძრაობის წევრის გიგა ბოკერიას საუბრები უკრაინული საიტზე გამოქვეყნდა. მოგვიანებით, გვარამია-სააკაშვილის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი გავრცელდა. მალევე, იმავე საიტიდან, გასაჯაროვდა სააკაშვილისა და მომღერალ სოფო ნიჟარაძის სატელეფონო საუბრებიც. საზოგადოების ყურადღება მიიპყრო დავით ახალაიასა და მისი ადვოკატის საუბრის ფარულმა ჩანაწერმაც.

მედიისთვის ლაკმუსის ქაღალდად იქცა სოფო ნიჟარაძისა და პრეზიდენტ სააკაშილის, ასევე სააკაშვილისა და გვარამიას მეორე ფარული აუდიოჩანაწერი, რომლის ავთენტურობა, წინასგან განსხვავებით, გვარამიამ არათუ არ დაადასტურა, არამედ მას მონტაჟი და ფალსიფიკაცია უწოდა.

ნიჟარაძე-სააკაშვილის დიალოგს, გვარამია-სააკაშვილის საუბრისგან განსხვავებით, ავთენტურობის პრობლემასთან ერთად, ეთიკურობის პრობლემაც ჰქონდა, დიალოგში მომღერალი “რუსთავი 2-ში” მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარზე საუბრობს და ერთ-ერთ ტელეჟურნალისტს საკმაოდ უცენზუროდ მოიხსენიებს.

ქართულ მედისივრცეში თითქმის არ დარჩენილა არც ერთი მედიასაშუალება, რომელმაც სააკაშვილი-გვარამიასა და სააკაშვილი-ნიჟარაძის საუბარი არ გააშუქა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია “იმედი”, რომელთაც საკმად ვრცელი სიუჟეტები დაუთმეს ამ ფარულ ჩანაწერებს, მეტიც, ის ჩანაწერი, რომელშიც მომღერალი ერთ-ერთ ჟურნალისტზე არაეთიკურად საუბრობს, ყოველგვარი რედაქტირების გარეშე გავიდა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში. შემდეგ “იმედმა” მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა. მოგვიანებით კი, მედიამ გოკა და ლადო გაბაშვილების სატელეფონო საუბარიც მოგვასმენინა. ერთი სიტყვით, მედია ფარული ჩანაწერების სერიალს გვთავაზობს. ამ ჩანაწერების დიდი ნაწილის საინფორმაციო ღირებულება კითხვებს აჩანეს.

ყოველგვარი ცენზურისა და შეზღუდვის გარეშე იმავე ჩანაწერების ნახვა ქართულ ონლაინმედიაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო.

სულ რამდენიმე მედიასაშუალებამ, მაგალითად, “ნეტგაზეთმა” და “ლიბერალმა”, ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ მიიჩნია მიზანშეწონილად აღნიშნული მასალების გამოქვეყნება.

მედიამკვლევრები წლების შემდეგ თანხმდებიან, რომ ვიკილიქსის სკანდალმა კიდევ ერთხელ აჩვენა და განსაზღვრა ჟურნალისტიკისა და ჟურნალისტების როლი. დღევანდელ ეპოქაში, როცა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ინტერნეტით გაავრცელოს ამბავი, ჟურნალისტების პროფესიულ როლსა და ეთიკურ სტანდარტს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა. საზოგადოებას გაუჩნდა მოლოდინი, რომ ინფორმაციის უსაზღვრო ნაკადში ის სწორედ ჟურნალისტისგან მიიღებს სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას.

და მაშინ, როცა მედიის დღის წესრიგში ხვდება ინფორმაცია, რომელიც თავად ჟურნალისტის მიერ უშუალოდ არ არის მოპოვებული (გავრცელებული ჩანაწერები, მოქალაქე ჟურნალისტების მიერ გადაღებული ფოტო, ვიდეომასალა), ასეთი ინფორმაცია ზუსტად ისევე უნდა მოწმდებოდეს, როგორც ჟურნალისტის მიერ მოპოვებული მოწმდება ხოლმე.

პულიცერის პრემიის ლაურეატმა და The New York Times-ის პოლიტიკის განყოფილების ყოფილმა რედაქტორმა მაქს ფრაკელმა ვიკილიქსის პროცესების დროს The Guardian-ის რედაქტორს, ალან რუსბინგერს, საკუთარი რჩევები წერილობით გაუზიარა.

ფრაკელი ალან რუსბინგერს ახსენებს ჟურნალისტიკის ერთ მარტივ და მთავარ წესს, რომ ჟურნალისტებმა საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას საჯარო ინტერესით უნდა იხელმძღვანელონ. მასალის გამოქვეყნების წინ კარგად უნდა დაფიქრდნენ, თუ რა ზიანი შეიძლება მიადგეთ მათი სტატიისა თუ რეპორტაჟის გმირებს ან მათ ახლობლებს. ჟურნალისტი უნდა ეცადოს მინიმუმადე დაიყვანოს შესაძლო ზიანი, რაც ”სიმართლის” გამოაშკარავებას შეიძლება მოჰყვეს.

თითქოს მარტივი წესია და ქართულ მედიასაც ალილუიასავით ყოველდღე ესმის, მაგრამ [განსაკუთრებით, ციხის და სამეგრელოს სამარხების კადრების შემდგეგ] იხელმძღავნელეს კი მედიებმა ზიანის შემცირების სტანდარტით ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით?

რა არსებითად მნიშვნელოვანი სიმართლე გასაჯაროვდა სააკაშვილი-ნიჟარაძის დიალოგში გარდა იმისა, რომ ჟურნალისტებმა მთელ ქვეყანას მოასმენინეს მათი კოლეგის შეურაცხყოფა. ამ მასალებისადმი საჯარო ინტერესი შესაძლოა მარლაც იყო, თუმცა ნუთუ შეუძლებელი იყო მისი ეთიკურად გამოქვეყნება? მეორე დღეს მომხდარისთვის ბოდიშის მოხდაც არავის მოუწევდა და ეთიკურობის პრობლემაც არავის დაუდგებოდა.

მნიშვნელოვანია ისიცაა, რომ თითქმის არავინ დაინტერესებულა, თუ რას წარმოადგენს ის უკრაინული საიტი, რომელიც ფარული ჩანაწერების კასკადს სთავაზობს აუდიტორიას. შესაბამისად, სავარაუდოდ, არავის გასჩენია ეჭვი, რომ ამ მასალის გამოქვეყნებით ვიღაცის ინტერესების გამტარი ხდება, ბრმა ინსტრუმენტი გარკვეული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და აუდიტორიაზე ზემოქმედებისთვის.

The Guardian-ის რედაქტორი ალან რუსბინგერი, რომელსაც უშუალოდ ჟულიენ ასანჟისთან ჰქონდა ურთიერთობა, საკუთარ ბლოგში ამბობს, რომ მისთვის, როგორც რედაქტორისთვის, აღნიშნული გასაიდუმლოებული ჩანაწერების გასაჯაროებისასას ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წყაროს გავლენისაგან რედაქციის დაცვა წარმოადგენდა. რედაქტორის მთავარი შიში იყო ის, რომ გაზეთი არ გამხდარიყო ვინმეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ფრიად ანგაჟირებული, ექსცენტრიკული და პრეტენზიული ჟულიენ ასანჟის, ინტერესების გამტარი.

ვეჭვობ, ჩვენს რედაქციებში ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებისას ეს საკითხი დღის წესრიგში დამდგარიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში იმას მაინც განსაზღვრავდნენ, თუ რა მიზანს ემსახურებოდა მათი კოლეგის დისკრედიტაცია.

წარმოიდგინეთ, The New York Times-მა რისკის შემცირების მიზნით, ვიკილიქსისის მასალების გამოქვეყნებისას, ყოველ ჯერზე, ხან სახელმწიფო დეპარტამენტთან, ხან თეთრ სახლთან, ხან კი პენტაგონთან გაიარა კონსულტაციები. გაზეთი შეეცადა დაედგინა თუ რამდენად საზიანო იქნებოდა სახელმწიფოსთვის და კონკრეტული ადამიანებისთვის მათი მასალა.

ეს უმაღლესი სტანდარტია. ეთიკურობის, სახელმწიფოებრივი აზროვნების, პროფესიონალიზმის, კანონმორჩილების იდეალური სინთეზი. ქართული მედიაეთიკა და პროფესიონალიზმი კი უკეთესის იმედად გვტოვებს.
კატეგორია - ბლოგი
რესპონდენტების ვინაობასთან დაკავშირებული შეცდომებითა და გაუგებრობებით ქართული მედია ძალიან მდიდარია. მედიასაშუალების მიერ ჩაწერილი ადამიანის სახელი, გვარი და თანამდებობა სტატიაში ან სიუჟეტის ტიტრში რომ ზუსტად ეწეროს, ლამის საბედნიერო გამონაკლისია.

ყველაზე მეტი შეცდომა ამ მხრივ ტელეკომპანია “კავკასიას” მოსდის: საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტებში რესპონდენტის ვინაობის აღმნიშვნელ ტიტრს თითქმის ვერასოდეს ნახავთ. მაყურებელსაც ისღა დარჩენია, ჯერ სიუჟეტის შინაარსი გაიაზროს კარგად, შემდეგ კი ლოგიკური უნარ-ჩვევები გამოიყენოს და ჟურნალისტის მიერ ჩაწერილი ადამიანების სავარაუდო ვინაობა თავად განსაზღვროს.

თუმცა, უკეთესად საქმე არც ტიტრების გამოყენების შემთხვევაში გვაქვს. აი, მაგალითად, ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში გაშვებულ სიუჟეტში გამოყენებულ მინაწერს თუ დავუჯერებთ, ქალბატონი, რომელსაც ეკრანზე ვუყურებთ და ვუსმენთ, “ფერმერთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე კი არა, ექსპერტი ლევან კალანდაძეა.

ტიტრი ამ შემთხვევაშიც “ტყუის”. რესპონდენტი, რომელიც ჟურნალისტს ჰყავს ჩაწერილი, ლია თოდუა კი არა, მადონა კოიძეა.

რესპონდენტის სახელისა და გვარის მართლწერაში დაშვებული კორექტურული შეცდომებიც ჩვეულებრივი ამბავია. ეს ფოტოც სწორედ ერთ ასეთ ჩვეულებრივ ფაქტს ასახავს. მწერალი ვახტანგ მოსიაშვილი, რომელსაც საზოგადოება იცნობს ფსევდონიმით - Toresa Mossy ( ტორესა მოსი), მინაწერის თანახმად ტორეს სამოსია.

მექანიკური შეცდომებისგან არც ბეჭდური და ონლაინ მედიაა დაზღვეული. მაგალითად, “ნეტგაზეთის”ამ სტატიაში, რომელიც ბიზნესმენ თემურ უგულავას და მისი მეუღლის სასამართლო დავას ეხება, ბაია ქავთარია ერთგან ბაია პატარაიად არის მოხსენებული.

ამ ბლოგპოსტის წაკითხვის შემდეგ, ალბათ, ბევრ ჟურნალისტი იტყვის ნიშნისმოგებით, რომ ტელევიზიებში ასეთი შეცდომა ხშირად ხდება და ის ჟურნალისტის ბრალი სულაც არ არის, რადგან მასალაზე ტიტრის დადება მის მოვალეობაში არ შედის. მაგრამ სამწუხაროდ, რესპონდენტსაც და მაყურებელსაც ნაკლებად აინტერესებს, ვის ევალება ვიდეომასალაზე მინაწერის გაკეთება და ვინ აგებს პასუხს მის სიზუსტეზე.

სხვათა შორის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსიც მოითხოვს, რომ მაუწყებელმა სახელების მართლწერას და სწორად გამოთქმას ყურადღება უნდა მიაქციოს (მუხლი 33. 5)
კატეგორია - ბლოგი
„არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელისგან იმ 200 ათას ლარზე ითხოვს განმარტებას, რომელიც არხმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამივლინებოდ დახარჯა. ორგანიზაციის წევრებმა პირველ არხთან გამართულ აქციაზე ასევე საინფორმაციო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნაც გააპროტესტეს“, - ასე წარადგინა 13 სექტემბერს „კურიერის“ წამყვანმა სიუჟეტი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მისამართით არასამთავრობო ორგანიზაციის გამოთქმულ პრეტენზიებს ეძღვნებოდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ბრალდებებიდან არხის მიერ სამივლინებოდ 200 ათასი ლარის დახარჯვას ეხებოდა. „ეს ყველაფერი, რაც ჩვენ შევისწავლეთ, ნათლად ასახავს იმ ფაქტს, რომ გიორგი ბარათაშვილი და მისი ოჯახის წევრები ხალხის მიერ გადახდილი თანხებით მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო“, - უთხრა „კურიერს“ „მედიატორის“ წარმომადგენელმა გივი კუბლაშვილმა, თუმცა მაყურებლისთვის გაუგებარი დარჩა, ამ თანხის რა ნაწილი დაიხარჯა უშუალოდ არხის ხელმძღვანელის გიორგი ბარათაშვილის მივლინებებზე. „კურიერს“ „მედიატორისგან“ ამ საკმაოდ ხმამაღალი ბრალდების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ მოუთხოვია, ყოველ შემთხვევაში, მაყურებელს არც ერთი ოფიციალური დოკუმენტი არ უნახავს, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ბარათაშვილმა ნათესავებთან ერთად სამოგზაუროდ არხის კუთვნილი 200 ათასი ლარი დახარჯა; ვერც ის გავიგეთ, არხმა ჯამში დახარჯა 200 ათასი ლარი თუ მხოლოდ ბარათაშვილის მივლინებებზე.



ამასთან, თუ „მედიატორი“ ფიქრობს, რომ ბარათაშვილმა აღნიშნული სოლიდური თანხა არამიზნობრივად საკუთარი ოჯახის წევრების ფუფუნებისთვის გაფლანდა, რატომ არ მიმართა აუდიტის სამსახურს დოკუმენტაციის შესწავლის მიზნით ან პირდაპირ პროკურატურას, საბიუჯეტოს სახსრების სავარაუდო გაფლანგვის ფაქტის გამოძიების მოთხოვნით? სიუჟეტიდან ჩანს, „მედიატორის“ აქტივობა მხოლოდ განცხადებებით და არხის შესასვლელში პლაკატის დატოვებით შემოიფარგლა, რომელზეც სხვადასხვა ქალაქის დასახელების გასწვრივ თანხების რაოდენობაა მითითებული. „კურიერი“ არც იმით დაინტერესებულა, ბოლოს როდის შეამოწმა მაუწყებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ან როდის იგეგმება მორიგი შემოწმება, რითიც სავარაუდოდ, დადგინდება, რამდენად კანონიერად დაიხარჯა ზემოაღნიშნული თანხა.

ოფიციალური დოკუმენტაცია არ ჩანს არც გიორგი ბარათაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუს ნაწილში - არხის ხელმძღვანელის კომენტარიდან მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ბარათაშვილი ნამდვილად დადის საზღვარგარეთ სატელევიზიო ტექნიკის გამოფენებზე, შესაბამისად, საბოლოოდ გაურკვეველი დარჩა, მართლა 200 ათასი ლარი დახარჯა არხმა მივლინებებზე და ახლდა თუ არა ბარათაშვილს სამსახურებრივი მივლინებების დროს რომელიმე ნათესავი.

სიუჟეტის მომდევნო ნაწილი ეხება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემა „პირველ სტუდიას“. კერძოდ, ჟურნალისტი ამ ნაწილში ამბობს, რომ ბარათაშვილს ეკა მიშველაძის პოლიტიკური ტოკ-შოუს შესახებ განმარტებები არ გაუკეთებია - მაყურებლისთვის გაურკვეველი დარჩა, რა კითხა რეპორტიორმა ბარათაშვილს ამ საკითხზე და რაზე ვერ მიიღო პასუხი.

„ეკა მიშველაძე აცხადებს, რომ მისთვის ტოკ-შოუს დახურვის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამთ, თუმცა განცხადებები გადაცემის დახურვის შესახებ სხვა ტელევიზიის ეთერიდან მოისმინა“, - ამბობს ჟურნალისტი. საკითხი კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება თავად მიშველაძის კომენტარის მოსმენის შემდეგ: „მე ვარ პოლიტიკური ჟურნალისტი, მე ვაკეთებდი და ჯერ მაინც კიდევ მგონია, რომ ვაკეთებ პოლიტიკურ გადაცემას, სხვას არაფერს, წინასწარ ვამბობ ამას, პეპლებზე და ყვავილებზე გადაცემას უბრალოდ ნურც შემომთავაზებს ნურავინ“. სიუჟეტის ამ ნაწილშიც გაურკვეველი დარჩა მთავარი რამ: დახურა თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა მიშველაძის „პირველი სტუდია“ და კიდევ, როგორ ებმის „მედიატორის“ ბრიფინგი სამივლინებო ხარჯებზე გადაცემის დახურვის თემას (მით უმეტეს, სიუჟეტის მიხედვით, „მედიატორს“ „პირველი სტუდიაზე“ ბრიფინგზე განცხადება არ გაუკეთებია) - რა იყო სიახლე ამ მონაკვეთში? მიშველაძის კომენტარი, რომლის მსგავსი არაერთხელ მოუსმენია საზოგადოებას არაერთი ტელევიზიის, მათ შორის „რუსთავი 2“-სა და „პირველი არხის“ ეთერით? მართალია, სიუჟეტი სათაურია „ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელში“ და შესაბამისად, ამ კონტექსტში მიშველაძის ტოკ-შოუს თემის დამატება მეტ-ნაკლებად გასაგები ხდება, მაგრამ ასეთი მასშტაბური დასახელება მაყურებელს მოლოდინს უჩენს, რომ საუბარი იქნება არხში დაგეგმილ თუ მიმდინარე სხვა ცვლილებებზეც, მორიგ ხმაურიან საკადრო გადაწყვეტილებებზე, ახალ წამყვანებსა და გადაცემებზე, სტრუქტურისა თუ ფორმატის ცვლილებებზე.

სიუჟეტის ბოლო მონაკვეთიც, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გაერთიანებული ნიუსრუმის ხელმძღვანელად გიორგი გვიმრაძის დანიშვნას ეხება, ინფორმაციული თვალსაზრისით არავითარ სიახლეს არ შეიცავდა - ერთადერთი, რაც გავიგეთ ისაა, რომ „მედიატორში“ ფიქრობენ, რომ გვიმრაძე პრორუსულ ძალებთან თანამშრომლობს. თავად ჟურნალისტი ამბობს, რომ ეს ბრალდება გვიმრაძემ კატეგორიულად უარყო, თუმცა სწორედ ამ ტექსტის შემდეგ სიუჟეტში მაუწყებლის ბორდის ერთ-ერთი წევრის ქეთი მსხილაძის კომენტარი გავიდა, რომელიც ისევ გვიმრაძის საგარეო პოლიტიკურ კურსთან გამოთქმულ პრეტენზიებს შეიძლება დავაკავშიროთ:

„ცხადია, ნებისმიერი იდეოლოგიის ადამიანს შეუძლია იმუშაოს საზოგადოებრივ მაუწყებელში, ოღონდ არა საინფორმაციო სამსახურის უფროსად, რომელიც საინფორმაციო პოლიტიკას განსაზღვრავს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომლის ტერიტორიების დიდი ნაწილი წართმეულია და ტანკებით არის გავსებული“, - უთხრა მსხილაძემ „კურიერს“. ამასთან, ამ ირიბ ბრალდებას მოჰყვა კიდევ ერთი პრეტენზია გვიმრაძის მისამართით ამჯერად უკვე მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს წევრის ემზარ გოგუაძის მხრიდან, რომელიც გვიმრაძის მედიაორგანიზაციაში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების არქონას ეხებოდა.

„კურიერის“ ჟურნალისტი ამ კომენტარების შემდეგ ამბობს, რომ ამ თემებზე „არხის პოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელს განმარტებები აღარ გაუკეთებია“.

კითხვას აჩენს ისიც, რომ გვიმრაძის მისამართით გამოთქმული ბრალდებები პრორუსულ ორიენტაციაზე, სიუჟეტის მესამე ნაწილში ორჯერ განმეორდა - თუ ერთხელ უკვე ითქვა, რომ გვირმაძემ ეს ბრალდებები „კატეგორიულად უარყო“, მაშინ რა საჭირო იყო მსხილაძის კომენტარის მაყურებლისთვის შეთავაზება. თუ რედაქციამ ამ შეფასების გაშვება აუცილებლად მიიჩნია, მაშინ გვიმრაძის მიერ 9 სექტემბერს გაკეთებული განცხადების მონაკვეთი შეეთავაზებინა, რომელიც მათსავე ეთერში გავიდა. ამით უზრუნველყოფდა ამბის მონაწილე ყველა მხარის მაქსიმალურად თანაბარ წარმოჩენას და არ გაჩნდებოდა კითხვები გაშუქებისას მანიპულაციის ელემენტების გამოყენებასთან დაკავშირებით.
კატეგორია - ბლოგი
2001 წლის 11 სექტემბერს ტელევიზორი საღამოს ჩავრთე. რაღაცა გადაცემას ველოდებოდი, თუმცა მის ნაცვლად პირდაპირი ეთერი დამხვდა. ეთერი ნიუ-იორკიდან, სადაც ორ უზარმაზარ, ერთნაირ შენობას კვამლი ასდიოდა. მახსოვს კომენტატორის ტონი, რომელიც ფაქტს ნერვიულად აღწერდა. ისიც მახსოვს, როგორ გავბრაზდი, ამერიკაში მომხდარი რაღაც უბედური შემთხვევის გამო, საყვარელი გადაცემა რატომ გადამიდეს-მეთქი.

მაშინ მე 11 წლის ვიყავი. დღევანდელი საზოგადოებრივი მაუწყებელი კი სახელმწიფო არხს წარმოადგენდა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, სწორედ სახელმწიფო არხი გადასცემდა ტრაგედიის ამსახველ კადრებს პირდაპირ ეთერში..

2015 წლის 13 ნოემბრის პარიზული ღამე რაღაცით ჰგავდა კიდეც ნიუ-იორკის ტრაგედიას. აფეთქებები ადგილობრივი დროით, დაახლოებით, ღამის 11:30 წუთზე მოხდა. იმავე წუთიდან საერთაშორისო მედიამ ინფორმაციის განახლება პირდაპირ რეჟიმში დაიწყო. “Live Update“ - ეწერა ყველა გავლენიანი მედიასაშუალების პირველ გვერდს და ინფორმაცია ავტომატურად იცვლებოდა.

ამ საყოველთაო პანიკის მიუხედავად, ქართულ ტელემედიაში სპეციალური გამოშვებები, მოვლენის ამსახველი კადრები პირდაპირ ეთერში არ გვინახავს. ამბავიც მეორე დღეს „გეგმიური საინფორმაციოებიდან“ გავიგეთ. მაშინ, როდესაც ხალხი ინფორმაციის მისაღებად სოციალურ ქსელებსა და საერთაშორისო მედიის გვერდებს ამოწმებდა, ტელეეთერში მულტფილმები გადიოდა.

მაგალითად, „იმედზე“ საინფორმაციო ღამით 3:30-ზე გავიდა. იმ დროს, როდესაც თეატრის გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობდა, როდესაც თავზე მიბჯენით კლავდნენ მძევლად აყვანილ მოქალაქეებს, თუმცა „იმედში“ საღამოს აწყობილი გადაცემის გადაწყობა არავის უფიქრია და მთავარ ამბადაც ადვოკატის ცემის ფაქტი და პრემიერის ბრატისლავაში ვიზიტი შემოგვთავაზეს. მომხდარზე კი მხოლოდ მეორე დღის 11 საათიან გამოშვებაში ისაუბრეს. თითქმის მსგავსი საინფორმაციო გამოშვებები ჰქონდათ საზოგადოებრივ მაუწყებელს, „მაესტროს“ და „რუსთავი 2-საც“. თუმცა, ეს უკანასკნელი საიტზე, ისევე როგორც tabula.ge პირველივე წუთებიდან აქტიურად დებდა ინფორმაციას.

საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები კი ერთვებოდნენ პირდაპირ ეთერში და მუშაობდნენ, როგორც მოქალაქე ჟურნალისტები: აკეთებდნენ ლაივსტრიმს პარიზის ქუჩებიდან და ტვირთავდნენ ტვიტერზე მისი სოციალური ქსელის, პერისკოპის საშუალებით.

ქართველი ჟურნალისტები ახლა უკვე ადგილზე იმყოფებიან. მთავარი საინფორმაციო გამოშვებებისათვის უახლესი ამბებით ჩართვაც გვქონდა, თუმცა მთავარი ეს არ არის. მთავარი ოპერატიულობაა. ისეთი, რომელიც ტელეჟურნალისტებს უბიძგებს, ხელში მობილურები მოიმარჯვონ და სოციალურ ქსელებში პირდაპირ რეჟიმში, თუნდაც, საკუთარ გვერდზე განაახლონ ინფორმაცია. ამ პრაქტიკას საერთაშორისო მედია უკვე რამდენიმე წელია მისდევს.

თუმცა, ჩვენ დღემდე ყველაზე მთავარი საინფორმაციო გამოშვება გვგონია და გვავიწყდება, რომ საქართველოს მოსახლეობას უკვე ინტერნეტთან წვდომა აქვს, ბევრმა მათგანმა, კომპიუტერთან ერთად, ინგლისურიც იცის და არ ელოდებიან კონკრეტულ საათს ინფორმაციის მისაღებად. ისინი ბრაზობენ ქართულ მედიაზე, ბრაზობენ სამართლიანად, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი ჩვენთან დროულად არ ვრცელდება.

მეც ვბრაზდები. ვბრაზდები იმიტომ, რომ 15 წლის წინ, სახელმწიფო ტელევიზია გაცილებით ოპერატიული აღმოჩნდა, ვბრაზდები იმიტომ, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაციაც გავავრცელეთ, ვბრაზდები იმიტომ, რომ პარიზის აფეთქებებამდე ცოტა ხნით ადრე მომხდარ, ბეირუთის ტერაქტზე ინფორმაცია უმეტესობას არც გაგვხსენებია (ან არც წაგვიკითხავს), ვბრაზდები იმიტომ, რომ ღამის სამ საათზე მთავარ ამბად ადგილობრივი თემა გავიდა, იმაზეც ვბრაზდები, რომ ჟურნალისტების უმეტესობას სოციალური მედია საკუთარი სელფებისა და ლანჩის დასადები, საჩექინო ადგილი ჰგონია, იმაზეც, რომ ინფორმაციას მთავარ საინფორმაციო გამოშვებებამდე ვინახავთ მიუხედავად იმისა, რომ საიტზე ლაივის გაშვება უფრო მომგებიანია და ეს არ გვესმის, ვბრაზდები იმაზეც რომ ინტერნეტის, სოციალური ქსელებისა და ჟურნალისტიკის მჭიდრო და მომგებიანი კავშირი, არაერთი მოსმენისა თუ ლექციებზე დასწრების მიუხედავად, ვერ შევიგნეთ..

არაოპერატიულობაზე ვბრაზდები, თუმცა შემდეგ მახსენდება, რომ პარიზის ტერორისტული აქტები კი არა, თბილისის სტიქია ვერ გავაშუქეთ ოპერატიულად. ვერ გავაშუქეთ ვერც 2012 წლის 12 მაისს, ორთაჭალაში დატრიალებული ტრაგედია და ვერც 13 ივნისი. ვბრაზდები ჩემს თავზეც და მრცხვენია აუდიტორიის გამო, რომელიც ჩემიც არის.
კატეგორია - ბლოგი
რა სასიამოვნოდ ისმის წინადადება - ,,პანკისის ხეობას თითქმის მთელი მსოფლიო იცნობს”, თუმცა ყველაზე საინტერესო და ტრაგიკული იწყება მაშინ, როცა ეს წინადადება მთავრდება და იწყება ახალი - დიახ, პანკისის ხეობას იცნობს მსოფლიო, მაგრამ როგორ? რა ხდება ამ პატარა და, ერთი შეხედვით, უწყინარ ხეობაში ასეთი? როგორ “გააცნო თავი“ მან მსოფლიოს?

პანკისის ამბები ჯერ კიდევ 1990 წლებიდან იწყება. ვფიქრობ, სწორედ ეს პერიოდია დასაბამი იმ სტერეოტიპებისა, რასაც ახლა პანკისის შესახებ მედიით თუ პირადი საუბრებიდან ვისმენთ.

დამოუკიდებლობის პირველ წლებში, როცა ქვეყანაში არეულობამ დაისადგურა, პანკისის ხეობა ბევრი ქურდისთვის და ყაჩაღისთვის თავშესაფარად იქცა. აი ასე, გაიტაცებდნენ ადამიანს და პანკისში გადამალავდნენ, ეს კი, ხშირად ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების ხელშეწყობით ხდებოდა. ამის შესახებ ყოველთვის საუბრობდნენ ადგილობრივები, ერთხელ მაშინდელი ერთ-ერთი პანკისური დაჯგუფების წევრმა თქვა, ჩვენ დიდი არაფერი გვაქვს გასაკეთებელი, ქართველი პოლიციელები იტაცებენ ადამიანებს, მოჰყავთ პანკისამდე, აქ კი ჩვენ უბრალოდ ვინახავთ მათ და ამაში საკმაოდ სოლიდურ ფულსაც ვიღებთო. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რომელიმე პანკისელი მიდიოდა თბილისში ან სხვაგან სადმე, იქ იტაცებდა ადამიანს და შემდეგ ხეობაში მოყავდა, მწარედ ცდება.

1999 - 2000 წლიდან საქართველოში ჩეჩნეთიდან დევნილი მოსახლეობის შემოსვლა იწყება. უმრავლესობა სწორედ პანკისში მიდის. ეს ლოგიკურიცაა, რადგან აქ მათივე ეროვნების ხალხი ცხოვრობს. ამ პერიოდიდან ხეობაში ვითარება სულ უფრო ნაკლებად ექვემდებარება კონტროლს და პანკისი მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა. ყოველდღიურად შუქდება ამბები, თუ როგორ იტაცებენ იქ ხალხს,როგორ კლავენ, როგორი ველური კანონებით ცხოვრობენ, მსოფლიო მასშტაბით გავედით უკვე, გავედით რა მხრივ? ტერორიზმი, ნარკოტიკები და ა.შ. უკეთესს ვერაფერს ინატრებ...

ნებისმიერი სტატია თუ სიუჟეტი,რომელიც ამ პერიოდშია მომზადებული, სწორედ ზემოხსენებულ კონტექსტშია გაშუქებული. არადა, რამდენი საინტერესო რამის გადაღება შეიძლებოდა მაშინ, რამდენი საინტერესო ტრადიციაა,რომელიც კარგად მახსოვს,დღეს კი დავიწყებას მიეცა.

სამწუხაროა, მაგრამ მედიამ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პანკისის და პანკისელებისგან მტრის ხატის შექმნაში. ზოგჯერ ვფიქრობ, ზოგისთვის მხოლოდ ესაა ჟურნალისტიკა - მთავარია მძიმე, საინტერესო და რაც მთავარია, „გაყიდვადი“ თემა წაიღო ადგილიდან. ასე ხდებოდა პანკისის შემთხვევაშიც.... მედიასაშუალებების დღის წესრიგში პანკისი ან საერთოდ ვერ ხვდებოდა, ან თუ ხვდებოდა, მხოლოდ ადამიანთა გატაცებების, ნარკოტიკების კონტექსტში...

ამ მძიმე პერიოდიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა,შეიცვალა საზოგადოება, შეიცვალნენ მთავრობები, წესრიგიც, მაგრამ ერთი რამ უცვლელი დარჩა - მედია და მის მიერ გაშუქებული თემები. ნებისმიერ ქალაქში რომ გავიდეთ და ჩავატაროთ ქუჩის გამოკითხვა თემაზე - რა ასოციაციები გიჩნდებათ პანკისზე -როგორ ფიქრობთ, რას იტყვიან? ტერორისტები, მკვლელები ვაჰაბიტები და ა.შ.

პანკისელობის გამო, კურიოზულ სიტუაცებშიც ხშირად ჩავვარდნილვარ.ამას, რა თქმა უნდა, კონკრეტულ მომენტში სიცილით ვატარებ, მაგრამ მერე ვფიქრობ ხოლმე, რამდენად ცუდ დღეში ვართ. ერთხელ მეგობრებთან ერთად ვმგზავრობდი, ვსხედვართ მიკროავტობუსში, ვხუმრობთ რაღაცებზე და უცბად დგება მომენტი,როცა დავიწყეთ ჩვენ-ჩვენი წარმომავლობის შესახებ საუბარი. დადგა ჩემი ჯერიც და ვამბობ, რომ მე პანკისელი ვარ, ქისტი . უცბად მივიხიდე და რას ვხედავ - ჩემ გვერდით მჯდომი მეგობარი ლამის მინაზეა მიკრული და ცდილობს, რაც შეიძლება შორს დაიჭიროს ჩემგან თავი. თავიდან გამიკვირდა, ის ხომ ჩვეულებრივად მესაუბრებოდა, რა სჭირს, ასე უცბად რამ შეცვალა-მეთქი. გაირკვა,რომ ჩემი შეეშინდა. შეეშინდა, რომ რამე არ დამეშავებინა მისთვის, არადა რამდენიმე წუთის წინ ჩვენ შორის არ იყო არანაირი გაუცხოება, უბრალოდ ახალგაზრდები ერთად მივდიოდით და ყველანი კარგ ხასიათზე ვიყავით. მაშინ გავაცნობიერე, თუ რა ძალა აქვს მყარად ფესვგადგმულ ნეგატიურ სტერეოტიპებსა და სტიგმას.

ეს არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი, ასე იქნება მანამ, სანამ არ დასრულდება პანკისის ხეობის დემონიზაცია, ეს კი საკუთარ თავზე სწორედ მედიამ უნდა აიღოს.

სირიაში ერთ-ერთი ავიაიერიშის დროს დაიღუპა საქართველოს ორი მოქალაქე, ერთი პანკისელი ქისტი და მეორე აჭარელი. რამდენიმე დღის განმავლობაში თითქმის ყველა საინფორმაციოს მთავარი თემა ასეთი იყო: ,,სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა” . მოქალაქე აჭარიდან არავის გახსენებია. როცა ასეთ ფაქტებს უყურებ, გიჩნდება კითხვა, გამიზნულად ხომ არ ხდება ეს ყველაფერი? რაშია საქმე, რატომ მხოლოდ პანკისი და რატომ მხოლოდ ცუდ კონტექსტში?! ეს საკითხი ძალიან აწუხებთ პანკისში, თუმცა მათი ამ და სხვა წუხილების შესახებ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა არაფერი იცის, არ იცის პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს თემა მედიას არ აინტერესებს.

ხშირად მიფიქრია, ხომ შეიძლება საინტერესო თემები გაშუქდეს პანკისზე, თქვას ვინმემ, რამდენად ლამაზი და საინტერესოა პანკისის ხეობა ან იმაზე გაკეთდეს სიუჟეტი, რა სოციალური პრობლემები აქვს მოსახლეობას, რას ფიქრობენ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე... გზები, კომუნიკაციები, წყალი წესრიგშია? თუმცა არა, ეს თითქმის არავის აინტერესებს, აქედან მხოლოდ ტერორიზმი მიაქვთ, სხვა დანარჩენი თითქოს არც არსებობს.

ერთხელ მაინც რომ დაინტერესებულიყო რომელიმე მედიასაშუალება,თუ რატომ არის ხეობაში ნარკომანია, ქურდობა, მკვლელობა თითქმის ნულზე დასული, რამ შეცვალა ეს ხეობა ასე მალე, რა მოხდებოდა? არ არის ეს საინტერესო?! მერწმუნეთ, მთავრობების ცვლილებები და ადგილზე არსებული პოლიცია ამაში არ თამაშობს დიდ როლს, საინტერესოა, რამ მოახდინა ასეთი ტრანსფორმაცია,იმედი მაქვს ვინმე დაინტერესდება ამ თემით.

ამ თემით მედია არ ინტერესდება ხოლმე, თუ არ ჩავთვლით კახეთის საინფორმაციო ცენტრს,რომელიც აქტიურად მუშაობს ხეობაში და ხშირად აშუქებს სხვა თემებსაც, როგორიცაა კულტურა, ტრადიცია....თუმცა ეს არაა საკმარისი, როცა ცენტრალური ტელევიზიების სიუჟეტების 90% უარყოფით კონტექსტში აშუქებს პანკისს.

ყველაზე მტკივნეული ადგილობრივებისთვის ის მომენტია, როცა ისეთ ,,სკანდალურ” მასალას ,,გაიტანენ” ხოლმე გარეთ, რაც საერთოდ არც არსებობს და მედიის ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენს. მსგავსი ფაქტების გამო დღეს ხეობაში ჟურნალისტებს აღარ ენდობიან.

ყველაზე საინტერესო იყო ერთ-ერთ სააგენტოში გამოქვეყნებული მასალა ,,შაჰიდი ქალი პანკისიდან” . მასალას უამრავი ნახვა ჰქონდა, კომენტარების ველში იწერებოდა სალანძღავი სიტყვები ქისტების მისამართით და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჟურნალისტმა შეთხზა ამბავი, დასვა ვიღაც ხუმარა, ვისი მონაყოლიც პირდაპირ, მთელი სიმძაფრით გაიტანა ხალხში. ამ ყველაფრით, პირველ რიგში, პანკისელები ზარალდებიან. ასეთი ქმედებები მათ გაუცხოებას იწვევს. უფრო და უფრო მწვავდება პანკისელებისა და ჟურნალისტების ურთიერთობა,უკვე ვეღარ არჩევენ, ვინ წერს სწორს და ვინ არა, ამაში ვერც გაამტყუნებ.

ხეობაში ცენტრალური ტელევიზიიდან თუ ვინმე გამოჩნდა, უკვე ყველამ იცის საღამოს რა თემაზე იქნება სიუჟეტი, ეს სირიაა...ან ვრცელდება ხმა,რომ სირიაში ვინმე დაიღუპა,ან ახალი წავიდა, ან კიდევ მათთან კავშირის ბრალდებით ვინმე დააკავეს, სულ ეს არის ის რაც ბევრი რედაქტორის აზრით მაყურებელს აინტერესებს.

რაღაც პერიოდის მერე ისევ დაიწყებენ შეხვედრებს,იქნება ბევრი საუბარი თუ როგორ გადაწყვიტონ გაუცხოების და სრულფასოვანი ინტეგრაციის პრობლემა ხეობაში, როგორ უნდა მოხდეს სხვადასხვა პრობლემის მოგვარება, ამაში მედიაც იქნება ჩართული, თუმცა დარწმუნებული ვარ, იმაზე არავინ იფიქრებს, ერთ დროს მედიას რომ ადეკვატურად გაეშუქებინა რეალობა, საქმე აქამდე არ მივიდოდა, ეს არ მოხდებოდა!
კატეგორია - ბლოგი
უნივერსიტეტში მომზადებული ერთი-ორი (ან უფრო მეტი) სტატია შეადგენს ხოლმე მთელ ჟურნალისტურ გამოცდილებას, როცა რომელიმე რედაქციაში სტაჟიორად აგიყვანენ. პირველ დღეს ზიხარ უსაქმოდ და აცეცებ თვალებს. ძალიანაც არ გინდა უაზროდ ჯდომა, მზად ხარ, ყველაფერი გააკეთო, რასაც დაგავალებენ, მაგრამ არავინ გაქცევს ყურადღებას. „ფეისბუქზეც“ ვერ შედიხარ, ემანდ, არ თქვან, გასართობად მოვიდაო. ყველას თავისი საქმე აქვს, გგონია, მათთან ინფორმაცია თავისით მიდის. გარბიან, გამორბიან. შენ ზიხარ.

მერე გეუბნებიან, ხვალ თათბირისთვის რამე თემა მოიფიქრეო. მოდიხარ სახლში და ფიქრობ, ისეთი შეარჩიო, თან რედაქტორსაც რომ მოეწონოს და თან მართლა კარგად დაწერა შეძლო. ფიქრობ და სტუდენტური ამბების იქით არაფერი გახსენდება. სოციალური თემებიც გადამღერებულია, ყველამ ყველაფერი დაწერა, ამ გაჭირვებაზე ახალი რა უნდა თქვა. მეილზე ერთი პრესრელიზიც არ გაქვს (არც ერთ უწყებასთან შეხება არ გქონია აქამდე), პირადად არავის იცნობ, შენი ჯგუფელების უმრავლესობა სტაჟიორებიც არ არიან, შესაბამისად, ვერ დაგეხმარებიან. რამდენიმე საათიანი უშედეგო ქექვის მერე ორ თემას არჩევ - განათლებას და ჯანდაცვას უკავშირდება.

მიდიხარ პირველ თათბირზე newsroom-ში და შენი რიგი რომ მოვა, რედაქტორი კითხვებით გჭედავს. შენ ხომ რესპონდენტების სახელებიც კი არ იცი ჯერ. რედაქტორის უკმაყოფილო სახის დანახვისას თვითშეფასება კიდევ უფრო გიქვეითდება. იმ დღესაც რჩები რედაქციაში იმ იმედით, რომ სადმე ჟურნალისტი დააკლდებათ და შენ გაგიშვებენ შავ საქმეზე მაინც.

არადა, რა მარტივად იქნებოდა საქმე, ის ელექტრონული ბაზები რომ გცოდნოდა, სადაც შესვლა და ქექვა მოქმედ ჟურნალისტებსაც ავიწყდებათ მიმდინარე ამბებზე გადართვის გამო.

აი, მაგალითად, მთავრობის დადგენილებები და განკარგულებები. პირველივე გვერდზე ნახავდი, რომ შეიცვალა სოციალური დახმარების მიმღებ პირთა წრე. იქვე მოძებნიდი ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014-2015) შესრულების შუალედური ანგარიშსაც. ან კიდევ იმას შეამჩნევდი, რომ ხობის მუნიციპალიტეტს ერთი მილიონი ლარი გამოუყვეს. მერე იტყოდი, რომ გამოითხოვ საჯარო ინფორმაციას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის გადარიცხული თანხების შესახებ და კარგ მასალას მოამზადებდი.

იმასაც ჩაინიშნავდი, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სახელფასო ფონდი შეიცვალა. მერე საკანონმდებლო მაცნეში შეიხედავდი და ნახავდი, რომ ჯერ არ გამოქვეყნებულა დანართი და შემდეგი თათბირისთვის ჩაინიშნავდი, შეადარებდი, გაიზარდა თუ შემცირდა სახელფასო ფონდი და საშტატო განრიგი.

ამის შემდეგ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შეხვიდოდი, გამარტივებულ ანდა პირდაპირ შესყიდვებსაც ჩახედავდი და ნახავდი, რომ შპს „სტადიონმა“ ბათუმში 27 მილიონ ლარად შეფასებული ტენდერი გამოაცხადა საავადმყოფოს ასაშენებლად, ბათუმის მერია კი 20 მილიონად "ჭაობის დასახლების” ქუჩის კეთილმოწყობას აპირებს.

მერე ადგებოდი და ტენდერში მონაწილე კომპანიებს მოქექავედი სამეწარმეო რეესტრში, სადაც ყველაფერია კერძო კომპანიების შესახებ, მფლობელები, დირექტორები, მათი შეცვლა- დანიშნვის ოქმები, ნასყიდობის ხელშეკრულებები. განმცხადებლებით კი ბევრი რამე შეიძლება აღმოაჩინო, მაგალითად, რომელი კომპანიები გადავიდნენ სახელმწიფო მფლობელობაში, რომელ მსხვილ კომპანიას შეეცვალა დამფუძნებელი. მერე ამ ტიპების კავშირს ახლობლებთან დაადგენდი ცესკოს ამომრჩეველთა ერთიანი სიით. რა იცი, ვისი ოჯახის წევრი აღმოჩნდეს.

თანამდებობის პირების ქონებას დეკლარაციების ვებგვერდზე გადაამოწმებდი, შეადარებდი, რა შეიძინეს ამ წლების განმავლობაში.

ან შეხვიდოდი სამინისტროების ვებსაიტზე და ნახავდი ასეთ განყოფილებას “საჯარო ინფორმაცია”, აღმოაჩენდი, რომ ყველა სამინისტრო მალე გამოაქვეყნებს მესამე კვარტლის ანგარიშებს სხვადასხვა თემაზე, მათ შორის რეკლამის განთავსების შესახებ, ამასაც მოინიშნავდი შემდგომი თათბირისთვის.

ყველაზე მარტივად კი opendata.ge-ს, საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზას გახსნიდი. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უკვე გამოთხოვილ ათასობით ინფორმაციას გადაათვალიერებდი და შეუძლებელია რამდენიმე თემა მზად არ გქონოდა უკვე.

მაგრამ ამ ბაზების არსებობის შესახებ არავის უთქვამს შენთვის და შენც გჯერა, რომ ინფორმაცია მხოლოდ თავისით მიდის ჟურნალისტთან.
კატეგორია - ბლოგი
2007 წლის 7 ნოემბერი არ მახსოვს.

იმ დროს უნივერსიტეტში ვსწავლობდი და მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ძალადობა არის ცუდი. ამიტომაც 7 ნოემბრიდან მხოლოდ დარბევის კადრები, თარგამაძის „მოვიდნენ“ და „ყველაფერი კარგად იქნება“ მახსოვს. მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად არ იყო, თუმცა რა დააშავა მაუწყებელმა ისეთი, რომ მისი გათიშვა და ჟურნალისტების ცემა გახდა საჭირო, არ ვიცოდი.

სტუდენტებს ფიქრი გვეზარებოდა ან არ გვქონდა იმდენი ცოდნა, რომ პრობლემა სიღრმისეულად დაგვენახა. ამ ამბის ანალიზი თავისი კონტექსტის ახსნით, არც ლექტორებს შემოუთავაზებიათ. რამდენიმე თვის მერე ვწერდით საშინაო დავალებებს, როგორ ემთხვეოდა ამბების თანმიმდევრობა ერთმანეთს ყველა არხზე. არ მოგვწონდა, ძირითადად იმიტომ, რომ მოსაწყენი გვეგონა სანახავად. ამაზე ღრმად მაშინ არ წავსულვართ.

მერე გვიან გავიგე ასეთი ტერმინი „ფულის ჩასხმა“. არ ვიცოდი, რა იყო. მომერიდა იქ კითხვა. ჩემ გარდა ყველამ იცოდა, რას ნიშნავდა. იმ დღიდან სხვანაირად დავიწყე მედიის ამბების თვალის დევნება.

ჩვენთან პოლიტიკური პარტიის მთავარ ბერკეტად მედია მიიჩნევა. ამიტომაც ვისაც კი პოლიტიკაში მოსვლის პრეტენზია აქვს, მედიას იმეგობრებს, ყიდულობს, აფუძნებს, რა მნიშვნელობა აქვს ფორმას, მთავარია მისი გავლენის ქვეშ იყოს. იყენებს საკუთარ რუპორად და საუბრობს იმაზე, რაც მხოლოდ მის ინტერესშია და არა - მაყურებლის. ამის შემდეგ მედისასაშუალების რეიტინგიც ეცემა ხოლმე და თავად პოლიტიკოსიც კარგავს ქვეყანაში არსებული სიტუაციის აღქმას.

სწორედ ამიტომ პოლიტიკური ძალები ერთმანეთთან ბრძოლას მათდამი ლოიალურად განწყობილი მედიასაშუალებების დისკრედიტაციითა და განეიტრალებით იწყებენ. რთულია, მოისმინო საგნობრივი პოლემიკა ან კრიტიკა რაიმე სახელმწიფო მნიშვნელობის თემაზე, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საკითხის განხილვაზე თითქმის არასდროს უპირისპირდებიან საარჩევნო პროგრამით. სამაგიეროდ ხშირია ჟურნალისტებზე გადაბრალება კარგი ამბებისაც და ცუდისაც, გააჩნია ვის რა ინტერესი აქვს. ამ ქვეყანაში ყველაფერი მედიის გაშუქების ბრალია.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უკვე რამდენიმე მაგალითი გვაქვს, რომელიც ცხადად აჩვენებს, რომ მედიის, როგორც პოლიტიკური ძალის იარაღად აღქმა არასწორია. იარაღად აღქმული მედიის ინტერესები რეალურად არავის აინტერესებს. აი, ის ადამიანები, ვინც იქ მუშაობენ, ხშირად ექსტრემალურ სიტუაციებში, ვინც მართლა ყბადაღებულ „წვიმასა და ქარში დარბის“ იმისთვის, რომ ინფორმაცია გაავრცელოს, თამაშგარე მდგომარეობაში არიან.

ამიტომაც არის რომ ზოგჯერ ისე იხურება არხი, კომპენსაციებსაც არავინ უხდის თანამშრომლებს, გადაცემის გაუქმება შეიძლება სადმე შვებულებაში მყოფმა გაიგო, ან გითხრან, რომ მალე გავა ეთერში შენი საგამოძიებო ფილმი, გადაიღო რამდენიმე და თაროზე შემოდებული დარჩეს, სულ ტყუილად გეგონოს, რომ რეალურად მუშაობ. ან სულაც, არხზე დაგეგმილი ცვლილებების შესახებ კოლეგა ჟურნალისტისგან გაიგო. ანდა, ისეც მომხდარა, არავინ რომ არ გხვდება პირადად და ერთი მესიჯით გიშვებენ სამსახურიდან.

მათი ბედი სადღაც ზემოთ მავანთა მსჯელობისას წყდება. იმათ კიდევ ყველაზე მეტად სწორედ რედაქციების გაძლიერება არ უნდათ. იმიტომ რომ ძლიერი რედაქცია ავტონომიური ხდება. რთულია მისთვის მითითებების მიცემა, აქვს თავისი სარედაქციო პოლიტიკა და მოქმედებს მის შესაბამისად, აქვს მაყურებლის ნდობა, ვითარდება სტაბილურად, არ სჭირდება მავანთა ფული და ანგარიშვალდებულია მხოლოდ მაყურებლის წინაშე.

არადა, არავის სიამოვნებს სხვის მიერ შედგენილი „ვიორსტკით“ მუშაობა. უბრალოდ ზოგი უფრო პრინციპულია, ზოგი ნაკლებად, ვიღაცას აქვს იმედი, რომ შეცვლის რამეს, ვიღაცას არა, იმას უფრო მეტი კრედიტი აქვს, ამას - ნაკლები. და რადგან დაჟინებით ვიმეორებთ ფრაზას „თუ არ მოგწონს, წადი“ იმ იმედით, რომ ყოველთვის აღმოჩნდებიან მავანთაგან დავალებულები და რადგანაც, ერთიანი ღირებულებები და პრინციპები არასდროს გვქონია, ვრჩებით ბერკეტად, რომელსაც საჭიროებისამებრ უპრობლემოდ იყენებენ.
კატეგორია - ბლოგი
ჟურნალისტები ზოგჯერ მედიიდან პოლიტიკაში მიდიან. ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. ასეა ყველგან, მთელ მსოფლიოში. მაგალითისთვის შეიძლება აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ელ გორი გავიხსენოთ, რომელიც ერთ დროს გამომძიებელი რეპორტიორი იყო.

ქართულ პოლიტიკაშიც ბევრი ყოფილი ჟურნალისტი ან ჟურნალისტური გამოცდილების მქონე ადამიანია: სოზარ სუბარი, გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი, გიორგი ახვლედიანი, ირმა ინაშვილი, ანი მიროტაძე... “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” სახით ჟურნალისტთა პარტიაც კი გვქონდა.

ჟურნალისტების ყველაზე დიდი ნაწილი სამთავრობო დაწესებულებების მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და თანამშრომელი ხდება, თანაც უმეტესად ისეთი, მედიასთან და ყოფილ კოლეგებთან საერთოდ რომ არ თანამშრომლობს. მაგრამ, ამ თემაზე სხვა დროს ვისაუბროთ.

რატომ მიდიან ჟურნალისტები პოლიტიკაში? ელ გორმა იურისპრუდენციაში და პოლიტიკაში წასვლა სწორედ გამომძიებელ რეპორტიორად მუშაობის შემდეგ გადაწყვიტა, რადგან მიხვდა, რომ კორუფციის ფაქტების სააშკარაოზე გამოტანით სისტემა არ იცვლებდა. ჟურნალისტების პოლიტიკოსებად ტრანსფორმაციის მთავარი მიზანიც ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს არის - მათ სჯერათ, რომ არსებული სისტემის შეცვლა, მისი გაუმჯობესება და ქვეყნის უკეთესად მოწყობა შეუძლიათ.

ქართულ პოლიტიკაში გადაბარგებული ჟურნალისტები საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას ხშირად ხელისუფლებას აკისრებენ. გახსოვთ, ალბათ, "რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ნიკა ტაბატაძის გათავისუფლების შემდეგ ტელეკომპანია ჟურნალისტთა ჯგუფმა დატოვა ( მოგვიანებით რამდენიმე მათგანი არხზე ისევ დაბრუნდა), არხიდან მათი წასვლის მთავარ მიზეზად კი ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანიაზე კონტროლის დამყარების მცდელობა დაასახელა. "რუსთავი 2-ის“ დატოვების შემდეგ ამ ჟურნალისტთა ნაწილი პოლიტიკაში წავიდა.

ტელეკომპანიის დახურვის შემდეგ პოლიტიკაში აღმოჩნდნენ ,,იმედის” ყოფილი ჟურნალისტებიც. გიორგი ახვლედიანი, რომელიც ამჟამად “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერია, ამბობდა, რომ ტელეკომპანია ”იმედის” ყოფილი წამყვანის და პოლიტიკური პროგრამების ხელმძღვანელის, გიორგი თარგამაძის დაარსებულ “ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაში” კოლეგებთან ერთად იმიტომ გაწევრიანდა, რომ ხელისუფლებამ “სხვა გამოსავალი არ დაუტოვა”. ყოფილი ჟურნალისტების პარტიას მოგვიანებით ინგა გრიგოლიაც შეუერთდა. “წამოვედი მაშინ, როცა მივხვდი, რომ აღარ მინდოდა ვყოფილიყავი ნეიტრალური. ასეთი პოზიციის დაცვა მიწევდა იმიტომ, რომ ჟურნალისტს ორივე მხარესთან ესაჭიროება მუშაობა. აღარ ვაპირებ ნეიტრალიტეტის დაცვას. გამიჩნდა პოლიტიკური ინტერესი და მზად ვარ, ჩავერთო პოლიტიკურ ბრძოლაში,” - ამ სიტყვებით ახსნა საკუთარი გადაწყვეტილება ცნობილმა წამყვანმა.

რა შეემატა ქართულ პოლიტიკას ჟურნალისტების მეშვეობით? ბევრი ან ღირებული არც არაფერი.

კარგი ან, გნებავთ, პოპულარული ჟურნალისტი, მსახიობი ან სპორტსმენი აპრიორი კარგ პოლიტიკოსს სულაც არ ნიშნავს.

მცდელობამ, პოლიტიკაში ეთქვათ საკუთარი სათქმელი, ბევრი ჟურნალისტის შემთხვევაში არ გაამართლა, ამიტომ გაპოლიტიკოსებული ჟურნალისტების ნაწილი უკან - მედიაში დაბრუნდა. ასეთი მაგალითები საქართველოს საზღვრებს გარეთაც ძალიან ბევრია.

უნდა ბრუნდებოდნენ თუ არა ყოფილი ჟურნალისტები პოლიტიკიდან მედიაში?

არ არსებობს კანონი, რომელიც რომელიმე პროფესიის ადამიანს პოლიტიკაში წასვლას და იქიდან წამოსვლას აუკრძალავს. დემოკრატიაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანაში ასეთი ბარიერი არც უნდა არსებობდეს.

თუმცა, ჟურნალისტი, სხვა პროფესიის ადამიანებთან შედარებით, პოლიტიკაში წასვლისას ყველაზე ძვირ ფასს იხდის. გაპოლიტიკოსებული მსახიობი თეატრის სცენაზე ისევ ჩვეულებრივი მსახიობი იქნება. პოლიტიკიდან მედიაში დაბრუნებული ჟურნალისტის სანდოობა, მიუკერძოებლობა და ობიექტურობა კი სამუდამოდ ეჭვქვეშ დგება.

ვენდოთ თუ არა ერთ დროს პოლიტიკაში მყოფ კოლეგებს? ეს მკითხველმაც, მაყურებელმაც, მსმენელმაც და მედიასაშუალების მფლობელმაც თავად უნდა გადაწყვიტონ.
კატეგორია - ბლოგი
შოუ რომ სანახაობაა ამაზე ერთხელ უკვე დავწერე. მაშინ გია ჯაჯანიძის შოუზე და იმ გროტესკზე ვწერდი, რომლის მიზანიც საზოგადოების გართობა და იმის ჩვენებაა, რომ თუ მოგინდა ცხვარსაც დააბამ სტუდიაში და დიდი “ბროშკითაც” მიუჯდები სუფრას, გია სურამელაშვილთან და ქსოვრელებთან ერთად.

მსგავსი შოუები, ქართულ ტელესივრცეში იმ პრინციპით მუშაობს, რომ სხვადასხვა იდენტობის მქონე ადამიანების გროტესკულ სახეებს ქმნის და შემდეგ მათ დასცინის. მსგავსი ქმედება კი როგორც წესი, ისედაც მოწყვლად ჯგუფებს დიდ ზიანს აყენებს.

ამ ყვითელი შოუებისაგან განსხვავებით, უფრო მნიშვნელოვანი და „ყურებადია“ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გამართული უზარმაზარი ყრილობები, რომლეთა მიზანიც ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენაა. ასეთი პატიოსანი მიზნის მიუხედავად, ამ შოუს მუშაობის პრინციპი აბსოლუტურად სხვა რამეს ეფუძნება.

მაგალითისათვის, შოუს მაყურებლების უმრავლესობას ალბათ არც ახსოვს წლების მანძილზე გამარჯვებული ადამიანების ვინაობები, მაშინ როდესაც ქართულ ინტერნეტ სივრცეში, შოუს მსვლელობისას შექმნილი გროტესკული სახეები დღემდე პოპულარულია და ზოგიერთი მათგანი “მემეებადაც” კი იქცა. ნიჭიერი არის შოუ, რომლის სცენარიც ჟიურის წევრებისა და კომიკური პერსონაჟებისა და პიროვნებების კომუნიკაციაზეა აგებული.

სცენარის ასეთი სტრუქტურიდან გამომდინარე, წლების მანძილზე ამ შოუში არაერთხელ ყოფილა დისკრიმინაციისა და შეურაცხყოფის ფაქტები. ადამიანები დაცინვის ობიექტები ხდებოდენ არამხოლოდ საკუთარი სექსუალური, ეთნიკური და რელიგიური იდენტობების გამო, არამედ განსხვავებული გონებრივი შესაძლებლობების გამოც კი. კონკრეტულ მაგალითებს აღარ გავიხსენებ, რადგან ამაზე უკვე დაიწერა.

„რუსთავი 2“ დღემდე ცდილობს, რომ საქართველოში ერთერთ პროგრესული და ლიბერალურად განწყობილი ტელევიზიის სახელი მოიპოვოს. მისი მხარდამჭერები ხშირად აღნიშნავენ, (განსაკუთრებით მიმდინარე მოვლენების ფონზე), რომ ეს ტელეკომპანია ერთერთია (ხან ერთადერთიც), რომელიც დასავლური და ევროპული ფასეულობების პროპაგანდას ეწევა.

მე ვფიქრობ, რომ ეს აზრი, „რუსთავი 2-ის“ შესახებ საფუძველშივე მცდარია. ამის თქმის საშუალებას კი ის მაძლევს, რომ უკვე წლებია, ამ ტელეკომპანიის ეთერში გადის გადაცემა “ნიჭიერი,” რომელშიც ადამიანებს დასცინიან საკუთარი განსხვავებული იდენტობის გამო. „რუსთავი 2“ არის ტელეკომპანია, რომელის ტელეთერშიც შეიქმნა “სასურველი სასიძოების” სახეები და ქართველ ჰომოსექსუალ მამაკაცებს ასწავლეს, როგორ უნდა დამალონ საკუთარი სექსუალური იდენტობა და იყვნენ ჰომოფობები.

ამიტომ მე არ მჯერა არც იმ ტრანსფორმირებული თოქშოუების წამყვანების გულწრფელობის, რომლებმაც უცბად ქალთა უფლებების დაცვა გადაწყვიტეს და არც “ნიჭიერის” ჟიურისა და პროდუსერების ლიბერალობის. რადგან მიმაჩნია, რომ მსგავში შოუები არამხოლოდ ინდივიდებისთვისაა ზიანის მომტანი, არამედ სამოქალაქო ცნობიერების განვითარებასაც აბრკოლებს და ხელს უშლის.

სწორედ ამიტომ, როდესაც კიდევ ერთხელ დადგება დრო და „რუსთავი 2-ის“ ან რომელიმე ტელეკომპანიის წარმომადგენელს ისევ დააშანტაჟებენ ფარული ვიდეო ჩანაწერებით და იმის თქმა მოუწევთ, რომ თავიც მათია და ფეხიც, იმედია გაახსენდებათ, რომ მათ საკუთარი წვლილი აქვთ შეტანილი იმაში, რომ დღეს სექსუალობა და განსხვავებულ იდენტობა საქართველოში შანტაჟის საგანი არის.
კატეგორია - ბლოგი
„ნიჭიერი“ ქართულ სატელევიზიო სივრცეში ალბათ ყველაზე რეიტინგული და წარმატებული შოუა, რომელიც სხვა არაერთი მუსიკალურ-გასართობი გადაცემის მსგავსად, უცხოურის ქართულ ანალოგს წარმოადგენს.

ასეთი გადაცემები ბევრი ნიჭიერი ადამიანისთვის ტალანტის წარმოჩენის კარგ პლატფორმას ქმნის. ასევე, ხშირად ვხვდებით ისეთ მონაწილეებს, ვისთვისაც ტალანტი ოდნავ უფრო სუბიექტურ კონცეპტს შეიძლება წარმოადგენდეს. მეორე კატეგორია, როგორც წესი, შოუს „სასაცილო“ ნაწილს ქმნის. ასეა ყველა ქვეყანაში და საქართველოც გამონაკლისს არ წარმოადგენს. წლების განმავლობაში „რუსთავი ორმა“ არაერთი ასეთი სასაცილო სახე შექმნა და ასევე არაერთხელ გადააბიჯა იმ ზღვარს, რომელიც სასაცილოსა და საყოველთაო დაცინვას შორის შეიძლება არსებობდეს.

მეექვსე სეზონის გახსნა სწორედ ასეთი წარმოდგენებით დაგვამახსოვრდა. „რუსთავი 2-ის“ პროდიუსერებმა კვლავაც „წარმატებით აღმოაჩინეს“ ვინმე ჟანა წითელაური, ისარგებლეს მისი მდგომარეობით და შედეგად - ჟიურიმაც და მაყურებლებმაც გულიანად იხორხოცეს ჟანას Wrecking Ball-ზე. თუმცა ამ პოსტში მინდა ყურადღება სხვა გამომსვლელებზე გავამახვილო.

ერთ-ერთი მონაწილე აღმოსავლურ ცეკვას ასრულებდა და მაყურებლის რეაქციიდან გამომდინარე, საკმაოდ კარგადაც, თუმცა დარბაზის და წამყვანების აღტაცება მაშინ დასრულდა, როცა მოცეკვავე გოჩამ თავი წარადგინა: “კაცი ხარ? მკერდი რომ გაქვს?! ტრანსგენდერი ხართ თუ ჩვეულებრივი? ჩვეულებრივი მამაკაცი ხართ?!” ეს კითხვები მონაწილეს, არც მეტი არც ნაკლები, ჟიურის წევრებმა დაუსვეს. არაფერს ვამბობ გადაცემის წამყვანებზე, რომლებიც კულისებში არაეთიკურ-„ბაბულიკური“ კომენტარებით ერთობოდნენ. გასაგებია, რომ სატელევიზიო სივრცეში ყოველდღე არ ვხედავთ მსგავს წარმოდგენას და შოკის ეფექტი, შესაძლოა, დიდი იყო, თუმცა ეს არ ამართლებს ჟიურის წევრების არაეთიკურ ქცევას.

ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ჟიურის წევრები არც ჰომოფობები არიან და არც ტრანსფობები, მაგრამ ასეთ სენსიტიურ თემას როცა ვეხებით, კარგი იქნებოდა ოდნავ უფრო მეტი სიფრთხილე გამოგვეჩინა. კითხვა მონაწილის გენდერული იდენტობის შესახებ უადგილო იყო და ცალსახად არაეთიკური, მონაწილის გამოსვლის შეფასებაში ამ ინფორმაციას, წესით, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონოდა. ეს ყველაფერი მეტად გასაგები და ნაკლებად აღმაშფოთებელი იქნებოდა, პირდაპირი ეთერი რომ ყოფილიყო, მაგრამ არა - გადაცემის პროდიუსერებმა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც დაგეგმილი ჰქონდათ. ყველა მონაწილე, როგორც წესი, გამოსვლის დაწყებისას თავს წარადგენს, რატომღაც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში შოკური ეფექტი ბოლოსთვის შემოინახეს. ისევე, როგორც ჩანაწერის დამონტაჟებისას, მარტივად შეიძლებოდა ჟიურის უადგილო ხორხოცისა და კომენტარების ამოჭრაც. ასე მოიქცეოდა ალბათ პასუხისმგებლობის მქონე მედია, რომელიც ფიქრობს იმაზე, თუ რა გზავნილს მიაწვდის მოსახლეობას კონკრეტული სატელევიზიო პროდუქტით. ნიჭიერის შემთხვევაში ეს მესიჯი ხშირად არაეთიკური და უკიდურესად გამაღიზიანებელია.

გამაღიზიანებელია ასევე ის მოჭარბებული სექსიზმი, რომელიც ყველა სტერეოტიპულად ლამაზი ქალის გამოსვლას ახლავს თან. მითუმეტეს, თუ აღნიშნული ქალი სლავური გარეგნობის არის, სცენაზე თუ დარბაზში მსხდომი მამრები ჯგუფურად ყმუიან!

ასე იყმუვლეს გუშინ ვანიკომ და გიორგიმ ევა შაინოვას გამოსვლისას. ჟიურის ერთმა წევრმა „ენამახვილურად“ იხუმრა და იმედი გამოთქვა, რომ ევა შაინოვა ვახტანგი არ აღმოჩნდებოდა. როგორც ჩემმა ერთმა მეგობარმა სოციალურ ქსელში აღნიშნა “ვერ გაიზარდა ერი. ქალის დანახვაზე ისევ ყმუიან და სავარაუდო ქალი თუ კაცი აღმოჩნდა, მერე ღმუიან”.

სამწუხაროდ, ღმუილ-ყმუილის პროცესში ძლიერდება სექსიზმი და ჰომოფობია. შესაძლოა, არხის წარმომადგენლებს გადაცემაზე მუშაობისას ეს არ ჰქონდათ მხედველობაში, მაგრამ გავლენა, რასაც ასეთი გადაცემები ახდენს საზოგადოებაში ღირებულებების დამკვიდრების თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია.
კატეგორია - ბლოგი
ჩვენ ფარული ჩანაწერების, წამების ფაქტების და მედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების დროში ვცხოვრობთ. ამ და სხვა მახასიათებლების გამო, ქართული რეალობა ხშირად თავდაყირა აყენებს კაცობრიობის ბევრ დემოკრატიულ მიღწევას, მათ შორის, ლინკოლნის ფრთიან მოსაზრებასაც კი, რომლითაც გვაჯერებდა, რომ „მიეცით ხალხს შესაძლებლობა, იცოდეს ფაქტები და ქვეყანა უსაფრთხო იქნებაო“.

დღეს ჩვენს ქვეყანაში ადამიანებმა იციან კანონიერი თუ უკანონო გზით მოპოვებული ფაქტების შესახებ. გასულ კვირას, სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ემუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. საუბარი მაქვს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, პოლიტიკოს გიგა ბოკერიასა და ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შორის გამართული საუბრების აუდიო ჩანაწერებს.

ეს ამბები სულაც არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს.

ყველაფრის მიუხედავად, საქართველოში დემოკრატიის ხარისხის გაზომვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი კვლავაც არჩევანის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება რჩება. ამ ორი უფლების რეალიზების საკითხი პირობითი და შეფასებითია. პირველი არის შესაძლებლობა გქონდეს ნება და მზაობა გააკეთო შენთვის მისაღები არჩევანი. მეორეკი ინფორმაციის მიღების და გავრცელების გარანტიაა. უნდა აღინიშნოს, რომ გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება. ის სხვა უფლებებთან კონკურენციაში ხან იმარჯვებს და ხანაც მარცხდება. ამიტომაცაა საჭირო გამოხატვის თავისუფლების დაცვის თუ შეზღუდვის საქმეები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეფასდეს ფრთხილად და ზედმიწევნით.

ამ უფლებას ყველაზე ნაკლები წინააღმდეგობები აქვს არჩევანის თავისუფლებასთან, რადგან სწორი არჩევანის გაკეთება მხოლოდ ზუსტი და სრული ინფორმაციის მიღების შემდეგ შეიძლება.

2016 წელი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წელია. წინასაარჩევნო პროცესი კი ფაქტობრივად დაწყებულია. დაწყებულია ტრადიციულად - ფარული ჩანაწერებით, წამების ფაქტების გავრცელებით და მედიის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებით. თანაც ორი რეალობა გვაქვს - კერძო ტელევიზიები პოლიტიკური პლატფორმების გასამყარებლად სხვადასხვა ღონისძიებებს იყენებენ. ერთი მხრივ, „სააკაშვილის რეჟიმისას ჩადენილი სისტემური დანაშაულების მხილების“ მიზნით უზრუნველყოფილია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეომასალით მოსახლეობის მომარაგება, მეორე - ტელევიზიის გენერალური დირექტორი ღიად აცხადებს ეროვნული მაუწყებლის პოლიტიკურ კურსს, ყოფილ პრეზიდენტთან საუბრისას მაუწყებლის წინ ბარიკადების მოწყობის, თანამშრომელთა მობილიზაციის და ძალის გამოყენების საკითხებზე თანხმდება. საოცარი ისაა, რომ თურმე ამგვარი პოლიტიკის წარმოებით ორივე ტიპის მაუწყებელი არჩევანის თავისუფლების უზრუნველყოფისათვის ცდილობს და ამგვარ შესაძლებლობას გამოხატვის თავისუფლების დემოკრატიულ მონაპოვრად მიიჩნევს.

ქართული კანონმდებლობის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი. ამიტომაც ტელევიზია განსხვავებული ბიზნესია. განსაკუთრებული პასუხისმგებლობით და მოლოდინებით.

ცხადია, ეს ჩანაწერიც კონკრეტულ მიზანს ემსახურება.

ჩვენი კანონმდებლობა არ იცნობს პოლიტიკური მიზნებისათვის ტელევიზიის დაფუძნების შესაძლებლობას, თუმცა არც იმას კრძალავს, რომ მედიის წარმომადგენლებს პირადი პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდეთ, მიიღონ პირადი გადაწყვეტილებები ისე, რომ არ დაეტყოს ყველაზე მთავარს - მომხდარი ამბავის ერთის ადგილიდან მეორემდე მიტანის, ანალიზის თუ დაინტერესებული პირების ინფორმირების პროცესს.

პოლიტიკური სურვილები ყოველთვის განსხვავებულია - პროდასავლური, პროევროპული, დიქტატორული, დემოკრატიული და ა.შ. მაგრამ ტელევიზია 21-ე საუკუნეში არ შეიძლებაარსებობდეს პოლიტიკური პროპაგანდისათვის. რადგანკაცობრიობის განვითარების ამ სტადიაზე ადამიანებს აღარ სჭირდებათ სხვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

კარგა ხანია არჩევანი ინდივიდის საკუთრება გახდა.

მგონი, დღეს ტელევიზია ხელს უნდა უწყობდეს ადამიანის შესაძლებლობას არჩევანის გაკეთებისას ისარგებლოს ობიექტური, ზუსტი და ჟურნალისტური ეთიკის დაცვით მიწოდებული ინფორმაციით. ამიტომაც არის დადგენილი წინასაარჩევნო პერიოდში საეთერო დროის ლიმიტები საარჩევნო სუბიექტისათვის.

ყველაზე პრაგმატული განმარტებით, ტელევიზია არის კავშირგაბმულობის საშუალება, მოძრავი შავ-თეთრი ან ფერადი ხმოვანი გამოსახულებების შორ მანძილზე ტრანსლირებისათვის.

ტრანსლირება უფრო გადაადგილებაა ფორმის/შინაარსის შეუცვლელად. მედიის საქმიანობა უფრო ფართო გაგებით ობიექტურ ანალიზს და კრიტიკას გულსხმობს.

ჩემთვის მედია საინფორმაციო უზრუნველყოფის ნაწილში თარჯიმანსაც ჰგავს - მან მოკლედ უნდა გადმოთარგმნოს, მოყვეს ამბავი, აჩვენოს ის, რაც მე ვერ ვნახე დროში და სივრცეში სხვაობის გამო. მის ნამუშევარში ისევე როგორც თარჯიმანის ნამუშევარში დამატებების და პირადი მოტივების ჩართვა უხარისხო და არაკვალიფიციური ნაბიჯია. ანალიტიკურ ნაწილში კი ჟურნალისტური საქმიანობა დაცლილი უნდა იყოს პირადი ინტერესებისაგან და დადებითი თუ უარყოფითი მოსაზრებების თავზე მოხვევის მცდელობისაგან. სხვაგვარად მედია ვერ შეძლებს ობიექტურ კრიტიკას და „მოდარაჯე ნაგაზის“ ფუნქციის შესრულებას.

არჩევანის თავისუფლების საუკეთესო გარანტია გამოხატვის თავისუფლებაა. ამ უფლებაში არსებობს ზღვარი კრიტიკასა და სიცრუეს, კანონიერად მოპოვებულს და უკანონოდ მიღებულ ინფორმაციას, პოლიტიკურ მითითებებსა და საარედაქციო დამოუკიდებლობას შორის. ალბათ, ესაა სხვაობაა ტელევიზორის ყუთსა და საარჩევნო ყუთს შორის -ჩვენ ტელევიზორის ყუთთან ვემზადებით, საარჩევნო ყუთთან კი ვაკეთებთ არჩევანს. ბუნებრივია, მზადების პროცესი ისახება შედეგზეც. ეს კი პოლიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა ყველაზე კარგად იციან საქართველოში.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დატვირთული პერიოდია.მომდევნო არჩევნებმა ქვეყნის უსაფრთხოება და დემოკრატიული პრინციპების დაცვა უნდა უზრუნველყოს. იქამდე კი საჭიროა მხოლოდ კანონიერად მოპოვებული ზუსტი და სანდო ინფორმაცია, ასევე ამგვარი ინფორმაციის მიღების მყარი გარანტია.
კატეგორია - ბლოგი
რას მივიღებთ "რუსთავი 2-ის" გარდაქმნის შემთხვევაში

ის, რომ დღეს "რუსთავი 2-ს“ და იქ მომუშავე ჟურნალისტებს მათი კოლეგები არ უცხადებენ ღია და აქტიურ მხარდაჭერას, ცხადია, პრობლემაა. და არა მხოლოდ მათი პრობლემა, ვინც ქმედით მხარდაჭერას არ გამოხატავს და მხოლოდ მშრალი, ფორმალური განცხადებებით შემოფარგლება - "რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური პროცესია", "რა თქმა უნდა, ვხედავთ ხელისუფლების როლს”, "ჩვენ დავაკვრიდებით პროცესებს", "მოვითხოვთ სასამართლო პროცესის გამჭვირვალობას". ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ ამ ტელეარხის მიმართ ჟურნალისტთა კორპუსში თანაგრძნობა ძალიან დაბალია. ამას მრავალი მიზეზი აქვს და ეს ცალკე ბლოგპოსტის თემაა. დღეს სხვა საკითხებზე მსურს საუბარი.

ბოლო დღეებში "რუსთავი 2-ის“ ეთერიდან ხშირად გვესმის მოსაზრება, რომ ეს ერთადერთი დამოუკიდებელი ტელევიზიაა და მისი განადგურებით ქვეყანაში მოისპობა ერთადერთი კრიტიკული არხი. მსგავსმა განცხადებებმა, ცხადია, შეურაცხყო სხვა ტელეარხებზე მომუშავე ჟურნალისტები. ისე გამოვიდა, თითქოს "იმედის", "მაესტროს", "საზოგადოებრივი არხის", "კავკასიის", "პალიტრა ტვ"-ს და სხვა ტელევიზიების თანამშრომლებს ხელისუფლება მართავს და აკონტროლებს. სწორედ ამ შექმნილ შთაბეჭდილებაზე მსურს ძალიან მოკლედ მოგახსენოთ.

მცირე მასშტაბის ტელემაუწყებლობებს - ისეთებს, როგორებიცაა "კავკასია", "პალიტრა TV", "პირველი TV", "ტაბულა", "მეორე არხი", "TV 11" და სხვები, არ აქვთ ისეთი გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, როგორც დიდ ტელეკომპანიებს, როგორებიცაა "რუსთავი 2", "იმედი", "საზ TV" და ნაწილობრივ "მაესტრო". ამიტომ, "პალიტრა TV-ს” ჟურნალისტის, მერაბ მეტრეველის განაწყენებული განცხადება, რატომ მიწოდებთ მე კონტროლის ქვეშ მყოფსო, უადგილო მეჩვენება. მერაბ მეტრეველს და "პალიტრა TV-ს”, ასევე დავით აქუბარდიას, ნინო ჯანგირაშვილს და მთლიანად ტელეკომპანია "კავკასიას", მთელი მათი არსებობის განმავლობაში არც არავინ აკონტროლებდა. ბუნებრივია, ეს, პირველ რიგში მათი დამსახურებაა. თუმცა ის ფაქტორიც გასათვალისწინებელია, რომ ქვეყნებში, სადაც ცალსახა დიქტატურა და ტოტალიტარული სისტემა არ არის, ამ ტიპის, მცირე გავლენის მქონე მედიასაშუალებების არსებობას ხშირად უშვებენ ხოლმე. მეტიც - ეს შესაძლოა ავტორიტარულ რეჟიმებს აწყობდეს კიდეც, როგორც ერთგვარი არგუმენტი მედია “პლურალიზმის” დასტურად. ყველამ ვიცით, რომ თვით რუსულენოვან მედიასივრცეშიც კი მოქმედებს მცირე მასშტაბის კრიტიკული მედიასაშუალებები. პუტინმა ეს იცის და მათი არსებობა არ აღუკვეთავს. უფრო გარკვევით და ჩვენთვის ნაცნობ კონტექსტში რომ ავხსნათ, ვიტყვი, რომ "კავკასია" და "პალიტრა" ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირობებშიც დამოუკიდებელნი და თავისუფალნი იყვნენ და სახელისუფლო კონტროლი არ ეხებოდათ.

ჩემი აზრით, ვიდრე არსებობს "რუსთავი 2", რომელიც დღეს ასრულებს ე.წ. watchdog-ის ფუნქციას - “ჩასაფრებულია” და მაქსიმალურად ამახვილებს ყურადღებას ხელისუფლების ყველა, დიდ თუ შედარებით მცირე შეცდომაზე, გადაცდომაზე, დარღვევაზე და წარუმატებლობაზე (მნიშვნელობა არ აქვს ამას "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მიზნებისთვის აკეთებს თუ წმინდა პროფესიონალური პასუხისმგებლობით), მის მიერ შექმნილი კრიტიკული გარემო მთელ გავლენიან მედიასივრცეზე ვრცელდება. ასეთ კლიმატში როგორც ხელისუფლებას, ისე რომელიმე კონკრეტული მედიასაშუალების მფლობელს გაცილებით უფრო გაუჭირდება შექმნას მისი ალტერნატივა, სადაც ხელისუფლების ქმედებები ვარდისფერი სათვალით იქნება დანახული და მოწოდებული. სწორედ ამის მცდელობა ვიხილეთ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კერძო ტელეკომპანია GDS-ზე გასული გადაცემა 20/30-ის სახით და შედეგიც ვიცით. ამ გადაცემას ალბათ არავინ აღიქვამს სერიოზულად და ის კრიტიკის ობიექტიც ვერ ხდება, რომ არაფერი ვთქვათ მის მიზერულ რეიტინგზე.

მოკლედ, რომ შევაჯამოთ - დიახ, ცხადია განზრახ უტრირებული და გაზვიადებული ნათქვამია ის, რომ “რუსთავი 2- ის“ დახურვით თუ სახეცვლილებით ქვეყანაში კრიტიკული აზრი და მედია საერთოდ გაქრება. რა თქმა უნდა, “რუსთავი 2”-ის დახურვა , თავისთავად, ქვეყანაში კლასიკურ დიქტატურას არ დაამყარებს. მაგრამ მედიაკლიმატი თვისებრივად, რადიკალურად შეიცვლება, კრიტიკული მუხტი მნიშვნელოვნად დაიკლებს. ხელისუფლება გაცილებით უფრო გაბედულად დაიწყებს დირექტივების გაცემას იმის შესახებ, თუ რა გააშუქონ და რა არ გააშუქონ სხვა ტელევიზიებმა.

2004-2005 წლებში "რუსთავი 2"-ზე ვმუშაობდი და “შიგნიდან” შემეძლო თვალი მედევნებინა “კურიერის” მუშაობისთვის. მაშინ ეს გადაცემა მუდმივ კონკურენციაში იყო იმ პერიოდში ჯერ კიდევ მთავრობის კონტროლს მიღმა მყოფი “იმედის” საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკასთან”. როგორც კი ჩვენამდე მოაღწევდა ინფორმაცია, რომ “ქრონიკა” ამა თუ იმ მოვლენაზე ან ფაქტზე ამზადებდა სიუჟეტს, “კურიერის” მესვეურებს სხვა გამოსავალი არ რჩებოდათ - ამ მოვლენას ისინიც უნდა გამოხმაურებოდნენ სიუჟეტით. ხოლო მას შემდეგ, რაც "იმედი" უწინდელი სახით აღარ არსებობდა, ვიდრე გაჩნდებოდა “მაესტრო” თუ “მე-9 არხი”, ქვეყანაში გვქონდა უმძიმესი, ერთფეროვანი, ტრაგიკულობამდე უსახური და პროპაგანდისტული ტელემედია. ზუსტად იგივე გველის წინ ახლაც, თუკი დღევანდელ ბრძოლაში ხელისუფლება გაიმარჯვებს.

ვინც ახლა ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება სამართლიანობის აღდგენისთვის, ქვეყანაში ჯანმრთელი და დემოკრატიული მედია გარემოს შექმნისთვის იბრძვის, ამ ბლოგპოსტს (რომელსაც საბედნიეროდ ინტერნეტ მედია შეინახავს) გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ვაჩვენებ. მერე გავაგრძელოთ ამაზე საუბარი.

ახლა კი ვფიქრობ, რომ დადგა დრო, ვიყოთ რაციონალურები, გვერდზე გადავდოთ ემოციები თუ პირადული განცდები და დავიცვათ მედიამრავალფეროვნება იმ ერთფეროვნებისგან, რომელიც ნამდვილად გვემუქრება და რომელიც ყოველი ჩვენგანის დამოუკიდებლობის, თავისუფლების და ინფორმირებულობის შეზღუდვას განაპირობებს.