"პანდემიის დროს განსაკუთრებით გართულდა სასამართლოსთან დაკავშირებული ამბების გაშუქება"
31.05.2021
პანდემიის დროს განსაკუთრებით გართულდა იმ ამბების გაშუქება რაც ხდება სასამართლოში. მოგეხსენებათ, დემოკრატიის გაძლიერება წარმოუდგენელია მართლმსაჯულების გარეშე, და მართლმსაჯულების სისტემა მთლიანად არის დამოკიდებული გამჭირვალობასა და საჯაროობაზე.




პრობლემა გახდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რაც უკავშირდება სასამართლო სისტემას. მოგეხსენებათ, 2018 წლიდან დაიწყო ერთიან პორტალზე გადაწყვეტილებების გამოქვეყნება, რაც იყო კანონის ჩანაწერის შედეგი.

2017 წელს კანონში საერთო სასამართლოების შესახებ ჩაიწერა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არის მიღებული ღია სხდომაზე, უნდა იყოს საჯარო. ამის შემდეგ შეიქმნა ერთიანი პორტალი, მათ შორის დონორების მხარდაჭერით, მაგრამ ეს გადაწყვეტილებები 2020 წლის აპრილიდან უკვე აღარ ქვეყნდება.

მიზეზი არის ის, რომ ამ პერიოდში მიიღო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ, რომ გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს დაშტრიხული ფორმით და მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში უნდა დაიფაროს პერსონალური მონაცემები. პარლამენტს უნდა მიეღო შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომლითაც განსაზღვრავდა გამონაკლის შემთხვევებს, როცა განსაკუთრებულ შემთხვევებში სასამართლოები დაშტრიხავდნენ გადაწყვეტილებებს.

მაგრამ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, პარლამენტს არ მიუღია ნორმატიული აქტი, რომლითაც განისაზღვრებოდა გამონაკლისი შემთხვევები. მარტივი გადაწყვეტილება, რასაც მიაგნო საერთო სასამართლოებმა, არის ის, რომ ეს გადაწყვეტილებები უბრალოდ აღარ ქვეყნდება.

ასევე პრობლემური გახდა ხელმისაწვდომობა თავად სხდომებზე დასწრების კუთხით. გასული წლის ანუ 2020 წლის აპრილიდან, მას შემდეგ რაც გამოცხადდა პანდემია, დაიხურა სასამართლოს სხდომები, დაიხურა სასამართლო, მათ შორის, ბათუმშიც. სხდომების დიდი ნაწილი გადაიდო ან გახდა დისტანციური. საქმეების გადადება, ერთის მხრივ, არის მნიშვნელოვანი პრობლემა, რადგანაც ჩვენ ვიცით გადატვირთულობა სასამართლო სისტემაში.

არაერთი პრობლემური და რეზონანსული საქმე, რომელსაც წლების განმავლობაში ელოდებიან ადამიანები, არ არის განხილული. ბათუმის ციხის უფროსების საქმე, რომლის განხილვა დაიწყო 2015 წლის გაზაფხულზე, ამ დრომდე დასრულებული არ არის და უკვე გაურკვეველი ვადით არის შემოდებული თაროზე.

შემიძლია გამოვყო კიდევ ერთი საქმე. ეს შეეხება აჭარის ტელევიზიას და, მოგეხსენებათ, ეს უკავშირდება მედიის თავისუფლებას. განსაკუთრებული ინტერესი იყო ამ საქმის მიმართ, თუ რას დაადგენდა სასამართლო ნათია კაპანაძის შემთხვევაში, რომელსაც იმპიჩმენტი მოუწყო ტელევიზიის ბორდმა. ნათია კაპანაძემ მიმართა 2019 წლის აპრილში სარჩელით ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ორი წლის დაგვიანების შემდეგ დაიწყო განხილვა. სხდომა ჩატარდა 25 მაისს.

რამდენიმე თვის შემდეგ, სასამართლომ მიდგომა შეცვალა. დისტანციურ სხდომებს ჩვენ, ჟურნალისტები, ვესწრებით, მაგრამ ვერ ესწრებიან ამ სხდომებს დაინტერესებული პირები, მოქალაქეები. მათ ამის შესაძლებლობა არ აქვთ, იმიტომ რომ დარბაზში ადგილი არ არის. დარბაზებში არის გამოყოფილი ადგილები, სადაც შეიძლება დასხდნენ ჟურნალისტები, იმიტომ რომ ეს უნდა მოხდეს დისტანციის დაცვით.

ერთი დარბაზია მხოლოდ დიდი და ამიტომ იქაც ხშირად ყველა ჟურნალისტისთვისაც არ რჩება ადგილი. მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა იმის, რომ იმ პერიოდში, ეს იყო რამდენი თვე, როცა დისტანციური იყო მხოლოდ სხდომა და ვერ ვესწრებოდით ჟურნალისტები ამ ტიპის სხდომებს, ამ პერიოდში იქნა მიღებული არაერთი საგულისხმო გადაწყვეტილება, მათ შორის, ეს შეეხებოდა საარჩევნო დავებს.

პანდემიის დროს არსებული შეზღუდვები, ბუნებრივია, არის მიმართული უსაფრთხოების ნაწილზე, მაგრამ ხშირად იგრძნობა საზოგადოებაში, რომ ბევრს არ სჯერა ან არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არსებობს ესა თუ ის შემთხვევა. ამ პროცესში, როცა ჩვენ ჯერ კიდევ ვიცით, რომ დიდი კითხვის ნიშნები და ეჭვები არსებობს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მის მიუკერძოებლობაზე, გამჭირვალობა და საჯაროობა არის ერთ-ერთი მთავარი პირობა, რომ ჩვენ რაღაც ნაბიჯები გადავდგათ წინ. პანდემია იქცა მნიშვნელოვან შემაფერხებელ გავლენად იმ კუთხით, რომ ჟურნალისტებს და საზოგადოებას უფრო უჭირთ მეტი ინფორმაცია მიიღონ სასამართლო დარბაზებში.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ