არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემიასთან ერთად გვიწევს ცხოვრება.
02.08.2021
ლელა დუმბაძე, “ბათუმელები”



საკმაოდ შემაშფოთებელი მაჩვენებელია ამ მხრივ, როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში.

მას შემდეგ, რაც გაუქმდა კომენდანტის საათი და გაუქმდა გარკვეული ტიპის შეზღუდვები, ეს აისახა, ბუნებრივია, ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ქუჩები სავსეა ადამიანებით, მათ შორის ზღვისპირა ზოლი, ბულვარი, დასასვენებელი ადგილები, კაფეები, ბარები. ტურისტების რაოდენობა საკმაოდ მაღალია და, ალბათ, აგვისტოს ბოლოს კიდევ უფრო გაიზრდება ეს მაჩვენებელი. როგორც NCDC და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გვეუბნებიან, კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში 4%-ს ასცდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ რთული ვითარება გვაქვს ამ მხრივ.

მას შემდეგ, რაც გაუქმდა გარკვეული ტიპის შეზღუდვები და, მაგალითად, ღია სივრცეებში სავალდებულო აღარ არის პირბადის ტარება, ფაქტობრივად 98%-მდეა შემცირებული პირბადის გამოყენება. მართალია, დახურულ სივრცეებში, მოლები იქნება, ჯანდაცვის დაწესებულებები თუ სავაჭრო პუნქტები, იქ ითხოვენ პირბადეს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ამ პირბადის ტარებასაც აქვს ფორმალური სახე, იმიტომ რომ ნიკაპთან აქვთ გაკეთებული ადამიანებს და სასუნთქი გზები მაინც არ არის დაფარული ამ პირბადის საშუალებით.

განწყობა ადამიანებში, რომ კორონავირუსია და 13, 15, 20 ადამიანი იღუპება დღის განმავლობაში, სამწუხაროდ, ამ ვირუსისგან, ეს შეგრძნება ადამიანებში მაინც არ არის.

შესუსტებულია ზოგადად კონტროლის მექანიზმი როგორც ადამიანების მხრიდან, ასევე იმ დაწესებულებების მხრიდან, ვინც არის პასუხისმგებელი მეტნაკლებად ამა თუ იმ ღონისძიების ჩატარებაზე. ასევე რამდენიმე დღის წინ იყო შეხვედრები, ხალხმრავალი შეხვედრები, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე ესწრებოდა, საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ. დახურული სივრცე იყო და ნიღაბი არავის ეკეთა. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა არის სუსტი ამ მიმართულებით.

ძალიან ძლიერი ანტივაქსერული განწყობებია ქვეყანაში და ქალაქშიც. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ძალიან დაბალი პროცენტია ვაქცინირებული და მათ შორის ვაქცინირებული პედაგოგების რაოდენობაც არის ძალიან მცირე. ამიტომ ჩვენ, მედია, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მეტი, დამაჯერებელი, სანდო ინფორმაცია მოვიპოვოთ აი ამ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანებში არსებობს. ხელი შევუწყოთ რაღაცნაირად ამ მითების და შიშების გაფანტვას.

NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მართავს ხოლმე ონლაინ შეხვედრებს ჟურნალისტებთან და არაერთხელ დავუსვით მას კითხვა, რომ, ვთქვათ, რა იქნება შემოდგომაზე, თუკი ასეთი მდგომარეობა გაგრძელდება რეგიონში, თუ არ ამოქმედდება გარკვეული ტიპის შეზღუდვები და მაშინ გამყრელიძემ არაერთხელ ახსენა, რომ ჩვენ ვდგავართ ფაქტობრივად მეოთხე ტალღის წინაშე.

საუბრობდა ის დელტა შტამზე, რომელიც აჭარაშიც გამოჩნდა და რამდენიმე ტურისტს დაუდასტურდა დელტა შტამი, მათ შორის ქობულეთში. შარშან როგორც იცით, იქიდან დაიწყო კოვიდაფეთქება და უკვე გვაქვს შემთხვევები, რომ ქობულეთში უკვე დაიწყო კაფე-ბარებმა დახურვა. ეს ტემპი მიგვანიშნებს იმაზე, რომ, შესაძლებელია, შემოდგომაზე საკმაოდ მძიმე კოვიდ სიტუაცია გვქონდეს როგორც ბათუმში, ასევე რეგიონის მასშტაბით.

გამოწვევები არსებობს და ამაზე საუბრობს სახელმწიფო. საუბრობს იმაზეც, რომ შეზღუდვების მოხსნა იყო ნაადრევი და არ უნდა გადაგვედგა ეს ნაბიჯი, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოდგომაზე შესაძლებელია ბევრად მძიმე ვითარება გვქონდეს, ვიდრე, მაგალითად, 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში გვქონდა.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ