რა ხდება ჯავახეთში კორონავირუსის გავრცელების კუთხით?
13.09.2021
რიმა ღარიბიანი - ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის JNews.ge-ის რედაქტორი



რა სიტუაციაა ჯავახეთში კორონავირუსის გავრცელების მხრივ და როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი.

ჯავახეთში, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, ეპიდემიის პიკია. მაგრამ ეს არ აისახებს სტატისტიკაზე. თუკი დღეში ოფიციალურად 2-3შემთხვევა ფიქსირდება, რეალურად, ალბათ, ათობით და ასობით შემთხვევასთან გვაქვს საქმე. პრობლემა ის არის, რომ ხალხი არ იკეთებს ტესტებს.

აი, რატომ; როგორც იცით, ჯავახეთის მოსახლეობის უმეტესობა სოფლებში ცხოვრობს. ახლა სოფლის მეურნეობაში მარცვლეულის მოსავლის აღების სეზონია, ასევე მიმდინარეობს კარტოფილის ირიგაცია. ამიტომ ადამიანმა იცის, რომ თუკი კორონავირუსი დაუდასტურდება, მას კარანტინში მოუწევს წასვლა და სასოფლო-სამეურნეო საქმეებს მოწყდება.

ამიტომ, ადამიანებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობის სეზონური სამუშაოების წარმოება შეუფერხებლად შეძლოს, თუკი კორონავირუსს მსუბუქი სიმპტომებით სახლშიც გადაიტანენ. ამიტომ ამ წუთას კორონავირუსი ადვილად ვრცელდება სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში. ამ დროისთვის ასეთი სიტუაციაა.

ვაქცინაციის მხრივ, იყო მომენტი, როცა აქტიურობა დაფიქსირდა, მაგრამ ახლა ეს აქტიურობა დაცემულია და ეს ისევ და ისევ იმის შედეგია, რომ სოფლის მოსახლეობას არ სურს აცრა და, მეორე მხრივ, მოსახლეობა დაკავებულია სასოფლო-სამეურნეო საქმეებით.

პრინციპში უკვე ვაქცინირებულია მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც მეტ-ნაკლებად გრძნობს პასუხისმგებლობას. სოფლების მოსახლეობის უმეტესობა კი საკუთარ შიშებთან, რომ ვაქცინაციის შემდეგ მოკვდებიან, არის დარჩენილი, ან ყოყმანობენ, აიცრან თუ არა.

პანდემიის დროს, რთულია მუშაობა ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი მედიაში. ინფორმაციის მოპოვება საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ბევრ უწყებაში, ვერ ვიტყვი, რომ გვიმალავენ, მაგრამ არ გამოთქვამენ მზაობას დაგვეხმარონ ინფორმაციის მოწოდებაში.

ხშირად ხდება ის, რომ ვპოულობთ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან და არ შეგვიძლია დავადგინოთ, რომელი მათგანი არის ზუსტი. ამიტომ გვიწევს ახალი რესპონდენტების მოძიება, რათა გავიგოთ, მაგალითად, რომელი წყაროს სტატისტიკა არის ზუსტი.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ