სწავლა კოვიდის დროს პანკისში
20.10.2021


4 ოქტომბრიდან სკოლებში და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში უკვე შესაძლებლობა აქვთ მოსწავლეებს თუ სტუდენტებს აუდიტორიებში თუ საკლასო ოთახებში განაგრძონ სწავლა. ჩვენ ვიცით, თუ რა გამოწვევებთან იყო და არის დაკავშირებული დისტანციური სწავლება, როდესაც მოსწავლეებს შეეზღუდათ წვდომა ხარისხიან განათლებაზე. ვხედავდით, თუ როგორ უჭირდათ ჩართვა ონლაინ რეჟიმში, ინტერნეტსა და კომპიუტერზე წვდომის არქონის გამო.

აქედან გამომდინარე, 4 ოქტომბერს რომ დაიწყო სწავლა, ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა და ამას ყველა მივესალმებით, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის გავითვალისწინოთ, თუ რა პირობებში ვიწყებთ სწავლას სკოლებში.

ამ არჩევნების პერიოდში ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ამ მნიშვნელოვანმა პროცესმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა და რეალურად ამის გარშემო დისკუსიები, თუ განხილვები მთავრობის მხრიდან, ან გეგმა მათი მხრიდან, თუ რა პირობებში გაგრძელდება სწავლა, რეალურად არ წარმოუდგენიათ. როდესაც, მაგალითად, ვსაუბრობთ პრობლემებზე, პირველ რიგში არის ის, რომ უზრუნველვყოთ უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვა.

ანუ ამ უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურ დაცვაში ვგულისხმობ თავად ხელისუფლების დათქმას, რომ სკოლები დაიწყებოდა იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგების 80% იქნებოდა ვაქცინირებული. მაგრამ რეალურად დღეს რასაც ვხედავთ, სკოლებში პედაგოგების ვაქცინაცია ისე აქტიურად არ მიმდინარეობს, როგორც ეს უნდა ხდებოდეს. ბოლო მონაცემებით, როგორც მახსოვს, პედაგოგების და სკოლის პერსონალის მხოლოდ 65% არის აცრილი. მაჩვენებელი ინფიცირებულების ყოველდღიურად იზრდება.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია რომ ვაქცინაციის მიმართულებით უფრო ინტენსიური მუშაობა დაიწყოს, გაიმართოს შეხვედრები პედაგოგებთან. ჩვენ ამის ძალიან კარგი მაგალითი გვქონდა, როდესაც UNICEF-ის ორგანიზაებით რამდენიმე რეგიონში, მაგალითად, აჭარაში ჩავიდა კონკრეტული ჯგუფი ცნობადი ექიმების და იმ დღეს აიცრა 300-მდე მასწავლებელი, რაც არის ძალიან კარგი მაჩვენებელი.

იყო აჭარაში, მაგრამ პანკისის ხეობაში ასეთი შეხვედრა არ ჩატარებულა. რომ დავფიქრდეთ, ძალიან მარტივია ხომ, ერთი შეხვედრის ორგანიზება რომ მოხდეს. ჩამოვიდნენ რეგიონებში, მივიდნენ, შეხვდნენ პედაგოგებს, მოისმინონ მათი კითხვები, რომლებიც არსებობს და ეს კითხვები ლეგიტიმური კითხვებია. ყველა არ არის ანტივაქსერი, ვინც არ იკეთებს ვაქცინას.

განსაკუთრებით რთულია ვითარება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. როგორიც არის ქვემო ქართლი, ჯავახეთი, ეთნიკური სომხებით, აზერბაიჯანელებით, ქისტებით დასახლებულ რეგიონში. აქედან გამომდინარე, იმ რეგიონებში, სადაც არ არსებობს წვდომა ინფორმაციაზე, ასევე არსებობს პრობლემა სახელმწიფო ენის ცოდნის, საუბარი მაქვს აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან თემებზე, მნიშვნელოვანია, რომ მათთან უფრო ინტენსიური სამუშაოები მიდიოდეს ამ მიმართულებით, ინფორმაციის მიწოდებით, შეხვედრებით. ჩემი აზრით, ეს ისეთი თემაა, რომ განათლების და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კარდაკარ უნდა დადიოდნენ და ხვდებოდნენ პედაგოგებს. მაგრამ ჩვენ ამ მცდელობებს ვერ ვხედავთ მათი მხრიდან, სამწუხაროდ.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ