8 მარტი, ქალთა უფლებები და ქართული მედია
10.03.2015
8 მარტი - ქალთა უფლებების საერთაშორისო დღე, თითქმის ყველა საინფორმაციო გამოშვების დღის მთავარი თემა იყო. სიუჟეტების კადრებში ძირითადად ნარცისები, ტიტები და ენძელები ჩანდა, ჩაწერილი რესპონდენტები კი, (უმეტესწილად, მამაკაცები) ქალებს 8 მარტს მომღიმარი სახეებით ულოცავდნენ და ქართველი ქალის განსაკუთრებულ როლსა და დედის ფენომენზე დიდი ენთუზიაზმით საუბრობდნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის 8 მარტის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ქალთა უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მომზადებული ერთი სიუჟეტი გადაცემის ბოლო ბლოკში გავიდა. სიუჟეტში რვა მარტის შესახებ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული აქციები, შეკრებები, საქველმოქმედო ღონისძიებები იყო მიმოხილული. უშუალოდ ქალთა მდგომარეობისა და უფლებების შესახებ კი არაფერი თქმულა. ამ საკმაოდ ვრცელ სიუჟეტში ჟურნალისტმა ერთი უცნაური ტერმინიც იხმარა - „პოლიტიკური გენდერი“. გენდერის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქალისადმი მიმართვის ფორმები, კადრი, ჟურნალისტის ტექსტი, შესაძლოა, უნებურადაც გამოვიდეს დისკრიმინაციული და სტერეოტიპული. სწორედ ასეთი იყო „იმედის კვირის“ რეპორტაჟის ფინალი, სადაც რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მომუშავე ქალების შესახებ თქვეს, რომ „ისინი მაინც ქალები არიან და დრო გაპრანჭვისთვისაც რჩებათ“, ამ დროს კადრში ჩანს მეტალურგი, რომელიც სარკის წინ დგას და ტუჩსაცხს ისვამს. ყველაზე ნათლად ქალების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და შეხედულებები ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემა „სპექტრში“ გამოჩნდა. 6 მარტის ეთერი დავით აქუბარდიამ რვა მარტს მიუძღვნა და დასაწყისშივე აღნიშნა, რომ ეს დღე „ქალთა ბრძოლის თუ რაღაცის“ საერთაშორისო დღეა. სტუმრად კი მეან-გინეკოლოგი ჰყავდა მოწვეული, ძირთადი სასაუბრო თემაც შობადობა, გამრავლება და ქალთა ჯანმრთელობის პრობლემები იყო. გენდერში, პრაქტიკულად, არაფერია იმაზე დისკრიმინაციული, ვიდრე ქალის მხოლოდ რეპროდუქციულ ორგანიზმად წარმოჩენა. ამავე გადაცემაში წამყვანმა და რესპონდენტმა ნარკომანიის თემაც მიმოიხილეს. სტუმარმა აღნიშნა, რომ „ადრე მხოლოდ ბიჭები „მაიმუნობდნენ“, ახლა კი ნარკომანია ქალებში მეტად არის გავრცელებული“. მისივე თქმით, „ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიისგან ქალის „მორჩენა“ ძალიან დიდი პრობლემაა. მაშინ, როცა კაცთან ამისი შანსი არსებობს, ქალის შემთხვევაში საკითხი რთულდება“. ამ დროს წამყვანი სრულიად გულუბრყვილოდ სვამს კითხვას: „აა, ეჩვევიან ქალები?“. დაახლოებით მსგავსი სიტუაცია იყო ონლაინ მედიაშიც. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ-გამოცემის ambebi.ge-ს მასალაში, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღისადმი იყო მიძღვნილი, რესპონდენტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ კარგად ესმის ქართველი ქალების, „ძირითადად მათზეა ოჯახი, პროფესიული საქმიანობა და კიდევ ამას პოლიტიკური მოღვაწეობაც რომ დავუმატოთ, ცოდოები იქნებიან. ის კი არა, ამხელა დატვირთვას "ქართლის დედის" ძეგლიც კი ვერ გაუძლებდა, ხელში ხმალი და თასი რომ უჭირავს”. ჟურნალისტი კი პასუხობს: “კი, მაგრამ ოჯახის ტვირთი ხომ მამაკაცსაც აქვს. თუ ტრადიციებს მივყვებით, ის ოჯახის უფროსია...”რესპონდენტი ეთანხმება: “კი, მამაკაცი "მანქანის" საჭეა, ქალი კი - "ბორბლები". ქალების მიმართ დისკრიმინაციული შრომის კოდექსი, პოლიტიკაში ქალთა ნაკლები ჩართულობა, ფემიციდი, ქალების მიმართ საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპები - ეს და კიდევ სხვა უამრავი პრობლემა, რაც ქალებს ქართულ საზოგადოებაში აქვთ, ქალთა საერთაშორისო დღესაც ვერ მოხვდა მედიის დიდი ნაწილის დღის წესრიგში. არადა, ჟურნალისტები ჯერ კიდევ უნივერსიტეტის პირველ კურსზე სწავლობენ, თუ რა ძალა აქვს მედიას, როგორ შეუძლია მას საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამა თუ იმ საკითხის შესახებ. თუმცა,როგორც ჩანს, გენდერული თემატიკის გაშუქებისას მედიის რესურსის გამოყენების არც საკმარისი ნება არსებობს, არც ცოდნა და არც ინტერესი.

თეგები : სექსიზმი;
ავტორი : თამარ კარელიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ