18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენი, რომლითაც მას მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ძალაში დატოვა.
მზია ამაღლობელის ადვოკატები ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას ითხოვდნენ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 6 აგვისტოს განაჩენს ასაჩივრებდა პროკურატურაც და ისევ სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელს, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ითხოვდა.
---------------------------------
„ბათუმელები”/“ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და ის დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო:
„პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე“.
------------------------------
ქუთაისის საააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა 11 ნოემბერს დაიწყო. საქმის მომხსენებელი მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი იყო, კოლეგიაში კი შედიოდნენ მოსამართლეები: მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე.
18 ნოემბრის სხდომაზე დასკვნითი სიტყვა ამაღლობელის დაცვის მხარემ წარმოთქვა. „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ერთ-ერთმა ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა პროცესზე თქვა, რომ მზია ამაღლობელის საქმეს არაფერი აქვს საერთო სისხლის სამართლებრივ ბრალდებასთან, არც თავდასხმასთან და არც წინააღმდეგობასთან. მწარიაშვილმა მას სისტემური უკანონობისა და სისტემური ძალადობის საქმე უწოდა:
„აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბრალდების როგორც სააპელაციო საჩივარი, ისე დასკვნითი სიტყვა მხოლოდ პროკურორის შეფასებები და მოსაზრებები იყო, რომლის უკან არ იდგა არც ერთი მტკიცებულება და მას არც მიუთითებია არც ერთ მტკიცებულებაზე.
როგორ უნდა დამალო, გაათეთრო სისტემური უკანონობა? უნდა შექმნა „დამტკიცებული დამნაშავეობა“, დანიშნო „დამნაშავედ“. სწორედ ასე დანიშნეს მზია ამაღლობელი დამნაშავედ, თავდამსხმელად, მერე - წინააღმდეგობის გამწევად. რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია დაზარალებული იყოს პოლიცია და არა მზია. ასე დანიშნეს მსხვერპლი დამნაშავედ“.
თითქმის ხუთსაათიანი სიტყვის ბოლოს, მაია მწარიაშვილმა მოსამართლეებსაც მიმართა:
„ბატონო მოსამართლეებო! პირველი ინსტანციის სასამართლომ ყველაფერი ნახა, მოისმინა, არ შეიძლება იმაზე ცხადად ჩვენება, ვიდრე ეს ჩვენ ვაჩვენთ სასამართლოს, მაგრამ მაინც დააკანონა უსამართლობა, მაინც მწვანე შუქი აუნთო სისტემის ძალადობას მოქალაქეზე. მზია სინდისის პატიმარია და სინდისის პატიმარი ვერ იქნება დამნაშავე. დამნაშავეა სისტემა, რომელიც მწვანე შუქს აძლევს ინსტიტუციურ ძალადობას. ნებისმიერი სისტემური ძალადობა წარმატებულია მხოლოდ მაშინ, როდეაც სასამართლო ამის უფლებას იძლევა.
ბატონო მოსამართლეები, ზოგჯერ სამართლიანობის აღდგენა ნიშნავს იმის აღიარებას, რომ სისტემამ შეწყვიტა სამართლიანობა. ეს ამერიკელი მოსამართლის გადაწყვეტილებაში წავიკითხე და ძალიან მომეწონა. დიახ, ამ ქვეყანაში სისტემამ დიდი ხანია შეწყვიტა სამართლიანობა.
არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ქმნის დოკუმენტს, მხოლოდ განაჩენია და არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ქმნის ქვეყანას. ეს განაჩენი განაპირობებს, თუ როგორი იქნება ეს ქვეყანა სავარაუდოდ ბევრი წლის განმავლობაში.
კანონი მარტივია, სადაც არ არის დანაშაული, არ უნდა იყოს სასჯელი. მოვითხოვ არა შეწყალებას, არამედ გამართლებას - ეს არის ერთადერთი სამართლებრივი და სამართლიანი გადაწყვეტილება. მინდა მჯეროდეს, რომ კანონი თქვენთვის მხოლოდ ტექსტი არ არის“.
ადვოკატების შემდეგ სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა მზია ამაღლობელმაც:
„პატიმრობა სასურველი არ არის, არც მარტივია, მაგრამ საშიშიც არ არის. მე პატიმრობა კი არ მაშინებს, მაშინებს ის, პატიმრობიდან როცა გამოვალ, რა დამხვდება გარეთ. დამხვდება ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროპული მომავლისთვის იბრძვის, თუ დამხვდება ქვეყანა, რომელიც პროპაგანდამ ეკონომიკურმა გამოწვევებმა … ტანკის გარეშე რუსეთის მიერ დაპყრობილი ქვეყანა დამხვდება?!
ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც ამ დარბაზიშია, ღირსება
გადის საქართველოს კონსტიტუციის დაცვაზე. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას,
ვიბრძოლოთ, სანამ გვიანი არ არის, იმიტომ, რომ კონსტიტუციის დაცვის
ვალდებულება გვაქვს. ბრძოლა ბოლომდე!“
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაგმო „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა“:
„სააპელაციო განაჩენით ძალაში დარჩა 2025 წლის აგვისტოში გამოტანილი თავდაპირველი გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც 200 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში უსამართლო წინასწარი პატიმრობისა და უაღრესად პოლიტიზებული სასამართლო პროცესის შემდეგ იქნა გამოტანილი, რა დროსაც ჟურნალისტის ჯანმრთელობა და მხედველობა სერიოზულად გაუარესდა. დაპატიმრებისა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შემდეგ, მზია, რომელიც საქართველოს ორი ყველაზე ცნობილი დამოუკიდებელი მედიასაშუალების, „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთისა“ თანადამფუძნებელი და დირექტორია, პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა საქართველოში, სადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დისიდენტების მიმართ ავტორიტარულ რეპრესიებს აღრმავებს“.
სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ მზია ამაღლობელის ადვოკატები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამართული სამივე
სხდომის დროს ეზოს ჭიშკარი დაკეტილი ხვდებოდათ პროცესზე დასასწრებლად
მისულ მზია ამაღლობელის კოლეგებსა და მხარდამჭერებს. სხდომები
24-კაციან დარბაზში ტარდებოდა და მასზე დასწრების საშუალება ყველა
მსურველს არ ჰქონდა.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია.
სასამართლომ მზია ამაღლობელი დააჯარიმა ორ ადმინისტრაციულ საქმეზეც. მოსამართლე სალიხ შაინიძემ ამაღლობელი პირველ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. 18 ივნისს კი, ის სამართალდამრღვევად მოსამართლე მარიანა ფამოევამ ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. შსს ამაღლობელს პოლიციელების სიტყვიერ შეურაცხყოფასა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრის გამო იერსახის დამახინჯებას ედავებოდა.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. მათ შორის, ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია - ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

