კომუნიკაციების კომისიის წევრობა ვლადიმერ ტატიშვილს, გოგა გულორდავასა და ილია მიქელაიშვილს სურთ.
ვლადიმერ ტატიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი იყო. მან თანამდებობა 1 სექტემბრიდან, მის ადგილზე კონკურსის გამოცხადების შემდეგ, დატოვა. ტატიშვილს დირექტორობის ვადა ნოემბერში ეწურებოდა. ის მიმდინარე წლის 3 სექტემბრიდან საქართველოს კულტურის სამინისტროს სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორის მოადგილეა.
გოგა გულორდავა 2016 - 2020 წლებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო. ის 2023 წლიდან დღემდე სამთავრობო ტელეკომპანია „იმედში“ შრომითი ხელშეკრულების ფინანსური მონიტორინგისა და აუდიტორულ-საკონსულტაციო საქმიანობას ეწევა. გულორდავა არის შიდა აუდიტის დირექტორი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში”.
ილია მიქელაიშვილი შპს „პირველისა“ და „მედიაჰაბი სეილსჰაუსი“ დამფუძნებელი და დირექტორია.
ComCom-ის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი 17 ოქტომბერს გამოცხადდა და საბუთების მიღების ბოლო ვადა 15 ნოემბერი იყო. ამ პერიოდში განცხადებები და საჭირო დოკუმენტაცია ამ სამმა კანდიდატმა წარადგინა.
-------------------------------------
კომუნიკაციების კომისიაში უფლებამოსილების ვადა მის
თავმჯდომარეს, კახი ბექაურს ეწურება. ბექაური
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე 2017 წლიდან არის. ის მესამე
ვადით 2023 წლის იანვარში აირჩიეს. მანამდე, 2014-2017 წლებში ბექაური
კომისიის წევრი იყო, 2012 წელს კი, ტელეკომპანია „მეცხრე არხს“
ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლამდე ერთი და იმავე
პირის თავმჯდომარედ ორჯერ არჩევა შეუძლებელი იყო. 2019 წელს მიღებული
ცვლილებით კი, ეს შეზღუდვა გაუქმდა.
21 ბინა, 14 მიწის ნაკვეთი, 7 მანქანა, 5 ცეცხლსასროლი იარაღი -
რა ქონებას
ფლობს კახი ბექაურის ოჯახი - წაიკითხეთ „მედიაჩეკერის“
მასალა ვრცლად.
--------------------------------------
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, კომუნიკაციების კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, ფინანსების, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, მმართველ თანამდებობაზე - არანაკლებ 3 წლისა.
მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე კანდიდატთა სიისა და
წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ, საკონკურსო
კომისია არანაკლებ 3 კანდიდატს მთავრობას წარუდგენს, მთავრობა -
პრეზიდენტს, პრეზიდენტი კი - პარლამენტს.
კომუნიკაციების ეროვნული კომისია 5 წევრისგან შედგება, მათი
უფლებამოსილების ვადა 6 წლითაა განსაზღვრული. პირის კომისიის წევრად
არჩევა 2-ზე მეტი ვადით არ შეიძლება. კომისიის თავმჯდომარეს კი ფარული
კენჭისყრით კომისია საკუთარი შემადგენლობიდან, 3 წლის ვადით
ირჩევს.

