სავარაუდოდ სუიციდის მცდელობა “ინფო რუსთავის” facebook live-ში
02.10.2018
2 ოქტომბერს, გამოცემა "ინფო რუსთავი" 13 წუთის განმავლობაში სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში აშუქებდა რუსთავში ერთ-ერთი პირის სავარაუდოდ თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს. Facebook Live-ში ჟურნალისტი ხსნიდა სად იმყოფებოდა, რა ხდებოდა კადრში და საიდან და როგორ აპირებდა მოქალაქე სავარაუდოდ თვითმკვლელობას. ამ ყველაფერს ჩართვის ავტორი პერიოდულად იმეორებდა მათთვის, ვინც მის პირდაპირ ეთერს მოგვიანებით უერთდებოდა. ინფო რუსთავზე დაყრდნობით, ვიდეომასალა მომხდარზე ასევე გაავრცელა რეზონანსმაც.

"ინფო რუსთავის" გვერდზე მიმდინარე ამ Facebook Live-ს 22 000-მდე ადამიანმა უყურა. ფეისბუკის გვერდის მონაცემებით, გამოქვეყნებიდან 7 საათის შემდეგ ვიდეოს 470-მდე კომენტარი და 101 გაზიარება აქვს. კომენტარებში მომხმარებლები კითხულობენ კონკრეტულად სად ხდება ეს შემთხვევა, სხვა მომხმარებელი კი, რომელმაც, როგორც ჩანს, იცის გარკვეული დეტალები, მისამართს აზუსტებს. კომენტარების გარკვეული ნაწილის ავტორები სავარაუდო თვითმკვლელობის მსურველს დასცინიან, ლანძღავენ ან ეცოდებათ; შეხვდებით ისეთ კომენტარსაც, რომელშიც წერია, რომ იმავეს სხვაც სიამოვნებით ჩაიდენდა.

თვითმკვლელობა ერთ-ერთი რთული თემაა გაშუქების თვალსაზრისით. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო დოკუმენტში, ვკითხულობთ, რომ რედაქცია განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოეკიდოს ამგვარი ინფორმაციის გავრცელებას და დასვას კითხვა - რატომ ვაშუქებთ ამ კონკრეტულ შემთხვევას? რადგან, კვლევებმა დაადასტურა, რომ ცალკეული შემთხვევების ზედაპირულმა გაშუქებამ შეიძლება გამოიწვიოს თვითმკვლელობის ახალი შემთხვევები. ეს რისკები განსაკუთრებით იწევს ამგვარი მოვლენის პირდაპირ ეთერში გაშუქებისას.

„სუიციდის განხორციელების ადგილი და დეტალების გასაჯაროება საჭირო არ არის. ამგვარ დეტალებზე ყურადღების გამახვილებით შესაძლოა, უნებურად თავად ვასწავლოთ, თუ როგორ გააკეთონ ეს“, - აღნიშნულია სახელმძღვანელოში.

პირდაპირი ეთერის დასრულების შემდეგ, "ინფო რუსთავმა" მომხდარზე ტექსტური მასალაც მოამზადა, რომელშიც მოქმედების ადგილიც დააკონკრეტა. სტატიას დაურთო ვიდეოც - 30-წამიანი. არც live-ს დროს და არც მომზადებულ მასალაში არ ჩანს რატომ იყო ეს კონკრეტული შემთხვევა მნიშვნელოვანი და რატომ იმსახურებს არათუ პირდაპირ ეთერში, არამედ საერთოდ გაშუქებასაც კი. 

სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო დოკუმენტის მიხედვით, სუიციდი ორი მიმართულებით შეიძლება გაშუქდეს:
  • ზოგადი - ამგვარი გაშუქების მთავარი ფოკუსი პრობლემაზე მსჯელობაა. მაგალითად, შესაძლებელია, საზოგადოებას დაეხმაროთ გაარჩიონ სუციდის გამომწვევი ნიშნები, რათა მოხდეს პრევენცია. ასევე შეიძლება გაშუქდეს ოფიციალური უწყებების მიერ მზარდი სტატისტიკის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და აქცენტი გაკეთდეს გამომწვევ მიზეზებზე. 

  • ინდივიდუალური - თუ მედიასაშუალება გადაწყვეტს, რომ კონკრეტული შემთხვევის შესახებ მოუყვეს აუდიტორიას, ამგვარი ამბავი ერთ-ერთ კრიტერიუმს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს:
  • კონკრეტული შემთხვევის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი.
  • ამ ფაქტის გაშუქებასთან დაკავშირებით არსებობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების ან ახლობლების გაცნობიერებული თანხმობა.

"ინფო რუსთავის" მასალიდან ჩანს, რომ ავტორს გაშუქებაზე თანხმობა არ ჰქონია, პირიქით, პირდაპირი ეთერის დროს ჟურნალისტთან მიდის მამაკაცი, რომელიც ეუბნება რომ ოჯახის წევრია და შეწყვიტოს გადაღება, თუმცა, ავტორს Facebook Live არ შეუწყვეტია. 

ქარტიის სახელმძღვანელოში ცალსახად არის მითითება, რომ რომ მედიასაშუალება ამ თემის გაშუქებისას უნდა მოერიდოს: სენსაციურ გაშუქებას, მყვირალა სათაურებს და გამომსახველობით გრაფიკას ან ფოტოებს.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ