მზია ამაღლობელს პასუხისმგებლობისა და სიმამაცისთვის „ფორუმ 2000“-ის ჯილდო გადაეცა
13.10.2025


12 ოქტომბერს, პრაღაში, მზია ამაღლობელსა და საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობას „ფორუმ 2000“-ის საერთაშორისო ჯილდო გადაეცა.

„ფორუმ 2000“-ის ჯილდო სიმამაცისა და პასუხისმგებლობისთვის 2021 წელს დაწესდა და ის ყოველწლიურად იმ ადამიანებს ან ინსტიტუციებს გადაეცემა, რომლებმაც სამოქალაქო სიმამაცე გამოიჩინეს და პირად ინტერესებზე მაღლა საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვა დააყენეს.

„მზია რომ აქ ყოფილიყო, აუცილებლად იტყოდა, რომ ის ამ ჯილდოს იღებს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გუნდის და თავისი კოლეგების სახელით. საქართველოს იმ მამაცი ჟურნალისტების სახელით, რომლებიც დღევანდელი წინააღმდეგობის მოძრაობის ცენტრში არიან. 

ისინი იმსახურებენ თქვენს ყურადღებას, სოლიდარობას და მხარდაჭერას. ამიტომ გთხოვთ, ხმა აიმაღლეთ მათ დასაცავად.

საქართველოს დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტპატიმრებისა და იმ მოქალაქეების დასაცავად, რომლებიც რუსული გავლენის წინაშე არ ნებდებიან. რადგან ეს ბრძოლა არ ეხება მხოლოდ ძალაუფლების მყოფ ერთ პარტიას, ეს ეხება რუსეთის მცდელობას, ჩვენი მთავრობის დახმარებით, საქართველო საკუთარ ორბიტაში დააბრუნოს. საქართველო არ შეიძლება დარჩეს მარტო ამ ბრძოლაში, რადგან ევროპისა და დემოკრატიის უსაფრთხოება სწორედ ასეთი რეპრესიების წინააღმდეგ ბრძოლით იწყება. 

და ჩვენ დღეს გვჭირდება მხარდაჭერა, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ მოქმედებებით. მოქმედებებით, რომლებიც რეალურ შედეგებს მოუტანს მათ, ვინც ებრძვის დემოკრატიას, ანადგურებს მედიას და არღვევს ადამიანის უფლებებს. სანქციები მათთვის, ვინც იტაცებს სასამართლოს, ახშობს განსხვავებულ აზრს და შიგნიდან შლის ინსტიტუტებს[…] დღეს საქართველოს მხარდაჭერა ნიშნავს იმ იდეის მხარდაჭერას, რომ თავისუფლება და პასუხისმგებლობა განუყოფელია, და რომ ძალაუფლება ეკუთვნის მათ, ვისაც ჰყოფნის გამბედაობა, თქვას სიმართლე, მაშინაც კი, როდესაც ამის გაკეთება ძალიან საშიშია“, - განაცხადა დაჯილდოების ცერემონიალზე „ბათუმელები“/ „ნეტგაზეთის“ წარმომადგენელმა, თამარ რუხაძემ.

--------------------------------

მზია ამაღლობელი 2025 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელია. „ბათუმელები”/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი არის სახაროვის პრემიის ნომინანტებს შორის. ამაღლობელი დასახელდა თავისუფალი მედიის პრემიის ლაურეატად. ის მოხვდა ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემიის 2025 წლის ფინალისტთა სიაშიაც.

„ბათუმელებსა“ და მის დამფუძნებლებს, მზია ამაღლობელსა და ეთერ თურაძეს ასევე გადაეცათ „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია - საზოგადოების განვითარებისთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის“.

------------------------------

„ფორუმ 2000“-ის ჯილდოები კი გასულ წლებში გადაეცათ:

  • 2024 წელს - როსიო სან მიგელი, ვენესუელელი ადვოკატი და სამხედრო საკითხებში სპეციალიზებული უფლებადამცველი, რომელიც უკანონოდ,  ოფიციალური ბრალდების გარეშე დააპატიმრეს.
  • 2023 წელს - ვლადიმირ კარა-მურზა, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ავტორი და ისტორიკოსი, რომელსაც 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი რუსეთში, უკრაინაში რუსეთის ქმედებების ღიად დაგმობისთვის.
  • 2022 წელს - ჟანგ ჟანი, ჩინელი ჟურნალისტი და ყოფილი ადვოკატი. მისმა რეპორტაჟებმა COVID-19-ის შესახებ ეჭვქვეშ დააყენა კრიზისის მართვის გამართულობა, რაც მისი დაპატიმრების საფუძველი გახდა.
  • 2021 წელს - კარლ გერშმანი, დემოკრატიის მცველი, ადამიანის უფლებათა დამცველი და დემოკრატიის ეროვნული ფონდის ყოფილი პრეზიდენტი.

---------------------------------

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის 9 თვეზე მეტია უკანონო პატიმარია. 

მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 (1) მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი. მოსამართლემ კი მას ბრალი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო. 

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. პატიმრობაში მას მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.

 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ