გამოტოვებული თემები
კატეგორია: ეთიკა
5 სექტემბერს, დღის საათებში, ვაკეში მომხდარი მკვლელობა იმავე დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებების მთავარი თემა იყო. ერთადერთი გადაცემა, რომელმაც თემა საერთოდ არ გააშუქა, GDS- ის 2030 იყო.

ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა რეგიონულ ჟურნალისტებთან - ამ თემაზე დაახლოებით 19 წუთიანი მასალა ამავე საინფორმაციო გამოშვების მეორე ამბად გავიდა.

„ბიძინა ივანიშვილის გზავნილები“ - ამგვარად დასათაურებულ მასალაში ვრცლად იყო მიმოხილული ივანიშვილის მიერ სხვადასხვა თემაზე გაკეთებული განცხადებები, ცალკე მასალად ვიხილეთ თემის „პოლიტიკური შეფასებები“, ასევე, მოკლე კადრ-სინქრონის სახით გავიდა სიახლე, ყოფილი პრემიერის რეგიონში ვიზიტისას, ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩატარებული საპროტესტო აქციის შესახებ.


კატეგორია: ეთიკა
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი გუშინ, 29 ივნისს გარდაიცვალა. სულხან მოლაშვილი 2004 წელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის ბრალდებით დაკავეს. 2005 წელს კი ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოლაშვილმა ევროსასამართლოს მიმართა. სახელმწიფომ ევროკონვენციის 4 მუხლის, მათ შორის მესამე მუხლის დარღვევა აღიარა (წამების და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) და აიღო ვალდებულება, რომ საქმეს ხელახლა გამოიძიებდა, ხოლო მოლაშვილს ფულად კომპენსაციას გადაუხდიდა. მოლაშვილი შემოთავაზებულ დეკლარაციას დათანხმდა.

მედიაჩეკერი დააკვირდა როგორ გაშუქდა თემა „იმედის“, „რუსთავი2-ის“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „მაესტროს“ და GDS-ის 29 ივნისის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში. აღმოჩნდა, რომ თემა ზემოჩამოთვლილი ყველა საინფორმაციო გამოშვების დღის წესრიგში მოხვდა. ერთადერთი არხი, რომელსაც სულხან მოლაშვილის გარდაცვალების შესახებ სიუჟეტი არ მოუმზადებია, რუსთავი 2 იყო.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თემას საკმაოდ ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა. „ოთხწლიანი პატიმრობა და მძიმე დიაგნოზით დატოვებული ციხე, 8 წლიანი მკურნალობის შემდეგ დღეს დილით სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა. კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს ჯანმრთელობის პრობლემები სწორედ სასჯელის მოხდის დროს შეექმნა“, აღნიშნა შესავალ ტექსტში წამყვანმა. სიუჟეტში კი, ვრცლად იყო მიმოხილული 2004 წელს მოლაშვილის დაკავების დეტალები და მოგვიანებით, ევროსასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, აღნიშნული იყო რომ პატიმრის წამების ფაქტი ევროსასამართლომაც დაადასტურა, "რომელმაც სულხან მოლაშვილი ევროპული კონვენციის ოთხი მუხლით გაამართლა".

მოლაშვილის დაკავებისა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილების დეტალები ვრცლად იყო მიმოხილული GDS - ის 2030 -ში და მაესტროს დღის მთავარ გამოშვებაშიც. 2030-ის სიუჟეტში ჩაწერილია სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი, რომლის თქმითაც, დაავადება, რომლის შედეგადაც მოლაშვილი გარდაიცვალა, მას სწორედ პატიმრობის დროს დაემართა. 2030-ის სიუჟეტშიც აღნიშნული იყო, რომ ევროსასამართლომ, მოლაშვილი "ოთხი მუხლით გაამართლა".

ტელეკომპანია „იმედმა“ თემის შესახებ 50 წამიანი სინქრონი გაუშვა, რომელშიც მოკლედ ახსენეს, ვინ იყო სულხან მოლაშვილი, როდის და რატომ დააპატიმრეს და როგორი იყო ევროსასამართლოს გადაწყვეტილება. მასალის მიხედვით, "სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მოლაშვილის წინააღმდეგ ევროკონვენციის 4 მუხლი დაირღვა".
კატეგორია: ეთიკა
შვეიცარიული გაზეთის Tribune de Geneva–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მასშტაბურ ჟურნალისტური გამოძიებაში, პანამის დოკუმენტებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გარდა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილიც ფიგურირებს. გამოცემის ინფორმაციით, 2008 წელს კეზერაშვილი თანამდებობიდან გადადგა და პოსტის დატოვებიდან ათ დღეში, 3 ოფშორული კომპანია დაარეგისტრირა, სადაც ნავთობის ბიზნესიდან მიღებული თანხები გადაირიცხა.

ინფორმაცია ამის შესახებ, ქართულ მედიაში 9 აპრილს, შაბათს გაჩნდა. თუმცა, ტელევიზიების ნაწილს თემა არ გაუშუქებია.

ეს საკითხი ვერ მოხვდა „რუსთავი-2 ის“ დღის „კურიერსა“ და შაბათის „კურიერში“, ამბავი არ იძებნება ტელევიზიის ვებგვერდზეც. აღსანიშნავია, რომ დავით კეზერაშვილი შაბათის „კურიერში“ მოხვდა, თუმცა, სულ სხვა კონტექსტით. სიუჟეტი ეხებოდა, ბრიტანეთის მიერ კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარის თქმას. როგორც სიუჟეტიდან ვიგებთ, „ბრიტანეთის სასამართლო მისი საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, კეზერაშვილის პოლიტიკური ნიშნით გასამართლების საფრთხეს ხედავს“.

კეზერაშვილის და პანამის დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია არ გასულა არც „მაესტროს“ დღის საინფორმაციო გამოშვებაში , თუმცა საკითხი გაშუქდა მთავარ გამოშვებაში.

თემა საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველმა არხმა გააშუქა როგორც დღის გამოშვებებში, ისე მთავარ საინფორმაციო გამოშვებაშიც. „მოამბეში“ 8 საათზე, თემა ვრცლად იყო წარმოჩენილი და სიუჟეტის გარდა, ეთერში ინტერვიუც ვიხილეთ. სიუჟეტები განთავსდა ტელევიზიის ოფიციალურ გვერდზეც.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის პანამის დოკუმენტებში გამოჩენა გაშუქდა „იმედის“ დღის გამოშვებაში, იგივე სიუჟეტი განთავსდა ტელეკომპანიის ვებგვერდზე, თუმცა ამ საკითხზე მასალა გადაცემა „ქრონიკის სტუდიაში“ არ გასულა (შაბათს „იმედზე“ დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკა“ არ გადის, ამ დროს ბადეში გადაცემა „ქრონიკის სტუდია“ არის განთავსებული).

დღის განმავლობაში საკითხი არ გაშუქებულა GDS – ის ეთერში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არხზე საინფორმაციო გამოშვება „2030“ შაბათ დღეს საერთოდ არ გადის, დღის ამბები კი, მხოლოდ მსოფლიოში მიმდინარე სიახლეებს ეხება და არა ლოკალურ თემებს. კეზერაშვილის თემა გაშუქდა „2030-ის“ ვებგვერდზე - 2030.news
კატეგორია: ეთიკა
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ანონიმური წყაროს საშუალებით პანამაში, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული კომპანია მოსაკ ფონსეკას 11 მილიონი დოკუმენტი მოიპოვეს, რომელთა მოცულობა 2.6 ტერაბაიტია.

დოკუმენტებით მტკიცდება, რომ მსოფლიოს მოქმედი თუ ყოფილი სახელმწიფო ლიდერები, პოლიტიკოსები, სპორტსმენები და ხელოვანები კომპანია "მოსაკ ფონსეკას", ხშირ შემთხვევაში, მილიონების დასამალად და გადასახადებისგან თავის ასარიდებლად იყენებდნენ.კომპანია კლიენტებს ეხმარებოდა სხვადასხვა პროცედურების გვერდის ავლით არალეგალური პროცედურები განეხორციელებინათ. მის კლიენტებს შორის აღმოჩნდნენ რუსეთის პრეზიდენტი, ისლანდიის პრემიერი, ეგვიპტისა და ლიბიის ყოფილი ლიდერები, სირიისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ოჯახები და ა.შ.

ასევე ირკვევა, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს მოსაკ ფონსეკას საშუალებით პანამაში რეგისტრირებული ჰქონდა კომპანია, რომელიც თანამდებობაზე ყოფნისას მის მიერ შევსებულ დეკლარაციებში არ იყო მითითებული.

თემა ქართული მედიის ყურადღების ცენტრშიც აღმოჩნდა. კვირას, 3 აპრილს თემა "კურიერ P.S.- ში" გაშუქდა, მომდევნო დღეებში კი, სიუჟეტების ქრონომეტრაჟი და რიგითობა ტელევიზიების საინფორმაციო ბადეში ასეთი იყო:
კატეგორია: ეთიკა
ნიკა გვარამიას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მას ხელისუფლება აშანტაჟებს, 21 ოქტომბრის თითქმის ყველა მთავარი საინფორმაციო გამოშვების პირველი ამბავი იყო. ამ საკითხის გაშუქებას ტელევიზიებმა საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს. ერთადერთი მაუწყებელი, რომლის საინფორმაციო ბადეშიც ეს თემა ვერ მოხვდა, გადაცემა „2030-ია“. "მაესტრომ" საკითხი მეთერთმეტე წუთზე, მეოთხე სიუჟეტად გააშუქა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებულ მასალაში კი მხოლოდ სახელისუფლებო გუნდის წევრების შეფასებები წარმოადგინეს.

2030

GDS და მისი საინფორმაციო გადაცემა „2030“ იყო ერთადერთი, რომელსაც ნიკა გვარამიას განცხადება საერთოდ არ გაუშუქებია. აქ 21 ოქტომბერს მთავარი ამბავი ლალი მოროშკინას მიერ გავრცელებული კადრები იყო, ეს ამბავი გამოშვებაში პირველ სიუჟეტად გავიდა. „რა პირობებში იხდიდნენ მსჯავრს პატიმრები“ - სწორედ ასე იწყებს გუშინდელი „2030- ის“ გამოშვებას წამყვანი. რესპონდენტები კი ცდილობენ გაარკვიონ, რა კადრები გადასცა მოროშკინამ უკრაინულ არხებს. სიუჟეტის ბოლოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი წინა ხელისუფლების დროს ციხეებში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობს.

სიუჟეტების შემდეგ ეთერი დისკუსიას დაეთმო, რომელიც ზოგად თემას ეხებოდა: „რა არის მედიის თავისუფლება“. გადაცემის მეორე ნაწილის დაწყებამდე წამყვანმა საზოგადოებას მოკლედ მიაწოდა ინფორმაცია გვარამიას განცხადების, პროკურატურის პასუხისა და ქიბარ ხალვაშის გამოხმაურების შესახებ. სტუმრებთან საუბარი კი შემდეგი კითხვით დაიწყო: "რამდენად გამართლებულია იგივე მედიის ხელმძღვანელის მხრიდან, თუ შეიძლება ასე ითქვას, მედიის სახელით საკმაოდ ისეთი რადიკალური განცხადებების გაკეთება?"
საზოგადოებრივი მაუწყებელი
ნიკა გვარამიას განცხადება ხელისუფლების მხრიდან მისი დაშანტაჟების შესახებ „მოამბემ“ პირველივე მასალად გაუშვა. მასალაში წარმოდგენილი იყო გვარამიას განცხადება, შემდეგ კი ამ განცხადების შეფასებები. „ხელისუფლება გვარამიას განცხადებას პროვოკაციად აფასებს“ - ამბობს ჟურნალისტი და სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების კომენტარებს გვთავაზობს. პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ამბობს, რომ საქმის გამოძიება პროკურატურამ აუცილებლად უნდა დაიწყოს, გია ვოლსკიც, საპარლამენტო უმრავლესობიდან, იმავეს იმეორებს, თუმცა იმასაც ამატებს, რომ შესაძლოა, ნიკა გვარამია იტყუებოდეს. უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის მხრიდან სიტუაციის ესკალაციას მომავალში, „თავად რუსთავი 2 -ის თანამშრომლები დაარქმევენ საკუთარ სახელს“. ბოლოს კი მედიასაშუალება გედევან ფოფხაძის კომენტარს უშვებს, ის თითქმის იმავეს იმეორებს, რასაც მისი თანაგუნდელები და ამბობს, რომ თუკი ვინმეს დაშანტაჟება ხდება, ეს აუცილებლად უნდა გამოიძიონ საგამოძიებო უწყებებმა.

ჟურნალისტი ქიბარ ხალვაშის განცხადებასაც გვაცნობს. მასალაში ნიკა გვარამიას განცხადების შეფასება მხოლოდ ამ კომენტარებით შემოიფარგლება, არ გვხვდება ოპოზიციური პარტიებისა თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების კომენტარები.


ტელეკომპანია „მაესტრო“

„მაესტროს“ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ეს საკითხი მეოთხე ამბად, მეთერთმეტე წუთზე გაშუქდა, „საგანგებო განცხადება საინფორმაციო გამოშვების ნაცვლად: რუსთავი 2 ტელევიზიაში ძალისმიერი შეჭრის შემთხვევაში თავს ძალისმიერად დაიცავს. გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, რომ ხვალ მოსამართლე გადაწყვეტილებას ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღებს" - მაესტროს წამყვანის ამ შესავალ ტექსტს მეორე წამყვანის ტექსტი ენაცვლება: "ნიკა გვარამია დიპლომატებს, პოლიტიკოსებსა და ხალხს მოუწოდებს მეტი აქტიურობისკენ და ამბობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებიან" - წამყვანების ტექსტებს ჟურნალისტის ჩართვა მოსდევს.

ტელეკომპანიამ ნიკა გვარამიას განცხადება მაყურებელს კომენტარების სახით შესთავაზა. ეთერში წაიკითხეს ქიბარ ხალვაშის გამოხმაურებაც.

გვარამიას განცხადებას კი „მაესტროზე“ პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე და „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია აფასებენ.

ტელეკომპანია „იმედი“

ეს თემა „იმედმაც“ პირველ ამბად გააშუქა. „ტელეკომპანია რუსთავი 2 ის დირექტორი ირწმუნება, რომ მას დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გამოქვეყნებით დაემუქრნენ“ - ამბობს წამყვანი, შემდეგ კი გვარამიას განცხადებას და შეფასებებს გვაცნობს.

საზოგადოებრივი მაუწყებლისგან განსხვევბით, „იმედის“ შეფასებების ნაწილი უფრო მრავალფეროვანია და წარმოდგენილია როგორც მთავრობის, ისე ნაციონალური მოძრაობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების შეფასებები. თუმცა, ნაციონალური მოძრაობის გარდა სხვა ოპოზიციური პარტიების შეფასებები არც ამ შემთხვევაშია წარმოჩენილი.

მასალის პირველ ნაწილში საუბრობენ ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი ელენე ხოშტარია. ასევე, წარმოდგენილია ქიბარ ხალვაშის განცხადებაც. მეორე ნაწილში კი ვხვდებით უმრავლესობის წარმომადგენლების: დიმიტრი ხუნდაძის, გია ვოლსკისა და გედევან ფოფხაძის შეფასებებს, მათი კომენტარები თითქმის იდენტურია. ისინი ამბობენ, რომ საკითხი საგამოძიებო უწყებებმა უნდა შეისწავლონ.

თემა პრეზიდენტისა და იუსტიციის მინისტრის გამოხმაურებებით გრძელდება. პრეზიდენტი თავის კომენტარში აღნიშნავს, რომ მედიის მრავალფეროვნება დემოკრატიული სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, სწორედ ამიტომ, ის რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. იუსტიციის მინისტრი კი აღნიშნავს, რომ მთავრობა სასამართლოზე ზეწოლას არ ახდენს. წულუკიანი მოუწოდებს სასამართლოს, უზრუნველყოს პროცესის სანდოობა და გამჭვირვალობა.

რუსთავი 2-თან დაკავშირებულ საკითხებს „ქრონიკაში“ ჯამში დაახლოებით 11 წთ დაეთმო.

ტელეკომპანია „კავკასია“

„კავკასიის“ დღის მთავარ გამოშვებაშიც გვარამიას განცხადება პირველ ამბად გავიდა. მასალაში გვარამიას სინქრონი (ჩანაწერი რუსთავი 2-ის სტუდიაში, განცხადების გაკეთებისას) საკმაოდ ვრცლად, თითქმის სრულადაა წარმოდგენილი. ასევე ნაჩვენებია იმავე სტუდიაში პაატა დავითაიას, სერგო რატიანის, ელენე ხოშტარიას, ნინია კაკაბაძის მიერ გაკეთებული განცხადებები. ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებენ. თემა კახა კოჟორიძის და ნინო ლომჯარიას შეფასებებით გრძელდება. ასევე წარმოდგენილია ქიბარ ხალვაშის კომენტარიც. სიუჟეტის ქრონომეტრაჟი ჯამში 12 წუთია.