„მოამბესა“ და „ქრონიკაში“ პრემიერის გინებაზე არაფერი უთქვამთ
21.03.2017
20 დეკემბრის „მოამბის“ და „ქრონიკის“ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში პარლამენტში მომხდარი დაპირისპირება გაშუქდა, თუმცა არ თქმულა, რომ პრემიერმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას აგინა. ამის შესახებ არც წამყვანს და არც ჩართვაზე მყოფ ჟურნალისტებს აღუნიშნავთ, არ გასულა დაპირისპირების ამსახველი კადრების არც ის მონაკვეთი, სადაც პრემიერის გინება ისმოდა. კადრები ისე იყო შერჩეული, რომ უმეტესად, მხოლოდ ნიკა მელიას მიერ გიორგი კვირიკაშვილის მისამართით გამოთქმული ბრალდებები ისმოდა.

„მოამბის“ ჟურნალისტმა მაყურებელს უთხრა, რომ პრემიერმა „უცენზურო გამონათქვამი“ გამოიყენა, „ქრონიკაში“ კი აღინიშნა, რომ „პრემიერს მწვავე რეაქცია ჰქონდა“. ორივე საინფორმაციო გამოშვებაში ხაზი გაესვა, რომ პრემიერს წონასწორობა ნიკა მელიამ დააკარგვინა:

„მოამბის“ ჟურნალისტი: „საინტერესო იყო ის, რომ მას შემდეგ, რაც ნიკანორ მელიამ პრემიერ მინისტრს კორუმპირებული უწოდა და რამდენიმე შეურაცხმყოფელი ფრაზა გამოიყენა, ამის შემდეგ პრემიერ მინისტრმა უკვე მისი მისამართით გამოიყენა უცენზურო გამონათქვამი“.


„ქრონიკის“ წამყვანი: „სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა მაშინ, როცა პრემიერი ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ხვდებოდა. ინციდენტი შეხვედრის დასრულებისას მოხდა, როცა გიორგი კვირიკაშვილს ნიკა მელია დაუპირისპირდა, მან მთავრობა კორუფციაში დაადანაშაულა, რასაც პრემიერის მწვავე რეაქცია მოჰყვა“.


მაუწყებელთა ქცევის კოდექსში აღნიშნულია, რომ შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება/ტირაჟირება დასაშვებია მაშინ, როცა საჯარო ინტერესი მაღალია და როცა გამოუყენებლობის შემთხვევაში „ინფორმაციის მთლიანობა ირღვევა“. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, როცა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი საკანონმდებლო ორგანოში იგინება, საჯარო ინტერესი ეჭვს არ იწვევს.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, მუხლი 56: “შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ტონალობა და სარედაქციო კონტექსტი. შეიძლება ზოგჯერ აუცილებელი გახდეს შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება ინფორმაციის მთლიანობის უზრუნველსაყოფად“.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მესამე პრინციპში კი აღნიშნულია, რომ „ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“.

თეგები : გამოტოვებული თემები;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ