2030-მა“ ნიკა გვარამიას განცხადება არ გააშუქა - ტელემედიის მიმოხილვა
22.02.2015
ნიკა გვარამიას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მას ხელისუფლება აშანტაჟებს, 21 ოქტომბრის თითქმის ყველა მთავარი საინფორმაციო გამოშვების პირველი ამბავი იყო. ამ საკითხის გაშუქებას ტელევიზიებმა საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს. ერთადერთი მაუწყებელი, რომლის საინფორმაციო ბადეშიც ეს თემა ვერ მოხვდა, გადაცემა „2030-ია“. "მაესტრომ" საკითხი მეთერთმეტე წუთზე, მეოთხე სიუჟეტად გააშუქა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებულ მასალაში კი მხოლოდ სახელისუფლებო გუნდის წევრების შეფასებები წარმოადგინეს.

2030

GDS და მისი საინფორმაციო გადაცემა „2030“ იყო ერთადერთი, რომელსაც ნიკა გვარამიას განცხადება საერთოდ არ გაუშუქებია. აქ 21 ოქტომბერს მთავარი ამბავი ლალი მოროშკინას მიერ გავრცელებული კადრები იყო, ეს ამბავი გამოშვებაში პირველ სიუჟეტად გავიდა. „რა პირობებში იხდიდნენ მსჯავრს პატიმრები“ - სწორედ ასე იწყებს გუშინდელი „2030- ის“ გამოშვებას წამყვანი. რესპონდენტები კი ცდილობენ გაარკვიონ, რა კადრები გადასცა მოროშკინამ უკრაინულ არხებს. სიუჟეტის ბოლოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი წინა ხელისუფლების დროს ციხეებში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობს.

სიუჟეტების შემდეგ ეთერი დისკუსიას დაეთმო, რომელიც ზოგად თემას ეხებოდა: „რა არის მედიის თავისუფლება“. გადაცემის მეორე ნაწილის დაწყებამდე წამყვანმა საზოგადოებას მოკლედ მიაწოდა ინფორმაცია გვარამიას განცხადების, პროკურატურის პასუხისა და ქიბარ ხალვაშის გამოხმაურების შესახებ. სტუმრებთან საუბარი კი შემდეგი კითხვით დაიწყო: "რამდენად გამართლებულია იგივე მედიის ხელმძღვანელის მხრიდან, თუ შეიძლება ასე ითქვას, მედიის სახელით საკმაოდ ისეთი რადიკალური განცხადებების გაკეთება?"
საზოგადოებრივი მაუწყებელი
ნიკა გვარამიას განცხადება ხელისუფლების მხრიდან მისი დაშანტაჟების შესახებ „მოამბემ“ პირველივე მასალად გაუშვა. მასალაში წარმოდგენილი იყო გვარამიას განცხადება, შემდეგ კი ამ განცხადების შეფასებები. „ხელისუფლება გვარამიას განცხადებას პროვოკაციად აფასებს“ - ამბობს ჟურნალისტი და სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების კომენტარებს გვთავაზობს. პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ამბობს, რომ საქმის გამოძიება პროკურატურამ აუცილებლად უნდა დაიწყოს, გია ვოლსკიც, საპარლამენტო უმრავლესობიდან, იმავეს იმეორებს, თუმცა იმასაც ამატებს, რომ შესაძლოა, ნიკა გვარამია იტყუებოდეს. უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის მხრიდან სიტუაციის ესკალაციას მომავალში, „თავად რუსთავი 2 -ის თანამშრომლები დაარქმევენ საკუთარ სახელს“. ბოლოს კი მედიასაშუალება გედევან ფოფხაძის კომენტარს უშვებს, ის თითქმის იმავეს იმეორებს, რასაც მისი თანაგუნდელები და ამბობს, რომ თუკი ვინმეს დაშანტაჟება ხდება, ეს აუცილებლად უნდა გამოიძიონ საგამოძიებო უწყებებმა.

ჟურნალისტი ქიბარ ხალვაშის განცხადებასაც გვაცნობს. მასალაში ნიკა გვარამიას განცხადების შეფასება მხოლოდ ამ კომენტარებით შემოიფარგლება, არ გვხვდება ოპოზიციური პარტიებისა თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების კომენტარები.


ტელეკომპანია „მაესტრო“

„მაესტროს“ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ეს საკითხი მეოთხე ამბად, მეთერთმეტე წუთზე გაშუქდა, „საგანგებო განცხადება საინფორმაციო გამოშვების ნაცვლად: რუსთავი 2 ტელევიზიაში ძალისმიერი შეჭრის შემთხვევაში თავს ძალისმიერად დაიცავს. გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, რომ ხვალ მოსამართლე გადაწყვეტილებას ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღებს" - მაესტროს წამყვანის ამ შესავალ ტექსტს მეორე წამყვანის ტექსტი ენაცვლება: "ნიკა გვარამია დიპლომატებს, პოლიტიკოსებსა და ხალხს მოუწოდებს მეტი აქტიურობისკენ და ამბობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებიან" - წამყვანების ტექსტებს ჟურნალისტის ჩართვა მოსდევს.

ტელეკომპანიამ ნიკა გვარამიას განცხადება მაყურებელს კომენტარების სახით შესთავაზა. ეთერში წაიკითხეს ქიბარ ხალვაშის გამოხმაურებაც.

გვარამიას განცხადებას კი „მაესტროზე“ პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე და „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია აფასებენ.

ტელეკომპანია „იმედი“

ეს თემა „იმედმაც“ პირველ ამბად გააშუქა. „ტელეკომპანია რუსთავი 2 ის დირექტორი ირწმუნება, რომ მას დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გამოქვეყნებით დაემუქრნენ“ - ამბობს წამყვანი, შემდეგ კი გვარამიას განცხადებას და შეფასებებს გვაცნობს.

საზოგადოებრივი მაუწყებლისგან განსხვევბით, „იმედის“ შეფასებების ნაწილი უფრო მრავალფეროვანია და წარმოდგენილია როგორც მთავრობის, ისე ნაციონალური მოძრაობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების შეფასებები. თუმცა, ნაციონალური მოძრაობის გარდა სხვა ოპოზიციური პარტიების შეფასებები არც ამ შემთხვევაშია წარმოჩენილი.

მასალის პირველ ნაწილში საუბრობენ ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი ელენე ხოშტარია. ასევე, წარმოდგენილია ქიბარ ხალვაშის განცხადებაც. მეორე ნაწილში კი ვხვდებით უმრავლესობის წარმომადგენლების: დიმიტრი ხუნდაძის, გია ვოლსკისა და გედევან ფოფხაძის შეფასებებს, მათი კომენტარები თითქმის იდენტურია. ისინი ამბობენ, რომ საკითხი საგამოძიებო უწყებებმა უნდა შეისწავლონ.

თემა პრეზიდენტისა და იუსტიციის მინისტრის გამოხმაურებებით გრძელდება. პრეზიდენტი თავის კომენტარში აღნიშნავს, რომ მედიის მრავალფეროვნება დემოკრატიული სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, სწორედ ამიტომ, ის რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. იუსტიციის მინისტრი კი აღნიშნავს, რომ მთავრობა სასამართლოზე ზეწოლას არ ახდენს. წულუკიანი მოუწოდებს სასამართლოს, უზრუნველყოს პროცესის სანდოობა და გამჭვირვალობა.

რუსთავი 2-თან დაკავშირებულ საკითხებს „ქრონიკაში“ ჯამში დაახლოებით 11 წთ დაეთმო.

ტელეკომპანია „კავკასია“

„კავკასიის“ დღის მთავარ გამოშვებაშიც გვარამიას განცხადება პირველ ამბად გავიდა. მასალაში გვარამიას სინქრონი (ჩანაწერი რუსთავი 2-ის სტუდიაში, განცხადების გაკეთებისას) საკმაოდ ვრცლად, თითქმის სრულადაა წარმოდგენილი. ასევე ნაჩვენებია იმავე სტუდიაში პაატა დავითაიას, სერგო რატიანის, ელენე ხოშტარიას, ნინია კაკაბაძის მიერ გაკეთებული განცხადებები. ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებენ. თემა კახა კოჟორიძის და ნინო ლომჯარიას შეფასებებით გრძელდება. ასევე წარმოდგენილია ქიბარ ხალვაშის კომენტარიც. სიუჟეტის ქრონომეტრაჟი ჯამში 12 წუთია.

თეგები : გამოტოვებული თემები;
ავტორი : სალომე აჩბა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ