ბლოგი
კატეგორია - ბლოგი
უცნაურია, მაგრამ ქართული ტელეკომპანიები რაიმე განსხვავებულის შექმნის ნაცვლად, მუდმივად იმას ცდილობენ, როგორმე კონკურენტი არხის მიერ შემოთავაზებული პროდუქტის მსგავსი გადაცემა გააკეთონ.

მათი გადაცემების სტილი და თანმიმდევრობა ისე ჰგავს ერთმანეთს, კომპანიის ლოგოს და სტუდიის დიზაინს კარგად თუ არ დააკვირდებით, ადვილი შესაძლებელია, ერთმანეთში აგერიოთ. პროგრამების თანმიმდევრობა და ქრონომეტრაჟიც კი ერთნაირია: დილის საინფორმაციო-გასართობი გადაცემები, კულინარიული ჩანართებით შეზავებული შუადღის შოუები, ბოლო ჟამს მოდურ ტენდენციად ქცეული თურქულ-ინდური სერიალები და, რა თქმა უნდა, შოუები.

კონკურენტები არხების შოუებსაც ბევრი რამ აქვთ საერთო: სტილი, კონსტრუქცია და ეთერში გასვლის დღე და საათი. სტუმართა წრეც კი ერთნაირია: ლალი და ნინი ბადურაშვილები, ლელა წურწუმია, დათო ხუჯაძე, თამუნა ვარშალომიძე, ჯაბა კილაძე, კუზანოვების ოჯახი, თიკა ჯამბურია, თამრიკო ჭოხონელიძე, ციცინო შურღაია... ქართული შოუბიზნესის მეტნაკლებად ცნობილ სახეებსა და დიდ-პატარა ვარსკვლავებს დრო და დრო, შესაძლოა, ამავე ტელეკომპანიების ეთერში გასული ახალი "მეგაშოუების" ახალი სახეები ანდა უბედური და კრიმინალური შემთხვევების მსხვერპლთა ჭირისუფლები შეეშველნონ. და კიდევ ერთი: აბსოლუტურად ყველა შოუ ხანგამოშვებით თავს ვალდებულად მიიჩნევს სოციალურად დაუცველი ან მძიმე დაავადებების მქონე ბავშვებისა თუ ზრდასრული ადამიანების დახმარების მიზნით საქველმოქმედო საღამო ან ღონისძიება მოაწყოს.

ოთხშაბათს არჩევანი ეკა ხოფერიას და ნანუკა ჟორჟოლიანის შოუებს შორის უნდა გააკეთოთ. “ეკა ხოფერიას თოქ-შოუში”, როგორც წესი, ძირითადად თბილისის გლამურული საზოგადოება და მისი სამეგობრო ხვდება. ეს გადაცემა მათზეა - ცნობილ მომღერლებზე, მსახიობებსა და პოლიტიკოსებზე. მაყურებელმაც, რა თქმა უნდა, ზეპირად იცის უკვე, როგორ ხვდებიან ახალ წელს და შობას პაატა ბურჭულაძის და სალომე ღვინიაშვილის ოჯახებში, ქალისთვის საჭირო რა ნივთების გარეშე ვერ წარმოუდგენია ცხოვრება დალი კუტალაძეს და როგორი შვილია ჯაბა კილაძე. ერთი სიტყვით, აქ სხვა საქართველო ჩანს: ბედნიერი, უზრუნველი, ლაღი და დალხენილი.

გულწრფელ ინტერვიუებს ნანუკა ჟორჟოლიანიც ძირითადად ცნობილ და პოპულარულ ადამიანებთან წერს. სიყვითლის ტრაგედიასთან სინთეზს კი მართლაც გამორჩეულად ახერხებს და მუდმივად იმასაც გვიმტკიცებს, რომ რეიტინგის მოსაპოვებლად ჟურნალისტიკის ყველა დაწერილ თუ დაუწერელ სტანდარტს გადააბიჯებს: მას შეუძლია გიორგი ვარდოსანიძესთან პირად საკითხებზე საუბარი, მისი კლიპის პრემიერა და ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული "მაგდა პაპიძის ამბავი" ერთ სიბრტყესა და გადაცემაში მოაქციოს, შეშფოთებული და შეწუხებული სახით უსმინოს უბედურებისგან დაზაფრულ ჭირისუფლებს, შოუს დასრულების შემდეგ კი სოციალურ ქსელში გადაცემის მიერ მოტანილი მაღალი რეიტინგი იზეიმოს.


წლების განმავლობაში ყველაზე რეიტინგული შოუს - “პროფილის” წამყვანმა, მაია ასათიანმა გადაცემის ტრანსფორმაცია დააანონსა, განაცხადა, ძველ ნიშას სხვებს ვუთმობო და “რატომ ვერ ვთხოვდებით, გოგოებო” და “რა ხდება პირადში” სტილის თემებზე საუბრიდან რეალური პრობლემების შესახებ მსჯელობაზე გადავიდა. წამყვანმა სცადა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების თუ ძალადობის მსხვერპლი ქალების პრობლემა ფართო ჭრილში დაენახა და საკითხს პასუხისმგებლიანი მედიის კვალობაზე, ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით მისდგომოდა. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ მაია ასათიანს ეს ნამდვილად გამოუვიდა და მის სტუდიაში მწვავე პრობლემაზე შოუბიზნესის ცნობილი სახეების ნაცვლად, ახლა უკვე პროფესიონალები მსჯელობენ ( თითქმის ყველა გადაცემაში ერთი და იმავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან, მაგრამ მაინც). თუმცა, ბოლო ორი გადაცემის ნახვის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეთერში ისევ ძველი “პროფილი” ბრუნდება - სუიციდის მსხვერპლი გოგონას ახლობლების უპასუხისმგებლო დაკითხვებით, საფლავზე ჩაწერილი ინტერვიუებით და მკვლელობაში ბრალდებული ქალის შესახებ ათასგვარი გადაუმოწმებელ-დაუდასტურებელი ინფორმაციით, ვერსიებით და ამ ვერსიებზე ექსპერტების მსჯელობით. "პროფილის" ძველ რელსებზე დაბრუნების მიზეზებზე ჩემი ვერსია მაქვს. შესაძლოა, გადაცემა სკანდალებით გაძეძგილ "სხვა რაკურსს" კონკურენციას ვეღარ უწევს.

ყვითელი შეფერილობის “სხვა რაკურსი” ამ მხრივ ნამდვილად უკონკურენტოა. აქ შეიძლება ნახოთ ყველაფერი - როგორ ტარდება სატანისტური რიტუალები, რა პრობლემებით მიდიან ადამიანები მკითხავებთან, როგორ აკეთებენ ჯადოს და მასპინძლობენ გარდაცვლილი ადამიანების სულებს საქართველოში. ის ერთადერთი წამყვანია ქართულ ტელესივრცეში, რომელსაც შეუძლია გადაცემაში სტუმრად მიწვეულ, სექსუალური იმიჯის მქონე ახალგაზრდა ქალს ზურგზე შემოაჯდეს, მისი სხეულის მრგვალი ფორმების ბუნებრივობა შეამოწმოს, სექსუალურობის ხარისხითა და ფასით დაინტერესდეს და შესაბამისი კითხვებიც დაუსვას:

- ვნებიანი ქალი ხარ? აი, მაგალითად სექსის დროს ხარ ძალიან აღვირახსნილი, ძალიან მაგარი? .... ხო არ აგდიხარ, როგორც ფიცარი?

- რამდენი კაცი გყოლია?

- რა ღირხარ?

- ცალი ძუძუ რა ღირს შენი?

- დოლი დამაკვრევინე შენს ტრ...ზე. რამდენი გინდა, რამდენი გადაგიხადო?

ყოფილი ფსიქოლოგი და შოუმენი გია ჯაჯანიძე, როგორც წესი, უკიდურესად მწვავე და პრობლემურ თემებზე, მაგალითად, ლგბტ თემის ან სექსმუშაკების პრობლემებზე საღი მსჯელობის ნაცვლად, მუდმივად ყველაზე სტერეოტიპულ განხილვებს გვთავაზობს: განსახილველი თემისთვის არარელევანტურ სტუმართა დასს არჩევს: საზოგადოებისთვის სრულიად უცნობ და ნაკლებად ცნობილ მსახიობებს, ჟურნალისტებს, მომღერლებს, სასულიერო პირებს და შოუ და სკანდალური მასკარადიც მზად აქვს. ის არც ჰომოფობიური იდეების ტირაჟირებას ერიდება და სტუმარს შეიძლება ათქმევინოს, რომ ადამიანი ტრანსგენდერი და გეი მხოლოდ სოცილაური პრობელემბის გამო ხდება, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის მქონე ადამიანები ცალკე უნდა გადავარჩიოთ, თვითმფრინავში ჩავსვათ და ქვეყნიდან გავადეპორტოთ, ჩავქოლოთ ან ჩავცხრილოთ, ყველაზე კარგ შემთხვევაში კი საკეტი გადავურაზოთ, სახლში ჩავკეტოთ და საკუთარ “პრობლემებზე დავაფიქროთ”.

მერე რა, რომ ასეთ გადაცემებს მოწყვლადი ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობისთვის დამანგრეველი შედეგი მოაქვს. მთავარია შოუ შედგეს, გადაცემამ კი რეიტინგი მოიპოვოს და შემდეგ, მისი შენარჩუნება შეძლოს. ამას კი ყველა შოუს ყველა წამყვანი თავისებურად ახერხებს.
კატეგორია - ბლოგი
მას შემდეგ რაც ჩემს შვილს აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს, ვიბრძვი იმისთვის, რომ ის ინტეგრირდეს საზოგადოებაში. ვიბრძვი იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოება გახდეს ინკლუზიური. ინკლუზიური საზოგადოება კი გულისხმობს ისეთ საზოგადოებას, სადაც ყველა ადამიანია გაერთიანებული, სადაც ერთმანეთის ღირსებას და პიროვნებას პატივს სცემენ, სადაც ყველა თანასწორია.

2013 წლის 26 დეკემბერს საქართველომ მოახდინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება, რომლის მე-19 მუხლიც ითვალისწინებს შეზუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში სრულ ინტეგრაციას.

დღეს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ძირითადად სახლში იმყოფებიან. ზოგი სახლიდან ვერ გამოდის იმიტომ, რომ მისთვის გარემო არ არის ადაპტირებული, ზოგის შემთხვევაში კი დიდ როლს თამაშობს სტიგმა და სტერეოტიპები. მიუხედავად ამისა, არსებობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც არაფერს უშინდებიან, გამოდიან გარეთ და უფლებებისთვისაც იბრძვიან.

ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც საზოგადოების ისეთივე სრულფასოვანი წევრები არიან, როგორც ყველა დანარჩენი. როგორც ჩვენ შეგვიძლია დავუდგეთ მათ გვერდით, ასევე შეუძლიათ მათაც დაგვიდგნენ ჩვენ. ამის დასტური იყო 2016 წლის 4 თებერვალს მათი აქტიურობა საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე, სადაც პარლამენტარ გოგი თოფაძის მიერ გაჟღერებულ დისკრიმინაციულ გამონათქვამს ვაპროტესტებდით.

აქცია თითქმის ყველა მედიასაშუალებამ გააშუქა. უამრავი ფოტო და სიუჟეტი გავრცელდა. თუმცა გავრცელდა კადრებიც, სადაც აქციის მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (მათ შორის ბავშვებს) სახე დაფარული ჰქონდათ. ალბათ არავის მოგვეწონებოდა, ჩვენი სახე ასე დაფარული რომ გვენახა, ალბათ დავიწყებდით ფიქრს, თუ რატომ დამალეს ჩვენი სახე და როდესაც აღმოვაჩენდით, რომ ამის მიზეზი ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობაა, თავს აუცილებლად დისკრიმინირებულად ვიგრძნობდით.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, პირველ რიგში, უნდა აღვიქვათ პიროვნებებად და ჩვენს თანასწორად, პატივი უნდა ვცეთ მათ აზრს და გამოხატვის თავისუფლებას. აქციაში მონაწილეობა არის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა. თუ მათ სახეებს დავფარავთ, ვერ მოვახდენთ მათ სრულ და ეფექტურ ინტეგრაციას.

ამ ყველაფერს არ ვწერ იმიტომ, რომ ვინმეს ჭკუა ვასწავლო ან რჩევა-დარიგება მივცე. უბრალოდ, ეს ჩემი პირადი შეხედულებაა. მინდა, რომ ყველამ ერთად ვისწავლოთ, თუ როგორ შევქმნათ ინკლუზიური საზოგადოება.
კატეგორია - ბლოგი
ბლოგი ერთ-ერთი საინფორმაციო საიტიდან აღებული ციტატით მინდა დავიწყო: "ზოგადად ეკოლოგია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა, რადგან თანამედროვე მეცნიერულ – ტექნოლოგიური მიღწევების პარალელურად თანდათან იზრდება ეკოლოგიური პრობლემებიც. საქართველო, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მეტად მწვავედ დგას ამ პრობლემების წინაშე. ჰაერის, წყალისა და გარემოს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დანაგვიანება და დაბინძურება, ეს სწორედ ის ძირითადი საკითხებია, რომლებსაც საზოგადოება უკვე დიდი ხანია აქტიურად განიხილავს“.

ეს ციტატა კარგად წარმოაჩენს იმას, თუ როგორ განიხილავს მედია (და არა მხოლოდ მედია) საქართველოში გარემოს დაცვას. „ეკოლოგია“ პრობლემაა, რომელიც ხელს უშლის და აფერხებს მეცნიერულ -ტექნოლოგიურ პროგრესს, ინვესტიციებს სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში - ეს საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ნარატივია, რომელიც გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტას საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის შემდეგ გულისხმობს.

ამასთან, ქართული მედიის, ისევე როგორც საზოგადოების ნაწილი, ვერ ასხვავებს მეცნიერება - ეკოლოგიას და გარემოს დაცვის სექტორს. შესაბამისად, ვერ არჩევს საუბრის საგანს და წარმოდგენა არა აქვს თუ რა არის გარემოსდაცვის საბოლოო მიზანი. (შენიშვნა: გავთავხედდები, და ბლოგის ბოლოს რამდენიმე განმარტებას დავურთავ, რასაც,იმედია, მკითხველების განაწყენება არ მოჰყვება.)

დღესაც, ისევე როგორც ათი წლის წინ, ქართველი ჟურნალისტები მიკავშირდებიან და მთხოვენ ინტერვიუს, მაგალითად, თბილისის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, პოზიციის გამოხატვას ამა თუ იმ ქუჩაზე მოჭრილი ხეების გამო, კომენტარს გამწვანების საკითხებზე, დაუსუფთავებელ პლაჟზე, მშენებლობაზე, რომლის მიზეზითაც იჩეხება ხეები, ისინი ითხოვენ პასუხს კითხვაზე - რა ზეგავლენას მოახდენს ეს ყველაფერი ქალაქის/რეგიონის ეკოლოგიაზე?

მოსახლეობის ნაწილმაც მედიისგან ისწავლა, რომ ეკოლოგია (ხეები და ნარჩენები) მნიშვნელოვანია. ამავდროულად, ჯანმრთელობის გაუარესების ან იძულებით ცხოვრების წესის შეცვლის გამო ( აღარ არის სარეკრეაციო ზონები, მშენებლობა დასახლებულ პუნქტებთან ახლოს ნორმების დარღვევით მიმდინარეობს, ტრანსპორტით გადაადგილებისას მეტი დრო იხარჯება და ა.შ.) ბევრი დაფიქრდა გარკვეულ საკითხებზე, თუმცა ცოდნა კვლავ ფრაგმენტულია (მედიასაშუალებებით მოწოდებული ინფორმაციის დარად).

„რა ეკოლოგიაზე მელაპარაკებით, ხრიოკი ადგილია“ - ეს რეპლიკა ჩვენი მედიის „მეცადინეობის“ შედეგია და ზუსტად ასახავს საზოგადოების ნაწილის რეაქციას ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით. უმრავლესობისთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ „ხრიოკი ადგილები“, უდაბნო, ჭაობი თუ სხვა ეკოსისტემები ისევე ღირებულად დასაცავია, როგორც ტყით დაფარული ტერიტორიები.

ქართულ ე.წ. მეინსტრიმ მედიაში (ახალი ამბები, პოლიტიკური შოუები) გარემოსდაცვითი ახალი ამბების/თემების რაოდენობა მწირია და ძირითადად, დაკავშირებულია პოლიტიკურ ოპონირებასთან და ე.წ. ეკოლოგიურ კატასტროფებთან.

მაგალითად, გავიხსენოთ დავით ნარმანიას დარგული თუ დაურგველი ხეები, (გააჩნია რომელ გამოცემას კითხულობთ ან უყურებთ). აქ გაშუქების ფოკუსში არა გამწვანების სპეცილისტების მოსაზრება, არამედ მმართველი თუ ოპონენტი პარტიის წარმომადგენლების მოსაზრებებია, რაც ე .წ. ბალანსს ქმნის სიუჟეტში.

ნებისმიერი პრობლემური საკითხის გაშუქებისას აქცენტი გადადის სენსაციაზე, შესაბამისად, გარემოსდაცვითი ახალი ამბები ძირითადად ალარმისტულია და არ გვთავაზობს სიტუაციიდან გამოსვლის გზებს.

ასევე შეგვიძლია 13 ივნისის თბილისის წყალდიდობის გაშუქება გავიხსენოთ. ტრაგედიიდან პირველი ორი თვის განმავლობაში ჟურნალისტები ცდილობდნენ დაედგინათ ტრაგედიის მიზეზები, გამოჩნდა უამრავი ტექნიკური ექსპერტი და დაისვა მრავალი კითხვა, როგორც კატასტროფის პრევენციის, ასევე ხელისუფლების ქმედებების ირგვლივ. თუმცა ამ მიზეზების გამოკვლევა შეწყდა, როგორც კი ყველაფერი სტიქიას დაბრალდა და გადაწყდა ვერეს ხეობის დამაკავშირებელი გზის აღდგენა. წლის მიწურულს კი ერთ-ერთ საპატივსაცემო გამოცემაში აღმოვაჩინე, რომ „მომზადებულა პროექტი რომელმაც არქიტექტორებისა და გარემოსდამცველების მოწონება დაიმსახურა“. აქ აუცილებლად აღსანიშნავია, რომ თვითონ პროექტი ჯერ მხოლოდ „ვერეს ხეობის ტერიტორიული განვითარების კონცეფციის ჩარჩოს გეგმას“ წარმოადგენს და გარემოს დამცველების მოწონებას ის ვერ დაიმსახურებდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ პროექტი, ისევე როგორც რისკების შეფასების დოკუმენტი, არ არსებობს, მაგრამ მედიის ძირითადი ნაწილისთვის საკითხი უკვე დახურულია - შემდეგ 13 ივნისამდე ან შემდეგ კატასტროფამდე.

საინტერესოა ისიც, რომ ქართულ მედიას არანაირი კავშირი არა აქვს საერთაშორისო გარემოსდაცვით პრობლემებთან, და გაშუქებისას ის უმთავრესად შემოიფარგლება საქართველოთი. მცირე გამონაკლისების გარდა, ქართული მედია არ უთმობს დროს და ყურადღებს სამხრეთ კავკასიის იმ გარემოსდაცვით პროლემებსაც კი, რომელთა ზემოქმედებას ჩვენ პირდაპირ განვიცდით (მაგ., ჭოროხის კაშხლების ზემოქმედება მოსახლეობაზე და შავი ზღვის სანაპიროზე, ალავერდში სპილენძის გადამუშავება და ა.შ). გასულ წელს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული თემების გაშუქებას კი, ძირითადად, უნდა ვუმადლოდეთ პრემიერ-მინისტრის გამოსვლებს ჯერ გაეროს ასამბლეაზე და მერე პარიზის მხარეთა შეხვედრაზე.

მედიის და მოსახლეობის დიდ ნაწილსაც მიაჩნია, რომ საქართველოში ყველაფერი კარგადაა. საზოგადოებას ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მყინვარების დნობა, ადაპტაციის მეთოდები, გახშირებული მეწყრები თუ გვალვებთან ბრძოლის მეთოდები ფაქტობრივად არ მიეწოდება.

ამის ძირითადი მიზეზი ალბათ ის ფაქტია, რომ სინამდვილეში ჩვენს მედიას არ აინტერესებს გარემოსდაცვითი თემატიკა და ის მხოლოდ ცდილობს უპასუხოს მსმენელთა თუ მკითხველთა ინტერესს; მედია არ თვლის ამ თემებს საკმარისად მნიშვნელოვნად, რომ ამაში დახარჯოს რესურსი - მოამზადოს ჟურნალისტები, რომლებსაც ეცოდინებათ პრობლემის არსი, გარემოსდაცვითი კანონმდებლობა და ინსტრუმენტები, ჟურნალისტები, რომლებიც დაინახავენ მიზეზ -შედეგობრივ კავშირებს გარემოსდაცვითი პრობლემების კუთხით, კომპანიების მიერ მოწოდებული პრესრელიზის წაკითხვის შემდეგ დასვამენ ადეკვატურ შეკითხვებს გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების თაობაზე. მაგალითად, გარემოს დაცვის სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციას, რომ ქ.თბილისში ჰაერის ხარისხი დამაკმაყოფილებელია, ჟურნალისტები დაუპირისპირებენ არა რომელიმე ექსპერტის მოსაზრებას, არამედ თვით სამინისტროს მიერ გარემოს მდგომარეობის მონიტორინგის ანგარიშებს.

საბედნიეროდ, ქართულ მედიაში არის გამონაკლისებიც. მართალია, საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა, მაგრამ არსებობენ ერთეული ჟურნალისტები, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ და არსებობს რამდენიმი მედია ორგანიზაცია, მათ შორის საგამოძიებო, რომლებმაც ბოლო რამდენიმე წელია წარმატებით დაიწყეს მუშაობა ამ მიმართულებით (მაგ. „ნეტგაზეთი“, „ბათუმელები“, „სამხრეთის კარიბჭე“, „ლიბერალი“, „სტუდია მონიტორი“, „სტუდია რე“ და სხვ.). საზოგადოებრივ მაუწყებელშიც გაჩნდა რამდენიმე გადაცემა - „რეალური სივრცე“, „კომუნიკატორი“, და ა.შ. - ეს გადაცემები ცდილობენ მოახდინონ გარემოსდაცვის ინტეგრაცია მიმდინარე სოციალურ -ეკონომიკური საკითხების გადაჭრისას, შეაფასონ გარემოსდაცვითი და სოციალური რისკები, დაამყარონ კავშირი გარემოს მდგომარეობის ხარიხსა და ადამიანების ცხოვრების ხარისხს შორის.

თუმცა გაშუქების ხარისხი ამ შემთხვევაშიც პრობლემურია. ეს ძირითადად განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ქვეყანაში არ მიმდინარეობს გარემოს ხარისხის მონიტორინგი, შეზღუდულია მონაცემთა ხელმისაწვდომობა, ცოტაა ადამიანური რესურსი და სპეციალისტთა ნაწილი თავს იკავებს ე.წ. „საჩოთირო საქმეების“ კომენტირებისგან. თუმცა ხარისხი წლიდან წლამდე იზრდება და გარემოსდაცვით თემებზე მომზადებულ მასალებს თავისი აუდიტორია გაუჩნდა. მაყურებლები ინტერესით ეცნობიან ვაკის პარკზე, აზბესტზე, ჰაერის დაბინძურებაზე, მიწის საკითხებზე ტყესთან თუ ჰესებთან დაკავშირებულ თემებზე მომზადებულ ჟურნალისტურ პროდუქტს. სწორედ ამ მედიაორგანიზაციებმა მოახერხეს მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა ჰაერის დაბინძურებასთან მიმართებით, დააფიქრეს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მთელი რიგი განვითარების პროექტების რეალურ სარგებლზე.

განმარტებები: ეკოლოგია ინტერდისციპლინური (ბიოლოგია და დედამიწის შემსწავლელი) მეცნიერება, რომელიც სწავლობს ურთიერთკავშირს ორგანიზმებსა და გარემოს ორგანულ და არაორგანულ ელემენტებს შორის.

გარემოს დაცვის მთავარი მიზანია პლანეტის ეკოლოგიური ბალანსისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება, ამ მიზანს ის აღწევს სხვადასხვა ინსტრუმენეტებისა და ღონისძიებების გატარებით, მათ შორისაა: გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების პოლიტიკა, მწვანე ეკონომიკა, გარემოს დაცვა და ჯანმრთელობა, მწვანე ბიზნესი და სხვა.
კატეგორია - ბლოგი
ტელეკომპანია „იმედის“ რედაქცია და მესვეურები პასუხისმგებელნი არიან  ზიანზე, რომელსაც აყენებენ იმ მოწყვლად და დაუცველ სოციალურ ჯგუფებს, რომელთა სიცოცხლესაც საქართველოში ყოველდღიურად საფრთხე ემუქრება. ამის საუკეთესო მაგალითი (სხვა მრავალთან ერთად) 4 თებერვლის გია ჯაჯანიძის შოუც გახლდათ.

წლების განმავლობაში ქართული ტოკ-შოუების წამყვანების მიერ შექმნილ მეთოდს ქართველი მამაკაცების ის ნაწილი იყენებს, რომელსაც საკუთარი სექსუალური იდენტობის დამალვა უნდა. ამ მამაკაცებს ქართულმა ყვითელმა ტელესივრცემ “სასურველი სასიძოების” წოდება მიანიჭა და  მეთოდის წარმატებაც ამ წოდების მოპოვებას ნიშნავს.

“სასურველი სასიძოების” სახეები ქართულ ტელესივრცეში ხშირად ჩანს. ისინი ყვითელი ტოკ-შოუების საყვარელი სტუმრები არიან. მათი სასურველობა მათთვისვე ნიშნავს ლეგიტიმაციას, ილაპარაკონ ყველაფერზე და მოირგონ ყველაფრის ექსპერტის როლი. გია ჯაჯანიძემ ეს შანსი არ გაუშვა ხელიდან და ხუთშაბათს, 4 თებერვალს საკუთარ გადაცემაში ერთ ქალთა უფლებების დამცველ ჰომოფობ იურისტ კაცთან და მეორე ჰომოფობ ყველაფერზე გამოძიებაჩატარებულ ჟურნალისტთან ერთად, ცნობილი სახეები (მამაკაცები) მიიწვია გადაცემაში. დაახლოებით ათამდე მამაკაცი, რომელთაგან ზოგიერთი “სასურველი სასიძოც” იყო, რამდენიმე საათის განმავლობაში  წითელი, ცოტა უგემოვნო დეკორაციების ფონზე  განიხილავდა ჯერ ქალთა, შემდეგ სექსმუშაკების, შემდეგ ლგბტ და ბოლოს მონასტრიდან გამოქცეული ადამიანების უფლებებს

მიუხედავად იმისა, რომ გია ჯაჯანიძის შოუში არაერთხელ გვინახავს გროტესკიც და შემზარაობამდე მისული სიბრიყვეც, ამ კვირის გადაცემამ მაინც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ამის გამო ტელეკომპანია “იმედი” პასუხისმგებელია ისეთ  ეთიკურ დარღვევებზე, როგორიცაა კონკრეტული პიროვნებების შეურაცხყოფა, იმგვარი მასალებისა და ინფორმაციის გასაჯაროება, რომლებშიც ადვილად შეიძლება ადამიანების იდენტიფიცირება, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციის მცდელობა, მაყურებლისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება, განსხვავებული იდენტობების მქონე პირთა დემონიზება და მათი საზოგადოებიდან გარიყვისთვის ხელისშეწყობა. >გარდა იმისა, რომ წამყვანს არ აქვს საკმარისი განათლება, ტერმინოლოგიურად მაინც სწორი განმარტებები მიაწოდოს საკუთარ მაყურებელს, გადაცემისათვის შერჩეული აუდიტორია საერთოდ არაადეკვატურია და აცდენილია იმ თემატიკას, რასაც ეთმობა გადაცემა.

მსგავსი არაპროფესიონალიზმი იწვევს იმას, რომ ერთდროულად განიხილება რამდენიმე ერთმანეთთან აბსოლუტურად დაუკავშირებელი თემა. მაგალთად, ერთი გადაცემის თემა არის კომერციული სექს სამუშაო, ქალთა უფლებები, ლგბტ ადამიანების უფლებები, ვირტუალური სექსი, არაორდინალური ჩაცმულობა, რელიგია და პედოფილია. სწორედ ეს გარემო და გადაცემის არასწორად შერჩეული მონაწილე აუდიტორია გვაძლევს იმის თქმის საბაბს, რომ ტელეკომპანია “იმედი” არის პასუხისმგებელი იმ ზიანზე, რომელიც ამ გადაცემით იქმნება

ამდენად, გია ჯაჯანიძის  4 თებერვლის შოუში შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე მნიშვნელოვანი ეთიკური პრობლემა. პირველ ნაწილში, რომელიც ეხებოდა ქალთა უფლებებს, არათუ მოწვეული არ იყო ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის რომელიმე წარმომადგენელი, არამედ ქალთა უფლებები წარმოდგენილი იყო ჰომოფობი იურისტი მამაკაცის მიერ. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ქალთა უფლებების განხილვისთვის ყველა სტუმარი მამაკაცი იყო.

გოგონა, რომელსაც ჯერ შიშველ სხეულზე სუში ელაგა და შემდეგ დაკვირვების ობიექტად მოათავსეს დარბაზში,  პირდაპირი შეურაცხყოფისა და სექსიზმის მსხვერპლი იყო. ამას დაემატა გადაცემის ამავე ბლოკში მოწვეული ყოფილი სექსმუშაკი, რომელსაც არაერთგზის მიაყენეს შეურაცხყოფა და მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა “სასურველმა სასიძომ” მორალისტური ლანძღვა-გინების ქარცეცხლში გაატარა კომერციული სექს სამუშაოთი დაკავებული ადამიანები, თვითონვე გააკეთა ქამინ-აუთი და თქვა, რომ ის მატერიალური გამორჩენის მიზნით თვითონაც იყო დაკავებული სექს-მომსახურებით.

ამ ყველაფერს შიგადაშიგ ემატებოდა პირადი ისტორიები ადამიანებზე, რომელთა იდენტიფიცირებაც  შესაძლებელი ხდებოდა, რადგან ეთერში სახელდებოდა მათი კუთვნილი მანქანების მარკები, სამუშაო ადგილებისა და სხვა სახის ინფრომაციის შემცველი დეტალები. იგივე პრობლემა იყო სიუჟეტში, რომელიც მიეძღვნა ვირტუალურ სექსს, სადაც გადაცემაში აჩვენეს ინტერნეტ მომხმარებლების პროფილები და სკაიპსა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებში გაშიშვლებული ადამიანების ვიდეობი.

ამავე 4 თებერვლის გადაცემაში, რა თქმა უნდა, ადგილი გამოინახა ლგბტ პირებისთვისაც. სადემონსტრაციოდ მოყვანილ გეი მამაკაცს ათასჯერ ჰკითხეს, როგორ უნდა ჰყოლოდა შვილი. წამყვანმაც არაერთგზის გაიმერო ტერმინი “არატრადიციული ორიენტაცია” და ჰომოფობ-გამომძიებელ-ინტერვიუერმა ჟურნალისტმაც ათასგზის თქვა, რომ ადამიანები გეებად არ იბადებიან. ამავე პიროვნებამ პრაქტიკულად იძულებითი ქამინ-აუთის წინაშე დააყენა “არაორდინალური ჩაცმულობის”  ახალგაზრდა მამაკაცი, როდესაც ჰკითხა, ქალები მოსწონდა თუ არა.

ამ ყველაფერს თან ახლდა არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციის მცდელობაც. გადაცემაში მისულ გეი მამაკაცს ჭკუა დაარიგეს და უთხრეს, რომ 17 მაისს მისი გამოყენება გრანტის მოპოვებისათვის უნდოდათ და საქართველოში ლგბტ უფლებებს არავინ არღვევს.

სხვა მრავალ მსგავს ეთიკურ დარღვევას დაემატა ის ფაქტიც, რომ გადაცემა დააგვირგვინა პედოფილიის თემამ. ეს, ფაქტობრივად, გახლდათ ღია განაცხადი, რომ ტელეკომპანია “იმედი”  და გია ჯაჯანიძე პედოფილიას, კომერციულ სექს სამუშაოსა და ჰომოსექსუალობას ერთ პლანში განიხილავს.

ყოველივე ზემოთ თქმული ბადებს სამართლიან ეჭვს, რომ ტელეკომპანია “იმედის” სარედაქციო პოლიტიკა მიმართულია ჰომოფობიის, დისკრიმინაციის, განსხვავებული იდენტობების მქონე პირების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ ძალადობის წახალისებისაკენ.
კატეგორია - ბლოგი
მთავრობის სხდომა კანცელარიაში მე-12 სართულზე იმართება. იმ დარბაზში ერთი კარიდან შედიან და გამოდიან მინისტრები. ამ კართანვეა ერთ მხარეს ლიფტი და მეორე მხარეს ჩასასვლელი კიბე. ჰოდა, რა გასაკვირია ჟურნალისტებიც მე-12 სართულის ამ რამდენიმე კვადრატულ მეტრში წლების განმავლობაში მოთმინებით რომ იცდიდნენ საათობით. ერთადერთი ადგილი იყო, სადაც აუცილებლად გამოივლიდა მინისტრი. კომენტარის გაკეთება თუ არ უნდოდა, ლიფტის კართან მაინც დააწევდი კითხვას, იმას მაინც აჩვენებდი/დაწერდი როგორ არ გპასუხობს, რა რეაქცია ჰქონდა.

გახსოვთ ალბათ ჭყლეტვაში ლიფტის ფონზე ჩაწერილი მინისტრები, იმავე ლიფტის კარში მოყოლილი მიკროფონები, კიბეზე ჩამავალ მინისტრს გამოკიდებული ჟურნალისტები და შუაში ჩამდგარი დაცვა.

მე-12 სართული ჟურნალისტებისთვის დაიხურა. 2016 წლის იანვრიდან ახალი წესი ამოქმედდა - ჟურნალისტები მედიაცენტრში ჩაიყვანეს, კომფორტულ პირობებში. იატაკზე ჯდომა აღარ უხდებათ, ყავაც არის და კომპიუტერიც, მინისტრის კომენტარი მხოლოდ სურვილისამებრ - როცა თავად მინისტრი გადაწყვეტს, მაშინ ჩავა ჟურნალისტებთან, შეთანხმებულ საკითხზე ისაუბრებს, კადრიც შეიძლება უკეთესი იყოს, სამაგიეროდ აი, ის მინისტრი აღარ ჩამოვა აი, იმ საკითხზე, რის გამოც მიკროფონის ლიფტში გაჭედვა და კიბეებზე დაცვასთან ჭიდილი გჭირდებოდა. მთავრობის პრესსამსახურმა თქვა, მთავრობის სხდომა დახურულია ისედაც და ახალი წესით არაფერი იცვლებაო. არდა, იცვლება - ახლა შენს მასალაში იმასაც ვეღარ იტყვი, კითხვაზე რომ არ გიპასუხა, არც კი დაგისვამს, რანაირად უნდა თქვა. დახურულ შეხვედრაზე დასწრებას არავინ ითხოვს.

პრესსამსახურებს ჩვეულებად ექცათ კომენტარის თხოვნისას „წერილობით მოგვმართე“ პასუხი. მინისტრისთვის კითხვის წერილობით მიმართვა და მისი ლოდინი კი დაახლოებით ისეთია - პასუხი გქონდეს და პასუხი არ იყოს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ თუ არ უნდა საერთოდ არ გიპასუხებს, ან თუ გიპასუხებს არაფრის მთქმლი შეიძლება იყოს და დაზუსტების საშუალება აღარ გქონდეს, მერე მეორეც, როდის გიპასუხებს კაცმა არ იცის, შენ კიდევ მედია ხარ, მკვლევარი კი არა და მეორე დღეს შენთვის თემა კვდება.

არსებობს ასეთი სიტყვა - ანგარიშვალდებულება, რაც ხალხისთვის ანგარიშის ჩაბარებას გულისხმობს. არა ყოველწლიურს პარლამენტში, რიგითი მოქალაქე რომ ვერასდროს ხვდება, რას განიხილავენ, არამედ მყისიერად, ყველა იმ საკითხზე, რაზეც კითხვები ჩნდება. საზოგადოების ამ კითხვებს კი ჟურნალისტები სვამენ. რა მნიშვნელობა აქვს მე-12 თუ მესამე სართულზე. იარონ მაშინ მინისტრებმა მესამე სართულზე მედიაცენტრის გავლით და პრესსამსახურის არაფრისმთქმელი კადრების ამარა ნუ დატოვებენ ჟურნალისტებს. ალბათ, ეჭვი არავის ეპარება, რომ მესამე სართულზე ჟურნალისტების ჩაყვანის მთავარი მიზანი მინისტრების უხერხული მდგომარეობის თავიდან აცილებაა. აბა ვის სიამოვნებს არასასურველ თემაზე კითხვის დასმა, ან იმის ყურება როგორ გარბის კადრიდან.

მთავრობის პრესსამსახურმა ისიც თქვა, რომ მედიას არ ეკრძალება მე-12 სართულზე ასვლა. მათ გადაადგილებას მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში ხელს არავინ უშლის, უბრალოდ ინტერვიუს ვერ ჩაწერს. იმ სართულზე ლიფტის ნოსტალგია არამგონია ვინმეს ჰქონდეს და მესამესა და მე-12-ს შორის უსაქმოდ “გადაადგილება” უნდოდეს. მედიის საქმიანობის ხელის შეშლა მიანცდამაინც თავში ჩარტყმას არ ნიშნავს. ხელის შეშლაა კითხვის დასმის საშუალებასაც რომ არ გაძლევენ. თუ მას პასუხის მიღების საშუალება არ ექნება, იძულებულია პრესსამსახურის მიერ გადაღებული კადრები არჩვენოს. ყველა არხზე ერთნაირი კადრები უკვე გვინახავს, პრინციპში.

P.S. იტალიელი დინო ბუცატის მოთხრობა “შვიდი სართული” რამ გამახსენა. იქ მეშვიდედან პირველზე ჩასვლა სიკვდილს უდრის.
კატეგორია - ბლოგი
“იმის მიუხედავად, ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, საქართველოში სტალინის კულტი კვლავ არსებობს და არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც დიდი ბელადი გამორჩეულად უყვართ”, - ასე გაგვაცნო “2030-მა” გარდაბანში მცხოვრები თემურ კუნელაური, რომელმაც რეპორტიორს საკუთარი ხელით შექმნილ “სტალინის სახელობის ბაღ-მუზეუმში” უმასპინძლა.

რეპორტაჟის ავტორის შესავალი ტექსტის შემდეგ ბუნებრივად გიჩნდება მოლოდინი, რომ სტალინის სხვადასხვა დროს ჩამოსხმული ძეგლების, პორტრეტების შემკრებს გაიცნობ და ამასთან, მოისმენ ლეგიტიმურ კითხვას, რამდენად მისაღებია მე-20 საუკუნის ყველაზე სისხლიანი დიქტატორის თაყვანისცემა პოსტსაბჭოთა საქართველოში, თუმცა რედაქციამ მხოლოდ ნაწილობრივ გაამართლა ჩემი, როგორც რიგითი მაყურებლის ინტერესნარევი მოლოდინი.

თვალშისაცემია თემურ კუნელაურის შიშნარევი აღტაცება სტალინისადმი, “ბაღ-მუზეუმის” ყოველ ნაბიჯზე ჩამოკიდებული პორტრეტებიდან ჯუღაშვილი ხან ჩიბუხით ხელში ეჭვიანად იმზირება, ხანაც მრავლისმთქმელად აქვს თავი აწეული. თავისთავად, ამ პორტრეტებს თუ ბიუსტებს არც მხატვრული და არც სხვა სახის ღირებულება აქვთ, კუნელაური მათ ადვილად იპოვიდა სოფლების გაუქმებული საბჭოებისა და ქარხნების შენობებში, ამიტომ ექსპონატებად მათ ვერ მოვიხსენიებთ, თან მუზეუმი საკუთარ თავში საზოგადოების განვითარების ხელშეწყობას მოიაზრებს - ეს ფუნქცია კი გარდაბანში მდებარე „ბაღ-მუზეუმს“ ვერ ექნება იმიტომ, რომ საბჭოთა ბელადის საქმიანობას წარმოაჩენს ისევე, როგორც ამას საბჭოთა დროის ისტორიოგრაფია აკეთებდა და დიქტატორული რეჟიმის ადეკვატურ კვლევა-გააზრებასთან არაფერი აქვს საერთო.

საბჭოთა საქართველოში დაბადებული თემურ კუნელაურისთვის, რომელსაც სტალინი სკოლის პედაგოგმა შეაყვარა, საბჭოთა ლიდერი დღემდე ცოცხალ იდეას განასახიერებს, მეტიც, სტალინი მისთვის ერთგვარ რელიგიად ჩამოყალიბდა, ამიტომაც როგორც კერპს, ხატს ისე ელოლიავება... რომ არაფერი ვთქვათ, ე.წ. მავზოლეუმზე. რესპონდენტმა რეპორტიორს უთხრა კიდეც, რომ ბევრი ვერც შედის ხავერდით მორთულ “მავზოლეუმში”, საბჭოთა შრომისა თუ ომის გმირებს კი მადლობაც კი გადაუხდიათ, რომ „ხალხთა მამასთან“ ამგვარად მიახლების საშუალება მიეცათ: „ნუ გეშინიათ, მობრძანდით. იმათ ეშინიათ ამისი (სტალინის - ავტ.), ვისაც დანაშაული აქვთ ჩადენილი. შენ რა დანაშაული გაქვს, კაცო?!“ - ასეთი ტექსტით მიმართა კუნელაურმა რეპორტს „მავზოლეუმში“ შესვლის წინ.

ყველაზე მთავარი მომენტი რეპორტაჟში არის „ბაღ-მუზეუმის“ მასპინძლის პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე საბჭოურ რეპრესიებში სტალინის როლის შესახებ:

„37 წელში სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, მე ხელს კი არ ვაფარებ, უზარმაზარი რეპრესიები რომ მოაწყო, ეს იყო აუცილებელი განწმენიდასთვის... ერთი პროფესორი მიყვებოდა: როცა ოპერაციას ვაკეთებ, შვილოო, იმას ცუდს რომ ვაჭრი, აუცილებლად კარგი მიყვება ხოლმეო... აი, რომ ამბობს, ტერორის ქვაბში პროგრესი იხარშებაო, სტალინამდეც ტაშ-ფანდურით მოვიდა ეს ცხოვრება, რამდენი მკვლელობა იყო მანამდეც?!“

არ განვიხილავთ კუნელაურის მოსაზრებას, რადგან ისედაც ცხადია, თუ რა პირობებში და როგორ ჩამოუყალიბდა ფანატიზმი სტალინისადმი, მაგრამ რას არგებს რიგით მაყურებელს ამგვარი პერსონაჟის, ასეთი მიუღებელი იდეების გავრცელება?

რა იყო რეპორტაჟის მიზანი - სტალინის კერპთაყვანისმცემელი პერსონაჟის გაცნობა, რომელსაც არაფერი გაუგია ან გაიგო და არ დაიჯერა სტალინის ბრძანებით დახოცილ, გადასახლებულ, მოშიმშილე, გაუბედურებულ მილიონობით მოქალაქეზე?

სიახლე რა იყო რეპორტაჟში - განა არ ვიცით, რომ ალისფერ დროშებს ისევ აფრიალებენ საბჭოთა პერიოდის მეხოტბე მოქალაქეები? „მავზოლეუმის“ თემა ერთგვარი უკიდურესი ფანატიზმის იერს სძენს ხსენებულ „ბაღ-მუზეუმს“, თუმცა პრობლემის გააზრების ნაცვლად, მაყურებელს პრაქტიკულად ეგზოტიკურ სანახაობას ვთავაზობთ და ამ სანახაობასთან მარტო ვტოვებთ.

ამ რეპორტაჟის მომზადების შემდეგ თავად კუნელაურის ან რომელიმე სტალინელის წარმოდგენა „დიდ ბელადზე“ შეიცვალა? ჟურნალისტის ორი-სამი რეპლიკა აბსოლუტურად უძლური აღმოჩნდა თემურ კუნელაურის ფანატიზმის წინაშე. დიდი ალბათობით, რეპორტიორის მეტი ძალისხმევაც არ იქნებოდა საკმარისი მისი პოზიციის შესაცვლელად, მაგრამ სად ვტოვებთ აუდიტორიას? რეპორტაჟის აზრი ერთი წინადადებით ასეთია: მოგვწონს თუ არ მოგვწონს, სტალინის კულტის მეხოტბეები ამ დრომდე არსებობენ. რატომ არ ეცადა რეპორტიორი დაესვა კითხვა, რატომ არსებობს ეს კულტი ან რა უნდა გაკეთდეს, რომ აღარ იარსებოს, რამდენად გვაფერხებს მსგავსი დამოკიდებულება ან რა გააკეთეს სხვა პოსტსაბჭოთა და უკვე სრულიად ევროპულმა ქვეყნებმა ამ დამოკიდებულების დასაძლევად.

საინტერესო იქნებოდა, რეპორტიორთან ერთად, „ბაღ-მუზეუმს“ „საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორიის“ რომელიმე წარმომადგენელიც სტუმრებოდა: იქნებოდა რადიკალური და ურთერთგამომრიცხავი შეფასებები, არა მხოლოდ იდეათა, არამედ თაობათა ჭიდილიც, შესაბამისად, მაყურებლის თვალწინ რეპორტაჟშივე გაჩნდებოდა კონფლიქტი, რომელიც უფრო მეტ ყურადღებას მიიქცევდა, ვიდრე ერთი და იმავე პერსონის ძეგლების ჩვენება ყველა დასაშვები რაკურსით ან საბჭოთა საომარ-პროპაგანდისტული კომპოზიციების მოსმენა, რომლებიც რეპორტაჟში საკმარისზე მეტი სიხშირით და ხმამაღლა ჟღერს.
კატეგორია - ბლოგი
ხშირად წარმოვიდგენ - როგორ განვითარდებოდა ისტორიული მოვლენები და ქვეყნების ბედი წინათ, მედიატექნოლოგიები და თავად მედია ისეთივე რომ ყოფილიყო, როგორიც დღესაა.

როცა პირველად გაბრიელე კეპის ისტორიის და მისი წიგნის შესახებ შევიტყვე, სახელწოდებით ,,ჯანდაბა, რად ვიყავი გოგონა” ( ჩემეული თარგმანია, სიზუტეზე ნუ შემომედავებით, ორიგინალში Gabriele Köpp-ის წიგნს "Warum war ich bloss ein Mädchen?"ქვია ) მაშინაც დავფიქრდი, როგორი იქნებოდა 1945 წელს ბერლინში ჩარჩენილი ასობით გერმანელი ქალის ბედი, რომლებიც გააუპატიურეს. ჩავთვალე, რომ მათი ხმა არ იქნებოდა ჩახშული, რომ ისინი თავს მეტად დაცულად იგრძნობდნენ. არც ბერლინელ 15 წლის გაბრიელეს (მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულმა საბჭოთა ჯარისკაცებმა ის 1945 წელს ერთ დღეში 4-ჯერ გააუპატიურეს) დასჭირდებოდა 65 წელი ამ ტრაგიკული ამბის პირველად მოსაყოლად.

სულ ტყუილად ჩავთვალე...

2016 წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე გერმანიის რამდენიმე ქალაქში (უმეტესად კელნში, ტაძართან, ცენტრალურ მოედანზე) ასობით მამაკაცმა ათობით ქალზე იძალადა, მათგან რამდენიმე გააუპატიურეს (დაზარალებულთა რაოდენობამ, ბოლო ცნობებით, 140-ს გადააჭარბა).

ოთხი დღე დასჭირდა დაზარალებულების ხმების გერმანულ და ზოგადად ევროპულ მეინსტრიმ მედიამდე მიწვდენას, მანამდე, ისიც კანტიკუნტად, ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება დაზარალებულებმა სოციალური ქსელების მეშვეობით შეძლეს. 6 იანვრამდე მომხდარზე არაფერი თქვა გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. ZDF-მა ამის გამო მალევე ბოდიში მოიხადა, განმარტა, რომ თემაზე მეტი ინტერვიუს აღებას და წყაროების დამატებას დაელოდნენ.

ZDF -ის უმოქმედობის შედეგად ლამის საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეაზე ამიცრუვდა გული. ამან იმაზე მეტადაც კი იმოქმედა, ვიდრე პოლონეთში ახლახან მიღებულმა კანონმა, რომელზეც დღეს ZDF -იც, სხვა ევროპული მედიებივით, კრიტიკულ სიუჟეტებს ამზადებს.

თუმცა ჩემი იმედგაცრუება რა მოსატანია მედიით უკიდურესი უკმაყოფილების განცდასთან,

რასაც გერმანიაში საზოგადოების ნაწილი დღემდე არაერთ მსჯელობასა და დისკუსიაში გამოხატავს. ასე მაგალითად აქ ღიად მსჯელობენ ცენზურაზე ევროპულ მედიაში (რაც კონსტიტუციით, რა გასაკვირია, რომ გერმანიაშიც აკრძალულია). დაზარალებულები და ექსპერტები, რომლებიც მედიებს აკვირდებოდნენ, ჩიოდნენ და სწუხდნენ, რომ მედიას ფაქტობრივად აკრძალული ჰქონდა მიგრანტების დასახელება ძალადობაში ეჭვმიტანილებადაც კი, ამგვარ ეჭვსა და ვარაუდს ხომ დაზარალებულთა უმრავლესობა გამოთქვამდა და გამოთქვამს.

ევროპული, განსაკუთრებით, გერმანული მედია, თითქოს დღემდე ერიდება მომხდარზე მსჯელობას, როგორც დაგეგმილ, ორგანიზებულ ქმედებაზე - საშინელი ფორმის ტერაქტზე, რასაც იმაზე გაცილებით ნაკლები პროტესტით გამოეხმაურა ევროპული საზოგადოება, ვიდრე ტერორისტების შეტევას პარიზზე.

ტერორისტთა მიზანი, ცხადია, მომხდარის იმგვარად გაშუქებაა, რომ საზოგადოების რაც შეიძლება დიდმა ნაწილმა გაიგოს, დაფრთხეს, შეშინდეს. ამ საშინელი ,,საახალწლო ძალადობის” მიზანი კი ამასთან ერთად, სავარაუდოდ, ანტიმიგრანტული განწყობების შექმნაც იყო (მით უფრო იმ ქვეყანაში, რომელმაც 2015 წელს მილიონზე მეტი არალეგალი მიგრანტი შეიფარა). ლოგიკურია, რომ ეს ხელისუფლებას უსახავს ამოცანას - არ გავრცელდეს ინფორმაცია, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს უკვე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობას. ინფორმაცია, რომელიც შეასრულებს მოძალადეთა მიზნებს. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ იუწყებოდა კელნის პოლიციის 1 იანვრის პრესრელიზი, რომ ახალი წლის ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა.

მაგრამ როგორია ამ პირობებში მედიის ამოცანა?

როგორ მოხდა, რომ გერმანული მეინსტრიმ მედია პრესრელიზს, ანუ ტყუილს დასჯერდა? სიმართლის თქმას - დუმილი არჩია? როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მომხდარზე სხვა ქვეყნის გავლენიან მედიებს რომ არ მოეთხროთ? რამდენ ხანს გასტანდა ეს დუმილი?

როგორი იქნებოდა სოციალური მედიის რეაქცია, google, Twitter და facebook -ი გერმანიის მთავრობის მიმართვას - 24 საათის განმავლობაში ქსელიდან წაეშალათ ყველა ის პოსტი, რომელიც მიგრანტების მიმართ სიძულვილის გაღვივებას უწყობდა ხელს- ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე რომ არ დასთანხმებობდნენ? ამ შეზღუდვის გარეშე რამდენად ექნებოდა მეტი გასაქანი დაზარალებულთა ხმებს სოციალურ ქსელში მაინც?

როგორ შეიძლება გადაეზარდოს მედიას თვითრეგულირება (პრინციპით - ეჭვმიტანილთა ეთნიკურ წარმომავლობაზე ხაზგასმის დაუშვებლობა, როცა ეს არსებით გარემოებას არ წარმოადგენს) თვითცენზურაში (შედეგით - ფაქტის არგაშუქება მაშინ, როცა ეჭვმიტანილთა წარმომავლობა დანაშაულის არსებითი ნაწილი შესაძლოა იყოს)?

ეს ის კითხვებია, რომელზეც დროულად უნდა ვიმსჯელოთ, დავფიქრდეთ, რომ გაბრიელე კეპის მსგავსად დაზარალებულებს არ მოუწიოთ თქმა -ჯანდაბა, რად ვიყავი გოგონა?

რომ ჩვენც არ მოგვიწიოს ვთქვათ - ჯანდაბა, რად ვიყავი ჟურნალისტი?
კატეგორია - ბლოგი
გასული წლის დეკემბერში მედიაში მთავარ თემას წარმოადგენდა ინფორმაცია არასრულწლოვანი შვილისა და ქმრის სავარაუდო მკვლელობისათვის დაკავებული პირის შესახებ. მედია დაწვრილებით ყვებოდა მკვლელობის დეტალებს, მიუთითებდა საქმეში არსებული მტკიცებულების თაობაზე, წერდა დანაშაულის ჩადენის მოტივზეც და რაც ყველაზე მეტად შემაშფოთებელია, ბრალდებულს მკვლელადაც კი მოიხსენიებდა.

პირველ რიგში, უნდა ვთქვათ ის, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის სამართლებრივი ვალდებულება საჯარო მოხელეებს ეკისრებათ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ბუკევიჩიუსი ლიტვის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილების 49-ე პუნქტში განაცხადა: ,,უდანაშაულობის პრეზუმფცია არის სისხლის სამართლის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფის საშუალება. უდანაშაულობის პრეზუმფცია შეიძლება დაირღვეს მაშინ, როცა საჯარო მოხელე აცხადებს, რომ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი არის დამნაშავე, თუ ეს განცხადება წინ უძღვის კანონით დადგენილი წესით პირისათვის დანაშაულის დადასტურებას“... უდანაშაულობის პრეზუმფცია შეიძლება დაარღვიოს არა მხოლოდ მოსამართლემ და სასამართლომ, არამედ ხელისუფლების სხვა ორგანოებმაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებით ხაზს უსვამს საჯარო მოხელეების მხრიდან სიტყვების ფრთხილად შერჩევის მნიშვნელობას, სანამ სისხლის სამართლის საქმეზე ადამიანის გასამართლება არ მოხდება და სანამ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

საქმეში - ისმაილოვი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილების 161-ე პუნქტში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე განაცხადა: ,,უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა მაშინ, როდესაც საჯარო მოხელე აკეთებს განცხადებას მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე, თუ ამ განცხადებით, საჯარო მოხელე ცდილობს, საზოგადოება დააჯეროს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული და წინასწარ აფასებს იმ ფაქტებს, რაც საქმის განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს“.

მართალია, უდანაშაულობის პრეზუმცია შესაძლოა მხოლოდ საჯარო მოხელეებმა დაარღვიონ, მაგრამ ცხადია, მედიას შეუძლია საზოგადოების დარწმუნება, რომ ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა. ამან კი, შესაძლოა, ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.

ეს უარყოფითი გავლენა უცხო არ არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვისაც. კუზმინი რუსეთის წინააღმდეგ საქმეში მიღებული გადაწყვეტილების 62-ე პუნქტში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: ბრალდებულის მიმართ წარმოებულმა უარყოფითმა მედიაკამპანიამ ზოგიერთ საქმეში შესაძლოა ზიანი მიაყენოს ბრალდებულის უფლებას სამართლიან პროცესზე, ვინაიდან მედია ქმნის უარყოფით საზოგადოებრივ აზრს ბრალდებულთან დაკავშირებით, რაც, თავის მხრივ, აიძულებს სასამართლოს მიიღოს ბრალდებულის გამამტყუნებელი განაჩენი.

სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს იმას, რომ მოსამართლემ (ნაფიცმა მსაჯულმა) საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც სასამართლო სხდომის დარბაზში იქნება გამოკვლეული და არა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რასაც მედია შეიძლება ავრცელებდეს. არც ნაფიცი მსაჯული, არც მოსამართლე არ უნდა ექცეოდეს იმგვარი ინფორმაციის გავლენის ქვეშ, რაც სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული. სასამართლოს სხდომაზე შესაძლოა ვერ მოვისმონოთ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თუკი ის სასამართლომ მტკიცებულებად არ დაუშვა. როდესაც სასამართლოს მიერ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ შეესაბამება ფაქტებს, რასაც სხდომის გამართვამდე მედია აწვდიდა საზოგადოებას, კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლომ უნდა იმოქმედოს მედიის მიერ ფორმირებული საზოგადოებრივი აზრის საწინააღმდეგოდ. თუნდაც კანონიერი, მაგრამ არაპოპულარული გადაწყვეტილებები კი იწვევს სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციას.

ზემოხსენებული საქმეც, რომელშიც პირს ქმრისა და შვილის მკვლელობაში ედება ბრალი, შესაძლოა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განხილვის საგანიც გახდეს. ნაფიცი მსაჯული, პროფესიონალ მოსამართლესთან შედარებით, კიდევ უფრო მეტად მოწყვლადია იმ ინფორმაციული ფონის მიმართ, რასაც მედია ქმნის. ნაფიცი მსაჯულების შერჩევისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ მსაჯულობის კანდიდატებს მედიის მეშვეობით არ ჰქონდეთ წინასწარი განწყობა შექმნილი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. ამ საქმის გაშუქების მასშტაბების გათვალისწინებით, სავარაუდოდ გაჭირდება ისეთი ნაფიცი მსაჯულის შერჩევა, რომელსაც ამ საქმის დეტალების შესახებ მედიით არაფერი სმენია და ამის გამო არა აქვს ჩამოყალიბებული მტრული დამოკიდებულება ბრალდებულის მიმართ, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს გამამტყუნებელი ვერდიქტის მიღებას.

ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მედიამ თავი უნდა შეიკავოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმის გაშუქებისაგან. პირიქით, მნიშვნელოვანია მედია საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე საზოგადოებას აწვდიდეს ინფორმაციას, საგამოძიებო მოქმედებების, დაცვის მხარის პოზიციის, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებების, აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების თუ მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შესახებ. თუმცა, მედიამ ფრთხილად უნდა შეარჩიოს ტერმინოლოგია, იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ ბრალდებულის ,,დამნაშავედ“ ან ,,მკვლელად“ მოხსენიება, რაც საზოგადოებას დაარწმუნებს იმაში, რომ ნამდვილად სწორედ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული.

გიორგი გოცირიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი
კატეგორია - ბლოგი
საერთაშორისო ამბების ყოველდღიური მიმოხილვა ბოლოს, თუ არ ვცდები, ღრმა ბავშვობაში ვნახე. მახსოვს, "მოამბეში" ასეთი რუბრიკა აბონ ციციაშვილს და სოსო ცინცაძეს მიჰყავდათ.

არ ვიცი, ამ ბატონებს რამდენად ზუსტი და სანდო ინფორმაცია ჰქონდათ. ის კი ვიცი, რომ მას შემდეგ საერთაშორისო ამბების ყოველდღიური მიმოხილვა არსად მინახავს.

რუბრიკები "მსოფლიო" და "უცხოეთი" ყველა ტელეკომპანიას აქვს. თუმცა, ამ რუბრიკებში განთავსებულ მასალებს თვალს თუ გადაავლებთ, ნახავთ, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან ქართული ტელემედიის ყურადღების ცენტრში ძირითადად ტერორისტული აქტები, მსოფლიო ლიდერთა ვიზიტები და პოლიტიკური განცხადებები ხვდება.

რუბრიკებში - “მსოფლიო” და “უცხოეთი” განთავსებულ მასალებზე თვალის ერთი გადავლებითაც კი მიხვდებით, რა სახის ინფორმაციას ვიღებთ:

"რუსეთში ავიაკატასტროფას 15 ადამიანი ემსხვერპლა"

"რომის პაპის ისტორიული ვიზიტი აფრიკაში"

"თურქეთმა რუსული სუ-24 ჩამოაგდო"

"კრასნოიარსკის მხარეში სამგზავრო ვერტმფრენი ჩამოვარდა"

"გადარჩენილი პილოტი - მფრინავი აცხადებს, რომ თურქულ მხარეს რუსული ეკიპაჟისთვის გაფრთხილება არ მიუცია"

"ავიადარტყმები სირიაში"

“ამ წუთებში საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს ხვდება”

ასეთი ტიპის ახალი ამბებით ძირითადად უახლეს ინფორმაციას ( „ბრეიკინგ ნიუს“) ვიღებთ, რაც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე მთლიანი სურათის შექმნის საშუალებას არ გვაძლევს.

გახსოვთ, ალბათ, სირიის კრიზისისა და ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის (ე.წ. ისლამური სახელმწიფოს) მიერ სირიასა და ერაყში ჩადენილი დანაშაულის შესახებ ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა პირველად „რუსთავი 2-ის“ ეთერში 2015 წლის 12 აპრილს გასული სიუჟეტით რომ გაიგო. არადა, სამოქალაქო ომი, რომელიც მოგვიანებით ტერორისტული დაჯგუფების ქმედებებმა კიდევ უფრო დაამძიმა, ამ ქვეყანაში 2011 წელს დაიწყო.

ეს არც არის გასაკვირი - საერთაშორისო ამბების მიმოხილვა, სადაც მაყურებელი სირიაში ან სხვა ქვეყანაში არსებული კონფლიქტის ან ვითარების შესახებ სიღრმისეულ ანალიზს მოისმენდა, არ არსებობს.

ჩვენ არც ის ვიცით, ჩვენს ახლო სამეზობლოში რა ხდება. მაგალითად, არ ვიცით, როგორია თურქეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის სტრატეგია, რა არის მისი მთავარი პოლიტიკური ამოცანა, როგორი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები აქვს ევროკავშირთან, არაბულ ქვეყნებთან, ისრაელთან, ირანთან თუ აშშ-სთან, რის მიღწევას ცდილობს, და რა როლს თამაშობს რეგიონულ გეოპოლიტიკურ პროცესებში.

იგივე შეიძლება ვთქვათ ჩვენს უახლოეს მეზობლებზე - სომხეთზე, აზერბაიჯანსა და ირანზე.

არ ვიცით, როგორ ვითარდება მოვლენები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ყარაბაღში მომხდარ “ინციდენტებს”. არც ის, რომ ირანის მიმართ გლობალური პოლიტიკა იცვლება - აშშ მხარს უჭერს მისთვის სანქციების ეტაპობრივ მოხსნას და რომ შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს ირანის როლი რეგიონში ისევ გაიზარდოს.

ქართულმა საზოგადოებამ, სირიის კონფლიქტის მსგავსად, ამ ფაქტის შესახებაც, შესაძლოა, რამდენიმე წლის დაგვიანებით გაიგოს - საერთაშორისო ამბები ხომ ქართული მედიის პრიორიტეტული და საყვარელი თემების ჩამონათვალში არ შედის.

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების სიღრმისეული ანალიზისთვის მას არც კადრები ჰყავს, არც “ექსპერტები” და არც ფული აქვს, რაც უმნიშვნელო საკითხი სულაც არ არის.

რუსეთსა და აშშ-ში თითო-თითო კორესპონდენტი, თუ არ ვცდები, სულ 2 ტელეკომპანიას ჰყავს, ისიც განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.

ახლო მომავალში რომელიმე ტელეკომპანიამ თურქეთში, ირანსა თუ უკრაინაში, ან თუნდაც რომელიმე ცხელ რეგიონში ბიურო გახსნას, ძნელად წარმომიდგენია - ჟურნალისტები და ოპერატორები მათ ადგილობრივი ამბების სრულად გაშუქებისთვისაც არ ჰყოფნით.

გონივრული ეჭვი მაქვს, უცხოურ მედიაში გასული და გადმოქართულებული უახლესი ამბების ამარა კიდევ დიდ ხანს დავრჩებით.
კატეგორია - ბლოგი
უცნაური პროფესიაა ჟურნალისტობა. აბარებ უნივერსიტეტში და ყოველი სემესტრის დასაწყისში, როდესაც გეკითხებიან, სად ხედავ შენს თავს 10-15 წლის შემდეგ (ერთი 10-ჯერ მაინც მაქვს გაცემული ამ კითხვაზე პასუხი 4 წლის განმავლობაში), პასუხობ იმ დროისთვის რომელიმე „ხარისხიან“ მედიასაშუალებას. გულში ფიქრობ, რომ სინამდვილეში, 15 წლის მერე, ქართველი ჰანტერ ტომპსონი იქნები. ნუ ლარი კინგი ან კრისტიან ამანპური მაინც. ამ დროს დედაშენი ფიქრობს, რომ მომავალი ინგა გრიგოლია ეზრდება ოჯახში და ერთი სული აქვს, როდის ჩამოართმევ ინტერვიუს პრეზიდენტს. შენს ლექტორებს იმედი აქვთ, რომ გიორგი სანაიების მომავალ თაობას ზრდიან, გაკითხებენ „კოვაჩი-როზენსტილის წიგნს“ და ქრონიკულად გაწერინებენ იმ დროისთვის რომელიმე პოპულარული ტელეგადაცემის განხილვას (ჩემ დროს ეგეთი გადაცემა რებრენდინგამდელი, ველური „პროფილი“ იყო).

მერე გზები იყოფა:

ა) ჩვეულებრივად აგრძელებ სწავლას, კიდევ რამდენჯერმე წერ „პროფილის“ განხილვას, იღებ დიპლომს და იწყებ მუშაობას რომელიმე სამინისტროს პიარში;

ბ) იწყებ სტაჟირებას რომელიმე კუკუ საინფორმაციო სააგენტოში (ვებ-გვერდის მისამართი ცოტა პორნოსაიტის მისამართს რომ გავს), ამოტრიალებულ პირამიდაში გაუჩერებლად პასუხობ კითხვებს „ვინ? რა? სად? როდის? რატომ? როგორ?“;

გ) იწყებ რამდენიმეწლიან სტაჟირებას რომელიმე ტელევიზიაში და სადღაც ბალზაკის ასაკსა და სიბერეს შორის შეიძლება ხელფასიც დაგინიშნონ;

დ) რაღაც ეტაპზე გიმართლებს და ხვდები, რომ არასწორი არჩევანი გააკეთე, ვარდები დეპრესიაში, იწყებ ცხოვრების გადაგეგმვას, საბოლოოდ რაღაც უცნაურ მოკლევადიან პროექტებში მონაწილეობ ანდა რჩები დეპრესიაში და ელოდები სასწაულს. (არის კიდევ ერთი ვარიანტი, ბერა ხსნის ტელევიზიას, აცხადებენ კონკურსს და თუ 90-60-90 პარამეტრებში ჯდები, შეიძლება წამყვანად აგიყვანონ.)

საბოლოო ჯამში კი, ვიღებთ ჟურნალისტთა კოჰორტას, რომლებიც მუშაობენ საკმაოდ დაბალ ანაზღაურებად სამსახურებში (თუკი დედაშენის იმედი არ ახდა და ინგა გრიგოლია არ გამოხვედი ან ზალიკო), რომელთა პროფესიულ ბედნიერებასაც ორი ძირითადი ბენეფიტი განსაზღვრავს: სემინარები ლოპოტაზე/ჭყონიას სასტუმროში/გუდაურში და ახალ წელს რომელიმე ჩინოვნიკის, არასამთავრობო ორგანიზაციის ან ბიზნეს კომპანიის ნაჩუქარი ბრენდირებული ბლოკნოტი, "ფლეშკა", ცოტა მწკლარტე შოკოლადი და წყალ-წყალა ღვინო. ერთ ახალ წელს კი შეიძლება ისე გაგიმართლოს, რომ ჩემოდანი და დაობებული ყველიც გაჩუქონ.

ჰოდა, ხარ ასე, სადღაც რუტინას, უფულობას, ნერვულ აშლილობას, ლოპოტას, პრესრელიზებს, ყველსა და შავ შოკოლადს შორის გამოჩხერილი. ნელ-ნელა გავიწყდება იმ „კოვაჩი-როზენსტილის წიგნში“ წაკითხული, რომ ჟურნალისტმა რესპონდენტისგან საჩუქრები არ უნდა აიღოს, რომ ნებისმიერი სტრუქტურა, ორგანიზაცია თუ კომპანია იმიტომ გტენის საჩუქრებს, რომ შენი ლოიალურობა მოიპოვოს და რომ ქრთამი მხოლოდ ასდოლარიანი კუპიურების შეკვრა არ არის. მერე გამოჩნდება ვინმე ჩემნაირი არშემდგარი ჟურნალისტი და დაგიწყებს ჭკუის სწავლებას.

მიზეზზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ წელს განსაკუთრებით თვალში საცემი გახდა სოციალურ ქსელებში სამთავრობო ან არასამთავრობო ორგანიზაციების ლოგოები, ჟურნალისტების ფეისბუქ-კედლებზე. ბიზნეს კომპანიებისა და ოფიციალური სტრუქტურების შემთხვევაში, ერთი შეხედვით, ყველაფერი ცხადია - ისინი ცდილობენ მოგისყიდონ, მოიპოვონ შენი კეთილგანწყობა და გაიკეთონ რეკლამა, გაზარდონ ელექტორატი და პროდუქტის მომხმარებლთა რაოდენობა. განსაკუთრებით დამაბნეველი კი არასამთავრობო ორგანიზაციების საჩუქრებია. ჩვენთან ხომ მედია და NGO სფერო ისეთი დიფუზიურია, რომ ზოგჯერ ძნელია გაარჩიო სად მთავრდება მედია და სად იწყება არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენთან ხომ ჯერ-ჯერობით სკეპტიკურობაზე დაკვეთა ამ მიმართულებით ჯერ არ შობილა.

ერთი მხრივ, რა უჭირს მისალოც ბარათს და შოკოლადს ან რა შენი ბრალია თუკი ვიღაცები „ბანბანერკა და ლიქიორს“ გიგზავნიან. ამისგან თავს ვერ დაიზღვევ, მაგრამ მეორე მხრივ, ის მაინც ხომ არის შესაძლებელი, რომ სოციალურ ქსელებში არ დასცე ყიჟინა ყოველ მიღებულ საჩუქარზე, არ ანახო გამომგზავნს, რომ მისმა იაფფასიანმა პიარმა გაჭრა და რომ მისმა ორგანიზაციამ სამუდამოდ დაივანა შენს გულსა და ფეისბუქის კედელზე. დღეს თუ ხვალ, აუცილებლად მოგიწევს გააშუქო ამბავი ორგანიზაციის შესახებ, რომლის გამოგზავნილი ტრიუფელის გემო ჯერაც პირში გაქვს. ჩვენთან, რა თქმა უნდა, ყველას აქვს არგუმენტი „საჩუქარი სულაც არ მიშლის ხელს, ვიყო კრიტიკული“ მაგრამ რა ვიცი აბა? ამერიკელი ან ბრიტანელი ჟურნალისტი თუ გრძნობს საჩუქრებს მოყოლილი ლოიალურობის საფრთხეს, ჩვენ ნეტა რა ფილტრები გვაქვს ჩაშენებული გენეტიკაში?
კატეგორია - ბლოგი
ცოტა ხნის წინ, როცა ევროკავშირის დიპლომატთან კვლევის მორიგ ინტერვიუს მოვრჩი, სოციალიზაციის მიზნით ვკითხე, ნამყოფი თუ იყო საქართველოში: „კი, ნამყოფი ვარ. თუმცა, მხოლოდ სოხუმში“ მიპასუხა ეკატერინამ და დაამატა: „იცი, როცა ჩემს ქართველ მეგობარს იგივე პასუხი გავეცი, გაიკვირვა, საქართველოში კი არა აფხაზეთში ყოფილხარო!“

ეკატერინას ზრდილობიანად ვუთხარი მადლობა, რომ ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკას მოლაპარაკებების მაგიდის მიღმაც არ ივიწყებს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეშმაკი და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება დეტალებშია.

არაღიარებული ერთეულების დაკნინების მიზნით, მედიაში ხშირად გვესმის ფრაზები “დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობა”, “მარიონეტული რეჟიმი”, ოფიციალური ტერმინოლოგიის გავლენით კი დამკვიდრდა “ოკუპირებული რეჟიმი”. მედიას სინონიმები სჭირდება, ტერმინების რეალური მნიშვნელობა კი ხშირად ანტონიმურია.

საქართველოს პოლიტიკურ ტრანსფორმაციასთან ერთად იცვლებოდა ის ტერმინები, რომლითაც აფხაზეთს/ცხინვალის რეგიონს მოიხსენიებდნენ.

მაგალითად, ედუარდ შევარდნაძე 90-იანი წლების ბოლოს აფხაზეთს - “სეპარატისტების მიერ დროებით ოკუპირებულად” მიიჩნევდა.

2014 წლის ზაფხულში, როცა არაღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტი გადადგა სოხუმში გამართული საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, თბილისში ამ ფაქტს მედიის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მორიგი არაღიარებული არჩევნების ჩატარებამდე, ქართული არხის ერთ-ერთ ტოკ-შოუში, წამყვანმა შემაშფოთებელი უწოდა იმჟამინდელ მდგომარეობას აფხაზეთში, რადგან “საფრთხე ექმნებოდა აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას”.

ვფიქრობ, რომ აუცილებელია განვმარტოთ, რატომ ვაპროტესტებთ რუსეთის გავლენას აფხაზეთში - არა იმიტომ, რომ აფხაზეთის დემოკრატიულობას ექმნება საფრთხე, არამედ იმიტომ, რომ აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებები კიდევ უფრო აძლიერებს რეპრესიებს იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რუსეთ-საქართველოს ომია. არამგონია, იმ შოუს წამყვანს, სუვერენულ აფხაზეთზე ნათელი წარმოდგენა ჰქონოდა.

დღეს თავისუფლად ვუწოდებთ აფხაზეთს და ცხინვალს “ოკუპირებულ ტერიტორიებს”. 2008 წლამდე კი ქართული დიპლომატია უძლური იყო, ტერმინი “ოკუპირებული” დაემკვიდრებინა და მხოლოდ აგვისტოს ომის შემდეგ გახდა შესაძლებელი საერთაშორისო დოკუმენტებში მისი გამოყენება.

მედია მეტწილად ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ ტერმინებს იყენებს. მაგალითად, ასე გაქრა ქართული მედიასივრციდან ტერმინი “სეპარატისტი”. თუმცა ის გამოცემები, რომლებიც რეგულარულად აშუქებენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ამბებს, განმარტავენ, რომ მათი ვებგვერდები არაღიარებულ ტერიტორიებზე მიღებულ ტერმინებს იყენებენ. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ სოხუმში და ცხინვალში დიდი ინტერესით აკვირდებიან “წამოცდენით აღიარებას” და საქართველოში დამკვიდრებულ ტერმინებს დამაკნინებლად იღებენ.

ისევ 2014 წელს, როცა აფხაზეთის ტერიტორიაზე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, პირდაპირ ეთერში მოსაუბრე ჟურნალისტს წამოსცდა: “- აფხაზეთში გამართულ არჩევნებს არ აღიარებენ საქართველოში”. ამ წინადადებაში, აფხაზეთი და საქართველო თანასწორ სუბიექტებად შეიძლება აღვიქვათ. მართალია, პირდაპირ ეთერში წამოცდენილი ფრაზა არ შეიძლება გავაიგივოთ გაეროს მიერ სახელმწიფოების აღიარებასთან, მაგრამ ქართულ საზოგადოებასაც ხშირად სჭირდება შეხსენება, რომ “აფხაზეთი საქართველოა”.

მედია და უფრო ფართო საზოგადოებაც დააბნია ცოტა ხნის წინ ახალი ტერმინის “ანექსიის” დამკვიდრებამ. თუ ტერიტორიის ოკუპაცია მტრის საჯარისო ნაწილების მიერ ტერიტორიის კონტროლს ნიშნავს, ანექსია ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე პოლიტიკური კონტროლის ძალით დამყარებას გულისხმობს.

მას შემდეგ რაც რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არა მარტო აღიარა, არამედ “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის” ხელშეკრულება გააფორმა მათთან, ქართულ დიპლომატიას ახალ რეალობასთან შესაბამისი ტერმინის მოფიქრება მოუხდა.

შედეგად, საქართველომ ამ მოვლენას აფხაზეთის “დეფაქტო ანექსია” უწოდა, რითიც ხაზი გაუსვა იმ პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ გავლენებს, რომლის ქვეშაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ექცეოდა.

ალბათ, ყველაფერს მედიას ვერ გადავაბრალებთ. 2015 წელს, საქართველოს იმჟამინდელი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა დიდ უხერხულობაში ჩააგდო სოხუმში წარმოთქმულმა სადღეგრძელომ. ყველა იმ ოფიციალური შეცდომის გარდა, რაც ბატონმა სიჭინავამ სოხუმში ჩასვლით დაუშვა, გავრცელებულ ვიდეოში, ის ქალაქ სოხუმს მოიხსენიებს, როგორც “Сухум”, სწორედ იმ ფორმით, როგორადაც აფხაზებს სურთ ამის წარმოჩენა. ერთი შეხედვით - წვრილმანია, სინამდვილეში კი, ქართულმა დიპლომატიამ “აფხაზეთი, საქართველოს” საერთაშორისო დოკუმენტებში დამკვიდრებას წლები შეალია.

ცოტა ხნის წინ, „ინტერპრესნიუსის“ მიხედვით, “რუსეთმა საქართველოს საზღვარი დაარღვია”. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით კი,"რუსულმა ვერტმფრენმა გადმოკვეთა საოკუპაციო ხაზი და რამდენიმე წუთის შემდეგ უკან გაბრუნდა”. როგორც ჩანს, ჟურნალისტის სურვილმა, ნიუსის სათაური შეემოკლებინა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ტერიტორიად წარმოაჩინა.

ტოკ-შოუს წამყვანს, ზვიად სიჭინავას,ან პირდაპირი ეთერის კორესპონდენტს ვერავინ დაავალდებულებს ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, მაგრამ როცა ჩემი ქართველი ნათესავი ფოტოს გადაღების ადგილად “გალის” მაგივრად “Гал-ს“ უთითებს, მაინც აღიარების ეშმაკური დეტალები მახსენდება.

ანა წურწუმია, დუბლინის უნივერსიტეტი, Marie Curie სახელობის სადოქტორო მკვლევარი
კატეგორია - ბლოგი
ბოლო დროს მედიაში აქტიურად შუქდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურუსიძის კვლავ მოსამართლედ დანიშვნის საკითხი. მურუსიძეს სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადა ეწურება 2016 წელს. 2015 წლის 18 დეკემბერს ტელეიმედის გადაცემა „პოლიტიკის“ სტუმრები იყვნენ ლევან მურუსიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი, შალვა შავგულიძე. ეს უკანასკნელი სანდრო გირგვლიანის და სულხან მოლაშვილის გახმაურებულ საქმეებზე დაზარალებული მხარის ადვოკატი იყო. გადაცემაში ოპონენტები განიხილავდნენ სანდრო გირგვლიანის და სულხან მოლაშვილის საქმეებზე მოსამართლე ლევან მურუსიძის მიერ მიღებულიგადაწყვეტილებების კანონიერების საკითხს.

გადაცემის დაწყებისთანავე, სტუმრების წარდგენისას, ჟურნალისტმა საზოგადოებას ამცნო, რომ გადაცემის სტუმრები ასევე იქნებოდნენ ლევან მურუსიძის ოპონენტები, მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი და გიორგი ტყავაძე. მოგვიანებით, უშუალოდ მოსამართლეების ჩართვის წინ, გადაცემის წამყვანებმა განაცხადეს, რომ ამ მოსამართლეებს აქვთ პრეტენზიები და გამოთქვეს სურვილი კითხვები დაუსვან ლევან მურუსიძეს.

ცნობილი ფაქტია, რომ მოსამართლეები, რომლებიც გადაცემის განმავლობაში კითხვებს უსვამდნენ ლევან მურუსიძეს, არიან არა მისი ოპონენტები, არამედ მისი აქტიური მხარდამჭერები. მათ მედიაში არაერთხელ გააკეთეს ლევან მურუსიძის მხარდამჭერი კომენტარები და აქტიურად გამოდიან მის დასაცავად. ეს უნდა სცოდნოდათ გადაცემის ჟურნალისტებს და მის მომზადებაზე პასუხისმგებელ პირებს. მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებისა, მოსამართლეები, მერაბ გაბინაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი და გიორგი ტყავაძე გადაცემის წამყვანებმა წარმოაჩინეს როგორც ლევან მურუსიძის ოპონენტები და მის მიმართ პრეტენზიის მქონე პირები. თავად მოსამართლეებმაც სწორედ ამ სტატუსით დასვეს კითხვები. შესაბამისად, ცხადია, რომ ამგვარი „ოპონენტების“ მიერ დასმული კითხვები ვერ მოემსახურა საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზანს. მათთვის, ვინც აქტიურად ადევნებს თვალს ლევან მურუსიძის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, ადვილად შესამჩნევი იქნებოდა მანიპულაცია. ხოლო ისინი, ვისთვისაც ტელეკომპანია იმედის საშუალებით გახდა საკითხი ცნობილი, ამ გადაცემით შეცდომაში იქნენ შეყვანილი.

შემდგომ, გადაცემის მსვლელობამაც დაადასტურა რომ კითხვები, რომელთა დასმის მიზნითაც მოხდა მოსამართლეების გადაცემაში ჩართვა, შესაძლოა მიზნად არ ისახავდა საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხების სწორად წარმოჩენას. აღნიშნულზე ყურადღება ლევან მურუსიძის ოპონენტმა, შალვა შავგულიძემ გაამახვილა, გამოთქვა ეჭვი, რომ გადაცემა ლევან მურუსიძის პიარს ისახავდა მიზნად და მოსამართლეების მიერ გაჟღერებულ საკითხებზე კომენტირებისთვის დროის გამოყოფა მოითხოვა.

ჩემი აზრით, გადაცემაში დაირღვა მაუწყებლის ვალდებულება საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია, რაც დადგენილია როგორც ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებით, ისე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“, რომელიც მაუწყებელთათვის შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტია. აღნიშნული წესის 13.2. პუნქტი ადგენს, რომ „მაუწყებელი ვალდებულია მიაწოდოს აუდიტორიას სანდო და ზუსტი ინფორმაცია, არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება“.