ცხოვრება კოვიდთან ერთად ადვილი არ აღმოჩნდა შიდა ქართლისთვის - ელიზა ქრისტესიაშვილი, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი
03.05.2021
ცხოვრება კოვიდთან ერთად ადვილი არ აღმოჩნდა შიდა ქართლისთვის. მე ვარ ელიზა ქრისტესიაშვილი, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი. ვისაუბრებ იმაზე, რასაც ჩვენი მედიასაშუალება აქტიურად აშუქებს ხოლმე პანდემიის პირობებში.


ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სხვისი მზრუნველობა. ზოგი მათგანი მარტოხელაა, ზოგს შორს ჰყავს ოჯახი, ზოგიერთი კი იქით უვლის ოჯახს. ეს ადამიანები ყოველდღე იბრძვიან არსებობისთვის და ზოგჯერ უსახლკაროდ, უსახსროდ დარჩენილი დიდი ოჯახების ერთადერთი საყრდენი თვითონ არიან ხოლმე.

ამ შემთხვევაში მინდა მოგიყვეთ ერთ ქალბატონზე, რომელიც ხაშურში ცხოვრობს. ცხოვრობს შვილთან, სიძესთან და სამ მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად. სახლი, სადაც ცხოვრობენ, არ არის მათი სახლი. ისინი მარტოხელა ნათესავმა შეიფარა.

ეს ქალბატონი 61 წლის არის ის ყოველდღე ფეხით მიდის ხაშურის უფასო სასადილოში, რომელიც 40 წუთის სავალზეა და ფეხით ბრუნდება უკან. ეს ქალბატონი არ თაკილობს არანაირ სამუშაოს. დადის ნახირში, ბარავს, თოხნის. როგორც ის გვიყვება, ყველაზე ცუდი არის ის, რომ სწორედ პანდემიის გამო, იმ მცირედი შემოსავლით რაც მას აქვს, ვეღარაფერს ყიდულობს. ამ შემთხვევაში გულისხმობს საკვებ პროდუქტებს, რომლის ფასიც ძალიან არის გაზრდილი, განსაკუთრებით, აი, ასეთი გაჭირვებული ადამიანებისთვის.

მსგავსი პრობლემებით უამრავი ადამიანია, სამწუხაროდ. მე ვნახე ბავშვები, რომლებიც ავად არიან და მშობლები წამლებს ვერ ყიდულობენ. ვნახე 13 წლის ბიჭი, რომელიც სკოლაში არ წავიდა იმიტომ, რომ ქურთუკი დაუპატარავდა და რცხვენია თანატოლების, რომელიც ფიქრობს, რომ დასცინებენ და კიდევ უამრავი ასეთი შემიძლია რომ გავიხსენო.

შიდა ქართლში პანდემიის მხრივ მძიმე მდგომარეობა იყო კასპის მუნიციპალიტეტში. იყო სამი სოფელი, რომელშიც ეპიდემიამ იფეთქა. ესენია სამთავისი, იგოეთი და ქვემო ჭალა. სხვათა შორის, ქვემო ჭალა არის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელი. 25 მარტიდან დღემდე ამ ერთ სოფელში ასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

სამწუხაროდ, ორი ადამიანი გარდაიცვალა. სწორედ გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლე, რომელიც ქვემო ჭალის მკვიდრია, გვესაუბრა სავარაუდო მიზეზზე, თუ რატომ მოხდა კასპის მუნიციპალიტეტში ასეთი ეპიდაფეთქება და როგორ გავრცელდა ვირუსი ასე სწრაფად. მისი თქმით, სამთავისის ეკლესიის მრევლი მოსალოცად წავიდა თელათგორში. აქ აღინიშნება ხოლმე თევდორობა, რომლის მოსალოცადაც წავიდა მეუფე თავის მრევლთან ერთად. ეს მრევლი, როგორც ეს ქალბატონი იხსენებს, იქნებოდა დაახლოებით ორასი ადამიანი. ამიტომ ვირუსი ძალიან სწრაფად გავრცელდაო. სხვათაშორის დაუდასტურდა მეუფესაც, მგალობლებსაც და სამთავისის მონასტრის მონაზვნებსაც. რაც შეეხება ეპარქიის პოზიციას, ისინი ამბობენ, რომ ეპარქია იცავს ყველა რეკომენდაციას, რაც არის გაცემული და ისინი არ მიიჩნევენ, რომ არიან პირველწყარო ამ ეპიდაფეთქების.

აუცილებლად უნდა ვთქვათ, როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი შიდა ქართლში. გეტყვით, რომ აქტივობა არის ძალიან დაბალი.

ამას ართულებს ისიც, რომ ჩვენთან არის მხოლოდ ასტრა-ზენეკას ვაქცინა ხელმისაწვდომი. ვისაც სურდა აცრა, მაგრამ არ სურდა ასტრა-ზენეკათი აცრილიყვნენ, ასეთი ადამიანები აიცრნენ ფაიზერით ქუთაისსა და თბილისში. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ, სამწუხაროდ, ყველას არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ წასულიყვნენ ქუთაისსა და თბილისში. ამიტომ საკმაოდ ბევრია ისეთი ადამიანი, რომელთაც სურთ აცრა, მაგრამ არა ასტრა-ზენეკას ვაქცინით. ესეც ძალიან ართულებს ეპიდმდგომარეობას ჩვენს რეგიონში.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ