(ფოტო: სოციალური ქსელი)
გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე თბილისის
სააპელაციო სასამართლომ 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
გადაწყვეტილება მოსამართლე მაია კვირიკაშვილმა დღეს მიიღო.
ჩუბინიძის ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის თქმით, სააპელაციო სასამართლომ მათი მოთხოვნა ნაწილობრივ გაიზიარა, რადგან ის ითხოვდა, რომ „აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო დიტო ჩუბინიძე, როგორც პოლიტპატიმარი“.
„დიტო ჩუბინიძის ბრალი იყო ჟურნალისტთა კორპუსის წინააღმდეგ მიმართული ბრალი, სადაც პროკურატურა აღიარებდა, რომ დიტო ჩუბინიძემ რესპონდენტთან ჩაწერა ინტერვიუ, შემდეგ დიტო ჩუბინიძე ამ ინტერვიუდან გამომდინარე ავრცელებდა ინფორმაციას და დიტო ჩუბინიძის მიერ ინტერვიუზე დაყრდნობილი ინფორმაციის გავრცელებით შეექმნა დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიას მუშაობაში შეფერხება. ახლა ეს რას ნიშნავს, ნებისმიერმა ჟურნალისტმა, აი, ჩემთან ახლა ინტერვიუს რომ წერთ, თუ ჩემს ინტერვიუზე დაყრდნობით თქვენს აზრს გაავრცელებთ, შეიძლება რომელიმე სამინისტრომ, ან რომელიმე უწყებამ თქვას, რომ ამა და ამ ჟურნალისტის აზრებმა მე მუშაობაში ხელი შემიშალეს და ეს არის სამშობლოს ღალატი…
ვითხოვდი, რომ ასეთი ბრალდებით არ შეიძლება ადამიანს შეეფარდოს პატიმრობა და მივუთითებდი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე „შაჰინ ალფაი თურქეთის წინააღმდეგ“ [Şahin Alpay v. Turkey] … ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ არ შეიძლება ეჭვის საფუძველზე, როცა არ არსებობს დასაბუთებული რაიმე სტანდარტი, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, ადამიანის დაპატიმრება და ეს გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, მაგრამ ნაწილობრივ, იმიტომ რომ მე ვითხოვდი, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო დიტო ჩუბინიძე, როგორც პოლიტპატიმარი“, - ამბობს ხატიაშვილი „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.
დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით 22 ოქტომბერს დააკავეს.
------------------------
პროკურატურის განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დომენტი
ჩუბინიძე სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების
გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს
და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო
ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის
სამონასტრო კომპლექსის ნაწილი“.
უწყების მტკიცებით, ამ ქმედებით ჩუბინიძემ „განზრახ,
საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ,
განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის
სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას“.
---------------------------
ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით აქამდე
პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. მან 23 ოქტომბრის
სასამართლო პროცესზე
თქვა, რომ ის „ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური ტყვეა“ და
სამშობლოსთვის არ უღალატია. ჩუბინიძეს თბილისის საქალაქო
სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით
პატიმრობა სწორედ 23 ოქტომბერს შეუფარდა.

