საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
დავით ქართველიშვილი გახდა. მისი კანდიდატურა სამეურვეო საბჭოს
თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ დაასახელა და მხარი, ლაშა ტუღუშისა
და ლიკა ბასილაია-შავგულიძის გარდა, ყველამ დაუჭირა. ქართველიშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ 6
წლის ვადით
აირჩიეს.
„ბატონო ვასიკო, კოლეგებო, დიდი მადლობა ამ ნდობისთვის. მართლა დიდი მადლობა. ჩემთვის არაფერი არ შეიცვლება ამით გარდა იმისა, რომ პასუხისმგებლობა გაიზრდება და მით უმეტეს, რომ ბატონი გია მურღულიას შემცვლელი, ეს კიდევ ცალკე თემაა, რომელსაც თავი უნდა გავართვა.
მთავარია ჩემთვის, თქვენთან ერთად აი, ყველაფერი
გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ძალიან პერსპექტიული, ძალიან სიმპატიური
და მოსახლეობის ძალიან დიდი მასების მიერ ნდობით აღჭურვილი
სატელევიზიო და რადიო მაუწყებელი მართლა ფლაგმანი გახდეს ჩვენს
საინფორმაციო სივრცეში და ამისთვის თქვენთან ერთად ყველაფერს
გავაკეთებ“, - თქვა მან 29 ოქტომბრის სხდომაზე, სამეურვეო საბჭოს
თავმჯდომარის მოადგილედ მისი კანდიდატურის დასახელების
შემდეგ.
დავით ქართველიშვილი „ხალხის ძალის“ წარმომადგენელია. სამთავრობო
მედიები მას, როგორც ანალიტიკოსს ხშირად ციტირებენ. პარლამენტმა ის
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად საპარლამენტო
ოპოზიციის კვოტით, „ხალხის ძალის“ წარდგინებით 2026 წლის ივნისში
აირჩია. აქამდე, 2024 წლის 1 თებერვლიდან, ვასილ
მაღლაფერიძის მოადგილე გია მურღულია იყო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 11 წევრისგან შედგება, მისი შემადგენლობის ერთი მესამედი 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით იცვლება. საბჭოს თითოეულ წევრს 6 წლის ვადით ირჩევენ. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი 8 817 ლარია (დარიცხული), მისი მოადგილის - 6 798 ლარი (დარიცხული), საბჭოს სხვა წევრების კი - 6 085 ლარი (დარიცხული).
ამჟამად სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით ერთი წევრის ადგილი ვაკანტურია, რადგან ფრაქცია „საქართველოსთვის“ წარდგენილი კანდიდატებიდან ასარჩევად საჭირო ხმა ვერცერთმა ვერ დააგროვა.
--------------
„პარლამენტის რეგლამენტში“ შეტანილი ცვლილებებით, 1 ივლისიდან
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის წესი
შეიცვალა. მეურვის კანდიდატურა ღია კონკურსით აღარ შეირჩევა, გაუქმდა
წევრობის კანდიდატების შემრჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის
პროცედურაც. ახლა პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო
საბჭოს წევრობის კანდიდატს შესაბამისი კვოტის მქონე სუბიექტი
წარუდგენს. მეურვის 1 თანამდებობაზე პირის ასარჩევად მას მეურვეობის
მხოლოდ 1 კანდიდატი წარედგინება.
--------------
სამეურვეო საბჭოს დანარჩენი წევრები ახლა
არიან: დავით
ქართველიშვილი, გია მურღულია, ლიკა ბასილაია-შავგულიძე, ლაშა ტუღუში,
იზაბელა ოსიპოვა, თამილა დოლიძე, გია კოხრეიძე, გია იაკობაშვილი, სოსო
სტურუა და
ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც საბჭოს თავმჯდომარედ
მეორე ვადით არის არჩეული.

