ურთმელიძის განჩინება და დაბნეული მედია
08.11.2015
2015 წლის 5 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებული განჩინება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2– ში“ დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ 6 ნოემბერს ყველა ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვების მთავარი თემა იყო. მიუხედავად იმისა, რომ თემის გაშუქებას საინფორმაციო გადაცემებში დიდი დრო დაეთმო, განჩინების კანონიერება-უკანონობასთან დაკავშირებული საკითხების და ამ განჩინებით შექმნილი პრობლემების შესახებ მაყურებელმა ბევრი ვერაფერი გაიგო.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

“მოამბის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში პირველი სიუჟეტი “რუსთავი 2-ის” დროებითი მმართველების მიერ მოწყობილ პრესკონფერენციას და განცხადებებს დაეთმო. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ დროებითი მმართველები არ აპირებენ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას მანამდე, სანამ განჩინება სასამართლოს ყველა ინსტანციას არ გაივლის. მან მაყურებელს მათი სამპუნქტიანი გეგმაც გააცნო. ჟურნალისტი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განსაკუთრებით გააკრიტიკეს განჩინების ის ნაწილი, სადაც მოსამართლე არხის სარედაქციო პოლიტიკაზე მსჯელობს და ის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად მიიჩნიეს.

სიუჟეტში ჟურნალისტი განჩინების თაობაზე 11 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებასაც ეხება და ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ეჭვქვეშ აყენებენ მოსამართლის მიუკერძოებლობას და აღნიშნავენ, რომ მმართველად დანიშნული პირები მიუკერძოებლები ვერ იქნებიან.

რა არის ის არგუმენტები, რომელთა საფუძველზეც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეჭვქვეშ დააყენეს მოსამართლის მიუკერძოებლობა; რატომ ვერ იქნებიან სასამართლოს მიერ დანიშნული დროებითი მმართველები - “ნეიტრალური და მიუკერძოებელი” მმართველები, როგორც ამას განჩინება მოითხოვს; რატომ არ გაავრცელა საქალაქო სასამართლომ განჩინების მიღების თაობაზე განცხადება; მოქმედი გენერალური დირექტორისა და ფინანსური დირექტორისთვის უფლებამოსილებების შეჩერება ზღუდავს თუ არა მხარის სამართლიანი სასამართლოს უფლებას - ეს არის თემები, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მსჯელობისა და განსჯის საგანი 6 ნოემბერს არ გამხდარა.

სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტი აცხადებს, რომ “რუსთავი 2-ს” სასამართლოში სარჩელი შეაქვს და 271-ე მუხლის გაუქმებას ითხოვს. თუმცა, კომენტარში “რუსთავი 2-ის” იურისტი ამბობს, რომ ისინი ითხოვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების 271-ე მუხლზე გავრცელებას და არა მის გაუქმებას.

“იმედი”

„ქრონიკის“ მთავარ გამოშვებაში გასულ რეპორტაჟში აქცენტი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლზე გაკეთდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად“ და რომელიც საფუძვლად დაედო მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებას. „იმედმა“ განჩინების სამართლებრივი მხარეები, შედარებით თანმიმდევრულად და გასაგებად გააშუქა.

რეპორტაჟში ჩაწერილია ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია: „ნებისმიერი იურისტი, რომელიც ობიექტურად შეაფასებს ამ განჩინებას, გეტყვით, რომ არანაირი დარღვევა საკონსტიტუციო სასამართლოს აკრძალვისა, არ არის. ჩვენი მოთხოვნა სულ სხვა ნორმებზეა დაფუძნებული“.

ტელეკომპანიის იურისტი, თამთა მურადაშვილი კი განმარტავს, რომ დაუყოვნებლივი აღსრულების შემთხვევაშიც, შედეგი ანალოგიური იქნებოდა: „შემოვიდოდა კომპანიაში ქიბარ ხალვაში, დანიშნავდა ის საკუთარ დირექტორს, ასახავდა სამეწარმეო რეესტრში და მივიღებდი იგივე სურათს, რაც მოხდა დღეს ანუ შინაარსობრივად ეს არის ერთი და იგივე ნორმა, უბრალოდ კოდექსში ნუმერაციით გაწერილია, როგორც სხვადასხვა ნორმა“.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ ძალაში დარჩა ის საფრთხეები, რომელთა თავიდან არიდებაც საკონსტიტუციო სასამართლოს სურდა: „საერთო სასამართლოებმა ფაქტობრივად, დაძლიეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც არ შეესაბამება კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს“.

ჟურნალისტმა მაყურებელს განჩინების ის ნაწილიც გააცნო, რომელიც არხის სარედაქციო საქმიანობას ეხება. „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა განჩინების ამ ნაწილზე საუბრისას აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების კომპეტენცია და უფლებამოსილება არ არის არხის სარედაქციო მუშაობაში ჩარევა და მსგავსი ჩანაწერი სახიფათო პრეცენდენტს ქმნის, საია-ს წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა კი ამავე ნაწილის პოლიტიკურ მხარეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ განჩინების ერთადერთი მიზანია, შეიცვალოს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობა. რეპორტაჟში ხაზგასმულია ისიც, რომ განჩინების გასაჩივრება შეიძლება როგორც სააპელაციო, ისე საკონსტიტუციო სასამართლოში.

“მაესტრო”

“რუსთავი 2-ის” ირგვლივ განვითარებული მოვლენები იყო ტელეკომპანია “მაესტროს” მთავარი საინფორმაციო გამოშვების პირველი თემაც. “კონტაქტმა” მაყურებელს “რუსთავი 2-ის” დროებითი მმართველების შესახებ მომზადებული სიუჟეტი შესთავაზა. ჟურნალისტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქიბარ ხალვაშის მიერ დანიშნული დროებითი მმართველები უფლებამოსილების გამოყენებას არ აპირებენ მანამდე, სანამ განჩინება სასამართლოს ყველა ინსტანციას არ მოივლის. წარმოდგენილი იყო რევაზ საყევარიშვილის და დავით დვალის მოკლე ავტობიოგრაფიებიც. არიან თუ არა საყევარიშვილი და დვალი „მხარეებისაგან ნეიტრალური, დამოუკიდებელი “ პირები, როგორც ამას განჩინება მოითხოვს - ამ საკითხზე “კონტაქტის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში არაფერი თქმულა.

განჩინების სამართლებრივი მხარის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში ჟურნალისტი აცხადებს, რომ მოსამართლის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მესამე პუნქტს ეყრდნობა, სადაც წერია რომ სასამართლოს შეუძლია სარჩელის უზრუნველყოფისთვის გამოიყენოს “სხვა ღონისძიებებიც”, თუ ეს აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ კი აუცილებელ ღონისძიებად “რუსთავი 2-ში” დროებითი მმართველის დანიშვნა მიიჩნია. განჩინების სამართლებრივი ნაწილის შეფასებისთვის გამოყენებულია რამდენიმე იურისტის კომენტარი, თუმცა, რატომ არის განჩინება დაუსაბუთებელი და რატომ ეწინააღმდეგება ის საერთაშორისო სამართლის ნორმებს, სიუჟეტში ნათლად განმარტებული არ არის.

სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტი მოსამართლის მიერ განჩინების ერთ დღეში მომზადების საკითხსაც შეეხო: “სამართალმცოდნეების ნაწილი ამბობს, რომ მათ ასეთი სრულყოფილი დასაბუთება პირველი ინსტანციის სასამართლოში ამ დრომდე არ უნახავთ. თუმცა, მათთვის დამატებით კითხვებს ეს ფაქტიც აჩენს. ამბობენ, რომ ასეთ მოკლე დროში ასეთი დასაბუთების მომზადება თითქმის შეუძლებელია”.

“რუსთავი 2”

არის თუ არა “რუსთავი 2-ის” ირგვლივ მიმდინარე მოვლენები თავისუფალი სიტყვის ხელყოფა, რა გეგმები აქვთ ახალ მმართველებს ტელეკომპანიასთან დაკავშირებით, რა გავლენა აქვს ხელისუფლებას მოსამართლის მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რამდენად სამართლიანი/კანონიერი იყო მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება, რა საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა განჩინებას და რა პრობლემები შეიძლება შეექმნას საქართველოს “რუსთავი2-ის” ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო საერთაშორისო ასპარეზზე - ეს არის თემები, რომლებზეც აქცენტი “რუსთავი 2 ის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გაკეთდა.

სიუჟეტში, რომელიც საერთაშორისო გამოხმაურებებს ეხებოდა, ყურადღება გამახვილებული იყო იმ ფაქტზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის “მწვავე განცხადება” მოჰყვა. განცხადებაში თეა წულუკიანი “მეგობრულად სთხოვს” აშშ-ს საელჩოს საქართველოში, განმარტოს, “რას ნიშნავს ღამით მომხდარი პროცესები”. ჟურნალისტი ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, “საჯარო რეესტრმა გადაწყვეტილება არა ღამით, არამედ საღამოს 6 საათის შემდეგ განათავსა”, თუმცა, მაყურებლისთვის გაურკვეველი დარჩა, ზუსტად როდის დაიდო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ვებგვერდზე. “კურიერში” არც საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადება უჩვენებიათ, სადაც მათ ვებგვერდზე სასამართლოს განჩინების განთავსების ზუსტი დროა მითითებული.

„კავკასია“

ტელეკომპანია „კავკასიამ“ დღის მთავარი, 40-წუთიანი საინფორმაციო გადაცემიდან „რუსთავი 2“-ის თემას დაახლოებით 35 წუთი დაეთმო. საინფორმაციო გამოშვებაში დეტალურად განიხილეს დროებითი მმართველების გეგმები და მოსარჩელე და მოპასუხე მხარის პოზიციები. წამყვანმა მაყურებელს განჩინების “ძირითადი პუნქტებიც” გააცნო. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაყურებლისთვის გაურკვეველი დარჩა, ჰქონდა თუ არა მოსამართლეს “რუსთავი 2-ში” დროებითი მმართველების დანიშვნის უფლება, იყო თუ არა კომპანიაში მენეჯმენტის შეცვლის საჭიროება და დროებითი მმართველების დანიშვნით ეზღუდება თუ არა “რუსთავი 2-ს” სამართლიანი სასამართლოს უფლება.

“2030”

იქნება თუ არა ახალი მენეჯმენტი “რუსთავი 2-ის” სარედაქციო პოლიტიკის გარანტი, გავიდა თუ არა სამართლებრივი ჩარჩოდან მოსამართლე თამაზ ურთმელიძე, როდის გამოიტანა მოსამართლემ განჩინება და რომელ საათზე დარეგისტრირდა განცხადება რეესტრში, არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა და საერთაშორისო ორგანიზაციების გამოხმაურება - სწორედ ამ თემებზე გაამახვილა ყურადღება “2030-მა”.

სიუჟეტში, რომელიც მაყურებელს “რუსთავი 2-ის” დროებითი მმართველების გეგმებს აცნობს, ჩაწერილია “რუსთავის 2-ის” ადვოკატი, რომელიც აცხადებს, რომ მოსამართლის განჩინება ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს 2 ნოემბრის გადაწყვეტილებას.

მოგვიანებით, “2030-მა” შემოგვთავაზა სიუჟეტი - "სამართლებრივი შეფასება", სადაც სამართლის სპეციალისტები - დავით ასათიანი, შალვა ხაჭაპურიძე, ლადო სანიკიძე და გიორგი ცერცვაძე აცხადებენ, რომ “საკონსტიტუციო სასამართლოში “რუსთავი 2-ის” ადვოკატებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე და 269-ე პუნქტები აქვთ გასაჩივრებული და არა 271-ე, რომლითაც მოსამართლემ იხელმძღვანელა” და შესაბამისად, მოსამართლის განჩინება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

მთავარი აქცენტი, რომელიც გადაცემაში გაკეთდა, განჩინების მიღების დროს ეხება. გადაცემის დასაწყისში წამყვანი ამბობს, რომ “გვარამია, არასამთავრობო სექტორი, აშშ-ს ელჩი, რესპუბლიკური პარტიის წევრები და თავად უმრავლესობის ლიდერი, ყველა ერთად, მოსამართლის მიერ შუა ღამისას მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებდა. თუმცა, დღის ბოლოს მათმა ნაწილმა აღიარა რომ შეცდომაში იყვნენ შეყვანილები.” სიუჟეტში კი დეტალურადაა აღწერილი გადაწყვეტილების მიღების და განჩინების რეესტრში დარეგისტრირების დრო, ნაჩვენებია საჯარო რეეტრის განცხადება და ჩაწერილია ქიბარ ხალვაშის ადვოკატიც, რომელიც ამბობს, რომ გადაწყვეტილება ღამით არ მიუღიათ.

იყო თუ არა ტელეკომპანიის მენეჯმენტის შეცვლის საჭიროება მაშინ, როცა მენეჯმენტს ყველა მნიშვნელოვანი უფლებამოსილების განხორციელება ისედაც შეზღუდული აქვს, ქონებას კი ყადაღა ადევს; არიან თუ არა დროებით მმართველებად დანიშნული რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი "ნეიტრალური და მიუკერძოებელი პირები", როგორც ამას განჩინება მოითხოვს, ჩაერია თუ არა განჩინებით მოსამართლე არხის სარედაქციო პოლიტიკაში, რატომ არ გაავრცელა საქალაქო სასამართლომ განჩინების მიღების თაობაზე განცხადება; მოქმედი გენერალური დირექტორისა და ფინანსური დირექტორისთვის უფლებამოსილებების შეჩერება ზღუდავს თუ არა მხარის სამართლიანი სასამართლოს უფლებას - 2030-ში ეს საკითხები არ გაშუქებულა.

“რუსთავი 2-ის” ირგვლივ განვითარებული მოვლენების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, სახალხო დამცველის, ევროკავშირის წარმომადგენლობის და აშშ-ს საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადებები ყველა ტელეკომპანიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქდა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ