გზის გადაკეტვის საბაბით დაკავებულ ვახო სანაიას 6-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
19.10.2025

ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანს, ჟურნალისტ ვახო სანაიას მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ის გზის გადაკეტვის ბრალდებით დღეს, 19 ოქტომბერს დააკავეს. 

„ფორმულამ“ ვახო სანაიას დაკავება როგორც ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის შევიწროებად მიიჩნია. 

„ამ რეპრესიულ გარემოში სამოქალაქო უფლებების უკიდურესი შეზღუდვის ფონზე, მედიის თავისუფლების ხელყოფა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება. ეს ხდება მაშინ, როცა ხვალ, 20 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატები საქართველოში არსებულ ვითარებას, მათ შორის მედიაზე ზეწოლას განიხილავენ.

ვახო სანაია მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანია და ის ახლა ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს. მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ“, - განაცხადა ტელეკომპანიამ. 

ტელეწამყვანის დაკავება მედიის და სიტყვის თავისუფლების უხეში დარღვევად შეაფასა „მედიის ადვოკატირები კოალიციამ“, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს:

„მედიის წარმომადგენლებზე მსგავსი სახის ზეწოლა, გამონაკლისი არ არის. განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში , როცა მედიაზე ზეწოლამ “ქართული ოცნების” მხრიდან სისტემური და ორგანიზებული ხასიათი მიიღო. მსგავსი ქმედებები შეტევაა არა მხოლოდ მედიის წინააღმდეგ, არამედ თითოეული მოქალაქის თავისუფლების წინააღმდეგ.

კოალიცია  სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას, ყველა მის კოლეგას და მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც საკუთარი უფლებების დაცვას ცდილობენ. ვითხოვთ ვახო სანაიას და ყველა უკანონოდ დაკავებული მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“.

ვახო სანაიას დაკავებას გამოეხმაურა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც“, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ მოუწოდა.

„ბოლო თვეებში შემოღებული საკანონმდებლო ცვლილებებით „ქართული ოცნება“ თანმიმდევრულად ზღუდავს სივრცეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის და მოქალაქეებს პრაქტიკულად ართმევს შეკრებისა და პროტესტის გამოხატვის უფლებას. ის, თუ რა ფორმით ხდება ამ ახლად მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულება - „ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დაკავება შეუსაბამოდ მრავალრიცხოვანი საპოლიციო ჯგუფების მიერ, პოლიციელების მიერ გამოჩენილი მონდომება და სიხისტე, ცხადად აჩვენებს, რომ ამ რეპრესიული ზომების მთავარი მიზანი პროტესტის დამორჩილება და კრიტიკული ხმების ჩახშობაა.

მედია უკვე დიდი ხანია, „ქართული ოცნების“ სამიზნედაა ქცეული. ჟურნალისტებს აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ტოვებენ საარსებო რესურსების გარეშე, ყველა საშუალებით ხელს უშლიან ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს ვახო სანაიას დაკავებას და მას მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთ გამოვლინებად მიიჩნევს. უსამართლო კანონების საფუძველზე, რომლებიც არანაირ ლეგიტიმურ მიზანს და საზოგადოებრივ სიკეთეს არ ემსახურება, ჟურნალისტს ხელი ეშლება პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. ის დღეს ვერ შეძლებს „ფორმულას“ საღამოს ეთერში გადაცემის წაყვანას.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და ყველა ჟურნალისტს, ვინც „ქართული ოცნების“ მხრიდან დევნასა და შევიწროებას განიცდის.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ვახო სანაია და მომავალშიც თავი შეიკავოს ჟურნალისტების დევნისა და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისგან“, - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში. 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე უალტერნატივოდ 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვისთვის, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ