რეპორტიორები საკუთარი ქვეყნის ომში
08.08.2018
ომსა თუ კონფლიქტის ზონაში მუშაობა ნებისმიერ ადგილზე დიდ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მზადყოფნას მოითხოვს. თუმცა, საქმე გაცილებით რთულადაა, როდესაც შენს ქვეყანაში მიმდინარე ომს აშუქებ. რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ “მედიაჩეკერთან” საუბარში ქართველი რეპორტიორები იხსენებენ, როგორ მუშაობდნენ იმ დღეებში.

გოგა აფციაური


გოგა აფციაური რადიო თავისუფლების ჟურნალისტია და წლებია კონფლიქტის ზონაში მუშაობს. ამბობს, რომ სროლა და ხალხის დაშინება დღეს უკვე ოკუპირებულ სოფლებში 2008 წლის ივლისის ბოლოდან დაიწყო. 4 აგვისტოდან კი უკვე აქტიური შეტევა განხორციელდა სოფლებზე - ნული და ავნევი. პირველი მსხვერპლი და დევნილები სწორედ ამ სოფლებში იყო.

„საკუთარი ქვეყნის ომის გაშუქება, ალბათ, ყველაზე რთული ამბავია ჟურნალისტისთვის. გარდა იმისა, რომ პროფესიული მოვლეობა უნდა შეასრულო და ნაკლები ემოციით ილაპარაკო იმ ომზე, რომელიც შენს ქალაქში მიმდინარეობს, ვალდებული და პასუხისმგებელი ხარ ოჯახის წევრები დაიცვა. გორში მეუღლე, დედა და შვილები ცხოვრობდნენ, მათ ევაკუაციაზეც უნდა მეზრუნა. 8-ში საღამოს ბავშვები ნათესავებმა წაიყვანეს, 9-ში, გორი რომ დაიბომბა, მეუღლეც გავიყვანე ერთ-ერთ სოფელში. ამ დროს ბავშვი მოიწამლა და თბილისში, კლინიკაში მოგვიხდა მისი გადაყვანა. ჩავიყანეთ და მალევე დავბრუნდი უკან, უკვე ოკუპირებულ ქალაქში, სადაც 7 თუ 8 საგუშაგოს გავლა მოგვიწია. რუსები გვიმოწმებდნენ ყველაფერს, ისინი აკონტორლებდნენ იქაურობას. გორი მდუმარე ქალაქად იყო ქცეული, საკუთარი ნაბიჯების ხმა რომ გესმოდა ექოსავით. ცოტა უფრო მშვიდად ვიყავი, რადგან ოჯახი აღარ იყო ქალაქში და ვცდილობდი მაქსიმალურად ვკონცენტრირებულიყავი საქმეზე. მინდოდა ყველაფერი გამეშუქებინა, რომ ყველას ენახა ის სურათი, რასაც ჩემი თვალით ვხედავდი. მახსოვს, დღიურები გავაკეთე რადიოსთვის, დღესაც ინახება ინტერნეტში, „ომის დღიური გორიდან“- ასე ქვია.

ვუყურებდი რუსებს, როგორ დადიოდნენ ქალაქში და მიუხედავად იმისა, რომ ემოციურად ძალიან გადაღლილი ვიყავი, ვცდილობდი მათი კომენტარი მომეპოვებინა, მეკითხა რას ფიქრობდნენ, როდის წავიდოდნენ და ა.შ. ეს არ იყო ადვილი, მაგრამ პროფესიული ვალდებულება უფრო წინ დგება ასეთ დროს. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად ურთულესი იყო იმ ადამიანებთან კონტაქტი, რომლებიც ძარცვავდნენ და წვავდნენ შენს ქალაქს, ადამიანებს კლავდნენ. როგორია მათთან ინტერვიუს ჩაწერა?! მაგრამ დავძლიე ყველანაირი ემოციური განწყობა და მაინც ვიმუშავე.

ჟურნალისტები ძალიან მოუმზადებლები ვიყავით, პრესის ჯავშან ჟილეტებიც კი არ გვქონდა, ჩვეულებრივი მაისურით და ბოტასებით, სამოქალაქო ფორმით ვმუშაობდით. მერე კი ჩამოუვიდათ ეკიპირება, ჩემიც ჩამოვიდა რედაქციაში, მაგრამ აღარ წამომიღია თბილისიდან.

პირველ დღეებში ინფორმაციის ვაკუუმი იყო ჟურნალისტებს არ ჰქონდათ სათანადო ინფორმაცია, სად რა ხდებოდა, ვინ რომელ სოფელს აკონტროლებდა. მე ვიცოდი, რადგან ადგილობრივი ვარ, დეტალურად ვიცოდი რუკაზე რომელია ქართული სოფელი, რომელი - ოსური, ამან გამიადვილა მუშაობა. ჩამოსულ ჟურნალისტებს კი თავიდან ძალიან უჭირდათ, რის გამოც ტრაგიკული შემთხვევაც მოხდა - ჩვენი კოლეგები დაიღუპნენ. 12 აგვისტოდან ხელისუფლებაც მობილიზდა და რუკები მოიტანეს, მედიაცენტრი გაიხსნა. ხაზები გაავლეს, სადამდე იყო შედარებით უსაფრთხო მისვლა და ა.შ.

დათო ჩხიკვიშვილი


20 წელზე მეტია დათო ჩხიკვიშვილი სააგენტო „როიტერის“ ოპერატორია. მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში კონფლიქტები და ომები არაერთხელ გაუშუქებია . გამოცდილ რეპორტიორს საკუთარ ქვეყანაში ომის დროს მუშაობა განსაკუთრებით მძიმედ ახსოვს.

„რა თქმა უნდა, ყველგან რთულია ასეთი ტრაგედიების ყურება. როდესაც სხვაგან ვხვდებოდი ცხელ წერტილებში, რატომღაც სულ ვფიქრობდი, - კიდევ კარგი, რომ ჩემი ქვეყანა არაა, მოვრჩები მივლინებას და დავბუნდები სახლში. ომი რომ დაიწყო, მაშინვე ეს გამახსენდა, თითქოს გამიზნულად, რასაც ფიქრობ და რისიც გეშინია, ზუსტად ის მოხდა.

5-ში ჩავედით სოფელ ნულში სროლების ხმა პერიოდულად უკვე ისმოდა, პროვოკაციები გახშირებული იყო. მაგრამ მაინც ყველას გვეგონა, რომ განიმუხტებოდა ვითარება, ომზე მაინც არავინ ფიქრობდა. იქ ადგილობრივ პოლიციელებსაც ვესაუბრეთ. როგორც მერე გავიგეთ, 6-ში თუ 7-ში ორი მათგანი მოუკლავთ.

9 აგვისტოს დაბადების დღე მაქვს, შვებულებაში გავდიოდი, ბაკურიანში ვგეგმავდი წასვლას, მაგრამ ბაკურიანის მაგივრად ომში აღმოვჩნდი. 7 აგვისტოს საღამოდან სოფელ მეღვრეკისის გადასახვევთან გავჩერდით გადასაღებად და ვითარების განვითარებას ველოდებოდით. ჯერ კიდევ არ ვფიქრობდი, რომ ამას ომის სახე მიეცემოდა. გამთენიისას სროლების ხმა თანდათან გააქტიურდა, ცოტა ხნით ჩავთვლიმე და უცებ გასროლის ძლიერმა ხმამ გამეღვიძა. მერე ორი ვერტმფრენი გამოჩნდა. კამერა მქონდა ფირზე, კასეტებით, ახლა ჩიპებია, რაც ბევრად სწრაფია, ერთიანად გადააქვს მასალა. იქ კი დრო გჭირდებოდა ვიდეოს კომპიუტერში შესაყვანად,თან ინტერნეტიც ცუდად იჭერდა.

8-ში დილით უკვე სხვა ჟურნალისტებიც მოვიდნენ და ჩვენი სამხედრო მანქანების კოლონაც გამოჩნდა, ცხინვალის მიმართულებთ მიმავალი. ისე დამაჯერებლად მიდიოდნენ, ვიფიქრე, რომ ბოლოს და ბოლოს დასრულდებოდა ის, რაც წინა დღეებში ხდებოდა. დაახლოებით 3 საათზე , როცა უკან დაიწყეს გამოსვლა და დაჭრილებიც დავინახეთ, მიხვდი, რომ ცუდად იყო საქმე. ერთი კადრი მახსოვს: სამხედრო სატვირთო მანქანა გამოდიოდა, გადაღება დავიწყეთ, გავაყოლეთ კამერა მანქანას და კადრის ბოლოს ჩამოწეული ბორტიდან ფეხები დავინახეთ. ალბათ დაჭრილები იყვნენ, ან დაღუპულები, ან ორივე ერთად, არ ვიცი. უცებ ყველამ დავწიეთ კამერები, გადაღება შევწყვიტეთ, ასეთი რაღაც არასდროს გაგვიკეთებია ადრე, გამოცდილი ოპერატორები ვიყავით, ინსტინქტურად მოხდა.

მერე დაბომბვებიც დაიწყო, ერთ-ერთი მონტაჟის დროს, დაახლოებით 100 მეტრში ჩამოვარდა ჭურვი. ნახევარი გრადუსის სხვაობა რომ ყოფილიყო ლულის დამიზნებისას, შეიძლებოდა ზუსტად ჩვენს ადგილზე დაცემულიყო. თუმცა, იმაზე თუ დაიწყე ფიქრი, 5 წუთის მერე რა იქნება, ვერ იმუშავებ. იმ მომენტში უბრალოდ შენს საქმეს აკეთებ. მეორე ამბავია, რომ უაზრო რისკი არ უნდა გასწიო და ზღვარი დაიცვა, თან საქმე გააკეთო, თან თავს გაუფრთხილდე. ეს ზღვარი კი გამოცდილებაა. ადრე უფრო ვრისკავდი ხოლმე, მაგრამ ყველას ვეუბნები და ეს ჩემი სიტყვები არაა, რომ არცერთი კადრი არ ღირს სიცოცხლის ფასი. თუ გადაიღე და მოგკლეს, აზრი?! უნდა გადაიღო და გამოიტანო მასალა. ამიტომაც იყო, იქ რომ გავჩერდით და უფრო შორს, ცხინვლისკენ აღარ წავედით.

შენს ქვეყანაში მიმდინარე ომის გაშუქება ემოციურად ძალიან რთულია. სხვაგან რომ ხარ, მაინც ის განწყობა გაქვს, რომ შენ ნაკლებად გეხება. კი, რა თქმა უნდა გეცოდება ის ხალხი, ცდილობ დაეხმარო რითიც შეგიძლია, თუნდაც შენი კადრებით და ამის მსოფლიოსთვის ჩვენებით. მაგრამ ამ შემთხვევაში ვერსად მიდიხარ, ომი მოდის შენთან. სახლში გაიქცევი და იქაც შეიძლება მოგადგეს. დასაბრუნებელი არსად გაქვს. მახსოვს, ახალი ფეხსაცმელი მქონდა ლონდონში ნაყიდი, რომელიც ძალიან მომწონდა და პირველად 7 აგვისტოს რომ წავედით გადასაღებად, მაშინ ჩავიცვი. იმ ამბების მერე დანახვაც არ მინდოდა, არასდროს ჩამიცვამს, იმდენად ცუდთან ასოცირდებოდა, გადავყარე.

დათო კაკულია


დათო კაკულია ომის დროს 23 წლის იყო და ტელეკომპანია “რუსთავი 2-ში”მუშაობდა. 7 აგვისტოს, გამთენიისას, მეგობრებთან ერთად გასართობად იყო გასული, როცა პროდიუსერმა დაურეკა და გორში წასვლა სთხოვა.

“მითხრა ხვალ პრეზიდენტმა გორში დაჭრილი სამხედროები უნდა მოინახულოსო, სამხედრო ძალიან ცუდად მომხვდა ყურში, - სამხედრო თუ დაიჭრა, ე.ი. რაღაც ცუდი ხდება. მაშინვე სახლში წავედი, მოვემზადე და გორის ჰოსპიტალში ჩავედი. სამხედროები მძიმედ იყვნენ დაჭრილი, ნაღმმტყორცნის გამოყენებით. გამოვედი თუ არა ჰოსპიტალუდან, ნახევარ საათში ერთ-ერთმა წყარომ დამირეკა, სამხედრო ძალებში განგაშაო, ამან საერთოდ დამაბნია. წავედით შემოვლით გზაზე, რომელსაც ახლა ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, რომ გადაგვეღო, გვქონდა ინფორმაცია, რომ იცხრილებოდა სოფლები.

როცა ომს აშუქებ, აუცილებელია შენს სამშვიდობო ძალებს გააგებინო, რომ ამ მონკვეთზე მუშაობ, საჭიროების შემთხვევაში დახმარება რომ შეძლონ. ამიტომ მათ ტერიტორიაზე შევედით. ამ დროს ჯავშანმანქანა შემოვიდა, საიდანაც დასისხლიანებული ჯარისკაცები გადმოვიდნენ, - მთელი ღამე ვიბრძვით, გვიტევენ მაგრად, ასეთი ჯერ არ ყოფილაო. უფრო მეტად შევშფოთდით, გზა გავაგრძელეთ, ზუსტად არ მახსოვს სახელი, მაგრამ ჩვენი საგუშაგო პოსტი იყო და იქ ვერ ვნახეთ ჩვენი სამშვიდობოები. დავინახეთ ძალიან ბევრი გილზა, გავსრიალდით კიდეც, უცებ შევედით ამ ტერიტორიაზე და მახსოვს ვიღაცის ხელი დავინახეთ, გვიყვირეს დაიხარეთო, გადავირბინეთ. ჩვენები ჩასაფრებული იყვნენ, გვითხრეს გადარჩენილები ხართ, სნაიპერი გვამუშავებს, არ ჩერდებაო. ამას რასაც უყურებთ, მთელი ღამის ბრძოლის შედეგია, სავარაუდოდ უფრო მაგრად დაგვარტყამენ, ასეთი რაღაც არ მომხდარა აქამდეო.

ომი არ დაწყებულა 8 აგვისტოს, არც 7-ში, ვინც იქ დადიოდა, აშუქებდა მოვლენებს ან დამკვირვებელი იყო, ყველამ იცის, რომ ივლისის ბოლოდან სულ იყო ინტენსიური სროლები, ხან ნაღმმტყოცნების აფეთქება. ქართული მედია აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო ომში მუშაობისთვის. ზოგადად, სახელმწიფო იყო ამ მხრივ მოუმზადებელი, იმიტომაც წავაგეთ საინფორაციო ომი, ჩვენი დაშავებულები გაასაღეს თავისად და ა.შ. ჩვენ ბევრ რამეზე არ გვქონდა ინფორმაცია, ამ დროს რუსული მედია ყველანაირად მობილიზებული იყო. ყველაფერი ჰქონდათ იმისთვის, რომ გაეშუქებინათ ომი, ჯავშანჟილეტები, გადამცემები, ყველანაირი ტექნიკა. ახლა რომ ვიხსენებ, ვერ ვიმუშავე ისე, როგორც მინდოდა, არავის უსწავლებია. მერე დაიწყო ამის სწავლება, მერე გავიარეთ რაღაც კურსები. სამხედრო ჟურნალისტიკას სჭირდება სწავლა.

თუკი ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ რაღაც ვერ გავაშუქეთ და ვერ ვაჩვენეთ, ალბათ ერთი ისაა ჩემთვის, რომ ვერ გადავიღე და ვერ ვაჩვენე, როგორ იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის ქართველი ჯარისკაცი, რამდენიმე მომენტის გარდა. არადა ძალიან ბევრი იყო საჩვენებელი. ჟურნალისტების უმეტესობა მშვიდობიანად რომ გადავრჩით, ამაში დიდი წვლილი სწორედ ჩვენს ჯარისაცებს მიუძღვით. არ გვაძლევდნენ საშუალებას მათთან ერთად ჯავშანმანქანებზე დამსხდარიყავით და ისე შევსულიყავით გადასაღებად. იყო შემთხვევები, როდესაც შევიპარე და მომატრიალეს. მუშაობა ურთულესია და არავინ თქვას, რომ არ ეშინია, ისე გეშინია, როგორც არასდროს, - როდესაც 15 მეტრში ყუმბარა სკდება, შენს წინ ხეს ან ქვას ტყვია ხვდება, დაჭრილს და დასისხლიანებულ ადამიანს ხედავ დაგდებულს, გეშინია. არ გიყვებით ფილმიდან, რეალობაში ნანახს გიყვებით, შენი ქვეყნის ომია, შენი რეალობა და ეს ძალიან მძიმეა.

ავტორი : ნინო ჩიმაკაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ