ქსენოფობიური და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ არასწორი გზავნილის შემცველი სიუჟეტი "იმედზე"
28.02.2019
„არასრულწლოვანი ეთნიკური ბოშები ტურისტებზე ძალადობენ“, - ამ სათაურით 27 თებერვალს „იმედის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ქსენოფობიური სიუჟეტი გავიდა. მასალა ეხება თბილისში ტურისტების გაქურდვის ფაქტებს, რომელსაც ავტორი, ცალსახად, მტკიცებით ფორმაში ერთ-ერთ ეთნიკურ ჯგუფს უკავშირებს, ამავე დროს, ხაზს უსვამს, რომ ისინი არასრულწლოვნები არიან და “მთავარი პრობლემა ეს არის”.

„კადრებში ჩანს, როგორ ძალადობენ არასრულწლოვანი ბოშები ტურისტებზე და მათ პირად ნივთებს ძალის გამოყენებით ართმევენ. გიდები ყვებიან, რომ ამ დროს განსაკუთრებით მძიმე ვითარება იქმნება, რადგან ბავშვები ჯგუფურად მოქმედებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მთავარი პრობლემა მოზარდთა ასაკია”, - ამბობს წამყვანი მასალის წარდგენისას.

სიუჟეტი სოციალურ ქსელში მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო მასალით იწყება, რომელიც სავარაუდო გაქურდვის ფაქტს ასახავს. კადრების ფონზე ჟურნალისტი არაერთხელ ახსენებს „ბოშებს“ დამამცირებელ კონტექსტში. გარდა წამყვანისა და ჟურნალისტისა, მომხდარში მონაწილეების ეთნიკურ წარმომავლობაზე აქცენტს აკეთებენ რესპონდენტებიც.

ქსენოფობიურ სიუჟეტში დაზარალებული და გიდები დანაშაულის ჩადენის შემთხვევებს იხსენებენ და ეთნიკურად ბოშა არასრულწლოვნებს მოძალადეებად და ქურდებად იხსენიებენ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.“

გარდა ამისა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო მედიაორგანიზაციები ცალსახად უსვამენ ხაზს, რომ პიროვნების ეთნიკურ და რელიგიურ კუთვნილებას მხოლოდ მაშინ შეიძლება გაესვას ხაზი, როდესაც ამბავი უშუალოდ არის დაკავშირებული ეთნიკურობასთან თუ რელიგიასთან.

ამ სიუჟეტში პრობლემურია ქურდობაში მონაწილე პირების ასაკზე ხაზგასმა და იმის მტკიცებაც, რომ მთავარი პრობლემა მათი ასაკია. ამგვარი მესიჯები ტოვებს განცდას, რომ მართლმსაჯულებაში არასრუწლოვნებთან მიმართებით ხარვეზებია და კანონი პრობლემურია. ასეთი მსჯელობა საზოგადოებაში ახალისებს დისკუსიას, შეიცვალოს არასრულწლოვნებთან მიმართებაში არსებული ლიბერალური კანონმდებლობა (რაც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა) და გამკაცრდეს კანონი, რაც ყოვლად დაუშვებელია.

თეგები : ბავშვთა საკითხები; სტიგმატიზება;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ