მართლმადიდებელი ეკლესის რეიტინგის ამაღლების მცდელობა მაყურებელზე მანიპულირებით “იმედზე”
31.03.2020
“ეკლესია იზიარებს რეკომენდაციებს და ცდილობს ღვთისმსახურება ყველა წესის დაცვით ჩატარდეს”, - ამ სათაურით, 29 მარტს ტელეკომპანია “იმედზე”, გადაცემაში “იმედის კვირა” მანიპულაციური სიუჟეტი გავიდა. მასალა იმგვარად იყო მომზადებული, რომ ბოლო პერიოდში, კორონავირუსის გამო ეკლესიის მისამართით გაჩენილი კრიტიკული კითხვების განეიტრალებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის რეიტინგის გაუმჯობესების შთაბეჭდილებას ტოვებდა.

“იმედის კვირის” მაყურებელი 15 წუთის განმავლობაში წამყვანისგან, ჟურნალისტისა და შერჩეული რესპონდენტებისგან საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის ქება-დიდებასა და მისი გადაწყვეტილებების გამართლებას ისმენდა.

რეპორტაჟის პათოსი სათაურიდანვე გაცხადებული იყო - “ეკლესია იზიარებს რეკომენდაციებს და ცდილობს ღვთისმსახურება ყველა წესის დაცვით ჩატარდეს”. საინტერესო იყო მასალის შეფუთვაც - მრავალფეროვანი ვიზუალიზაცია, ემოციური, ახლო კადრები და ეფექტები, ემპათიური ჩანართები, ბუნებრივი ხმები და საგალობლები ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ მასალის ავტორი მაყურებელზე მანიპულაციას და მის ემოციებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდა.

გადაცემის წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ სიუჟეტი შემდეგი შესავლით წარუდგინა მაყურებელს:

“ვისაც როგორ შეუძლია, ისე იბრძვის და ცდილობს წვლილის შეტანას უხილავ მტერთან ბრძოლაში. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აკისრია ეკლესიას, ადამიანები რომ სულერად და მორალურად არ გატყდნენ. გაძლიერებულია ლოცვა, უწმინდესი ერს ამხნევებს. უფალს დახმარებას მსოფლიოს ყველა ეკლესია სთხოვს. რომის პაპი წმინდა პეტრეს ტაძარში მსოფლიოსთვის მარტო ლოცულობს. შეერთებულ შტატებში კი წმინდა ლუისის კათოლიკური ეკლესიის მღვდელმა ნიუ-იორკს გადაუფრინა, ქალაქი დალოცა და ნაკურთხი წყალი აპკურა. ვერტმფრენით თბილისს მეუფე იაკობმაც შემოუფრინა და ქალაქი იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით დალოცა. დალოცვის ამსახველ ფოტომასალას, სამწუხაროდ, საზოგადოების მცირე ნაწილის ქილიკი მოჰყვა. არადა, დღეს ერი და ბერი, როგორც არასდროს, ერთიანია უხილავ მტერთან ბრძოლაში”.

ამ შესავალის შემდეგ, სტუდიაში მყოფი სიუჟეტის ავტორისგან მოვისმინეთ საქართველოს პატრიარქის ბოდბის მონასტერში ვიზიტსა და მისი ქადაგებების შესახებ. მასალის ავტორი ვარლამ წიკლაური რეპორტაჟის წარდგენისას ამტკიცებდა, რომ ყველა ტაძარში ცდილობენ წესები ზედმიწევნით დაიცვან, ეკლესიას და მრევლს ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული პასუხისმგებლობა და ყველა ცდილობს დაემორჩილოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს.

რეპორტაჟში მაყურებელმა კონკრეტული ფაქტების, არგუმენტებისა და სპეციალისტების კომენტარების ნაცვლად, მოისმინა დაინტერესებული პირების სუბიექტური მოსაზრებები და შეფასებები. 11 წუთიან სიუჟეტში ჟურნალისტი და ყველა რესპონდენტი, საგალობლების ფონზე, ერთხმად ამტკიცებდა, რამდენად დიდ როლს თამაშობს ეკლესია ეპიდემიასთან ბრძოლაში და როგორ ზედმიწევნით ასრულებს შესაბამის რეკომენდაციებს საქართველოში მოქმედი ყველა ეკლესია.

“წესს ყველა მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი ზედმიწევნით იცავს, ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, მორწმუნეთა ნაწილი წირვას დისტანციურად, ეზოდან ისმენს, გახმოვანების სისტემები უკვე დამონტაჟდა, ეს კადრები საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია გადაღებული. მართლმადიდებელი ეკლესია ახლა სახელმწიფოსთან ერთად ცდილობს ვირუსს გაუმკლავდეს”, - უყვება მაყურებელს ჟურნალისტი და პარალელურად ეთერში გადის ფოტოები, რომლებზეც ჩანს ეკლესიაში ან ეკლესიის ეზოში დისტანციურად მდგომი მრევლი, თუმცა უცნობია, სად არის გადაღებული ფოტოები, რადგან კადრებს ადგილის აღმნიშვნელი მითითება არ ერთვის.

რეპორტაჟის ავტორი საუბრობს რამდენიმე ეკლესიის მაგალითზე და, მიუხედავად მისი მტკიცებისა, რომ ყველა ეკლესიაში წესების დაცვით მიმდინარეობს წირვა-ლოცვა, მაყურებელი ვერ ისმენს და ვერ ხედავს ამის დამადასტურებელ არგუმენტებს და შესაბამის ფაქტებს. ასევე, ჟურნალისტის მტკიცების მიუხედავად, სიუჟეტში მაყურებელი ვერც იმის მტკიცებულებებს ხედავს, რომ კორონავირუსის გამო საქართველოს ეკლესიებში გარე გახმოვანების სისტემები დამონტაჟდა.

ჟურნალისტის მტკიცებას ეჭქვეშ აყენებს ისიც, რომ საქარველოს მასშტაბით ასობით მოქმედი ეკლესიაა და ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური მონაცემები რამდენ ტაძარშია დამონტაჟებული ხმოვანი სისტემები, ასევე, არ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ყველა ეკლესიაში დაცულია სოციალური დისტანციის დაცვის რეკომენდაცია, რადგან ყველა ეკლესიაში პოლიცია არ პატრულირებს და ამ ეტაპზე არ არსებობს ეკლესიებში ვითარების კონტროლის მექანიზმი. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია იმის მტკიცება, რომ ყველა მოქმედ ეკლესიაში ერთნაირი მდგომარეობაა.

ჟურნალისტის მიერ შერჩეული რესპონდენტების აბსოლუტური უმრავლესობა ეკლესიას წარმოადგენს და დაინტერესებული პირია. 11 წუთიან სიუჟეტში მაყურებელი სულ 5 რესპონდენტის კომენტარს ისმენს - მათგან 4 სასულიერო პირი (მამა იოანე მჭედლიშვილი, დეკანოზი გიორგი სამანაშვილი, მამა ალექსანდრე გალდავა, მამა ანდრია ჯაღმაიძე) და ერთი ისტორიკოსია - სიმონ მასხარაშვილი.

სიუჟეტში ერთ-ერთი სასულიერო პირი საუბრობს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მართული და აგორებული კამპანია მიმდინარეობს. რის შემდეგაც, სასულიერო პირის მოსაზრებას ჟურნალისტი თავისი შეფასებებით ამყარებს:

“საზოგადოების გარკვეული ჯგუფები მორწმუნეებს ტაძრებში მისვლასა და ზიარებაზე უარის თქმისაკენ მოუწოდებდნენ. ადამიანთა ნაწილი სწორედ ამ რთულ პერიოდში შეეცადა ეკლესიის დისკრედიტაციას, მაშინ, როდესაც მორწმუნე ადამიანი შვებას სწორედ ტაძარში პოულობს. სოციალურ ქსელებში დაიწყო კამპანია, რომ ეკლესიას შეეცვალა წესი, რომელიც 2000 წელზე მეტს ითვლის და მაცხოვრის სისხლისა და ხორცის მისაღებად ერთჯერადი კოვზები გამოეყენებინა”.

ჟურნალისტს არ ჰყავს ჩაწერილი არც ერთი რესპონდენტი, რომელიც მეორე მხარის პოზიციას გააჟღერებდა. სასულიერო პირების გარდა, ერთადერთი რესპონდენტი, რომელიც ჟურნალისტს ისტორიკოსის სტაუსით ჰყავს ჩაწერილი, სიმონ მასხარაშვილია. იგი მაყურებელს არწმუნებს: რომ “მღვდლების წინ ზიარებულან კეთროვანი, ჭლექიანი, შავჭირიანი და არ არსებობს და არ შემოუნახავს მსოფლიო ისტორიას არც ერთი პრეცენდენტი, რომ ბოლო ზიარების შედეგად რომელიმე მღვდელი ან კეთრით დაავადებულიყოს ან შავი ჭირით დაავადებულიყოს ან რაიმე სენი შეყროდეს, იმიტომ რომ იქ ქრისტეა, ქრისტე შემოდის, ქრისტე მეფობს და უფალმა იცის რა როგორ უნდა გადაწყვიტოს. ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, ვისაც ეს არ ჯერა, ერთჯერადი კოვზები უნდა, მოდით რა, იმან მურაბა და კამპოტი ჭამოს და ზიარებას თავი დაანებოს... სხვათაშორის, კაცობრიობა, ყველა ესეთი პანდემიისგან უფალს უხსნია, უფლის ნებაა, უფლის დაშვებაა ეს ყველაფერი”.

“იმედის” მაყურებელს არ მოუსმენია ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების შეფასებები, მოსაზრებები და რჩევები. არც ჟურნალისტს უსაუბრია იმის შესახებ, თუ რა საფრთხეებს შეიცავს ეკლესიებში დიდი რაოდენობით ხალხის თავშეყრა, ჯვრებისა და ხატების კოცნა ან ზიარების რიტუალი.

სიუჟეტში მაყურებელმა ვერ გაიგო რა მდგომარეობაა ამ მხრივ მსოფლიო მასშტაბით სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებში. ჟურნალისტს არ უცნობებია, რომ ვატიკანმა დროებით გააუქმა საეკლესიო ღონისძიებები კათოლიკური აღდგომისთვის; იტალიაში, სადაც კორონავირუსის პანდემიის გავცელების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ვითარებაა, აკრძალულია მასობრივი შეკრებები და ეკლესიების ნაწილში წირვა-ლოცვა დროებით შეწყვეილია; ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია საგანგებო მდგომარეობის წესებს დაემორჩილა და მორწმუნეებს მოუწოდა, რომ ეკლესიების ნაცვლად, სახლში ილოცონ; რუმინეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, ვირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა - ამ ფაქტების შესახებ “იმედის კვირის” მაყურბელს ინფორმაცია არ მიუღია.

თეგები : მიკერძოებული გაშუქება;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ