2026 წლის III კვარტალში „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მკვეთრად შემცირდა
18.11.2026


კომუნიკაციების კომისიის ანალიტიკურ პორტალზე, analytics.comcom.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 2026 წლის III კვარტალში ტელევიზიებმა ჯამურად 11 947 955.69 ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღეს, რაც ამავე წლის წინა კვარტალთან შედარებით 13.24 მილიონით ნაკლებია. 

მიმდინარე წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში განსაკუთრებულად სამთავრობო ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის კომერციული სარეკლამო შემოსავალი შემცირდა და ტელემაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავლის 41% შეადგინა. 

ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა „იმედმა“ 2026 წლის III კვარტალში 2 953 281 ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღო, რაც წინა კვარტალთან შედარებით 63%-ით ნაკლებია. ამ წლის II კვარტალში „იმედის“ სარეკლამო შემოსავალი 8 056 696 ლარი იყო. 

2026 წლის II კვარტალთან შედარებით, ივლისი-სექტემბერში თითქმის 80%-ით შემცირდა „რუსთავი 2“-ის სარეკლამო შემოსავალი. III კვარტალში არხმა 1 976 737 ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, როცა ამ მაჩვენებელმა წინა კვარტალში 9 750 717 ლარი შეადგინა.

----------------------------------
analytics.comcom.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ამ წლის II კვარტალში ტელემაუწყებლებს შორის ყველაზე მაღალი კომერციული სარეკლამო შემოსავალი სწორედ „რუსთავი 2“-ს („მედია ჰოლდინგი“) ჰქონდა, რითაც მან ამ პერიოდში „იმედსაც“ კი გაუსწრო.  

„იმედი“ ბოლო წლების მონაცემებით, (2021-2025), ტელევიზიებს შორის  ყველაზე მეტ კომერციულ სარეკლამო შემოსავალს იღებდა, მან ყველაზე მეტი - 10 812 705 ლარის კომერციული შემოსავალი მიიღო 2026 წლის I კვარტალშიც. 
----------------------------------

მესამე კვარტალია მცირდება ბრიტანეთის მიერ სანქცირებული POSTV-ის კომერციული სარეკლამო შემოსავალიც. მიმდინარე წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში არხმა 967 910 ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო. III კვარტალში 566 301 ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღო „ჯი-დი-ეს თი-ვი“-მ, 171 681 ლარის კი - „მაესტრომ“.

რაც შეეხება ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებს, რომლებსაც „იმედსა“ და „რუსთავი 2“-თან შედარებით ბევრად ნაკლები სარეკლამო შემოსავალი ჰქონდათ მათ შორის მიმდინარე წლის I და II კვარტალშიც, „TV პირველმა“ და „ფორმულამ“ 2026 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში ისევ მილიონ-მილიონზე მეტი, 1 004 197 და 1 082 943 ლარის, კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღეს. 

კომერციული სარეკლამო შემოსავალი მოიცავს: კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს. 

----------------------------------
დიდმა ბრიტანეთმა ქართული სამთავრობო ტელევიზიები: POSTV და „იმედი“ 2026 წლის თებერვალში დაასანქცირა. სანქციის მიზეზად ორივე ტელევიზიის შემთხვევაში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ განზრახ გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაციები დასახელდა. 

სანქცირებამდე ცოტა ხნით ადრე „იმედის“ იმჟამინდელმა მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ არხის მფლობელი კომპანია - „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ სიმბოლურ ფასად, 1 000 ლარად ილია მიქელაიშვილის კომპანია „პრაიმ მედია გლობალს“ მიჰყიდა, რომელმაც ვალდებულების შესაბამისად, 50%-იანი წილი „იმედის“ 5 თანამშრომელს 100-100 ლარად მალევე გადასცა. 16 ოქტომბერს, „პრაიმ მედია გლობალმა“ „იმედის“ თანამშრომლებს 500 ლარად დარჩენილი 50%-იანი წილიც მიჰყიდა. სიმბოლურ ფასად, 100-100 ლარად გაყიდეს „იმედის“ მფლობელი კომპანიის 10%-10%-იანი წილებიც ნათია სონღლაშვილმა და ვასილ კალანდარიშვილმა. ამ ცვლილებების შედეგად, „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“ ახლა „იმედის“ ოთხი თანამშრომელი: ირაკლი ჩიხლაძე, მარიამ ლომიძე, მაია ჩიგოშვილი და მაგდა ანიკაშვილი თანაბრად ფლობს. 

ოქტომბერში, სანქცირებული POSTV-ის 52%-იანი წილი სიმბოლურ ფასად, 1 000 ლარად გაყიდა „ხალხის ძალის“ წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემაც. 
----------------------------------

7 ტელეკომპანიის მონაცემები 2026 წლის I, II და III კვარტლის კომერციულ სარეკლამო შემოსავლებზე: 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ