დიდმა ბრიტანეთმა ქართული სამთავრობო ტელევიზიები: POSTV და
„იმედი“
დაასანქცირა. ორივე ტელევიზიის შემთხვევაში სანქციის
მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ
განზრახ გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაციებია
დასახელებული:
„ის ავრცელებს და განზრახ ავრცელებდა შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ თავის აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოში იმყოფება, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში ან ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას.
კერძოდ, ის რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია, უკრაინა არის დასავლეთის „მარიონეტი“, უკრაინა არის კორუმპირებული ქვეყანა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას“, - წერია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის დოკუმენტში.
დღეს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია განაახლა და მას 300-მდე სუბიექტი, მათ შორის ქართული პროსამთავრობო ტელევიზიები დაამატა.
POSTV-სა და „იმედისთვის“ დაკისრებული სანქციების სიაში წერია: აქტივების გაყინვა, სანქციები ტრასტის სერვისებისთვის, დირექტორის დისკვალიფიკაცია.
POSTV-ის 24%-24%-იანი წილის მფლობელები თემურ ჭარელაშვილი და შალვა რამიშვილი არიან. 52%-იან წილს კი „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს. ჯაფარიძემ მიმდინარე წლის იანვარში თავისი წილის მმართველად ზაზა მარიდაშვილი დანიშნა.
თებერვალში ირაკლი რუხაძემ „იმედი“ სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად გაყიდა. სამთავრობო „იმედის“ მფლობელი კომპანიის - „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 50%-იანი წილის მფლობელი ილია მიქელაიშვილია. კომპანიის 10-10%-იანი წილს კი ნათია სონღულაშვილი, ირაკლი ჩიხლაძე, მარიამ ლომიძე, მაია ჩიგოშვილი და ვასილ კალანდარიშვილი ფლობენ.
