საქართველო
კატეგორია - საქართველო
მუქარის შემცველი შეტყობინებების მიღების გამო, "TV პირველის“ წამყვანი ვიკა ბუკია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს.

რა მოხდა?

10 მაისს TV პირველის წამყვანმა ვიკა ბუკიამ ფეისბუქზე გაასაჯაროვა მუქარის შეტყობინებების ამსახველი ფოტო, სადაც ჩანს, რომ ანონიმური პირი უცენზურო სიტყვებით მიმართავს და მას და მის თანაწამყვანს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.

  • ვიკა ბუკია ამბობს, რომ გასაჯაროებული „სქრინი“ მხოლოდ ნაწილია შეტყობინებისა და ანონიმური პირები მის ოჯახის წევრებსაც ემუქრებიან.
  • მისი თქმით, მსგავსი შინაარსის რამდენიმე შეტყობინება უცნობი პირებისგან მარტის თვეში მიიღო, თუმცა მოწერილები spam-ში იყო და ახლა აღმოაჩინა.



რას ამბობს ვიკა ბუკია?

ვიკა ბუკია მუქარის წერილებს თავის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს, თუმცა, ამბობს, რომ ვერ იხსენებს კონკრეტულ გაშუქებას ან ფაქტს, რასაც შეიძლება მსგავსი შეტყობინება მოჰყოლოდა.

  • ტელეწამყვანი მიიჩნევს, რომ მუქარის მესიჯების გაგზავნის მიზანი ჟურნალისტების დაშინების მცდელობა და ამ გზით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა.
  • „ვფიქრობ, რომ ამას დამნაშავეთა დაუსჯელობა ახალისებს. მინდა შეიქმნას პრეცენდენტი, რომ ამ ტიპის მუქარებს მოჰყვეს რეაგირება“. 

გამოხმაურება

ვიკა ბუკიას მიერ გავრცელებულ მუქარის შეტყობინებებს გამოეხმაურა კოალიცია მედიის ადვოკატირების და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი და ეფექტური გამოძიებიებისკენ მოუწოდა.

  • „ჟურნალისტებსა და სხვა მედია აქტორებზე თავდასხმასა და მათ დაშინებას გარდაუვალი მსუსხავი ეფექტი აქვს გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს ეფექტი კიდევ უფრო მძაფრია, თუ თავდასხმებისა და დაშინების ფაქტებს თან ახლავს დამნაშავეთა დაუსჯელობა“ - აცხადებს მედიაკოალიცია

ვიკა ბუკიას უკვე დაუკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან და ორივე უწყებაში გამომძიებელს დღეს შეხვდება.
კატეგორია - საქართველო
ბათუმის სასამართლომ არ დააკმაყოფილა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის, ნათია საჩივარი ტელეკომპანიის წინააღმდეგ. კაპანაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

რა ხდება?

6 მაისს, სამწლიანი განხილვის შემდეგ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე, ნათია კაპანაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ არ დააკმაყოფილა ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორის სარჩელი, სადაც ის ითხოვდა:

  • მაუწყებლის ბორდის მხრიდან მის მიმართ გამოცხადებული უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
  • თანამდებობაზე აღდგენას.
  • იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებას.
  • დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას.

კონტექსტი

ნათია კაპანაძე, აჭარის ტელევიზიისა დირექტორობიდან მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან 2019 წლის 19 აპრილს გადააყენა.

იმპიჩმენტის ინიციატორები გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე სხვადასხვა საკითხთან ერთად ნათია კაპანაძეს ედავებოდნენ:

  • „მისი დირექტორობის დროს მაუწყებლის რეიტინგის შემცირებას.“ 
  • „რომ ის არ თანამშრომლობდა მრჩეველთა საბჭოს წევრებთან და მათთან ურთიერთობას ტელევიზიის თანამშრომლებსაც უკრძალავდა.“
  • „რომ ტელევიზიაში არ სრულდებოდა პრიორიტეტები და გარკვეული საკითხები კანონის გვერდის ავლით წყდებოდა.“

2019 წლის 30 აპრილს ნათია კაპანაძემ, მაუწყებლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

სასამართლოს არგუმენტები

2019 წელს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა კაპანაძის იმპიჩმენტის საფუძვლად 17 საკითხი მოიყვანა.
სასამართლომ მათგან სამი გაიზიარა:

  1. თანამშრომლების შრომითი ანაზღაურების მოუწესრიგებლობის საკითხი.
  2. ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა - რაშიც იგულისხმება აჭარის რადიოს ინტერნეტიზაციის გამოყოფილი თანხების სხვა გამოწვევებისთვის დახარჯვა.
  3. პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა, რასაც ებმის რეიტინგის საკითხი.

„ყველა დანარჩენ ცილისწამებაზე, მაგალითად, ფინანსების მართვაზე, ხელშეკრულებების გაფორმებაზე, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო დავისთვის, მოსამართლემ თქვა, რომ არ იზიარებს მრჩეველთა საბჭოს შეფასებებს“ - ამბობს კაპანაძე.

ნათია კაპანაძის არგუმენტები

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს მოსამართლის არგუმენტებს კი აბსურდულს უწოდებს, რადგან:

  • „შეუძლებელია, ერთ დღეში შესრულდეს პროგრამული პრიორიტეტები, განსაკუთრებით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის შემთხვევაში, რადგან ადამიანური და ტექნიკური რესურსები უნდა გადაეწყოს მრჩეველთა საბჭოს მიერ დადგენილ შინაარსზე“
  • სამაუწყებლო ბადის გადაწყობა გრძელვადიანი პროცესია და ამის შესახებ მრჩეველთა საბჭოც ინფორმირებული იყო.
  • „სასამართლო პროცესზე არაერთხელ განვმარტეთ, რომ რეიტინგის ცვლილება, რომელიც იდგა მხოლოდ ფილმებზე და მექანიკურ პროდუქციაზე, იყო მოსალოდნელი. რადგან, ბადე შეიცვალა ყოველდღიური გადაცემებით“.
  • პროცესზე, მოსამართლემ არ გაიზიარა რეიტინგის მთვლელი კომპანიის სპეციალისტის არგუმენტიც იმის შესახებ, რომ ცვლილება სამაუწყებლო ბადეში შესაძლოა ხდებოდეს რეიტინგის ცვლილების მიზეზი.

6 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კაპანაძის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას „ხელისუფლების ინტერესებით ნაკარნახებს“ უწოდებს.

ნათია კაპანაძე აპირებს, საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს და გამოიყენოს „ყველა შიდა და საერთაშორისო ბერკეტი, მაუწყებლის და სარედაქციო დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე სასაუბროდ“.

„არა იმიტომ, რომ მჯერა, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების შეცვლის, არამედ იმიტომ, რომ, როგორც მოქალაქემ საჯარო პასუხისმგებლობის მატარებელმა, საზოგადოების წინაშე ჩემი ვალდებულებები სრულად შევასრულო.“ - ამბობს ნათია კაპანაძე.
კატეგორია - საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ, "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ნოდარ მელაძის გათავისუფლება უკანონოდ სცნო, ბრძანება გააუქმა და ტელეკომპანიას კომპენსაციის სახით 80 000 ლარის გადახდა დააკისრა.

რუსთავის 2-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, ნოდარ მელაძის, ინტერესების დამცველი იურისტი თეო ზაქარაშვილი ამბობს, რომ სასამართლოში ორ-წლიანი დავის შემდეგ მათი ძირითადი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია.

ნოდარ მელაძე სასამართლოს გზით ითხოვდა:
  • მისი გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას
  • განაცდურის ანაზღაურებას
  • სამსახურში აღდგენას
  • დამატებითი კომპენსაციის განსაკუთრებული წესით გამოთვლას

“2-წლიანი დავის შემდეგ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბოლო წუთამდე ჩემს მოვალეობას კეთილსინდისიერად ვასრულებდი და გათავისუფლება მოხდა გამოგონილი მიზეზით, ჰოდა ეს ბრძანება გაუქმებულია”, - წერს მელაძე.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა კომპენსაციის გაანგარიშების განსაკუთრებული წესის შესახებ. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტი ამ საკითხზე სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას დაელოდება და, ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ამ ნაწილს გაასაჩივრებს.

თეო ზაქარაშვილის ინფორმაციით, არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა აღდგენის ნაწილშიც და სანაცვლოდ სასამართლომ ტელეკომპანიას ნოდარ მელაძისთვის კომპენსაცია დააკისრა. 

კონტექსტი

ნოდარ მელაძე, რომელიც ამჟამად “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსია, 2019 წლის აგვისტოში “რუსთავი 2-დან” “სამსახურეობრივი მოვალეობის უხეში დარღვევის გამო” გაათავისუფლეს.
  • "რუსთავი 2-ში" ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ ძალაში დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, არხის მფლობელად ქიბარ ხალვაშის ცნობის შესახებ.
  • მფლობელის შეცვლის შემდეგ, გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადგილი პაატა სალიამ დაიაკავა.
  • შედეგად, ტელევიზია, პროტესტის ნიშნად, თანამშრომლების დიდმა ნაწილმა დატოვა.
კატეგორია - საქართველო
ორგანიზაციის, “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”, ანგარიშით, საქართველომ პრესის თავისუფლების ინდექსში მე-60-დან 89-ე ადგილზე გადაინაცვლა.

“ოფიციალური ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესების ძალისხმევას. 2021 წელს ქვეყანამ ჟურნალისტებზე ფიზიკური შეურაცხყოფის უპრეცედენტო რაოდენობა ნახა”- წერს RSF.

რატომ არის მნიშვნელოვანი? პრესის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია. “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” კი თავის შეფასებაში მიუთითებს, რომ ეს თავისუფლება კიდევ უფრო გაუარესებულია და საქართველო ამ კუთხით ისევ პრობლემურ ქვეყნებს შორისაა.

რა უნდა ვიცოდეთ? “რეპორტიორიები საზღვრებს გარეშე” (RSF) ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოს ქვეყნებში პრესის თავისუფლების ამსახველ ინდექსს. ორგანიზაცია შეფასებისას პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი, სოციალური და უსაფრთხოების მაჩვენებლებით ხელმძღვანელობს.

RSF-ის შეფასებით მედია ლანდშაფტი საქართველოში:

  • მრავალფეროვანია და, ამავე დროს, მძიმედ პოლარიზებული.
  • მედიის მფლობელები ხშირად ერევიან სარედაქციო შინაარსის კონტროლში.
  • ბეჭდური მედიის მკითხველი იკლებს, იზრდება ონლაინ ახალი ამბების აუდიტორია და ძლიერდება რეგიონული და სათემო რადიოსადგურები.

პოლიტიკური ინტერესები

  • დიდი მედიასაშუალებები ზოგადად იცავენ თავიანთი მფლობელების ინტერესებს, რომლებსაც ხშირად აქვთ მჭიდრო კავშირები პოლიტიკურ ლიდერებთან.
  • ხელისუფლება ერევა სახელმწიფო მედიაში და მედიის კრიტიკას პასუხობს ცენზურით, რეიდებითა და დაშინებით.

სამართლებრივი პრობლემები

  • მთავრობამ ნათლად აჩვენა თავისი მიზანი, გააკონტროლოს დამოუკიდებელი რადიოები და სატელევიზიო ქსელები ელექტრონული კომუნიკაციების კანონის ცვლილების გზით.
  • სასამართლოები ეცადნენ წყაროს კონფიდენციალობაზე თავდასხმას, მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი მის გარანტიას იძლევა.

სარეკლამო ბაზრის განუვითარებლობა და დაფინანსების პრობლემა

სარეკლამო ბაზარი არასაკმარისად განვითარებულია ბეჭდურ და ონლაინ პრესაში, რომლებსაც ძირითადად აფინანსებენ დონორები, როგორც წესი, დასავლეთიდან.

საკითხები, რომლებიც გავლენას ახდენს გაშუქებაზე

  • ქართული საზოგადოება გამოირჩევა ძლიერი სოციალური დაძაბულობით გარკვეულ საკითხებზე, რაც გავლენას ახდენს ჟურნალისტურ გაშუქებაზე.
  • ეს თემები მოიცავს რელიგიას, ლგბტ უფლებებს და რუსეთის გავლენას.
  • გავლენიანი სოციალური ფიგურები, როგორებიცაა მართლმადიდებელი სამღცდელოების წევრები, ელექტრონულად კონტროლდებიან უსაფრთხოების სამსახურების მიერ, ამით ირღვევა ჟურნალისტების კონფიდენციალური წყაროს დაცულობა.

უპრეცედენტო თავდასხმა მედიაზე

  • ხშირია სიტყვიერი თავდასხმები და ფიზიკური შეურაცხყოფა ჟურნალისტებზე. აგრესორებს შორის არიან ხელისუფლების მაღალჩინოსნები, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის დროს.
  • უპრეცენდენტო უკუსვლა იყო 2021 ივლისში 50 რეპორტიორზე თავდასხმა უსაფრთხოების ძალების თვალწინ.
  • მოვლენის გამოძიებაში გამჭვირვალობისა და პროგრესის არარსებობა აჩვენებს იმ დაუსჯელობას, რომლითაც სარგებლობენ ჟურნალისტების მიმართ დანაშაულის ჩამდენი პირები.
კატეგორია - საქართველო
გადაცემა „ახალი კვირის“ წამყვანი იმედა დარსალია და ჟურნალისეტები - სოფო ზედელაშვილი და თამთა ჯანაძე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა.


იმედა დარსალიას თქმით, გათავისუფლების შესახებ შეტყობინება დღეს მიიღეს. დირექტორის ხელმოწერილ ბრძანებაში, მათი გათავისუფლების მიზეზად, „დაუსაბუთებელი და ცრუ განცხადებების“ გავრცელებაა დასახელებული.

მაუწყებლის დირექტორი ჩვენს ზარებს და შეტყობინებებს არ პასუხობს.

იმედა დარსალია ამბობს, რომ ბრძოლას ბოლომდე აპირებენ, უახლოეს დღეებში პრესკონფერენციას გამართავენ და დეტალებზე იქ ისაუბრებენ.

“პირველი არხის” სამივე გათავისუფლებული ჟურნალისტის უფლებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავს.

კონტექსტი

  • საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” წამყვანი და 2 ჟურნალისტი მაუწყებელში ცენზურისა და ე.წ შავი სიების არსებობაზე რამდენიმე თვეა საუბრობენ.
  • პირველი არხი ბრალდებებს მის წინააღმდეგ მიმდინარე მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებდა.
  • 25 მარტს ჟურნალისტებმა პრესკონფერენცია გამართეს და ე.წ. „შავი სია“ გაასაჯაროეს.

ვრცლად ამ თემაზე:

კატეგორია - საქართველო
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის (IRI) კვლევის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით, „პირველი არხის“, „იმედის“, „მთავარი არხისა“ და „რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებულ ახალ ამბებისა და პოლიტიკური ინფორმაციების მიმართ ნდობა შემცირდა. „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ მიმართ კი მცირედით გაიზარდა.


რა ხდება?

27 აპრილს გამოქვეყნდა IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც სხვადასხვა თემასთან ერთად მედიასაც მოიცავს. 4-დან 24 მარტის ჩათვლით 1486 რესპონდენტი გამოიკითხა.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

  • ყველაზე რეიტინგული ტელევიზიების მიმართ ნდობა შემცირდა. 
  • საკვლევი ტელეარხების სიას პრორუსული ძალადობრივი ჯგუფის ტელევიზია დაემატა, „ალტ ინფო“, რომელსაც გამოკითხულთა 1% ენდობა.

რიცხვებში

IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა (34%) ტელეკომპანია „იმედს“ ენდობა, მეორე ადგილზე კი 16%-ით, „მთავარი არხია“.

  • საზოგადოების ნდობა ორივე ამ ტელევიზიის შემცირდა გასულ წელთან შედარებით.
  • წელს 13%-დან 9%-მდე შემცირდა „რუსთავი 2-ის“ მაჩვენებელი
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს წელს გამოკითხულთ 2% ენდობა - გასულ წელთან შედარებით 1%-ითაა შემცირებული.

2021 წელთან შედარებით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც „ფორმულას“ და „ტვ პირველს“ ენდობიან.

  • „ფორმულას“ წელს 4% ენდობა - შარშან ეს რიცხვი 2% იყო. „ტვ პირველის“ ნდობა კი 8-დან 11%-მდე გაიზარდა.

2021 წლისგან განსხვავებით, წელს გამოკითხვაში დაემატა ძალადობრივი პრო რუსული ჯგუფის, „ალტ-ინფოს“ ტელევიზია. კვლევის მიხედვით, „ალტ-ინფოს“ ახალ ამბებს და პოლიტიკურ ინფორმაციას გამოკითხულთა 1% ენდობა.

alt

გამოკითხულთა ნახევარი რომ ქართული მედია თავისუფალი არ არის განსხვავებული პოლიტიკური ხედვების გამოხატვაში.

მათი უმრავლესობა ამბობს, რომ ამის მიზეზი ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლაა.

სოციალური მედია

  • გასულ წლებთან შედარებით, გაზრდილია ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა. 
  • ინტერნეტსა და სოციალურ მედიას გამოკითხულთა 70% თითქმის ყოველდღე იყენებს, 19% კი - არასდროს.
  • სოციალური ქსელების მომხმარებლების უმრავლესობა - 97% ყველაზე,ხშირად „ფეისბუქს“ სტუმრობს. 25%- ინსტაგრამს, ხოლო 11% - ტიკტოკს.
alt

კვლევის სხვა მნიშვნელოვანი მიგნებები

  • საერთაშორისო ამბების მისაღებად გამოკითხულთა უმეტესობა, შარშასნდელის მსგავსად ისევ ტელევიზიას ენდობა, თუმცა ეს მაჩვენებელი თითქმის 20%-ით არის შემცირებული.
  • სამაგიეროდ, 1-დან 4%-მდე გაიზარდა ნდობა ქართული ვებ გამოცემების მიმართ.
  • თუ 2021 წელს მეტი გამოკითხული ფიქრობდა, რომ გამოხატვის თავისუფლების ხარისხი გაუმჯობესდა, წელს, თანაბარია იმ ხალხის რაოდენობა, ვინც მიიჩნევს რომ ეს მაჩვენებელი გაუმჯობესდა ან გაუარესდა.
  • ოდნავ არის გაზრდილი იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ მედიის თავისუფლება გაუმჯობესდა.
  • ამავე დროს, გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც მიიჩნევს, რომ მედიის თავისუფლების ხარისხი გაუარესდა.
  • მედიის, როგორც ინსტიტუციის კეთილგანწყობა 4%-ითაა შემცირებული, თუმცა ის მაინც უსწრებს ისეთ ინსტიტუციებს, როგორიცაა სასამართლო, პარლამენტი, პოლიტიკური პარტიები და პრეზიდენტი.
  • საერთაშორისო ამბების შესახებ ინფორმაციას რუსული არხებიდან შარშან 5% იღებდა, წელს კი - 3%, თუმცა მათ მიმართ ნდობის მაჩვენებელი არ შეცვლილა და ისევ 1%-ია.
  • საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად გამოკითხულთა 1%-ზე ნაკლები ასახელებს მედიის თავისუფლებას. შარშან კი მედიის თავისუფლებას 4% მიიჩნევდა ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად.
კატეგორია - საქართველო
პოსტსაარჩევნო მედიამონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, სამაუწყებლო მედია მკვეთრად მიკერძოებულია ხელისუფლების ან ოპოზიციის მიმართ, ონლაინ მედიის უმრავლესობა კი ამბებს ჟურნალისტური სტანდარტის დაცვით აშუქებს.


რა ხდება?

27 აპრილს პოსტსაარჩევნო მედიამონიტორინგის ანგარიში გამოქვეყნდა.

  • მედიას ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მონიტორები აკვირდებოდნენ.
  • ანგარიშში შევიდა 6 ტელევიზიასა და და 9 ონლაინ გამოცემის მონიტორინგის შედეგები 2022 წლის 24 იანვრიდან - 24 მარტამდე პერიოდში.

რა არის მნიშვნელოვანი?

  • ანგარიშის მიხედვით, პოსტსაარჩევნო პერიოდში, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს დაემთხვა, წინა ანგარიშთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა პოლარიზაცია.
  • ტელევიზისების ერთი ნაწილი ხელისუფლებისადმი იყო მიკერძოებული, მეორე კი ოპოზიციისადმი.
  • ონლაინ მედიების უმრავლესობა, ისევე, როგორც წინა პერიოდში, სიღრმისეულად და დაბალანსებულად აშუქებს მოვლენებს.

ვის აკვირდებოდნენ?

  • სატელევიზიო თოქშოუები და ახალი ამბები: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, აჭარის ტელევიზია, „მთავარი არხი“, „იმედი“, „ტვ პირველი“, ‘რუსთავი 2“.
  • ონლაინ მედია: ამბები.ჯი, ინტერპრესნიუსი, მარშალპრესი, ნეტგაზეთი, ონ.ჯი, რადიო თავისუფლება, პუბლიკა, ტაბულა, სპუტნიკი

წინასაარჩევნო მონიტორინგისგან განსხვავებით, ქარტია აღარ აკვირდებოდა რეგიონულ მედიას.

რას აკვირდებოდნენ?

პოსტსაარჩევნო პერიოდში, ისევე როგორც არჩევნებისას, მედიამონიტორები აკვირდებოდნენ სხვადასხვა სუბიექტის გაშუქებას. მათ შორის:

  • 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიები, პოლიტიკოსები და დამოუკიდებელ კანდიდატები;
  • ცენტრალური, ადგილობრივი და ავტონომიური მთავრობა და პრეზიდენტი;
  • ბიძინა ივანიშვილი;
  • მიხეილ სააკაშვილი.

ამავე სუბიექტებს ქარტია წიანასაარჩევნო პერიოდში, 2021 წლის შემოდგომაზეც აკვირდებოდა.

პოსტსაარჩევნო მედიამონიტორინგის მიგნებები დიდად არ განსხვავდება წინა მონიტორინგის შედეგებისგან.

მიგნებები მოკლედ

სატელევიზიო ახალი ამბები

რა შეიცვალა?

  • თუ წინასაარჩევნო პერიოდში აქტუალური თემა არჩევნებთან დაკავშირებული საკთხები იყო, პოსტსაარჩევნო პერიოდში სატელევიზიო ახალ ამბებში ძირითადად, რუსეთ-უკრაინის ომის თემები შუქდებოდა.

რა არ შეცვლილა?
 
  • ტელევიზია მკვეთრად პოლარიზებულია - ნაწილი ხელისუფლების მიმართ არის მიკერძოებული (მაგალითად, „პირველი არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“), ნაწილი - ოპოზიციის („მთავარი არხი“, „ტვ პირველი“).
  • მიკერძოება აისახებოდა პოლიტიკური სუბიექტების არათანაბრად გაშუქებაში - ხშირად ირღვეოდა სამართლიანი გაშუქების პრინციპიც.
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია ყველაზე პოზიტიურად ადგილობრივ ხელისუფლებას აშუქებდა;

ტოქშოუები

რა შეიცვალა?

  • ამ მონიტორინგის პერიოდში, ყველაზე აქტუალური თემა ტოქშოუებშიც რუსეთ-უკრაინის ომი იყო, განსხვავებით წინასაარჩევნო პერიოდისგან.
  • ომის დაწყების შემდეგ, პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდა.

რა არ შცვლილა?

  • მმართველი პარტიის წარმომადგენლები ისევ არ დადიან ოპოზიციურ მედიაში, ხოლო ოპოზიციური პარტიები იშვიათად ჩანან ტელეკომპანია „იმედში“.
  • ტელეკომპანია „იმედის“ გზავნილები ემთხვეოდა „ქართული ოცნების“ გზავნილებს.
  • „TV პირველი“ და „მთავარი არხი“ კი, მიკერძოებული იყო ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიმართ.
  • „რუსთავი 2“ მაქსიმალურ კომფორტს უქმნიდა მმართველ პარტიას. ხშირად ტელეკომპანია ხელისუფლებისთვის მხოლოდ ტრიბუნის როლს ასრულებდა.

ონლაინ მედია

რა შეიცვალა?

  • თუ წინასაარჩევნო პერიოდში ონლაინ მედია ყველაზე მეტად საარჩევნო სუბიექტებსა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხს აშუქებდა - პოსტსაარჩევნო პერიოდში მათი მთავარი თემაც რუსეთ-უკრაინის ომი იყო.
  • ონლაინ მედიაში სულ უფრო იკლებს გენდერული ნიშნით შეურაცხმყოფელი განცხადებების გაშუქება.

რა არ შეცვლილა?

  • ონლაინ მედია მოვლენებს დაბალანსებულად, სიღრმისეულად და სტანდარტების დაცვით აშუქებს და არ არის მიკერძოებული არცერთი პარტიული მხარის მიმართ.
  • გამონაკლისია, გამოცემები „მარშალპრესი“ და „სპუტნიკი“, რომლებიც რუსეთ უკრაინის ომს ტენდენციურად აშუქებენ და მიკერძოებულები არიან ხელისუფლების მიმართ.
  • ინტერპრესნიუსსა და ამბები.ჯი-ზე კვლავ პრობლემაა სარეკლამო სტატიების არასათანადო გამიჯვნა სარედაქციო მასალისგან.
კატეგორია - საქართველო
27 აპრილს, “როსკომნადზორმა” ქართული გამოცემის, „სოვა ნიუსის“ დაცენზურება სცადა რუსეთისთვის არასასურველი ინფორმაციის გამოქვეყნების გამო.

რა ხდება?

თბილისში დაფუძნებულმა რუსულენოვანმა გამოცემამ რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებლისგან “როსკომნადზორისგან” გაფრთხილების წერილი მიიღო, სადაც წერია, რომ „სოვამ“ ომთან დაკავშირებული მასალა რუსეთის “კანონის დარღვევით” გაავრცელა.

“როსკომნადზოირი”ითხოვს:
  • “სოვამ” 24 საათში წაშალოს მასალა რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ.
  • წინააღმდეგ შემთხვევაში ვებგვერდი დაიბლოკება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის ფარგლებში.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

  • რუსეთი საკუთარი კანომდებლობის გავრცელებას სხვა ქვეყნებშიც ცდილობს.
  • უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის მიერ მიღებული “ფეიკების” შესახებ კანონით იკრძალება უკრაინის ომის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას ეწინააღმდეგება.
  • “სოვა ნიუსის” შემთხვევა პირველი არ არის, როდესაც კრემლი ქართულ მედიაზე რუსეთის კანონმდმებლობის გავრცელებას ცდილობს. მსგავსი წერილები აპრილის დასაწყისში მიიღეს, ონლაინ მედია „ნეტგაზეთმა“ და საინფორმაციო სააგენტო „აქცენტმაც”.
  • ქართულმა მედიასაშუალებებმა მასალები არ წაშალეს, რის შემდეგაც კრემლმა რუსეთში ru.netgazeti.ge და accentnews.ge-ზე წვდომა დაბლოკა.

Sova-ს მასალა
, რომლის წაშლასაც რუსული მხარე ითხოვს „რუსეთის ფედერაციის დანაშაულები: საქართველოს გასაბჭოებიდან უკრაინის ომამდეა“. 23-წუთიანი ვიდეო “იუთუბზეა ატვირთული”, ასევე ტექსტური ვერსია გამოქვეყნებულია გამოცემის ვებგვერდზე.
კატეგორია - საქართველო
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სამეურვეო საბჭოს მეურვეების არასრულმა შემადგენლობამ საბჭოს თავმჯდომარედ 3 წლის ვადით ვასილ მაღლაფერიძე აირჩია.

მაღლაფერიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს:

  • თავად ვასილ მაღლაფერიძემ
  • ბონდო მძინარაშვილმა
  • გია მურღულიამ
  • მიხეილ ჩიკვილაძემ
  • იზაბელა ოსიპოვამ


სხდომაზე თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა ბესიკ ლილუაშვილმაც, თუმცა მან მხოლოდ 2 ხმა მიიღო - ზურა აბაშიძის და საკუთარი.

სხდომა კამათით დაიწყო. ბესიკ ლილუაშვილი და ლაშა ტუღუში ითხოვდნენ, რომ საბჭოს თავმჯდომარის არჩევა გადაედოთ იქამდე, სანამ მეცხრე წევრს არ აირჩევდა პარლამენტი და საბჭო სრული შემადგენლობით არ შეიკრიბებოდა. კენჭისყრის გადადებას ემხრობოდა ზაზა აბაშიძეც.

ლაშა ტუღუშმა ხმა არც ერთ კანდიდატს არ მისცა, რადგან საბჭოს სრული შემადგენლობით შეკრებამდე თავმჯდომარის არჩევის წინააღმდეგი იყო.

ვასილ მაღლაფერიძის არჩევამდე, 40 წუთის განმავლობაში მეურვეები კამათობდნენ. ლაშა ტუღუში ითხოვდა, რომ კენჭისყრაზე დაეყენებინათ თავმჯდომარის არჩევის გადადების საკითხი, თუმცა მეურვეების უმრავლესობა ამის წინააღმდეგი იყო. 

 

მოკლედ ვასილ მაღლაფერიძის შესახებ

ვასილ მაღლაფერიძე ბორდის წევრად „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატია. იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი იყო 2017-დან 2020 წლის აგვისტომდე. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ტელევიზიიდან ათობით თანამშრომლის უკანონოდ გათავისუფლება და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ პირველი არხის სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტიდან წასვლის შემდეგ კი, მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი იყო.

ბორდის შესარჩევ კომისიასთან გასაუბრებაზე მან თქვა, რომ:

  • მაუწყებლის მიმართ ე.წ. შავი სიების არსებობაზე გამოთქმული ბრალდებები “აბსურდია“.
  • წარსულში “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილეობა მას ობიექტურობაში ხელს არ უშლის და ამას „პირველ არხში“ მისი „განვლილი პერიოდი ადასტურებს“.
  • კანონით განსაზღვრული საშტატო ნუსხის საჭიროება საზოგადოებრივ მაუწყებელში არ არსებობს.

ვრცლად ამ თემაზე: ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ საზმაუში ე.წ. შავი სიების არსებობაზე გამოთქმული ბრალდებები აბსურდია

განახლებული სამეურვეო საბჭო

  • სამეურვეო საბჭო ახალი, თუმცა არასრული შემადგენლობით დღეს პირველად შეიკრიბა.
  • 9 წევრიანი საბჭო ჯერ 8 მეურვით არის დაკომპლექტებული.
  • 3 ვაკანტურ პოზიციაზე საბჭოს 2 ახალი წევრი - ვასილ მაღლაფერიძე და ლაშა ტუღუში 14 აპრილს შეემატა.
  • მესამე კანდიდატი კი - ლიკა ბასიალა-შავგულიძე, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ წარადგინა, პარლამენტმა არ აირჩია.

მიუხედავად ამისა, ოპოზიცია ლიკა ბასილაია-შავგულიძის კანდიდატურის წარდგენას მეორედ აპირებს.

ამავე თემაზე: ოპოზიცია საზმაუს ბორდის კანდიდატად პარლამენტში მეორედ წარადგენს ლიკა ბასილაია-შავგულიძეს
კატეგორია - საქართველო
ენმ-ის წარდგენილ კანდიდატს პარლამენტმა მხარი პირველ კენჭისყრაზე არ დაუჭირა, თუმცა ოპოზიცია ლიკა ბასილაია-შავგულიძის კანდიდატურის წამოყენებას მეორედ აპირებს.


რატომ არის ამბავი მნიშვნელოვანი?

  • თუ დეპუტატები ოპოზიციის კანდიდატ ლიკა ბასილაია-შავგულიძეს მხარს ისევ არ დაუჭერენ, პარლამენტის რეგლამენტის 209-ე მუხლის თანახმად, ბორდის ერთი კანდიდატის ასარჩევად კონკურსი თავიდან უნდა გამოცხადდეს და მაუწყებლის ბორდის წევრის შერჩევის ყველა პროცედურა თავიდან გაიმართოს.

კონტექსტი

  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის სამ ახალ კანდიდატს პარლამენტმა კენჭი 14 აპრილს უყარა.
  • კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე, "ქართული ოცნების" წევრმა მამუკა მდინარაძემ წინასწარ თქვა, რომ ლიკა ბასილაია-შავგულიძეს მხარს არ დაუჭერდნენ, რადგან ოპოზიციამ მათი კანდიდატის, ვასილ მაღლაფერიძის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა.
  • „მათ უნდოდათ [მაღლაფერიძის] მუშაობის, ძველი ცოდვების ჩამოწერა და, ბუნებრივია, ამაზე არავინ წავიდოდა“, - ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე - ეს საზოგადოებრივ მაუწყებელში „პარტიული მართვის“ მხარდაჭერა იქნებოდაო.
  • სამი წარდგენილი კანდიდატიდან პარლამენტმა მხარი ორს - ვასილ მაღლაფერიძეს და ომბუდსმენის მიერ წარდგენილ ლაშა ტუღუშს დაუჭირა.

„თუ უმრავლესობას აქვს კეთილგონიერება, მხარი უნდა დაუჭიროს ჩვენს კანდიდატს - პროცესს აკვირდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ალბათ, ექნებათ რეაგირება“ - ამბობს რომან გოცირიძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის 9-წევრიანი სამეურვეო საბჭო ჯერ 8 ადამიანისგან შედგება.

საბჭოს სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, მეურვეებმა ბორდის ახალი თავმჯდომარე ხვალ, 21 აპრილის უნდა აირჩიონ.

ამავე თემაზე: პარლამენტმა საზმაუს ბორდის 2 მეურვე აირჩია, 1 ადგილი კვლავ ვაკანტურია
კატეგორია - საქართველო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში საუბარია საქართველოში მედიაგარემოს გაუარესებაზე, მედიის წარმომადგენლობის მიმართ დევნასა და ძალადობაზე და არასრულყოფილ მართლმსაჯულებაზე.

რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ამბავი? 2021 წლის ანგარიშში მედიასთან მიმართებით დაახლოებით იმავე პრობლემებზეა საუბარი, რაზეც სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას 2020 წელსაც ამახვილებდა. თუმცა ამ ანგარიშს ემატება მედიის წარმომადგენლებზე ფარული მიყურადება ფიზიკური თავდასხმები, მათ შორის 5-6 ივლისის მოვლენები და მისი ორგანიზატორების დაუსჯელობა.

რა უნდა ვიცოდეთ? აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ანგარიშში ეყრდნობა საქართველოში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევებსა და სხვა ინფორმაციას, მათ შორის, ადამიანის უფლებებისა და მედიის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობოებს.

უფრო დეტალურად: საქართველოში, სხვადასხვა ორგანიზაცია თვეების განმავლობაში ითხოვს ჟურნალისტებზე 5-6 ივლისის თავდასხმების ორგანიზატორების დასჯას და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ამავეს იმეორებს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიც:
  • სამართალდამცველებმა 5 ივლისს ვერ დაიცვეს მშვიდობიანი აქცია და ჟურნალისტები.
  • პრემიერის განცხადება „ღირსების მარშის მიზანშეუწონლობის“ შესახებ და რომ ის თითქოს სააკაშვილისა და რადიკალური ოპოზიციის გეგმა იყო - ძალადობის პროვოცირებაში ბრალს თბილისი პრაიდს სდებდა.
  • ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები ჩანდა, რომ მიმართული იყო ჟურნალისტის დისკრედიტაციისკენ, მისი გარდაცვალების მიზეზის დადგენის ნაცვლად.
  • საქმე არ აღძრულა ძალადობრივი აქციის უშუალო ორგანიზატორების, მათ შორის „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელების მიმართ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახულია ჟურნალისტზე თავდამსხმელების არასათანადო დასჯის სხვა შემთხვევებიც, მაგალითად:
  • 25 თებერვალს, “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიაზე
  • აპრილში „ფორმულას“ ორ თანამშრომელზე.
  • გავრცელებული ინფორმაცია „მთავარი არხის” ჟურნალისტის, ემა გოგოხიასადმი მესტიის მერის მხრიდან მოკვლის მუქარების შესახებ.

არასათანადო ანგარიშვალდებულება ძველი საქმეების მიმართ:

  • საქართველომ 4 წლის შემდეგაც სათანადოდ არ გამოიძია 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმე - Maydan TV-სთან ინტერვიუში ჟურნალისტი გამტაცებლებთან თანამშრომლობაში საქართველოს სამთავრობო ორგანოებს ადანაშაულებს.
  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს 2019 წლის 19-20 ივნისის აქციაზე დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების არასათანადო გამოძიებაზეც.

მედიის მრავალფეროვნება (პლურალიზმი) შემცირდა

2020 წლის ანგარიშის მსგავსად, სახელმწიფო დეპარტამენტი გასული წელსაც მედიას აფასებს, როგორც „აქტიურს და მრავალფეროვანი ხედვების გამომხატველს“, და, რომ საქართველოს კონსტიტუცია და კანონი უზრუნველყოფს გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის პრესისა და სხვა მედიის წარმომადგენლების მიმართ

თუმცა მედიის პლურალიზმი შემცირებულია, რის მიზეზადაც, ანგარიშში რამდენიმე ფაქტორია მოყვანილი:
  • მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები ოპოზიციური მედიის მიმართ.
  • ბევრი ჟურნალისტი აცხადებს, რომ არ დაუშვეს მნიშვნელოვან საჯარო ღონისძიებებზე და ვერ მიიღეს საჯარო ინფორმაცია საჯარო უწყებებისგან.
  • მთავრობას გავლენა აქვს მედიის ნაწილზე, მათ შორის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
ასევე საუბარია „საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და მმართველ პარტიას შორის მჭიდრო ურთიერთობაზე“ - რაზეც, სახდეპის ანგარიშის მიხედვით, [საქართველოს] არასამთავრობო ორგანიზაციები ისევ შეშფოთებულები არიან.

2020 წლის მსგავსად ამ ანგარიშშიც საუბარია ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალების მფლობელებისა და დირექტორების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნაზე, რომლებიც „პოლიტიკურად მოტივირებული ჩანდა“.
კატეგორია - საქართველო

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრად ვასილ მაღლაფერიძე და ლაშა ტუღუში აირჩია, ოპოზიციის კანდიდატ ლიკა ბასილაია-შავგულიძეს კანდიდატურას კი მხარი არ დაუჭირა.


13 აპრილს, საპარლამენტო კენჭისყრამდე "ქართული ოცნების წევრმა" მამუკა მდინარაძემ წინასწარ თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ლიკა ბასილაია-შავგულიძეს მხარს არ დაუჭერდა:

„ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ ჩვენს ოპონენტებს [„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“], დაეჭირათ მხარი ჩვენი კანდიდატისათვის. ამაზე ჩვენ დადებითი პასუხი ვერ მივიღეთ, შესაბამისად, ჩვენ მათ წარმოდგენილ კანდიდატს მხარს არ დავუჭერთ" - თქვა მდინარაძემ.


კენჭისყრის შედეგები

ლაშა ტუღუში - 108 მომხრე, 0 წინააღმდეგი
ვასილ მაღლაფერიძე - 83 მომხრე, 19 წინააღმდეგი
ლიკა ბასილაია-შავგულიძე - 31 მომხრე, 2 წინააღმდეგი

ლიკა ბასილაია-შავგულიძე პარლამენტს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" წარუდგინა. იგი ჟურნალისტი, კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრის დირექტორია. 2014-დან 2018 წლამდე იყო ვებპორტალ eugeorgia.info-ს მთავარი რედაქტორი. მას მედიის საკითხებზე სხვადასხვა მიმართულებით თითქმის 30 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს.

პარლამენტის რეგლამენტის 209-ე მუხლი მე-13 პუნქტის მიხედვით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს ახალი კანდიდატურა 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარუდგინოს.


მოკლედ ახალი წევრების შესახებ

ვასილ მაღლაფერიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატად პარლამენტს ვასილ მაღლაფერიძე „ქართულმა ოცნებამ“ წარუდგინა.

ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი იყო 2017-დან 2020 წლის აგვისტომდე. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ტელევიზიიდან ათობით თანამშრომლის უკანონოდ გათავისუფლება და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ პირველი არხის სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკა.

უფრო კონკრეტულად:

  • მისი მმართველობისას მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები მაუწყებლის მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.
  • სხვადასხვა ორგანიზაცია მაღლაფერიძეს ნეპოტისტური საკადრო გადაწყვეტილებების გამო აკრიტიკებდა. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის შვილის ტელევიზიის თანამშრომლების საზოგადოებრივ მაუწყებელში კონკურსის გარეშე დასაქმების გამო.
  • ტელევიზიის მოქმედი თანამშრომლები ღიად საუბრობენ ვასილ მაღლაფერიძის დირექტორობისას ხელმძღვანელობის მხრიდან ცენზურის მცდელობებზე, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული თემების დაბლოკვასა და რესპოდენტების „შავი სიების“ არსებობის შესახებ.

მაღლაფერიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტიდან წასვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი იყო. ბორდის შესარჩევ კომისიასთან გასაუბრებაზე მან თქვა, რომ:

  • მაუწყებლის მიმართ ე.წ. შავი სიების არსებობაზე გამოთქმული ბრალდებები “აბსურდია“.
  • წარსულში “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილეობა მას ობიექტურობაში ხელს არ უშლის და ამას „პირველ არხში“ მისი „განვლილი პერიოდი ადასტურებს“.
  • კანონით განსაზღვრული საშტატო ნუსხის საჭიროება საზოგადოებრივ მაუწყებელში არ არსებობს.

„ქართული ოცნების“ მიერ ბორდის წევრად ვასილ მაღლაფერიძის წარდგენის შემდეგ განცხადება გაავრცელა მედიაკოალიციამ.

კოალიცია მიიჩნევს, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ვასილ მაღლაფერიძის არჩევა „მნიშვნელოვან რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს მიუკერძოებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნის იდეას და შეამცირებს საზოგადოების მიერ დაფინანსებული არხების პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესაძლებლობას“

ლაშა ტუღუში

ლაშა ტუღუშის კანდიდატურა პარლამენტს საქართველოს სახალხო დამცველმა წარუდგინა

იგი თსუ-ის პროფესორი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარეა. ტუღუშს მედიის სფეროში მუშაობის 27-წლიანი გამოცდილება აქვს. ის იყო რამდენიმე მედიასაშუალების მთავარი რედაქტორი. მუშაობს ტელეკომპანია „პალიტრაში“ წამყვანად

კონტექსტი

ბორდის სამ წევრს - ირინა ფუტკარაძეს, გიორგი ნიჟარაძეს და ირაკლი პაპავას, რომლებიც 2016 წლიდან არიან სამეურვეო საბჭოში, ვადა 18 აპრილიდან ეწურებათ. ბორდის წევრობის ვაკანტურ 3 ადგილზე კონკურსი მარტში გამოცხადდა.

თავდაპირველად ბორდის წევრობა 12 ადამიანს სურდა, თუმცა, მოგვიანებით ერთმა მათგანმა - ყოფილმა დეპუტატმა გუგული მაღრაძემ თავისი კანდიდატურა მოხსნა.

7 აპრილს, საკონკურსო კომისიამ 11 მსურველიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის 10 კანდიდატი შეარჩია. კომისიამ მხოლოდ ერთადერთი მსურველი, მაუწყებლის ყოფილი დირექტორი გია ჭანტურია არ წარუდგინა პარლამენტს.

სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესი

  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო სულ 9 წევრისგან შედგება.
  • მეურვის უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 6 წელია.
  • სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი როტაციის წესით 2 წელიწადში ერთხელ იცვლება.
  • არ შეიძლება, ერთი და იგივე ადამიანი კი მეურვედ ერთ ვადაზე მეტი ხნით აირჩეს.