საქართველო
კატეგორია - საქართველო

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ლიკა ბასილაია- შავგულიძე აირჩია. მაუწყებლის ბორდი სრულად დაკომპლექტდა

რა მოხდა? პარლამენტში 24 მაისს გამართულ პლენარულ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ლიკა ბასილაია-შავგულიძე დაამტკიცეს.

ოპოზიციის კვოტით წარდგენილ კანდიდატს მხარი 52-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

  • "ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ შევრცხვე სადმე ოდესმე ტყუილად ხარ მანდო, ვინმემ რომ არ თქვას და საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი ხალხის ნდობის და ინტერესის გაზრდაზე ვიმუშავებ მთელი მონდომებით. ყველას დიდი მადლობა, ნაციონალურ მოძრაობას, ლელოს, გირჩებს, გახარიას გუნდს და მოქალაქეებს, ასევე გიორგი ვაშაძის გუნდის წევრებს, ასევე ფრიდონ ინჯიას გუნდს", - წერს ბასილაია-შავგულიძე. 

პარლამენტის ამ გადაწყვეტილებით შეივსო საზოგადოებრივი მაუწყებლის 9-წევრიანი სამეურვეო საბჭო, რომლის თავმჯდომარე 21 აპრილს ვასილ მაღლაფერიძე გახდა.

  • 14 აპრილს 3 ვაკანტური პოზიციიდან საბჭოს 2 ახალი წევრი - ვასილ მაღლაფერიძე და ლაშა ტუღუში შეემატა.
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წარდგენილ მესამე კანდიდატს  ლიკა ბასიალა-შავგულიძეს კი პარლამენტმა მხარი პირველ კენჭისყრაზე არ დაუჭირა, ამიტომ ოპოზიციამ ის მეორედ წარადგინა.

ლიკა ბასილაია-შავგულიძე კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრის დირექტორია. ის 2014-დან 2018 წლამდე იყო ვებპორტალის eugeorgia.info-ს მთავარი რედაქტორი.

სამეურვეო საბჭოს ფუნქციებში მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრა, დებულების მიღებას, ბიუჯეტის მიღებას და სხვა ფუნქციებს მოიცავს.

კატეგორია - საქართველო
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “რესპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) “მთავარი არხის” დირექტორისადმი გამოტანილი განაჩენის გადახედვას ითხოვს.

კონტექსტი

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ მედიის უფლებების დამცველი ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციები.

რას წერს RSF?

  • “RSF ითხოვს ოპოზიციური არხის დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ უპრეცედენტო და, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენის გადახედვას.”
  • ორგანიზაცია შემაშფოთებელს უწოდებს საქართველოში დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიის მიმართ მზარდ საფრთხეებს.

“რესპორტიორები საზღვრებს გარეშე” ხაზს უსვამს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც “ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელს საქართველოში პატიმრობა მიუსაჯეს”.

RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი ჟან კაველიე ამბობს:

  • „ასეთი საეჭვო საფუძვლების მქონე საქმეში გამოტანილი განაჩენისა და სასჯელის სიმძიმე მიუთითებს, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებული იყო ოპოზიციური მედიის დასუსტების მიზნით“
  • „ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებამ პრესის თავისუფლებაზე თავდასხმების ფონზე გამოავლინა არამხოლოდ გარკვეული უმოქმედობა, არამედ მზადყოფნაც, შეაფერხოს ოპოზიციური ჟურნალისტების მუშაობა.”
  • "მოვუწოდებთ სასამართლოებს დაუყონებლივ ჩაატარონ ნიკა გვარამიას განაჩენის დამოუკიდებელი განხილვა და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო ყველა მედიისთვის საქართველოში“

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” წერს, რომ “მთავარი არხი” ხშირად ხდება ხელისუფლების თავდასხმების სამიზნე და ამის მაგალითებად არხის 111, 303 ლარით დაჯარიმება და თეა წულუკიანისა და კახა კალაძის მიერ “მთავარის” ჟურნალისტების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება მოჰყავს.

ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით 20 მაისს განცხადება გაავრცელა “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა” და “მთავარი არხის” დირექტორის გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა. საერთაშორისო გამოხმაურებებს შეუერთდნენ სხვა ორგანიზაციებიც.

ამ თემაზე ვრცლად: სასაამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა - საქმის დეტალები და შეფასებები
კატეგორია - საქართველო
საქართველოში ყველაზე დახურული საჯარო უწყება კულტურის სამინისტროა, ყველაზე ღია კი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI) 2021 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით უწყებების რეიტინგი გამოაქვეყნა.


რატომ არის მნიშვნელოვანი? “საჯარო დაწესებულებათა ყველაზე ღია თუ დახურულ უწყებად დასახელების მრავალწლიანი უწყვეტი პრაქტიკა, ხელს უწყობს ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას და საჯარო სექტორში ჯანსაღი კონკურენციის წახალისებას”, - განმარტავს IDFI.

დეტალები

ორგანიზაციამ 2021 წელს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი 285 საჯარო დაწესებულებისათვის გაგზავნილ მოთხოვნებზე მიღებული პასუხების მიხედვით შეაფასა.
  • 2021 წელს 285 საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 8 446 მოთხოვნიდან IDFI-იმ პასუხი 6,961 განცხადებაზე (82%) მიიღო.
  • წინა წელთან შედარებით საქართველოში საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მაჩვენებელი 2%-ით გაუმჯობესდა.

არცერთი პასუხი თეა წულუკიანის უწყებიდან

2021 წლის 16 მარტს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცალკე გამოყოფისა და მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, IDFI-ს სამინისტროდან მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხი აღარ მიუღია.

  • თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, სამინიტრომ აღარ გასცა ისეთი ინფორმაცია, რომელსაც ამ სამინისტროდან (კულტურის და სპორტის სამინისტროს ცალკე გამოყოფამდე) IDFI შეუფერხებლად იღებდა წინა წლებში.
  • თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრობის პერიოდი უარყოფითად აისახა სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხზეც.
  • 2021 წელს კულტურის სამინისტროს მიერ უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები უმეტესწილად სამინისტროს ფინანსების განკარგვასთან და მის საქმიანობასთან იყო დაკავშირებული.
  • კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მისი განათლების სამინისტროსგან გამოყოფიდან დაახლოებით ერთი წლის გასვლის შემდეგ, საკუთარი ვებგვერდი არ გააჩნია. შესაბამისად, არ არის უზრუნველყოფილი მთავრობის დადგენილებით პროაქტიულ გამჭირვალობასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნები.

პიროვნული ცვლილების ფაქტორი

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” თანახმად, თეა წულუკიანის მინისტრობის დროს იგივე პრობლემა არსებობდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაშიც, რომელიც წლების განმავლობაში IDFI-ის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ანგარიშებში ყველაზე დახურულ უწყებად სახელდებოდა.

  • მინისტრ თეა წულუკიანის ცვლილების შემდეგ, იუსტიციის სამინიტრომ 2021 წელს გასცა ისეთი საჯარო ინფორმაცია რომელიც, მისი ხელმძღვანელობის პირობებში დახურული იყო დაინტერესებული პირებისათვის.
  • “პიროვნული და მოსალოდნელი პოლიტიკური ცვლილებების ფაქტორის გავლენა ადმინისტრაციული ორგანოს საჯაროობის ხარისხზე, ცალსახად მიუთითებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით ქვეყანაში ქმედითი მექანიზმების შექმნის აუცილებლობაზე.”, - წერს IDFI.

ყველაზე დახურული უწყებები

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიხედვით 2021 წლის რეიტინგში 262 დაწესებულებას შორის 5 ყველაზე დახურული საჯარო უწყებაა:

  1. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
  2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია
  3. წალკის მუნიციპალიტეტის მერია
  4. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია
  5. მესტიის მუნიციპალიტეტის მერია

ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები მიიღო მთავრობის ადმინისტრაციამ (30,44%) და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრომ (0%).

ყველაზე ანგარიშვალდებული უწყებები

5 ყველაზე ანგარიშვალდებული საჯარო უწყებაა:

  1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
  2. სახალხო დამცველის აპარატი
  3. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი
  4. აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭო
  5. აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
IDFI-ის ანგარიშის თანახმად, ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მიიღო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (95,93%) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (95,65%).
კატეგორია - საქართველო
რუსული მედიის მიმართ აგრესიულ ქვეყნებს შორის რუსეთის სახელმწიფო დუმის კომისიამ საქართველოც დაასახელა.

რა მოხდა? რუსეთის სახელმწიფო დუმის შიდა საქმეებში საგარეო ჩარევის საგამოძიებო კომისიამ დაასახელა 13 ქვეყანა, რომლებიც “რუსული მედიის მიმართ ყველაზე აგრესიულად იქცევიან”.

ეს ქვეყნებია: ლატვია, უკრაინა, საფრანგეთი, მოლდოვა, პოლონეთი, ლიეტუვა, აშშ, გაერთიანებული სამეფო, საქართველო, გერმანია, კანადა, ესტონეთი და რუმინეთი.

დუმის კომისიის ხელმძღვანელი ვასილი პისკარევი ამბობს, რომ ეს ქვეყანები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ “რუსული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ დისკრიმინაციული ქმედებებისა და რეპრესიების შესახებ ინფორმაციის გაანალიზებით გამოავლინეს. ასეთი შემთხვევების რიცხვით ლიდერობენ: ლატვია, უკრაინა და საფრანგეთი.”

ბრალდებები დასავლეთს

პისკარევი ამტკიცებს, რომ დასავლეთი რამდენიმე წელია რუსული მედიის დისკრედიტაციისა და მათი მუშაობისთვის “გაუსაძლისი პირობების შესაქმნელად” მასობრივ კამპანიას აწარმოებს, რაც, მისი თქმით, მოიცავს:

  • ოფიციალურ ღონისძიებებზე აკრედიტაციებზე უარის თქმას
  • დაბრკოლებების შექმნას საბანკო მომსახურებაზე
  • მაუწყებლობის შეწყვეტას
  • საზღვარზე დაკავებებს
  • რუსული მედიისთვის პროფესიული საქმიანობის გამო ჟურნალისტების სისხლის სამართლებრივ დევნას

“დასავლეთი სიმართლის სიტყვის შიშით, არამხოლოდ კრძალავს დღეს ჩვენს მედიას თავის ქვეყნებში, არამედ აწესებს საკუთარ ცენზურას ჩვენს საინფორმაციო სივრცეში, ბლოკავს რუსეთის მოქალაქეების წვდომას რუსულ მედიასაშუალებებზე სოციალურ ქსელებში და YouTube-ის ვიდეო სერვისზე”- ამბობს დუმის დეპუტატი.

როგორ უპასუხებს კრემლი? რუსი დეპუტატი “რუსული მედიისადმი დისკრიმინაციისა და ადგილობრივი ჟურნალისტების მიმართ მტრული ქმედებების” საპასუხოდ ადეკვატურ პასუხად მიიჩნევს “კანონპროექტს სარკისებური ზომების შესახებ”.

მისი თქმით, ამ ზომებს შორისაა უცხოური მედიის რეგისტრაციისა და ლიცენზიის გაუქმება, თუკი ისინი ავრცელებენ “უკანონო” ინფორმაციას.

კონტექსტი

  • რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ სანქციები შეეხო რუსულ სამთავრობო მედიასაშუალებებს, რომლებიც საერთაშორისო აუდიტორიაზე მუშაობენ. ევროკავშირმა აკრძალა Russia Today (RT), Sputink და მათი შვილობილი კომპანიები. რუსულ სამთავრობო მედიაზე შეზღუდვებს შეუერთდნენ დიდი ტექნოლოგიური კომპანიებიც.
  • რუსეთში კი მიიღეს კანონი, რომლითაც სამხედრო მოქმედებების შესახებ „ყალბი“ ინფორმაციის განზრახ გავრცელება პატიმრობით ისჯება. ამ კანონის საფუძველზე რუსეთის მარეგულირებელმა არაერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალება და ინფორმაციის წყარო დაბლოკა.
კატეგორია - საქართველო
4 ტელევიზიის ჟურნალისტებმა ნიკა გვარამიას პატიმრობის გასაპროტესტებლად აქცია-პერფომანსი გამართეს და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ერთობლივი წერილი გაუგზავნეს.


სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტთან", სადაც პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის უფროსი მრჩეველი დერეკ შოლე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დილიდან შეხვედრებს მართავს, 4 ტელევიზიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

„მთავარი არხის“, „ფორმულას“, „ტვ პირველის“ და „კავკასიის“ მენეჯერებმა და ჟურნალისტებმა ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად აქცია-პერფორმანსი გამართეს და ოპოზიციური პარტიის ლიდერ ელენე ხოშტარიას აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ერთობლივ წერილი გაატანეს.

ჟურნალისტები წერილის დეტალურ შინაარსზე არ საუბრობენ, მაგრამ ამბობენ, რომ წერილში დერეკ შოლე გაეცნობა, თუ „რამდენად დრამატულია ქვეყანაში მდგომარეობა მედიის თავისუფლების და დემოკრატიის კუთხით“.

ჟურნალისტებს აქციაზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერებით, რომ საქართველოში დამოუკიდებელი მედია და სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია. მათ სიმბოლურად ყელსახვევები გაიკეთეს ყელზე და პირზე იმის საილუსტრაციოდ, რომ ქვეყანაში ჟურნალისტებს ახრჩობენ და აჩუმებენ და ხელისუფლება ცდილობს თავისუფალი სიტყვა ჩაახშოს.

დერეკ შოლე საქართველოში 18 მაისს ჩამოვიდა. ის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან შეხვედრებს მართავს.

კონტექსტი

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მედიის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დამოუკიდებელი მედიების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აქციებს მართავენ

18 მაისს 50-მდე მედიამ სარედაქციო განცხადებაც გაავრცელეს და სოლიდარობა გამოუცხადეს გვარამიას და „მთავარ არხს“. მედიები მიიჩნევენ, რომ კრიტიკული ტელევიზიის დამფუძნებლის დაპატიმრებით ხელისუფლება ღიად ემუქრება დამოუკიდებელ მედიებს.
კატეგორია - საქართველო
მედიასაშუალებების ორგანიზებით, თბილისში მედიის სოლიდარობის მარში იმართება.

ორგანიზატორებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე მსვლელობა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც 16 მაისს, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია დააპატიმრეს.

აქციაზე მედიამენეჯერებთან და ჟურნალისტებთან ერთად იმყოფებიან მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

ორგანიზატორების თქმით, ნიკა გვარამიას დაპატიმრებით „ქართულმა ოცნებამ“ ფეხქვეშ გათელა ადამიანის უფლებები, სასამართლო, სიტყვის თავისუფლება და ქვეყნის ევროპული მომავალი“.

  • „დღეს, როცა გახსნილია შესაძლებლობის ფანჯარა, კრიტიკული მედიის მფლობელის დაპატიმრება არის უკან დახევა ათწლეულობით ნაბრძოლი და ნაშრომი ევროინტეგრაციის შესაძლებლობისგან და დაბრუნება რუსეთში, საიდან თავის დაღწევასაც საქართველოს პატრიოტთა არაერთი თაობის წარმომადგენელთა სიცოცხლე შეეწირა და ეწირება ახლაც.
  • კრიტიკული მედია დღეს ერთადერთია, რაც საქართველოს რუსეთისგან განასხვავებს და ახლა მედიას სოლიდარობა სჭირდება“ - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.


სოლიდარობის აქცია იმართება ბათუმშიც. ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წევრები ბათუმში ცენტრალურ პარკთან შეიკრიბნენ და აჭარის მთავრობის სახლამდე მსვლელობით მივიდნენ.

კონტექსტი

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მედიის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

დღეს ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით 50-მდე მედიამ სარედაქციო განცხადებაც გაავრცელეს და სოლიდარობა გამოუცხადეს „მთავარ არხს“. მედიები მიიჩნევენ, რომ კრიტიკული ტელევიზიის დამფუძნებლის დაპატიმრებით ხელისუფლება ღიად ემუქრება დამოუკიდებელ მედიებს.

კატეგორია - საქართველო
ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსმა“ და ონლაინგამოცემებმა - „პუბლიკამ“, „სტუდია მონიტორმა“ „ნეტგაზეთმა“ და „ბათუმელებმა“ სარედაქციო განცხადებები გაავრცელეს.

მედიები მიიჩნევენ, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება არის ხელისუფლების ღია მუქარა დამოუკიდებელი მედიების მიმართ.

  • „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი“, რომელიც 45 რეგიონულ მედიას აერთიანებს, აცხადებს, რომ „გადაწყვეტილება ატარებს მედიაზე ზეწოლის ნიშნებს და განსაკუთრებულ უარყოფით გავლენას იქონიებს როგორც მედიაგარემოზე, ისე ზოგადად ქვეყნის ბედზე, მის ევროპულ მომავალზე, გაზრდის დაპირისპირების ფონს და პოლარიზაციას, რაც „დამოკლეს მახვილვით“ ჰკიდია, როგორც ქართული მედიის, ისე საქართველოს საზოგადოების თავზე“.
  • პუბლიკა“ მიიჩნევს, რომ პროკურატურისა და სასამართლოს ქმედება ემსახურებოდა არა მართლმსაჯულების ინტერესს, არამედ პოლიტიკურ მოტივს და ეს მოტივი ხელისუფლებისთვის არასასურველი მედიის გაჩუმების მცდელობაა“
  • ნეტგაზეთი“ და „ბათუმელები“ აცხადებენ, რომ ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენა და პატიმრობის მისჯა „ცალსახად აღიქმება, როგორც გაფრთხილება და მუქარა თითოეული იმ მედიისა და ჟურნალისტის მიმართ, ვინც არ ემორჩილება ხელისუფლების ცენზურას, კრიტიკულად აშუქებს მის საქმიანობას, იკვლევს კორუფციაში მაღალჩინოსანთა სავარაუდო ჩართვის შემთხვევებსა და სააშკარაოზე გამოაქვს ისეთი ფაქტები, რომლის გაშუქებაც ხელისუფლებას არ სურს“.
  • „სტუდია მონიტორის“ შეფასებით, გვარამიას დაკავების ფაქტი განსაკუთრებით საგანგაშოა იმ დროს, „როდესაც მოქმედი ხელისუფლება ახალისებს ჟურნალისტებზე ფიზიკურ ძალადობას და სათანადოდ არ სჯის ძალადობის ორგანიზატორებს, როგორც ეს მოხდა 2021 წლის 5 ივლისს“. „მონიტორი“ აცხადებს, რომ მედიის წარამომდგენლების მიმართ ხელისუფლება უკანონო ფარულ მიყურადებას ახორციელებს და ეს ფაქტი არა მხოლოდ ჟურნალისტების, არამედ მათი წყარობის უსაფრთხოებას უქმნის პრობლემებს.

მედიები სოლიდარობას უცხადებენ ნიკა გვარამიას და „მთავარ არხს“ და მოუწოდებენ მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს, რომ გააკეთონ ყველაფერი მდგომარეობის გამოსასწორებლად.



ვრცლად განცხადებები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:


კონტექსტი

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
კატეგორია - საქართველო
ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებებს 17 მაისს შეუერთდა უფლებადამცველი ორგანიზაცია “ამნესტი ინთერნეიშენალიც”.

  • ორგანიზაციის დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, მარი სტრუტერსმა განაჩენი გვარამიას მიერ ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობის მცდელობად შეაფასა.
  •  “ამნესთი ინტერნეიშენალი” გვარამიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს და საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებასა და ოპონენტების ხელის შეშლის მიზნით სასამართლოზე ხელისუფლების მზარდი გავლენის შესახებ საუბრობს.

განაჩენს საქართველოს ევროპული მომავალის სერიოზული საფრთხის წინაშე დაყენებად აფასებს 9 ევროპარლამენტარი 17 მაისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში. ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯაზე სხვა საერთაშორისო შეფასებებს გაეცანით აქ.

კონტექსტი 

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. .

ამ თემაზე ვრცლად: სასაამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა - საქმის დეტალები და შეფასებები
კატეგორია - საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკა გვარამიას განაჩენის შესახებ “მთავარი არხის” ჟურნალისტის შეკითხვებს უპასუხეს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერი ნედ პრაისი ამბობს, რომ:

  • აშშ განაგრძობს მტკიცედ დგომას დამოუკიდებელი მედიის გვერდით, იქნება ეს საქართველოში თუ მსოფლიოს სხვა ნაწილში.
  • “ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიის შეუცვლელ როლზე მთელ მსოფლიოში. ჟურნალისტების მოვალეობა სიმართლის გაშუქებასა და მსოფლიოში გავრცელებაზე მეტი არაფერია”.
  • პრაისი ყურადღებას ამახვილებს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების საჭოროებაზე.

ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ საქართველოს მისწრაფებების მიღწევა ერთ წელიწადში ან თუნდაც ერთი ათწლეულის განმავლობაში შეუძლებელია და ამისთვის მძიმე შრომა, მოთმინება და მნიშვნელოვანი რესურსებია საჭირო. აშშ-ის ამოცანის ნაწილი კი საქართველოსთან პარტნიორობის გაგრძელება და ამ გზაზე დახმარებაა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განმარტებით:

  • აშშ გააგრძელებს ქართველ ხალხთან პარტნიორობას მის დემოკრატიულ, წარმატებულ, მშვიდობიან და ევროატლანტიკურ მომავალზე ორიენტირებულ მისწრაფებებში.
  • აშშ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს და მას აქვს კარგი შესაძლებლობები წაახალისოს საქართველო რეფორმების გზაზე.

კონტექსტი
 

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
კატეგორია - საქართველო
კრიტიკული მედიების მენეჯერები და ჟურნალისტები ნიკა გვარამიას პატიმრობის საქმეზე აშშ-ს ელჩ კელი დეგნანს შეხვდნენ.

„ვთხოვეთ აშშ-ს ელჩს, რომ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველანაირი ბერკეტი, რათა ნიკა და მისი სახით, მედია გათავისუფლდეს“ - თქვა მედიებთან „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი გაბუნიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა და დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა აღნიშნეს, რომ კელი დეგნანი საქმის დეტალებს კარგად იცნობს და მიმდინარე მოვლენებზე ინფორმირებულია.

„ფორმულას“ ტელეწამყვანი, ნინო ჟიჟილაშვილის ამბობს, რომ ელჩთან შეხვედრის შემდეგ აქვს აღქმა, რომ „მედიას ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ექნება“.

მედიის წარმომადგენელთა ნაწილმა ელჩთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართა და ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით შეხვედრა სთხოვა.

„მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი გაბუნია ამბობს, რომ ნიკა გვარამიას პოზიციის და სურვილის გათვალისწინებით, „მთავარი არხი“ პრეზიდენტს მის შეწყალებას არ სთხოვს, თუმცა ფორმულას ჟურნალისტის, ნინო ჟუჟილაშვილის თქმით, გვარამიას გასათავისუფლებლად „ყველა რესურსი უნდა გამოიყენონ“.

კონტექსტი

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების შეფასებით, გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
კატეგორია - საქართველო
"მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა:

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში

იმედგაცრუებულები ვართ, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო. ეს განსაკუთრებით საგულისხმოა „რეპორტიორები საზღვრების გარეშეს“ ბოლო ანგარიშის ჭრილში, რომელშიც საერთაშორისო პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად დაკლებულია.

დიდი ბრიტანეთი გლობალური მედია თავისუფლების სადარაჯოზეა. თავისუფალი მედიის გარეშე, მოქალაქეები, პოლიტიკური სპექტრის რომელ მხარესაც არ უნდა იდგნენ, ვერ შეძლებენ თავიანთი დემოკრატიული უფლებების განხორციელებას.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

პოლონეთი შეშფოთებულია ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორისა და ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირის - ნიკა გვარამიას დაკავების გამო.

გადაწყვეტილებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს როგორც კანონის უზენაესობის აღქმაზე, ისე - მედიის თავისუფლებაზე საქართველოში

ჯიმ რიში - სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი

ნიკა გვარამიას, ქართული მედიის, „მთავარი არხის“ დირექტორს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმება საქართველოს ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებთ დააყენებს. კანონის უზენაესობა და თავისუფალი პრესა აუცილებელია დემოკრატიისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში

დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი და უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას.

თავიდანვე ამ საქმემ წარმოშვა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით. შერჩევითი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკა, მიმართული ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოებისა და თვით მთავრობის მიმართ.

განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის მომტანია.

აშშ-ის მტკიცე პოზიციაა, რომ ჯანსაღი დემოკრატია სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და მედიის თავისუფლების დაცვაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, მუდმივად მოვუწოდებდით მთავრობას არსებითი რეფორმების განხორციელებისკენ, ამ ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების დასაცავად.

მირიამ ლექსმანი - ევროპარლამენტარი

ნიკა გვარამიასთვის 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა სერიოზული შეტევაა მედიის თავისუფლებაზე და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შელახვის უწყვეტი მცდელობების ნაწილია. საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადის ფონზე არ შეიძლება ამ მოვლენების უგულებელყოფა.

ჟიგიმანტას პავილიონისი - ლიეტუვის სეიმის წევრი

როგორც ჩანს, „ქართული ოცნებას“ სურს, რაც შესაძლებელია ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის დემოკრატიული მიღწევების გასანადგურებლად და დაუშვას ყველა შეცდომა – მათ შორის უკრაინისთვის სოლიდარობის გამოცხადების ნაწილში, ასევე ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის შესახებ ისტორიული განხილვის წინ პრეზიდენტ სააკაშვილის დაკავების ნაწილში. სამწუხაროა იმის ყურება, როგორ კარგავს საქართველო შესაძლებლობას

კონტექსტი

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ამ თემაზე ვრცლად: სასაამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა - საქმის დეტალები და შეფასებები
კატეგორია - საქართველო
"მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.
 
საელჩოს განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი და უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას.

დიპლომატიური მისიის გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ამ საქმემ თავიდანვე წარმოშვა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით.
  • "შერჩევითი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკა, მიმართული ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოებისა და თვით მთავრობის მიმართ.
  • განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის მომტანია.
  • აშშ-ის მტკიცე პოზიციაა, რომ ჯანსაღი დემოკრატია სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და მედიის თავისუფლების დაცვაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, მუდმივად მოვუწოდებდით მთავრობას არსებითი რეფორმების განხორციელებისკენ, ამ ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების დასაცავად.", - წერია საელჩოს განცხადებაში, 

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორს, ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის დეტალები და შეფასებები წაიკითხეთ ამ ბმულზე.