„თანამშრომლობის სხვა ფორმატებზე კატეგორიული უარი განაცხადა“ - TV24 ნანა ლეჟავას წასვლაზე
08.07.2024



TV24 დირექტორმა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთმა წამყვანმა, ნანა ლეჟავამ დატოვა. "მედიაჩეკერს" ეს ინფორმაცია შოთა შალელაშვილის ასისტენტმა, სანდრო თოფურიამ დაუდასტურა. TV24-ის 100%-იან წილს სწორედ შალელაშვილის მეუღლე, ირა ფიჩხაძე ფლობს. 

თოფურიას თქმით, ლეჟავამ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო, რადგან მფლობელისგან შეთავაზებულ თანამშრომლობის ფორმატზე კატეგორიული უარი განაცხადა.

„ეს იყო მისი გადაწყვეტილება. მასთან თანამშრომლობის სხვა ფორმატები იყო შეთავაზებული, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა და აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს იყო მისი გადაწყვეტილება და არ ეხებოდა ჩვენი მხრიდან რაიმე პოზიციას. 

არხის მეპატრონისგან, ქალბატონი ირასგან იყო შეთავაზება და მივიღეთ უარი. შეთავაზების დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს არის იურიდიულ პირსა და იურიდიული პირის ხელმძღვანელს შორის მოლაპარაკების საგანი“.

სანდრო თოფურიას განცხადებით, ნანა ლეჟავას გადაწყვეტილების ფინანსურ ნაწილთან დაკავშირება გამორიცხულია. 

„მოლაპარაკებები, არცერთ შემთხვევაში, არ ეხებოდა ფინანსურ მხარეს…არხის განვითარებაზე იყო საუბარი, რეორგანიზაციასაც ვერ დავარქმევ  და იყო გარკვეული წინადადება არხის მეპატრონესგან არხის განვითარებასთან დაკავშირებით. გარკვეული პროგრამა უნდა შემუშავებულიყო. იყო შეთავაზებები დირექტორის მხრიდან, რაც უნდა განხორციელებულიყო, რისი უფლებაც მეპატრონეს იურიდიულად აქვს. 

შესაბამისად, შემოთავაზებულ წინადადებაზე დირექტორის მხრიდან მივიღეთ უარი და მან ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება, რომ უნდა წასულიყო…ეს გეგმა ეხებოდა ტელევიზიის განვითარების შესაძლებლობის მიცემას. ვთხოვეთ, გარკვეული პროექტის, გეგმების წარმოდეგენა. Როცა ეს ყველაფერი ვერ მივიღეთ, შევთავაზეთ ისევ ტვ 24-ზე დარჩენილიყო და ყოფილიყო სხვა სტატუსით… დირექტორის შეცვლა არ გვნდომებია….Მან გადაწყვიდა, რომ დირექტორობაც არ შეუძლია, შესაბამისად წავიდა".

„მედიაჩეკერი“ ნანა ლეჟავასთან დაკავშირებასაც ცდილობს, თუმცა, ის რედაქციის ზარებს არ პასუხობს. 

შოთა შალელაშვილის მეუღლემ, ირა ფიჩხაძემ „ტვ 24“ მიმდინარე წლის 29 იანვარს 50 000 აშშ დოლარად იყიდა. შალელაშვილი „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და მილიონერი ბიზნესმენია. მან IX მოწვევის პარლამენტი 2019 წელს დატოვა. ამჯერად ის პარტიის - „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარეა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. 

TV24-მა საცდელი მაუწყებლობა 10 ივნისს დაიწყო. 

სარედაქციო ბირთვს ლეჟავასთან ერთად იმედა დარსალია და ირაკლი აბსანძე წარმოადგენს. დარსალია საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელია.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ