საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 წევრის შესარჩევი კონკურსი მესამედ გამოცხადდა
21.05.2024


საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის − მეურვეობის 3 კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი მესამედ გამოაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანების მიხედვით, „მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა –ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში“.

პარლამენტი შესაბამის განაცხადებს 2024 წლის 4 ივნისის ჩათვლით მიიღებს. მეურვეობის კანდიდატის წარდგენის უფლება ყველას აქვს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 წევრის შესარჩევი კონკურსი პირველად 18 მარტს გამოცხადდა, თუმცა, საკმარისი აპლიკანტების არ არსებობის გამო პროცესი ჩავარდა. 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანომ მეორედ გამოცხადებული კონკურსის ვადაში საკმარისი (10) განაცხადი მიიღო, თუმცა, იმ პერიოდში პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მოქმედების გამო, პროცესი შეფერხდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 წევრის შესარჩევი ღია კონკურსი მესამედ გუშინ, 20 მაისს გამოცხადდა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის 11-წევრიანი სამეურვეო საბჭოდან ვადა სამ წევრს: მიხეილ ჩიკვილაძეს, ბესიკ ლილუაშვილსა და იზაბელა ოსიპოვას ამოეწურა. ესენი „ქართული ოცნების“, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და სახალხო დამცველის მიერ შერჩეული კანდიდატები არიან.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თითოეულ წევრს ექვსი წლის ვადით ირჩევენ.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ