მულტიმედია
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2026 - განაცხადების მიღება დაიწყო


კონკურსისთვის - ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2026 განაცხადების მიღება დაიწყო. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ჟურნალისტს ან ჟურნალისტთა ჯგუფს, რომლებსაც გამოქვეყნებული აქვთ ნამუშევრები ქართულ ბეჭდურ, ონლაინ ან სამაუწყებლო მედია სივრცეში 2025 წლის 20 ოქტომბრიდან 2026 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. 

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში გაიცემა 7 საპრიზო კატეგორიაში:

  • სტატია ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში;
  • საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში;
  • საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ონლაინ ან სამაუწყებლო მედიაში ან YouTube პლატფორმაზე;
  • საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, ონლაინ, სამაუწყებლო მედიაში ან YouTube პლატფორმაზე;
  • ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი  ან/და ჟურნალისტური (მედია) პროექტი ბეჭდურ, ონლაინ, სამაუწყებლო მედიაში ან YouTube პლატფორმაზე;
  • საერთო ფასეულობების (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა) ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც გამოქვეყნებულია ბეჭდურ, ელექტრონულ ან სოციალურ მედიაში;
  • საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ მედიაში ან YouTube პლატფორმაზე.

კონკურსანტს ჩამოთვლილი კატეგორიებიდან მხოლოდ ერთის შერჩევა და ერთი ნამუშევრის წარდგენა შეუძლია. კონკურსში დაიშვება ქართულ ან ინგლისურ ენებზე გამოქვეყნებული, ეთერში გასული ან ინტერნეტით გავრცელებული ნამუშევრები. თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდება მხოლოდ ერთი გამარჯვებული და ორი ფინალისტი, რომლებიც დაჯილდოვდებიან. 

ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა 2026  წლის 25 სექტემბერია. 

სხვა მოთხოვნების, ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმებისა და შერჩევის პროცედურების შესახებ ვრცლად იხილეთ აქ, განაცხადის ფორმა და მითითებები კი ხელმისაწვდომია ამ ბმულზე

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ მე-15 კონკურსი ჟურნალისტიკაში პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, 3 მაისს გამოაცხადა. ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს დააარსა. კონკურსი „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ პრინციპებს ეფუძნება და მისი მიზანია ქართულ მედიაში პროფესიონალიზმისა და ეთიკური სტანდარტების ხელშეწყობა. 

 
 „რადიო თავისუფლების“ (RFE/RL) რუმინული და ბულგარული სამსახურები იხურება
(ფოტო: RFE/RL)

2026 წლის 31 მარტიდან „რადიო თავისუფალი ევროპა“/„რადიო თავისუფლების (RFE/RL)“ რუმინული და ბულგარული სამსახურები, საბიუჯეტო სირთულეების გამო, საქმიანიობას წყვეტენ. 

„ჩვენ ვამაყობთ იმ პრინციპული, დაბალანსებული ჟურნალისტიკით, რომელსაც Svobodna Evropa და Europa Liberă România 2019 წელს, ბულგარეთსა და რუმინეთში დაბრუნების შემდეგ ქმნიან და მადლიერები ვართ ამ გუნდების მიმართ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში აუდიტორიისა და „რადიო თავისუფალი ევროპის“ მიმართ გაწეული ერთგულებისთვის“, - განაცხადა RFE/RL-ს პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა.

„რადიო თავისუფლების“ რუმინული და ბულგარული რედაქციები თავდაპირველად 1950 წელს გაიხსნა. რუმინულ და ბულგარულ ენებზე რადიომაუწყებლობა 2004 წელს შეწყდა, 2019 წელს კი, ორივე მათგანის საქმიანობა ციფრული ფორმატით განახლდა.

„რადიო თავისუფალი ევროპა“/„რადიო თავისუფლებას“ ფინანსური პრობლემები აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ შეექმნა.

აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM), რომელიც RFE/RL-ს საქმიანობას მეთვალყურეობს, კონგრესის მიერ 2025 წლისთვის გამოყოფილი დაფინანსების დაბლოკვა სცადა, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თანხის გადახდა დაეკისრა. USAGM-ის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ნოემბერში „რადიო თავისუფლების“ უნგრული სამსახური დაიხურა.

ტელეკომპანიების მიერ ბოლო 5 წლის მანძილზე მიღებული კომერციული სარეკლამო შემოსავლები
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“ 2025 წელს 45.04 მილიონი ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის შემოსავალზე 20.2 მილიონი ლარით მეტია. 2024 წელთან შედარებით, გასულ წელს 1.4 მილიონით გაიზარდა POSTV-ის კომერციული შემოსავალიც.

2025 წელს 8.3 მილიონით გაიზარდა და 18.5 მილიონ ლარს გაუტოლდა „რუსთავი 2“-ის („მედია ჰოლდინგის“) კომერციული სარეკლამო შემოსავალიც. 2024 წელთან შედარებით, გასულ წელს 2.6-ჯერ გაიზარდა GDS-ის კომერციული შემოსავალიც.

ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანიებმა: „ფორმულამ“ და „TV პირველმა“ კი გასულ წელს ჯამში 10 585 573 ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღეს, რაც 4-ჯერ ნაკლებია ვიდრე სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“.

analytics.comcom.ge-ის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ, როგორი იყო ტელეკომპანიების მიერ ბოლო 5 წლის მანძილზე მიღებული კომერციული სარეკლამო შემოსავლები.

[კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს].

* შენიშვნა: analytics.comcom.ge-ზე იძებნება „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ 2021 წლის I და II კვარტალში მიღებული კომერციული სარეკლამო შემოსავალიც - ჯამში 489 621ლარი, რომელიც ქარდზე ასახულ „მედია ჰოლდინგის“ შემოსავალში გათვალისწინებული არ არის. „რუსთავი 2“ და „პრაიმ ტაიმი“ „მედია ჰოლდინგში“ სწორედ 2021 წელს გაერთიანდნენ.


21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა

21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. საქართველოში დამოუკიდებელ მედიას მუშაობა უკიდურესად რთულ პირობებში უწევს. 1 წელზე მეტია უკანონო პატიმარია მზია ამაღლობელი. „ქართული ოცნება“ მედიის შემზღუდავ საკანონმდებლო ცვლილებებს ერთიმეორის მიყოლებით იღებს. დაფინანსების გზების გადაკეტვა ერთ-ერთი მეთოდია, რასაც მმართველი პარტია მათ ჩასახშობად იყენებს. ჟურნალისტების წინააღმდეგ იწყება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებიც.

„როცა მზია ამაღლობელი, როგორც პირველი ქალი ჟურნალისტი, არის პატიმრობაში, ეს არის დღეს სიმბოლო იმის, თუ რა მდგომარეობაშია ქართული მედია და ამ დროს ყველა სხვა პრობლემა უკვე შედარებით ნაკლები სიმძიმისაა“, - ჯაბა ანანიძე, „ბათუმელების“ ჟურნალისტი:



„ის, რაც გვირთულებს მუშაობას, რაც გვაზიანებს, აღმოჩნდა, რომ გვაჯიუტებს კიდეც, რადგან ასეთი ორგანიზებული, ასეთი დიდი ძალისხმევით შეტევა კრიტიკულ მედიაზე მის მნიშვნელობას და გავლენას თავისთავად ადასტურებს“, - სალომე ლაბაძე, „ფორმულას“ ჟურნალისტი:



„არა მხოლოდ თავად გამამტყუნებელი განაჩენია გაუმართლებელი, არამედ მთელი პროცესი მის წინააღმდეგ, დასაწყისიდან დასასრულამდე. ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლებას უნდა რცხვენოდეს იმისა, რომ ჟურნალისტის წინააღმდეგ ასეთი ქმედება ჩაიდინა“, - პულიცერის პრემიის ლაურეატი ჟურნალისტი და Daphne Foundation-ის თანადამფუძნებელი, Matthew Caruana Galizia მზია ამაღლობელზე: