პასუხი „იმედს“ - აღიარებით ჩვენებად ქცეული დეზინფორმაცია
25.11.2025

მინსკში 2020 წლის შემოდგომაა, ბელარუსის ერთ-ერთ სამთავრობო არხზე გადაცემა „პოლიტიკის საიდუმლო ზამბარები“ (Тайные пружины политики) გადის. უზარმაზარი ლურჯი ეკრანის ფონზე ლუკაშენკოს რეჟიმის განთქმული მეხოტბე, ტელეწამყვანი გრიგორი აზარიონოკი ევროკავშირს - ანტიქრისტიანულ საქმიანობაში, პროევროპელ ბელარუსებს კი სამშობლოს ღალატში სდებს ბრალს. გავა ხუთი წელი და იმავე პათოსს გაიმეორებს ქართული სამთავრობო მედიაც. 23 ნოემბერს „იმედის“ სახე ირაკლი ჩიხლაძე, ასევე ლურჯი მონიტორის ფონზე, ათრთოლებული ხმის ტემბრითა და ქართული სპეცსამსახურების ქება-დიდებით, მაყურებელს ამცნობს, რომ „იმედის“ გუნდმა თითქოს „მასშტაბური ღალატის“ სქემა გაშიფრა.

„იმედის“ „ენიგმა-სპეცრეპორტაჟი“ დასავლური სახელმწიფოების დავალებით ონლაინმედიის ე.წ. „ანტიქართულ“ საქმიანობას ეძღვნება. დარწმუნებული ვარ, ყველას, ვისაც რუსული და პრორუსული რეჟიმების პროპაგანდა გვიკვლევია, იმ საღამოს რემინისცენციის მძაფრი განცდა დაგვეუფლებოდა. ღალატსა და ჯაშუშობაში კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დადანაშაულება იმდენად ნაცნობია, იმდენჯერ მოგვისმენია ხან სალავიოვის, ხან აზარიონოკის, ხან კი სკაბეევა-პოპოვი-სიმონიანის threesome რიტორიკაში, რომ „იმედის“ მთელი ჟურნალისტური მასალა, პროლოგად წამძღვარებული ტექსტის ჩათვლით, რუსულიდან ნათარგმნი გეგონებათ. 

15-წუთიანი ე.წ. სპეცრეპორტაჟის თავდაპირველი სამიზნე რეპრესიული კანონებით შევიწროებული 22 ონლაინგამოცემის საერთო კამპანიაა, სახელწოდებით „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“. ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, „იმედის კვირა“ ამ კამპანიას იატაკქვეშა ჯაშუშურ ქსელს უწოდებს, რომელიც ვითომ დასავლური სპეცსამსახურებიდან იმართება. 

„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ ზაფხულში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ივანიშვილი-კობახიძის „ფარას კანონი“ ძალაში შევიდა და ევროპულ-ამერიკული დონაციით დაფინანსებული, დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები მტრად გამოცხადდა. ეს კამპანია ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი მოვლენაა, რაც კი ქართულ მედიასივრცეში სიტყვის თავისუფლების გადასარჩენად განხორციელებულა. თუკი რამე არის გამჭვირვალე და ცხადი, სწორედ ამ კამპანიის მიზნები, არსი და შემოსავალია. ჩემი ღრმა რწმენით, ეს ფაქტი ე.წ. სპეცრეპორტაჟის ავტორებმა თუ არა, დამკვეთებმა ყველაზე კარგად იციან, მაგრამ როგორც ჩანს, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ფაზა სწორედ აღვირახსნილი დეზინფორმაციით გამოაცხადეს. 

ყველაზე კომიკური მაინც ე.წ. სპეცრეპორტაჟის შინაარსობრივი სტრუქტურაა, - ბუნდოვანი, პარანოიის ელფერით, კონცეპტუალურად გაურკვეველი და შეთქმულების თეორიაზე დამყარებული. ისმის მხოლოდ ცრუ ბრალდებები და მყვირალა ფრაზები: ღალატი, ჯაშუშები, ქართული ეკონომიკის ნგრევა, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები. საერთო ჯამში, მასში არცერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, თუნდაც მოჩვენებითი ბალანსისთვის, ყალბი ეთიკისთვის, მეტი დამაჯერებლობისთვის, „იმედის“ მაყურებელს თვალებზე რომ ააფარონ. რამდენიმე წუთში ე.წ. სპეცრეპორტაჟის სამიზნე იცვლება და „საქმეში შემოდის“ ჯერ „ფრანკლინის კლუბი“ მისი „შვილობილი“ ორგანიზაციებით, შემდეგ კი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, იგივე GIPA, როგორც „სამჭედლო დასავლური სპეცსამსახურების ქართველი ჯაშუშებისა“. დეზინფორმაციული მასალის ავტორები ამბობენ, რომ ონლაინმედიის ჟურნალისტებს ამ სივრცეში ატრენინგებენ. იაფფასიანი პროპაგანდისადმი მოწყვლად მაყურებელს აუცილებლად ეგონება, რომ GIPA არა ინსტიტუტი, არამედ „ოცნების“ გამოგონილი მონსტრის, „დიფ სთეითის“ ფილიალია. GIPA-ში მართლაც არაერთ ჟურნალისტს გვისწავლია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მედიასკოლის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამებზე. მაგრამ „იმედი“ ამ ინფორმაციას დამახინჯებულად ჰყვება, რადგან „ოცნებიდან“ მიცემული დავალება ასეთია, - დასავლური სტანდარტის საგანმანათლებლო ობიექტებზე იერიში უნდა მიიტანონ.

„იმედის“ შეთქმულების თეორია პიკს აღწევს, როცა სცენარში CIA-ის დაზვერვის ოფიცერი ქალი შემოჰყავთ, თან ისე რომ გაუგებარი რჩება, რა კავშირი აქვს ამ ქალს ქართულ ონლაინმედიებთან. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლის ხსენება შემთხვევითი არ არის. რუსული პროპაგანდის მთელი ნარატივი, ისევე როგორც საბჭოთა პროპაგანდისა, მთავარ მტრის ხატად „ცერეუს“ და მის „ბოროტ ჯაშუშებს“ წარმოაჩენს. როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ პროპაგანდა არც თავს იწუხებს, აღარც ირჯება საკუთარი პროპაგანდის ავთენტურობისთვის და მოურიდებლად აკოპირებს კრემლის გამზადებულ პატერნებს: „ცერეუ“ (ЦРУ), „ჯაშუშები“, „სამშობლოს მოღალატეები“, „ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები“. ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, რომ ე.წ. სპეცრეპორტაჟის დასკვნით ნაწილში ავტორები თავადვე აღიარებენ, „ეს სქემა ქართულმა სპეცსამსახურებმა გაშიფრეს“. ფაქტობრივად, „იმედი“ უნებლიედ იძლევა აღიარებით  ჩვენებას, რომ დეზინფორმაციული მასალა დამოუკიდებელი ონლაინმედიის წინააღმდეგ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაკვეთით მომზადდა. 

მე-20 საუკუნის ოცდაათიანი წლების ბოლოს ამერიკელმა მკვლევარმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა კლაიდ მილერმა პროპაგანდის ანალიზის თეორია შეიმუშავა. მილერის ფორმულა ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების პროპაგანდისტულ მანქანას შიფრავს და ამოცნობას ამარტივებს. დღეს მას მედიაწიგნიერების ერთ-ერთ პატრიარქსაც უწოდებენ. მილერის თეორიის თანახმად, პროპაგანდის უმთავრესი საყრდენი უხილავი, ყოვლისმომცველი მტრის ხატია, რომლის „საპირწონე სიკეთედ“ თავად პროპაგანდის დამკვეთია წარმოჩენილი. ამის ნათელი მაგალითი იყო ცივი ომის დროს სსრკ-ში დამკვიდრებული ნეოლოგიზმი - „კოლექტიური დასავლეთი“ (коллективный запад); ამის ნათელი მაგალითია პუტინის ექსტრემიზმის მთავარი პოსტულატი - „ნატო რუსეთს განადგურებით ემუქრება“; ამის ნათელი მაგალითია ივანიშვილის გონებაში შობილი - „გლობალური ომის პარტია“ და შემდეგ უკვე „დიფ სთეითის“ ცნება, - უხილავი, ფესვგადგმული მტერი, რომელსაც ყველგან ჯაშუშები ჰყავს ჩანერგილ; „ოცნების“ შექმნილი მტრის ხატი, გამოგონილი „ჯაშუში ჟურნალისტების“ ჩათვლით, სხვა არაფერია თუ არა კრემლის პროპაგანდა მორგებული ქართულ რეალობას, საკუთარ ამომრჩეველს და თავიანთ პოლიტიკურ მიმიკრიას. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ პროცესში შხამიანი სამთავრობო მედია: „იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, „რუსთავი 2“ და „პოსტივი“ გადამწყვეტ როლს ასრულებს. 

ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, თავად თუ სჯერათ პროპაგანდისტებს იმ სიცრუის, რასაც ავრცელებენ თუ მათი მორალური დეგრადაცია მხოლოდ პრივილეგიებს და მაღალ ხელფასს ემსახურება?! საბოლოო პასუხის პოვნა მიჭირს. 

ისევ კლაიდ მილერის ანალიზს რომ დავუბრუნდეთ, როდესაც იგი კრემლის პროპაგანდის ანატომიას იკვლევდა, მიხვდა, რომ რეჟიმისადმი ლოიალურ რიგით მოქალაქეს არაფერი იმონებს ისე, როგორც მარადიული შიში აბსტრაქტული მტრისადმი. აბსტრაქტული მტრისადმი შიშით ასაზრდოებს „ოცნება“ ამომრჩეველს, რომლის ნაწილსაც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ალბათ, ორი დღეა სჯერა, რომ სადღაც იატაკქვეშეთში არსებობს „ჯაშუში ჟურნალისტების“ ქსელი. უფრო სამწუხარო ის არის, რომ საპირისპირო რეალობას ეს ადამიანები ვეღარ ხედავენ. 

სინამდვილეში, სწორედ „ჯაშუშებად“ გამოცხადებული ჟურნალისტები არიან სიღარიბეზე, მოპარულ პენსიებზე, აუტანელ საცხოვრებელ პირობებზე, ჩამონგრეულ ჯანდაცვაზე, რუსულ ოკუპაციაზე, ეკოლოგიურ კატასტროფაზე, შეჩერებულ სოციალურ დახმარებასა და მოქალაქეების ჩაგვრაზე ინფორმაციას წლების განმავლობაში რომ ავრცელებდნენ და ავრცელებენ დღემდე, იმ უჩვეულოდ მძიმე დროშიც კი, როცა რეჟიმმა ჟურნალისტობა ყველაზე დევნილ პროფესიად გადააქცია.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ