სქრინი - TV
პირველი
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო აფგან სადიგოვის ექსტრადიციის
დასაშვებობაზე იმსჯელებს. თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი
ჟურნალისტის საექსტრადიციო საქმის განხილვა 28 ნოემბერს, 15:00
საათზეა ჩანიშნული. საქართველოს გენერალური პროკურატურა
სასამართლოსგან სადიგოვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის
დასაშვებად ცნობას ითხოვს.
აფგან სადიგოვი და მისი დამცველები გენერალური პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმებიან და სასამართლოს წინაშე ასაბუთებენ, რომ მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია პოლიტიკურ და თვითნებურ დევნას ისახავს მიზნად, რაც მის ჟურნალისტურ საქმიანობასა და წლების განმავლობაში ხელისუფლების დანაშაულებისა და კორუფციული საქმიანობის კრიტიკას უკავშირდება.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს წარუდგენს მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ აზერბაიჯანში ექსტრადიციის შემთხვევაში სადიგოვი დევნას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარება.
„აზერბაიჯანში აქტივისტების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების დევნის რეპრესიული პრაქტიკის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სადიგოვი აზერბაიჯანისთვის გადაცემის შემთხვევაში თვითნებური დევნისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მსხვერპლი გახდება.
მნიშვნელოვანია, რომ სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დაუშვებლობის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ, მათ შორის Amnesty International და ეუთო. ისინი მიუთითებენ, რომ სადიგოვის ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველო დაარღვევს საერთაშორისო დონეზე აღებულ ვალდებულებებს.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სადიგოვის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის დევნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ამას ადასტურებს თავად აზერბაიჯანის მიერ საქართველოსთვის გაზიარებული საქმის მასალები, რომელიც სრულიად არალოგიკურ და წინააღმდეგობრივ ინფორმაციასა და მტკიცებებს ეფუძნება“.
თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინტერესებს სწორედ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს.
აფგან სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა. 21 სექტემბრიდან კი, ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც მეუღლე, სევინჩ სადიგოვა ამბობს, ძალიან მძიმეა.
სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ 3 თვით თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 ნოემბერს გაუხანგრძლივა. ის შემდგომი ექსტრადირების მიზნით 3 აგვისტოს დააკავეს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. აფგან სადიგოვი ონლაინ მედია Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია.
დისტოპიურ ნაწარმოებებში, სადაც დიქტატურის ანატომია და რეპრესიებია
აღწერილი, ყოველთვის ჩნდება ერთი პერსონაჟი მაინც, პირობითად ბატონი
ან ქალბატონი „გაუგებრობა“. ეს პერსონაჟი, როგორც წესი, ანტაგონისტად
გვევლინება, მაგრამ მაინც გვაქვს მოლოდინი, რომ სულიერი მეტამორფოზა
უნდა განიცადოს და გაკეთილშობილდეს. ავტორის თუ სამყაროს
გადაწყვეტილებით, ის მაინც ბოლომდე რჩება რეჟიმის ერთგულ მსახურად.
მაგალითად, ასეთია დეიდა ლიდია „მხევლის წიგნში“, ასეთია მოსამართლე
ტოტალიტარული ირანის შესახებ დაწერილ დოკუმენტურ რომანში - „შვიდი
ზამთარი თეირანში“. ყოველ ჯერზე, როცა რომელიმე მათგანი ჰუმანურ
იმპულსს ავლენს, საბოლოოდ, რეჟიმის ერთგული რჩება. რეალურ სამყაროშიც
ასეა, - ავტორიტარულ და ტოტალიტარულ რეჟიმებში „გაკეთილშობილების
სინდრომი“ იმაზე იშვიათია, ვიდრე მსხვერპლს ჰგონია ხოლმე.
2024 წლის 28 ნოემბრის დილის 2 საათიდან 30 ნოემბრის დილამდე თბილისის ქუჩებში დატრიალებული ძალადობრივი ქაოსი დისტოპიური რომანის ან ფილმის აღწერას ჰგავს, - ბოროტი მდიდარი მმართველის მსახური შავი რობოტები ქვეყნის დასაცავად გამოსულ მოქალაქეებზე ნადირობდნენ. დარბევისას ორ ღამეში 40-მდე ჟურნალისტი დაშავდა. მათ მიზანმიმართულად ურტყამდნენ, დევნიდნენ, ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმის შესრულებაში და ერთ-ერთ მათგანს, „პუბლიკის“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილს სცემეს და დააპატიმრეს. მაგ ღამეს ოლიგარქის რეჟიმმა სამი წითელი ხაზი ერთდროულად გადაკვეთა: ოფიციალურად შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაცია, მიიღო შექება მსოფლიოს პირველი ტერორისტისგან, ვლადიმერ პუტინისგან და ტერორი მოუწყო აქტივისტებსა და ჟურნალისტებს. ესეც, ალბათ, ერთგვარი რეპეტიციაა რუსული კანონისა და რუსული მმართველობის მძლავრად ამოქმედებისთვის.
ამ ნადირობის დღეს ჩემთვის უაღრესად საინტერესო მაინც სამთავრობო მედიაორგანიზაციებში დასაქმებული ჟურნალისტების რეაქცია აღმოჩნდა, - ცოტა ბუნდოვანი, ცოტა ირონიული, ცოტა მოკრძალებული, ცოტა აროგანტული და ცოტაც ამაზრზენი. ყველაფერი ცოტ-ცოტა, საერთო ჯამში, კარგად გაწერილ პროპაგანდისტულ სტრატეგიას ქმნის.
გულგრილი სოლიდარობის კამპანია გუშინ დილიდან დაიწყო, დაახლოებით 10:00 საათის შემდეგ, როცა ტელევიზიების საინფორმაციო სამსახურში მუშაობა განახლდა. შემდგომ ერთმანეთის მიყოლებით „იმედის“ რამდენიმე ჟურნალისტებმა კოლეგებისადმი „სოლიდარობის“ ნიშნად ერთმანეთის მსგავსი პოსტები გამოაქვეყნა. შინაარსი დაახლოებით ასეთია: „ვგმობ ორმხრივ ძალადობას“ და შემდეგ ტექსტი გრძელდება, რომ ჟურნალისტს აქვს თავისუფლად მუშაობის უფლება და ა.შ. ჩნდება კითხვა, რომელ ორმხრივ ძალადობაზეა საუბარი მშვიდობიანი აქციების დროს?! ვინ არის მოძალადე მეორე მხარეს?! სად იდგა მოძალადე, რომელსაც „მეორე მხარედ“ მოიხსენიებს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი?!
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ადამიანებს აქვთ უფლება, გამართონ მანიფესტაციები, დემონსტრაციები და არავინ დაისაჯოს, რადგან მთავრობისგან მრავალჯერ უგულვებელყოფილი კონსტიტუცია გამოხატვის თავისუფლებას არ ზღუდავს. იმ ღამითაც, ისევე როგორც წინა თვეებში, რუსთაველზე მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა. შესაბამისად, ოდნავი ბრალეულობაც კი არ არსებობს რომელიმე ნაცემი აქტივისტის ან ჟურნალისტისა, არ არსებობს პოლიციაზე ფიზიკური ძალადობის მტკიცებულებები, კადრები, ჩანაწერები, მაგრამ რეჟიმის სახედ ქცეული პროპაგანდისტებისთვის ეს ძალადობა მაინც „ორმხრივია“. მათთვის ტოლობის ნიშანი ზის დაპატიმრებულ ჟურნალისტსა და პოლიციელს შორის, ნაცემ ჟურნალისტსა და იმ სპეცრაზმელს შორის, რომელიც გამეტებით ურტყამს გურამ როგავას, აკა ზარქუას და შენობებში უვარდება დამალულ აქტივისტებს.
ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები და ნუ ვიფიქრებთ, რომ „ორმხრივი ძალადობის“ შესახებ გზავნილი შემთხვევითია. შემთხვევითში სამსახურის დაკარგვის შიშს არ ვგულისხმობ. რეალურად, ეს „ორმხრივი ძალადობა“ და ბუნდოვანება ძალადობის შესახებ, ძალადობის ზოგადი გმობა სამთავრობო მედიის ჟურნალისტების მხრიდან, პროპაგანდის ნაწილია. მათი მიზანია, აუდიტორია დაარწმუნონ, რომ „უსამშობლოების“ (როგორც აქციის მონაწილეებს უწოდებენ ხოლმე) მიმართ ჩადენილი ძალადობა პროპორციული ძალის გამოყენებაა, რომ სპეცრაზმელები იძულებულები არიან ამგვარი “მცირე გადაცდომით” დაიცვან სამშობლო, - ის სამშობლო, რომელიც მათი თქმით, დასავლეთმა „ომში უნდა ჩაითრიოს“ აქციების საშუალებით. რამდენადაც არარეალურად არ უნდა ჟღერდეს, გულგრილი სოლიდარობაც „გლობალური ომის პარტიის“ ნარატივზე აგებული სიცრუის ნაწილია.
სამთავრობო მედიის ამ გულგრილ სოლიდარობაზე 2022 წლის მარტი-აპრილის რუსული ქრონიკები მახსენდება. სწორედ კრემლის პროპაგანდის ნაწილი იყო, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციისა და ფართომასშტაბიანი ომის პარალელურად, სხვადასხვა რუსი პროპაგანდისტის გზავნილი უკრაინელების მისამართით. ისინი ცდილობდნენ, უკრაინის მოსახლეობა დაერწმუნებინათ, რომ სინამდვილეში “მოძმე ერების გაერთიანების სპეცოპერაცია” მიმდინარეობს. კრემლის პროპაგანდის ცინიზმიც ამაშია, - როცა ბუჩაში რუსული არმია 14-15 წლის გოგოებს აუპატიურებდა, ხოლო რუსული ავიაცია უკრაინის ქალაქებს ბომბავდა, კოლექტიური მარგარიტა სიმონიანები „კეთილ“ მიზნებზე, „დიდი რუსეთის“ გამთლიანებასა და კეთილდღეობაზე საუბრობდნენ.
29 ნოემბრის ღამის სისხლისღვრისადმი გულგრილობაში „იმედის“ ჟურნალისტები მარტო არ არიან. მათ გვერდით დგას დანარჩენი სამთავრობო მედიის ლეგიონი მცირედი განსხვავებით. “პოსტივის”, “რუსთავის 2”-ისა და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების უმრავლესობა მდუმარედაა (მხოლოდ რამდენიმეს ეყო გამბედაობა, დაეგმო სპეცრაზმის სიმხეცე). მათი დუმილი დაშავებული ყოფილი თანამშრომლების და მოქმედი კოლეგების შელახულ უფლებებზე ზედმეტად ხმამაღლა ისმის. ცარიელია მათი facebook-ის გვერდები, ცარიელია სივრცე, რომელიც სწორედ ჟურნალისტების პროტესტს უნდა შეევსო. ეს „ქართულმა ოცნებამაც“ შესანიშნავად იცის. იცის, რომ ოლიგარქისა და ბიუჯეტის ფულზე დამოკიდებულ მედიაში დასაქმებული ადამიანები ხმის ამოღებას ვერ და არ გაბედავენ. ამიტომაც მათ შეუძლიათ, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ინკვიზიცია მოუწყონ იმის იმედით, რომ სამთავრობო მედია-კლანიდან არავინ უსაყვედურებს, არავინ აუჯანყდება.
არადა მორალურად გაუმართლებელია, გესმოდეს პატარა გოგოების ტირილი კადრებში და დუმდე; დანაშაულია, ხედავდე როგორ ურტყამენ წიხლებს წაქცეულ აქტივისტებს, როგორ წევს სასწრაფოს მანქანაში დასისხლიანებული მარიამ გაფრინდაშვილი („ტვ პირველი“), როგორ ეხვეწება პოლიციელს ნინო წვერავა („სტუდია მონიტორი“), არ დააგოროს კიბეებზე, როგორ უხსნის აკა ზარქუა („რეალ პოლიტიკა“) ათამდე სპეცრაზმელს არ სცემონ, რადგან ჟურნალისტია და მოვლენებს აშუქებს, შენ კი, სამთავრობო მედიის პროპაგანდისტმა, ხელფასის შესანარჩუნებლად მდუმარება შეინარჩუნო… ახლა დუმილი ყველაზე დიდი დანაშაულია!
დასაწყისში დისტოპიური რომანების ანტაგონისტებიც თვალსაჩინოებისთვის ვახსენე. გაზაფხულის აქციებიდან დღემდე მქონდა განცდა, რომ ჟურნალისტების ნაწილი სამთავრობო მედიას პროტესტით დატოვებდა. ახლა კიდევ უფრო ნათლად ვაცნობიერებ, რამდენად ინფანტილური ყოფილა ჩემი მოლოდინი.
მთელ იმ ორი ღამის ქაოსში კი, ყველაზე სევდიანი რამ აქციაზე ნაცემმა და ძალიან ღირსეულმა ჟურნალისტმა, გურამ როგავამ (ტელეკომპანია ფორმულა) თქვა: „მე არ მაინტერესებს ის ნიღბიანი ვინ არის, საერთოდ არ ვბრაზდები მაგ ნიღბიანზე, გულწრფელად. ის არ იყო სპეცრაზმელი. იცი, მე ვინ მცემა დღეს იქ, ვინ ჩამარტყა?! ირაკლი ჩიხლაძემ, „იმედის“ ჟურნალისტმა, ჩემი ბავშვობის მეგობარმა... მე მცემეს დღეს და გონება დამაკარგვინეს იქ პირველი არხის თანამშრომლებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ჩემი მეგობრები იყვნენ... მე იქ მცემა „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობამ, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა მცემეს დღეს მე იქ”.
ნათია კაპანაძე ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენის“ დამფუძნებელი და
დირექტორია. მისი გუნდი 26 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების გაშუქების
მხარდასაჭერად ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სამართლებრივ დახმარებას
უწევს, მუშაობს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების გაშუქებისას
დაშავებული მედიის წარმომადგენლების დასაცავად და საკონსტიტუციო
სასამართლოში ასაჩივრებს საქართველოს პარლამენტში მედიის სამუშაო
პირობების არაკონსტიტუციურობას.
ნათიას საქმიანობა 2003 წლიდან „საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციას“ უკავშირდება. ის ხელმძღვანელობდა საიას „მედიის
სამართლებრივი დაცვის ცენტრსაც“. 2011 წლიდან აკვირდება
კომუნიკაციების კომისიას. 2016 - 2019 წლებში იყო საზოგადობრივი
მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორი, როდესაც „ეუთოს“
შეფასებით, ის ერთადერთი მიუკერძოებელი ტელეარხი გახდა საქართველოში.
ნათია კაპანაძე 2020 - 2022 წლებში იყო მედიის ადვოკატირების
კოალიციის კოორდინატორი. ამჟამად კი კოალიციის წევრია. კითხულობს
ლექციებსა და ტრენინგებს მედიასამართალში ჟურნალისტებისა და
იურისტებისათვის.
როდის ან რა იყო თქვენთვის პირველი სიგნალი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასაც დემოკრატიის პრობლემები ექნებოდა?
მე მგონი, ყველა ძალაუფლებასჩაბღაუჭებული ხელისუფლების აგონია ბოლო ჟამის დღეებში ჟურნალისტების მიმართ აგრესიაში ითარგმნება. 2012 წელს მთავარ სამიზნედ მედია იქცა. დღესაც იდენტურად იგრძნობა მედიის დევნის ჟინიც.
მახსოვს, საპარლამენტო არჩევნებმა ეს სიტუაცია განმუხტა. ახალმოსული ხელისუფლება არ ემალებოდა კამერებს, ჯერ კიდევ არ იტაცებდნენ მიკროფონებს. თუმცა, 2012 წელსვე, ხელისუფლების გადაბარების პროცესში, ბევრი სახიფათო სიგნალი გამოჩნდა. ყველაზე მარტივ მაგალითად სტინგის და კრის ბოტის კონცერტების დაფინანსების შესახებ კვლევას გავიხსენებ. „სტუდია მონიტორს“ ვეხმარებოდი საჯარო ინფორმაციის შეგროვებაში. ფინანსთა სამინისტრო ინფორმაციას გვიმალავდა. გვეუბნებოდნენ, რომ ეს იყო პირადი მონაცემები და არ იყო საჯარო. ხელისუფლების ცვლილებისთანავე დამირეკა იმავე ადვოკატმა და აღმოჩნდა, რომ „მოულოდნელად“ ღია გახდა ის, რასაც არჩევნებამდე მალავდა. ამ ამბავს მოჰყვა ერთგვარი ტალღა სხვა მსგავს საქმეებზე. სხვისი შეგროვებული მონაცემებისთვის იმდენად ფართოდ გააღო ახალმა ხელისუფლებამ კარი, ვხვდებოდი, ეს სივრცე მაშინვე დაიხურებოდა, როგორც კი მათი საქმიანობის შესწავლასა და შეფასებას დავიწყებდით. ცხადად მახსოვს, ძალიან დამაფიქრა ადვოკატების ქცევის ცვლილებამ და მასთან დაკავშირებულმა ამბებმა.
საფრთხეების გამოვლენის ამბავი აქ არ შეწყვეტილა, ხელისუფლების ცვლილებიდან ორ თვეში, 2012 წლის 22 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „მე-9 არხი“ დაიხურებოდა და მისი ქონება გადაეცემოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს. ასეთი საჩუქრის ჩუქება ძალაუფლების სათავეში მყოფი მდიდარი პოლიტიკოსისგან საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანში ამოიღებას ჰგავდა. ასე საკუთარი ქონებით და გავლენით ვიღაცას შეეძლო შეეცვალა საზოგადოებრივი მაუწყებელის შინაარსი. ძალიან, ძალიან საეჭვო და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის შემარყეველი ნაბიჯი იყო.
ცოტა ხნის წინ, ახალი შენობის გახსნისას, ვასილ მაღლაფერიძის მიერ ისევ ბიძინა ივანიშვილისთვის გადახდილი მადლობით, ჩემთვის ეს ორი ამბავი გაერთიანდა. პოლიტიკური წარსულის მქონე მაღლაფერიძე 2012 წელში „მე-9 არხის“ დირექტორის მოადგილე იყო.
პარალელურად ერთი ამბავიც განვითარდა - ასე თითქმის საჩუქრად გამზადებული „მე-9 არხი“ ვასილ მაღლაფერიძესთან და ჟურნალისტებთან ერთად კახა ბექაურმა დატოვა. მახსოვს, სამოქალაქო საზოგადოების წევრები ვღელავდით იქ მომუშავე ყველა ადამიანზე. საგანგებოდ ჩანიშნულ მხარდამჭერ შეხვედრაზე სწორედ ბექაურს დავუსვით კითხვები, რატომ იხურებოდა არხი, რა ბედი ეწეოდათ ჟურნალისტებს, ოპერატორებს და ა.შ. მან ძალიან მშვიდად შეგვატყობინა მისი კარიერის მარეგულირებელ კომისიაში გაგრძელების შესაძლებლობაზე. მახსოვს ის შოკი და იმედგაცრუებაც. ჩემთვის ნათელი იყო მეორე სამიზნე - კომუნიკაციების კომისია. კომისიას წლების მანძილზე ვაკვირდებოდი, არასდროს იყო ხელისუფლებისგან თავისუფალი და 2012 წელს ყველას თვალწინ ერთი ხელიდან მეორეში გადაინაცვლა. ბექაური კი დღეს კომუნიკაციების კომისიის მესამედ არჩეული თავმჯდომარეა.
კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალი 2016 წლიდან, აჭარის ტელევიზიის არჩეული დირექტორი რომ ვიყავი, იმ პერიოდიდანაა. თავიდანვე მჭიდრო კომუნიკაცია მქონდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ძალიან ბევრი საერთო გეგმაც გვქონდა, სამომავლო თანამშრომლობის იდეები…მოულოდნელად 21 ნოემბერს გავიგე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა თანამდებობა დატოვა. უცნაური იყო. ადამიანს, რომელსაც წინა კვირას სრულიად განსხვავებული გეგმები ჰქონდა, ეს ყველაფერი გაურკვეველი მიზეზით შეეცვალა. უარი თქვა საჯარო პასუხისმგებლობაზე. თანაც ვიცოდი მისი დამოკიდებულებები. გიორგი ბარათაშვილს ადვოკატი ვიყავი, როდესაც იმპიჩმენტს უპირებდნენ. 2012-2016 წლებში ძალიან ბევრი პოზიტიური ცვლილება დაეტყო არხს. შეიძლება ითქვას, ძალიან კარგად მუშაობდა, ვითარდებოდა. ბარათაშვილის უეცარი გადადგომა უკვე პირდაპირი ნიშანი იყო - საზოგადოებრივი მაუწყებლის საიმედოდ მისაკუთრების გეგმა არსებობდა.
2016 წელს აჭარის ტელევიზიის დირექტორად აგირჩიეს. როგორ მოხდა ეს ან
როგორ დაუშვეს?
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის კონკურსში მონაწილეობა, ალბათ, ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა, რაც კი ოდესმე მიმიღია. პროცესი შედგებოდა უამრავი ფრაგმენტისგან, ამბებისგან, რომელსაც ვერც დაადასტურებ და ვერც უარყოფ - იყო საუბარი ხმების გაყიდვაზეც, ერთი ხმის ნაცვლად ოთხი ახლობლის დანიშვნის შეთანხმებაზე, პოლიტიკურ დაპირებებზე, ნეპოტიზმზე, ისე როგორც ჩვენ პოლიტიკურ ყოფას შეეფერებოდა 2016 წელს… ეს და სხვა მსგავსი ამბავი რაღაცნაირი ბიძგი გახდა, მინდოდა, პროცესი გამჭვირვალე ყოფილიყო.
მახსოვს, არჩევნების დღეს სუსის თანამშრომელი იდგა აჭარის რადიოს შენობასთან და სიტუაციას პირადად აკონტროლებდა.პირველ ჯერზე ხმების არასაკმარისი რაოდენობა მივიღე. ნელ-ნელა იკვეთებოდა სხვა ქვეტექსტები, სხვა ამბების კონტურებიც. გასაუბრებები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, კონკურსი ჩაშლის პირას იყო, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც სამოქალაქო სექტორისგან, ასევე ჟურნალისტებისგან. ამან გარკვეულწილად იმოქმედა გადაწყვეტილების მიმღებებზე და მათთან დაკავშირებულ ადამიანებზეც. იმ დროისათვის სამოქალაქო სექტორიდან გადასული ადამიანების ნიღბად და შირმად გამოყენება ხელისუფლებისთვის მომგებიანი პრაქტიკა იყო. ალბათ, 31 წლის უფლებადამცველის გამოცდილების იურისტი გოგო არ ჩანდა საგანგაშო ვერსია ხელისუფლებისთვის. წლების შემდეგ ვფიქრობ, ქალი რომ არ ვყოფილიყავი, ისე მონდომებით არ გამისწორდებოდნენ ჯოგის ინსტინქტებით. თუმცა, მეორე მხრივ, ვიცი, ქალი რომ არ ვყოფილიყავი, ემოციურად ვერ გაუძლებდი იმას, რაც ჩემთან მიმართებაში დაგეგმეს დასაშინებლად, დევნისთვის. ბოლოს, იმპიჩმენტიც სამაგალითოდ დასჯის სპექტაკლად დადგეს.
მე ვიცოდი, რაც წერია “მაუწყებლობის შესახებ” კანონში აჭარის ტელევიზიის და რადიოს ფუნქციების შესახებ. „ოცნების“ მოსვლის შემდეგ შეიქმნა საკანონმდებლო ჩარჩო და ნორმების ნაწილი ჩემი აკრეფილიც კია. მაშინ ამ საკითხზე „მედიის ადვოკატირების კოალიციაში“ ვმუშაობდით. მაგრამ კანონების ცოდნასთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის ერთგულებამ გადამარჩინა. ახლაც ასე მჯერა, კრიტიკული საზოგადოებრივი მაუწყებელის პირობებში ცუდი ხელისუფლება ვერ გვეყოლება.
ის რომ მომავალში ბევრი არეულობა იქნებოდა, ბევრი კოცონი
დაინთებოდა ჩემ გარშემო, იქნებოდა შერყევის მცდელობები, ინტუიციურად
ყოველთვის ვგრძნობდი და ველოდი. ყველა შემოტევა ბოლოს ერთი
წინადადებით მთავრდებოდა - ყველაფერი გასაგებია, მესმის, მაგრამ
კანონში სხვაგვარად წერია. იმპიჩმენტის დღესაც ამასვე ვამბობდი,
უბრალოდ სხვა დავალება ჰქონდათ და ჩემს არგუმენტებსაც კი არ
მოუსმინეს.
რას უკავშირებთ თქვენს იმპიჩმენტს დღევანდელი გადმოსახედიდან?
ძალიან ბევრი ფაქტორი იყო. სულ იგრძნობოდა, რომ ხელისუფლება ცდილობდა კონტროლის ქვეშ ჰყოლოდა მაუწყებელი. ეს ბევრად უხეშად იგრძნობოდა 2018 წლიდან, როცა აჭარის მთავრობას ახალი თავმჯდომარე ჰყავდა.
მე, ალბათ, კანონი სარედაქციო თავისუფლებისთვის ბრძოლაში იმაზე კარგად ვიცოდი, ვიდრე მათ წარმოედგინათ. იმპიჩმენტს 2016-2019 წლებში მიუკერძოებლად გაშუქებულ არჩევნებს უფრო ვუკავშირებ. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნაში ჩანდა, რომ აჭარის ტელევიზია ყველაზე ობიექტური და მიუკერძოებელი ტელეარხი იყო. „ეუთოს“ ოფიციალური დასკვნის შემდეგ, ვფიქრობ, როგორც უფლებადამცველი მედიაში ამაზე დიდს ვეღარაფერს გავაკეთებ. სარედაქციო დამოუკიდებლობის შექმნის ნაწილში ზედა ზღვარი ეს იყო. დღემდე შენახული მაქვს ოფიციალური წერილის კონვერტიც კი. ცხადია, ვხვდებოდი, ეს აღიარება იყო, მიღწევაც და დამოკლეს მახვილიც ჩემს თავზე. 2018 წელს ტოლერანტობის ქომაგის წოდებაც მომანიჭა სახალხო დამცველთან არსებულმა საბჭომ. ეს ფაქტიც იყო გამოწვევა. აჭარის რელიგიური მრავალფეროვნების მიუხედავად, მომისმენია, რომ მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის უნდა ემუშავა არხის დირექტორს.
კიდევ ბევრი რამ იყო, რის გამოც უკვე მიზანში ვიყავი ამოღებული. დიდი გაღიზიანების მიზეზი იყო რუსული გავლენებისა და პროპაგანდის შემოუღწევლობაც აჭარის ტელევიზიაში. ჩემი იმპიჩმენტის დღეს პირველი განცხადება რუსულმა გაერთიანებამ, „უკვდავმა პოლკმა“ გაავრცელა. ამბობდნენ, ადამიანი, რომელიც ებრძოდა „უკვდავ პოლკს“ გათავისუფლებულია და ჩვენ გავიმარჯვეთო. გაუგებარია, რას ზეიმობდნენ. მე ბრძოლა არ შემიწყვეტია. მართალია, ქვეყნის შიგნით კლანის სასამართლოს პირობებში სამართლიანობა არ აღდგა, მაგრამ ჩემი საქმე ახლა სტრასბურგშია.
რას საქმიანობს ამჟამად თქვენი ორგანიზაცია - „მედიაომბუდსმენი“?
არც კი მჯერა, რომ 21 წელია გამოხატვის თავისუფლების დასაცავად უფლებადამცველებთან ერთად ვმუშაობ. ახლა ვცდილობ, ჩემი მძიმე წარსული გამოცდილება მედიის სამართლებრივი დახმარების კარგ რესურსებად გადაქცევაში გამოვიყენო. როგორც ყოველთვის, ახლაც ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ვიცავ. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გარეშე დემოკრატია ვერ იცოცხლებს. ვცდილობ დავეხმარო მედიას, ადამიანებამდე მრავალფეროვანი ინფორმაციის მიტანა შეძლონ.
ჯერ ძალიან პატარა გუნდი ვართ, მე, ილონა დიასამაძე და ჯანო ჭკადუა. ჩვენ ვახერხებთ, რომ საკმაოდ ბევრ გამოწვევას გავუმკლავდეთ. სულ ახლახანს სასამართლომ წარმოებაში მიიღო ჩვენი საქმეები, სადაც ე.წ. რუსული კანონის საქმეზე მორალური ზიანის ანაზღაურებას ვითხოვთ. ასევე, ვმუშაობთ 2023 და 2024 წელს დაშავებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების საქმეებზე. აგრეთვე ვაკვირდებით კომუნიკაციების კომისიის მუშაობას.
ჩვენი მთავარი საქმე ახლა არჩევნებია. გვაქვს წინასაარჩევნო ცხელი ხაზი, ჩავატარეთ ტრენინგები ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის, გავავრცელეთ დეტალური გაიდლაინი რომ ნებისმიერი გამოცდილების მედიის წარმომადგენელს ჰქონდეს განახლებული ინფორმაცია გადაღების რეგულაციებზე. არჩევნების დღეს ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომი იქნება საკონსულტაციო ცხელი ხაზი: 577 070 592
ზუსტად ვიცი, ამ არჩევნებით განახლდება ხელისუფლების სამი შტო და მედიაც დაიბრუნებს თავის საპატიო ადგილს ხელისუფლების დანაწილების დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად - იქნება გავლენიანი მაკონტროლებელი მეოთხე ხელისუფლება. მე პირადად ამისთვის გავაგრძელებ მუშაობას.
ონლაინ გამოცემა „ტაბულა“ ახალი ამბების ჟურნალისტის პოზიციაზე (სრული
განაკვეთი) ვაკანსიას აცხადებს.
ჟურნალისტის ძირითადი მოვალეობა:
ახალი ამბებისა და თემატური მასალების მოძიება და მომზადება;
მოთხოვნა:
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე, სამოტივაციო წერილი და მის მიერ დაწერილი/გამოქვეყნებული მასალები 20 ნოემბრამდე უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: info@tabula.ge
როგორც „ტაბულა“ წერს, ანაზღაურება კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შესაბამისად განისაზღვრება (დამატებით ინფორმაციას ანაზღაურების შესახებ შერჩეული კანდიდატები გასაუბრების დროს მიიღებენ);