გოგონა ფოტოდან
18.03.2015


წარმოუდგენელია, თუნდაც ერთხელ მაინც მოჰკრა ამ ფოტოს თვალი და არ დაგამახსოვრდეს. ფოტო 43 წლის წინ, 1972 წლის 8 ივნისს Associated Press-ის ფოტოგრაფის, ნიკ უტის მიერ ვიეტნამის ომის დროსაა გადაღებული. ფოტოზე გამოსახული 9 წლის გოგონა კი, კიმ ფუკია. 8 ივნისს მის სოფელში ე.წ. ნაპალმის ბომბები ჩამოყარეს... კიმს თითქმის მთლიანად დაეწვა სხეული. დღეს კიმ ფუკი კანადაში ცხოვრობს და გაეროს კეთილი ნების ელჩია.

„მე და ჩემს ოჯახს თვითმფრინავების ხმა გვესმის, უფრო და უფრო გვიახლოვდებიან.... დაბომბვა იწყება... ასეთ დროს შენობაში დარჩენა საშიშია, ჩვენც მომენტალურად გამოვდივართ გარეთ და გავრბივართ რომ უფრო უსაფრთხო ადგილი ვიპოვოთ.... ამ დროს კიდევ ერთი ბომბი ვარდება... მთელი სხეული მეწვის. ტანსაცმელი ტანზე შემომადნა, გავრბივარ და ვყვირი...“

კიდევ რამდენიმე წუთიც და AP-ის 21 წლის ფოტოგრაფი ნიკ უტი თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ფოტოს გადაიღებს...

„ეს პატარა გოგონა უეცრად შავი კვამლიდან გამოვარდა და ჩემ წინ გაჩნდა, მთლიანად შიშველი იყო და ტკივილისგან განწირული ხმით კიოდა, მიშველეთო. ინსტინქტურად რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე, კისერზე ჩამოკიდებული კამერა ავწიე, სახესთან მივიტანე და კადრების გადაღება დავიწყე. საშინელი სიტუაცია იყო გარშემო, საშინელი კვამლი, დამწვარი ადამიანები.... ერთი მოხუცი ქალი, რომელსაც პატარა ბავშვი ჰყავდა გულში ჩაკრული და გამორბოდა, პირდაპირ ჩემი ობიექტივის წინ ჩაიკეცა და მოკვდა. როცა კიმი მომიახლოვდა, ვნახე, რომ მთელი სხეული დამწვარი ჰქონდა, კამერა დავდე, მასთან მივირბინე, ვცდილობდი დავხმარებოდი, პირველი რაც გავაკეთე, ის იყო რომ წყალი გადავასხი და ჩემს ქურთუკში გავახვიე, შემდეგ, ავიყვანე ხელში, AP-ის მანქანაში ჩავსვი და საავამყოფოში წავიყვანე“ - იხსენებს ფოტოგრაფი, - „საავადმყოფოში სრული ქაოსი დაგვხვდა, ყურადღებასაც არავინ გვაქცევდა, იქ უკვე უამრავი დამწვარი ადამიანი იყო მიყვანილი. საავადმყოფო ძალიან პატარა იყო, სამედიცინო პერსონალმა მთხოვა, კიმის და კიდევ სხვა დამწვარი ბავშვების უფრო დიდ საავადმყოფოში გადაყვანაში დავხმარებოდი, მე კატეგორიული უარი განვაცხადე, ვხედავდი, რომ კიმი შეიძლებოდა ნებისმიერ წამს მომკვდარიყო...ნებისმიერი წამი შესაძლოა გადამწყვეტი ყოფილიყო. საავადმყოფოში ჩვენს შეშვებაზეც კი უარს გვეუბნებოდნენ, სხვა გზა აღარ მქონდა, მედპერსონალს ჩემი „პრესქარდი“ ვაჩვენე და ვუთხარი, რომ თუ ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას არ გაუწევდნენ ბავშვებს, თუ ერთი ბავშვი მაინც დაიღუპებოდა, პრობლემები შეექმნებოდათ. კიმი და დანარჩენი ბავშვები შიგნით შეიყვანეს. მე კი ჩემს კადრებზე სამუშაოდ AP-ის ოფისში წავედი“ .

გოგონა 4 თვის განმავლობაში სიკვდილ-სიცოცხლის ზღარზე იყო, 14 თვე საავადმყოფოში თითქმის უგონო მდგომარეობაში გაატარა და 17 ოპერაცია დასჭირდა იმისთვის, რომ ჩვეულ ცხოვრებას დაბრუნებოდა.

„თავიდან, ეს ფოტო მძულდა. ეს ბუნებრივიცაა, ფოტოზე ხომ ჩემი პერსონალური ტრაგედიაა აღბეჭდილი... ვცდილობდი ამ ფოტოსგან გაქცევას, იმ გოგოსგან გაქცევას, რომელიც ფოტოზეა გამოსახული. როცა ცოტა წამოვიზარდე, მივხვდი რომ ასე აღარ შეიძლებოდა, დავიწყე ფიქრი იმაზე, რაში შეიძლებოდა გამომდგომოდა ეს ფოტო, რა სასიკეთო ცვლილებების მოტანა შეეძლო მას ჩემთვის და გარშემომყოფებისთვის. მე დღეს მშვიდობას ვემსახურები, ვმოგზაურობ მთელ მსოფლიოში და ვცდილობ, ჩემი წვლილი შევიტანო ომის დამანგრეველი გავლენის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში. ეს ამ ფოტომ შემაძლებინა.“გაქცევა მშვიდობისკენ“ - მე ასე დავასათაურებდი კადრს, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა“.

ფოტო არ ჯდებოდა AP- ის მკაცრად გაწერილ სარედაქციო პოლიტიკაში, ვინაიდან კადრში გამოსახული იყო სრულიად შიშველი პატარა გოგონა. თუმცა, რედაქციას ბევრი არ უფიქრია, უნდა გამოექვეყნებინა თუ არა ფოტო, „ეს ის შემთხვევა იყო, როცა გამოქვეყნება უფრო მეტ სიკეთეს მოიტანდა, ვიდრე არგამოქვეყნება. კადრის საინფორმაციო ღირებულება და საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან მაღალი იყო, ამ ფოტოსთვის ღირდა წესების დარღვევა“, იხსენებს წლების შემდეგ AP-ის რედაქტორი. მოგვიანებით, ფოტომ პულიტცერის პრემიაც აიღო და დღესდღეობით, ის მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ფოტოკადრად მიიჩნევა.

თავად ფოტოს გმირი კი კეთილი ნების ელჩის სახელით დღეს მთელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, რათა ყველას მოუყვეს თავისი პირადი, ომთან დაკავშირებული ისტორია. გარდა ამისა, მან დაარსა საქველმოქმედო ფონდი Kim Foundation International, რომელიც ომისა და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ეხმარება.

კიმ ფუკი: ''ნაპალმი-ეს ყველაზე საშინელი ტკივილია, რომლის წარმოდგენაც შეგიძლიათ. წყალი ცხელდება 100 გრადუსზე, ტემპერატურა კი 800-იდან 1200-მდე მერყეობს. პატიებამ გამათავისუფლა სიძულვილისაგან. დამწვრობა სხეულზე დღემდე მაქვს. ახლაც ვგრძნობ საშინელ ტკივილს, მაგრამ ჩემი გული სუფთაა. ნაპალნი ძლიერია, თუმცა რწმენა, პატიება, და სიყვარული უფრო ძლიერი. ჩვენს სამყაროში საერთოდ არ იქნებოდა ომი, თითოეულ ჩვენგანს რომ გაეთავისებინა, თუ როგორ ვიცხოვროთ ჭეშმარიტი სიყვარულით, იმედითა და მიტევებით. თუ იმ პატარა გოგონამ ფოტოდან მოახერხა ეს, ჰკითხეთ საკუთარ თავს, იქნებ თქვენც შეძლებთ ამას?''


ავტორი : სალომე აჩბა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ