უნდა გამოექვეყნებინა თუ არა მედიას ტერორისტის მსხვერპლის ფოტო პირველ გვერდზე - Guardian-ის ახსნა
31.01.2020
ქეთევან ქარდავას მიერ 2016 წელს ბრიუსელის ტერაქტის დროს გადაღებული ფოტო, რომელიც CNN-მა ბოლო ათწლეულის 100 საუკეთესო ფოტოს შორის დაასახელა, თავის დროზე საერთაშორისო გამოცემების რედაქციებში განხილვის საგნად იქცა. უნდა გამოექვეყნებინათ თუ არა მედიასაშუალებებს ტერორისტის მსხვერპლის ფოტო პირველ გვერდებზე და ამით ხელს ხომ არ შეუწყობდნენ ტერორიზმის პროპაგანდას? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემას იმავე წელს Guardian-ის ყოფილი რედაქტორი დებორა ორრი შეეცადა.

ორრის თქმით, ქართველი ჟურნალისტის ქეთევან ქარდავას მიერ გადაღებული ფოტო მრავლისმეტყველია. მასზე გამოსახულია ქალი, რომელიც ობიექტივს უყურებს, სახე სისხლით აქვს დაფარული, თმა და სხეული მტვრიანი აქვს, ხოლო მისი ტანსაცმელი ისეა დახეული, რომ ბიუსჰალტერი უჩანს. მის მარცხნივ მჯდომ ქალს ფიზიკური დაზიანებები ნაკლებად აღენიშნება, თუმცა ხელი, რომლითაც მობილური უჭირავს სისხლითაა დაფარული. Guardian-ის რედაქტორი მიიჩნევდა, რომ ქარდავას ფოტო სრულად ასახავდა ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლის მდგომარეობას, თუმცა ის მაინც არ იყო ისეთი სურათი, რომელიც მკითხველს საშინელ წარმოდგენებს შეუქმნიდა.

"ფოტო ემპათიას იწვევს - რთული არააა საკუთარი თავის წარმოდგენა ამ სიტუაციაში. არც ისაა რთული, რომ ვიფიქროთ რამდენად არ გვენდომებოდა საჯარო ადგილას ასეთ მომენტში ბიუსჰალტერში გადაეღოთ ჩვენთვის ფოტო. არღვევს ეს ფოტო ამ ქალის ღირსებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას? არა, რა თქმა უნდა, არა. ეს ტერაქტის ჩამდენებმა გააკეთეს. ეს ფოტო მთლიანად მსხვერპლის მხარესაა. ქალი უდანაშაულოა. მის ადგილას ნებისმიერი შეიძლებოდა ყოფილიყო.

და აი აქ რთულდება ყველაფერი. სწორედ ეს 5 სიტყვა "მის ადგილას ნებისმიერი შეიძლებოდა ყოფილიყო.", პირდაპირ უკავშირდება ტერორიზმის გზავნილს.  ჩვენ გვესმის, რომ წამებისა და მკვლელობის ამსახველი ფოტოების გავრცელება ტერორისტებსაც ხელს უწყობს, მაგრამ ის ფოტოები, რომლებსაც გასავრცელებლად დასავლური მედია ირჩევს, ასევე პროპაგანდას წარმოადგენს. ესაა პროპაგანდა, რომელიც შიშის დათესვის გარეშე მომხდარის რეალურად ასახვას ცდილობს. ამ ბალანსის მიღწევა კი რთულია“, - წერს ორრი.


alt
დებორა ორრი The Guardian/Felicity McCabe

დებორა ორრის აზრით, პროპაგანდის ცუდი რეპუტაცია ნაწილობრივ იმითაა გამოწვეული, რომ ზოგჯერ ის ცდილობს დამაჯერებელი გახადოს ყალბი, არაზუსტი, საზიანო და ცუდის მომასწავებელ გზავნილები. ამისთვის კი პროპაგანდა ძალიან ძლიერი უნდა იყოს. შედარებით რბილი პროპაგანდა, ისეთიც კი რომელიც მხოლოდ სიმართლეს გადმოსცემს, ნაკლებად ძლიერია, რადგან ერთი და იგივე ინფორმაცია სხვადასხვა მხარისთვის შესაძლოა სხვადასხვა გზავნილს ატარებდეს.

"ქარდავას ფოტოს გზავნილი იყო ის, რომ ტერორიზმი ჩვენნაირი ადამიანებისთვის ქაოსისა და უბედურების გამომწვევია. ფოტო შესაძლოა გამოყენებული იქნას იმის გადმოსაცემადაც, რომ უსაფრთხოების სამსახურები ვერ გვიცავენ ან უბრალოდ იმის სათქმელად, რომ ტერორიზმი მუშაობს.

ვფიქრობ, სისხლიანი ქალის ფოტოთი ისლამური სახელმწიფოს საშინელმა დაჯგუფებებმა შესაძლოა ისიამოვნონ. ისინი ნამდვილად დაიჯერებენ, რომ ამ ქალს ღირსება შეულახეს. თუ ხალიფატის წესების გჯერა, ნებისმიერ რამეს დაიჯერებ. მაგრამ მათთვის ეს ვერ იქცევა საკულტო ფოტოდ და ეს კარგია. არც დასავლეთისთვისაა ეს ფოტო საკმარისად ძლიერი, რომ საზოგადოებრივ აზრზე მოახდინოს გავლენა ან ტერორიზმის მხარდამჭერები დროებით შეაჩეროს. ფოტო ასახავს ორ ქალს, რომელთაც არ გაუმართლათ და ტერაქტის დროს დაშავდნენ, თუმცა გაუმართლათ იმაში რომ გადარჩნენ“,- აღნიშნავს რედაქტორი.

Guardian-ის ჟურნალისტი ტერორიზმის გაშუქებისას მისი აზრით, დასავლური მედიის მთავარ პრობლემას შემდეგ კითხვაში გადმოგვცემს: როგორ უნდა აჩვენონ ჟურნალისტებმა ტერორიზმის მსხვერპლები ისე, რომ ხელი არ შეუწყონ ამ ტერორისტული დაჯგუფებების დღის წესრიგს?

ორრი ქეთევან ქარდავას მიერ გადაღებული ფოტოს გავრცელების აუცილებლობას კი შემდეგნაირად ხსნის: "სისხლიანი, თუმცა არა სასიკვდილოდ დაჭრილი ან ძლიერი შიშით მოცული ქალის ფოტო კომპრომისია. ის არ გვიჩვენებს რატომ გვეშინია ტერორიზმის, იქცევს ყურადღებას მაგრამ არაა შოკისმომგვრელი. ის ასახავს ტერორიზმის მსხვერპლთა ყოველდღიურ ისტორიას. ეს ფოტო საკმარისია", - წერს დებორა ორრი.

დებორა ორრი Guardian-ის შაბათ-კვირის ჟურნალის რედაქტორად 1993-98 წლებში მუშაობდა, გარდა ამისა ორ ათწლეულზე მეტ ხანს Guardian-ისა და The Independent-ის მესვეტე იყო. ის 2019 წლის ოქტომბერში 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ