მოსამართლემ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავება კანონიერად მიიჩნია და მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა
11.05.2026


ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივარი არ დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ ის კანონიერად დააკავეს.

ალექსანდრე გოგუაძემ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების საკითხი დღეს, 11 მაისს განიხილა. 

                                                               
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, ამ საჩივრის განსახილველად მიღებაზე თავდაპირველად მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ უარი განაცხადა იმ  მოტივით, რომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე უკვე სამართალდამრღვევად არის ცნობილი და არ არსებობს დაკავების კანონიერებაზე მსჯელობის სამართლებრივი საფუძვლები, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საჩივარი განსახილველად კვლავ პირველ ინსტანციას დაუბრუნდა. ამ საქმეზე მზია ამაღლობელის ინტერესებს სწორედ საია იცავს.
                                                               

ამაღლობელი 2025 წლის 11-12 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ორჯერ დააკავეს. პირველად ის შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის - წარწერით „იფიცება საქართველო“ გაკვრის გამო დააკავეს. სწორედ ამ დაკავების კანონიერება შეისწავლა სასამართლომ. 

მეორედ ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით, ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. 2025 წლის 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ