პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ქარტიის მიერ
გავრცელებულ
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნაცვლად
დამოუკიდებელი მედიის წვლილზე და მისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნაზე
საუბრისა, ორგანიზაციას იმ კრიზისზე უწევს საუბარი, რომელშიც ქართული
მედიასაშუალებები და მედიის უფლებადამცველები „ქართული ოცნების“
დამაზიანებელი პოლიტიკის შედეგად აღმოჩნდნენ.
„2025 წლის 3 მაისს მზია ამაღლობელი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გამომცემელი, რომლის დამსახურება ქართული მედიის მშენებლობაში შეუფასებელია, შეთითხნილი ბრალდებითა და ფალსიფიცირებული მტკიცებულებებით ციხეში ხვდება.
მაუწყებლობა შეწყვიტა „მთავარმა არხმა“, კრიტიკულმა ტელევიზიამ, რომელიც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საზოგადოებას აჩვენებდა იმ რეალობას, რომლის საგულდაგულოდ დამალვასაც პროპაგანდისტული მედია ცდილობს.
ახალ შენობაში, მაგრამ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გადაცემების გარეშე ხვდება 3 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც დევნის და სამსახურიდან უშვებს განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტებს და ხურავს იმ გადაცემებს, რომლებშიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ.
მაუწყებელებს შინაარსობრივ საკითხებთან მიმართებით განსჯის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც ამ ახალი მანდატით „ქართული ოცნების“ პარლამენტმა აღჭურვა. “ქართული ოცნების” მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად ისინი ვეღარ ისარგებლებენ ვერც დასავლური ფინანსებით და ვერც დასავლური ექსპერტიზით“.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებაში ხაზგასმულია პროევროპული აქციების გაშუქებისას პოლიციელების, სპეცრაზმელებისა და სავარაუდოდ, ძალოვან სტრუქტურებთან აფილირებული ძალადობრივი დაჯგუფებების წევრების მიერ მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობის შემთხვევებზეც.
„მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა დაზარალებულმა ჟურნალისტმა ჩვენება მისცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელმაც, მისივე თქმით, გამოძიება დაიწყო, შედეგი არცერთ საქმეზე არ დამდგარა. დამნაშავეები დაუსჯელად განაგრძობენ საქმიანობას.
ჯარიმას ჯარიმაზე იღებენ ის ჟურნალისტები, „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“, რომლებიც დაუღალავად აშუქებენ აქციებს.
ჟურნალისტები სამართლებრივად იდევნებიან და ჯარიმდებიან უკვე ფეისბუქ სტატუსების გამოც.
ცრუმოწმეების ჩვენების საფუძველზე, სამართალდამცავისადმი დაუმორჩილებლობისთვის სიტყვიერ გაფრთხილებას იღებენ ჟურნალისტები, რომელთაც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სწორედაც რომ სამართალდამცავები დაესხნენ თავს და იმდენად სასტიკად სცემეს, რომ მათ სამედიცინო ჩარევა დასჭირდათ“.
დოკუმენტის თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი დეზინფორმაციის გამავრცელებელი ინფრასტრუქტურა კრიტიკული ჟურნალისტებისთვის „მტრისა“ და „აგენტის“ იარლიყების მიწებებითაა დაკავებული და მათ მარგინალიზაციას ცდილობს.
„საჯარო ინფორმაცია და საჯარო სივრცეები ჟურნალისტებისთვის დაკეტილია. თანამდებობის პირები ბარიერებს ამაგრებენ ჟურნალისტთა კრიტიკული კითხვებისგან თავის დასაცავად. ონლაინ მედია ვერ აშუქებს პარლამენტის მუშაობას და ჟურნალისტებს ხშირად არ უშვებემ ადგილობრივი ხელისუფლების სხდომებზეც. მოსამართლეები თვითნებურად ართმევენ ჟურნალისტებს იმ სასამართლო პროცესების გაშუქების უფლებას, რომელთა მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია.
საქართველოში არ უშვებენ იმ უცხოელ ჟურნალისტებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე საუბრობენ. სამაგიეროდ, „ქართულ ოცნებას“ კარი ფართოდ აქვს ღია ყველა ჯურის პროპაგანდისტისთვის“.
განცხადებაში აღნიშნულია „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ ერთიმეორის მიყოლებით მიღებულ მედიის შემზღუდავ რეპრესიულ კანონებზეც.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს მოაყოლეს უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი. დასავლურ საგრანტო რესურსებზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად დაჩქარებული წესით შეიტანეს ცვლილებები კანონში გრანტების შესახებ.
დაუსჯელობა, თვითნებობა, აგრესია, კონსტიტუციისა და კანონების სრული უპატივცემულობა ყველა დონეზე - აი, ეს არის ის, რასთან გამკლავებაც უწევთ ყოველდღიურად ჟურნალისტებს საქართველოში საზოგადოებამდე სიმართლის მისატანად“.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 3 მაისი იმავდროულად ავტორიტარ მმართველთათვის მედიის იმ ძალის შეხსენებაა, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევა მედგრად შეუძლია და „რომელთანაც ჯერ არასდროს არცერთ რეჟიმს არ გაუმარჯვია“.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 3 მაისს „ქართულ ოცნებას“ დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობაზე მიუთითებს და მოუწოდებს, შეცვალოს დამოკიდებულება მის მიმართ, მედიასათან ურთიერთობისას იხელმძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციითა და იმ საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა ხელმომწერი საქართველოცაა.
ქარტიის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი, გამოიძიოს ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაული და დასაჯოს დამნაშავეები, გაიწვიოს უსამართლოდ დაკისრებული ჯარიმები და მისცეს ჟურნალისტებს წვდომა საჯარო ინფორმაციასა და საჯარო სივრცეებზე, გააუქმოს ბოლო თვეებში მიღებული ყველა ის კანონი და ცვლილება კანონში, რომელმაც მედიის გარემო გააუარესა.