მურღულია და ქართველიშვილი საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრები გახდნენ
23.06.2026


პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის 3 ვაკანტურ პოზიციაზე 2 ახალი წევრი აირჩია, ერთი კი ვაკანტური დარჩა. 

საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვე მეორე ვადით გია მურღულია იქნება, საპარლამენტო ოპოზიციის ერთი კვოტით კი სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა დავით ქართველიშვილი - „ხალხის ძალის“ წარდგინებით. ისინი საქმიანობას 2 ივლისიდან შეუდგებიან. 

გია მურღულია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი პირველად 2020 წელს გახდა. 2024 წლის 1 თებერვლიდან კი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის მოადგილე იყო

დავით ქართველიშვილი „ხალხის ძალის“ წარმომადგენელია. სამთავრობო მედიები მას, როგორც ანალიტიკოსს ხშირად ციტირებენ. 

                                                  
„ხალხის ძალას“ პარლამენტში ფრაქცია არ აქვს, თუმცა რედაქციას არგუმენტად „პარლამენტის რეგლამენტის“ ის მუხლი დაუსახელეს, სადაც ვკითხულობთ, რომ „პოლიტიკური ჯგუფი სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს ფრაქციას, გარდა საქართველოს კონსტიტუციით ფრაქციისთვის განსაზღვრული უფლებებისა“. 
                                                  

ფრაქცია „საქართველოსთვის“ წარდგენილი 3 კანდიდატიდან: თეონა გეგელია, ელისო გაბადაძე, თეიმურაზ კეკელიძე საჭირო 76 ხმა ვერცერთმა ვერ დააგროვა, შესაბამისად სამეურვეო საბჭოს წევრობის 1 პოზიცია ვაკანტური დარჩა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ფრაქციას - „საქართველოსთვის“ 1 ივლისიდან პირდაპირ 1 კანდიდატის დასახელების შესაძლებლობა ექნება, რომელსაც პარლამენტი უყრის კენჭს.

                                                  
„პარლამენტის რეგლამენტის“ შეტანილი ცვლილებებით, 1 ივლისიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის წესი იცვლება. მეურვის კანდიდატურა ღია კონკურსით აღარ შეირჩევა, უქმდება წევრობის კანდიდატების შემრჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის პროცედურაც. პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატს შესაბამისი კვოტის მქონე სუბიექტი წარუდგენს. მეურვის 1 თანამდებობაზე პირის ასარჩევად პარლამენტს მეურვეობის მხოლოდ 1 კანდიდატი წარედგინება. 
                                                  

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოდან უფლებამოსილების ვადა სამს: ზაზა აბაშიძეს, ბონდო მძინარაშვილსა და გია მურღულიას ამოეწურა. სამეურვეო საბჭოს სხვა წევრები არიან: გია იაკობაშვილი, იზაბელა ოსიპოვა, სოსო სტურუა, გია კოხრეიძე, თამილა დოლიძე, ლაშა ტუღუში, ლიკა ბასილაია-შავგულიძე და ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც საბჭოს თავმჯდომარედ მეორე ვადით არის არჩეული.   

საზოგადოებრივი მაუწყებლის  მეურვეობის 3 კანდიდატის შესარჩევად გამოცხადებულ ღია კონკურსში თავდაპირველად 10 მსურველი მონაწილეობდა, თუმცა მოგვიანებით დოდო შონავამ კანდიდატურა მოხსნა

პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ საკონკურსო კომისიაში კი იყვნენ: გივი აბესაძე, მარიამ გვიდიანი, როზეტა გუჯეჯიანი,  თამარ კეკენაძე, დავით მაღლაფერიძე, ერმილე მესხია, ნინო მეუნარგია,  სოფიო ნიკოლაიშვილი და შორენა შავერდაშვილი იყვნენ. ამ 9-წევრიანი კომისიიდან 3 ბრიტანეთის მიერ სანქცირებული „იმედის“ თანამშრომელია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 11 წევრისგან შედგება, პარლამენტი ორ მეურვეს საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით ირჩევს, სამს – საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის/ფრაქციების, სამს – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი იმ ფრაქციების წარდგინებით, რომლებშიც ყველაზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული, სამს კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.   

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით იცვლება. საბჭოს თითოეულ წევრს 6 წლის ვადით ირჩევენ. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი 8 817 ლარია (დარიცხული), მისი მოადგილის - 6 798 ლარი (დარიცხული), საბჭოს სხვა წევრების კი - 6 085 ლარი (დარიცხული).


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ