„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“
განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური
პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სარჩელის
განხილვების „საჯაროობა ნაწილობრივ უზრუნველყოფილია, ქარტია
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ფოტო და ვიდეო გადაღება
აეკრძალა დამოუკიდებელი მედიისთვის, მაინც პრობლემურად
მიიჩნევს“.
„საკონსტუტიციო სასამართლომ დამოუკიდებელ მედიას არ მისცა უფლება, ეწარმოებინა ფოტო და/ან ვიდეო გადაღება ხუთი პოლიტიკური პარტიის კონსტიტუციურობის და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვაზე, რომელიც დღეს, 21 ოქტომბერს დაიწყო და სამი დღე გასტანს.
დარბაზში ახლა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის კამერა მუშაობს, რომელიც სხდომას პირდაპირ ეთერში გადასცემს და სიგნალს აწვდის სხვა მედიებს.
სხდომა სასამართლოს YouTube არხითაც გადაიცემა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ზომების ერთობლიობით სხდომების საჯაროობა ნაწილობრივ უზრუნველყოფილია, ქარტია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ფოტო და ვიდეო გადაღება აეკრძალა დამოუკიდებელი მედიისთვის, მაინც პრობლემურად მიიჩნევს.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრეს-სამსახური, ზეპირ საუბარში, ამ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ადგილების შეზღუდული რაოდენობით ხსნის. თუმცა, არ განმარტავს, რის საფუძველზე მიანიჭა მან პრიორიტეტი საზოგადოებრივ მაუწყებელს და რატომ იქნებოდა შეუძლებელი სხვა მედიასაშუალებების განცხადებების დაკმაყოფილება და მათთვის ადგილიდან გადაღების უფლების მიცემა. იკვეთება მედიის მიმართ შერჩევითი დამოკიდებულებაც.
საკონსტიტუციო სასამართლოში გადაღების საკითხს საკონსტუტუციო სასამართლოს რეგლამენტი აწესრიგებს (მუხლი 24, დასწრება საკონსტიტუციო სასამართლოს ღია სხდომაზე, პუნქტი 2). ჩანაწერი ზოგადია და რომელიმე ფორმატის მედიასაშუალებას პრიორიტეტს არ ანიჭებს. მასში ვკითხულობთ, რომ თუ სხდომაზე დამსწრე პირს სასამართლო სხდომაზე რადიო, ტელე, აუდიო ან ვიდეოჩანაწერის გაკეთება სურს, მან საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე უნდა მიმართოს. დაშვების შესახებ გადაწყვეტილება საქმის განმხილველმა სასამართლომ ასევე სხდომის დაწყებამდე უნდა მიიღოს.
საქმისადმი, რომელსაც ახლა საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს, საზოგადოებრივი ინტერესი გამორჩეულად დიდია. ქარტის მიიჩნევს, რომ ამის გათვალისწინებით, საკონსტუტუციო სასამართლოს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა მედიისთვის სამუშაო პირობების შესაქმნელად, მათ შორის, მისთვის ვიდეო და ფოტოგადაღების უფლების მიცემით.
საპირისპიროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ ამ პროცესისთვის შეცვალა დამკვიდრებული პრაქტიკა - ჟურნალისტები ადასტურებენ, რომ დღევანდელ სხდომამდე, ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში შეუზღუდავად მუშაობდნენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს ეს ახალი მიდგომა, შეიძლება ითქვას, რომ გამოძახილია იმ მავნე პრაქტიკისა, რაც საერთო სასამართლოებში უკვე კანონის საფუძველზე დააწესა „ქართულმა ოცნებამ” და რის შედეგადაც მედიას სასამართლოებში გადაღება, ფაქტობრივად, აკრძალული აქვს“, - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მოუწოდებს, შეცვალოს გადაწყვეტილება და 22 და 23
ოქტომბრის სხდომებზე დააკმაყოფილოს იმ მედიასაშუალებების
განცხადებები, ვისაც ამ პროცესის ფოტო და ვიდეო გადაღება სურთ.
ამავე თემაზე: პარტიების
აკრძალვის საქმეზე სასამართლო სხდომებს მედიებიდან მხოლოდ საზმაუ
გადაიღებს

