„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ მკაცრად გმობს საზოგადოებრივი
მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას დახუროს გადაცემა
„რეალური სივრცე“, უკანონოდ გაათავისუფლოს მისი წამყვანი ნინო
ზაუტაშვილი, გააფრთხილოს ჟურნალისტები და შექმნას არასათანადო სამუშაო
გარემო.
კოალიციის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება მიზანმიმართული რეპრესიული ქმედებაა იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც ღიად აკრიტიკებდნენ მაუწყებლის მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას, ამხელდნენ მასში არსებულ პოლიტიკურ გავლენებსა და პროპაგანდას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.
„მაუწყებლის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძემ და მათმა მომხრე საბჭოს წევრმა, მედიაში შექმნა ისეთი პირობები, რომლებიც გადაცემის გუნდს არ აძლევს საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას. გუნდისთვის შეთავაზებული სამუშაო პირობები წარმოადგენს მიზანმიმართულ მცდელობას გუნდის დასანაწევრებლად და პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობის წასართმევად. სამწუხაროდ, მაუწყებლის ხელმძღვანელობა არა მხოლოდ იყენებს სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების მეთოდს, არამედ ასევე მიმართავს დისციპლინურ სანქციებს კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების წინააღმდეგ“.
„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ აღნიშნავს, რომ თინათინ ბერძენიშვილისა და ვასილ მაღლაფერიძის ხელმძღვანელობით მაუწყებელი სისტემატურად ახორციელებს დამოუკიდებელი და პროფესიონალი ჟურნალისტების დევნას, მათ შორის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილისა და „რეალური სივრცის" გუნდის სხვა წევრების მიმართ.
„ეს ქმედებები მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც საზოგადოება აქტიურად ითხოვს მაუწყებლისგან თავისი კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებას და ხალხის ხმის გაჟღერებას, ხოლო ზემოხსენებული ჟურნალისტები ღიად ითხოვდნენ ეთერების გახსნას და მოქალაქეების სათანადო ინფორმირებას.
მაუწყებლის ხელმძღვანელობის ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის მანდატს და საერთაშორისო სტანდარტებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა მოხსენიებულია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი საქმიანობა შორს არის დემოკრატიული სტანდარტებისგან და მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის ინტერესებს ემსახურება“.
კოალიცია, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელ ჟურნალისტებს სრულ სოლიდარობას უცხადებს და მიიჩნევს, რომ მათ მიერ გამოჩენილი პროფესიული სიმამაცე და ჟურნალისტური სტანდარტებისადმი ერთგულება მთელი ქართული მედიისთვის მაგალითია.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ხალხის საკუთრება და არა ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული რუპორი. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რათა მაუწყებელმა შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება და ემსახუროს საზოგადოების ინტერესებს“, - ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.
გადაცემა „რეალური სივრცის“ გუნდმა ტელევიზიის მენეჯმენტის შეთავაზებაზე: მუშაობა გაეგრძელებინათ რადიოს დილის გადაცემაში, ვებგვერდზე, პრომოუშენის დეპარტამენტსა და მუსიკალურ გადაცემაზე, უარი თქვა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „რეალური სივრცის“ დახურვის შესახებ თანამშრომლებს 30 აპრილს, წერილობით შეატყობინა. მანამდე კი, 11 აპრილს, „პირველმა არხმა“ სამსახურიდან ამ გადაცემის წამყვანი, ნინო ზაუტაშვილი და საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ წამყვანი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი გაათავისუფლა.