„TV პირველის“ ჟურნალისტი, რომელსაც შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა, დღესაც კლინიკაში რჩება
13.05.2025


„TV პირველის“ ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი, რომელსაც გიორგი შინჯიკაშვილის მამა თავს დაესხა, ტვინის შერყევით დღესაც „ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში“ რჩება. გიორგი შინჯიკაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფოს რწმუნებულის პირველი მოადგილე იყო, რომელიც თანამდებობიდან გუშინ გადადგა. კლინიკის ექიმის განცხადებით, ჟურნალისტს კოორდინაციის დარღვევა აღენიშნება და მეთვალყურეობის ქვეშ რჩება:

„მარიამი მიღებულია ტვინის შერყევის დიაგნოზით გუშინ საღამოს. მას უპირატესად წამოდგომისას აღენიშნება კოორდინაციის დარღვევა, რის გამოც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღესაც რჩება მეთვალყურეობის ქვეშ. თვალსაჩინო დაზიანება არ არის, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, აქვს ბლაგვი საგნით მიყენებული ტრავმა მარცხენა მხრიდან, თავის მარცხენა მხარეში“.

მარიამ მაკასარაშვილი კლინიკაში, ადვოკატების თანდასწრებით, გამოკითხა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა თამარ ბახუამ. უწყებამ გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გუშინ დაიწყო.

„TV პირველის“ ჟურნალისტის ერთ-ერთი ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის შეფასებით, ამ შემთხვევაში იყო არამხოლოდ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, არამედ თავდასხმაც იმის გამო, რომ მარიამი ჟურნალისტია. 

„მარიამმა დეტალურად გაიხსენა ყველა ის მომენტი, რა მომენტიც განხორციელდა გუშინ, რა ფაქტიც მოხდა. ასევე მიყენებულ ზიანზე ისაუბრა, რასაც ასევე ადასტურებს სამედიცინო დოკუმენტაცია და სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გადაუდებელი აუცილებლობით ამოიღო ეს დოკუმენტაცია და მასზე დაინიშნება ექსპერტიზა იმისთვის, რომ დადგინდეს, რა სახის დაზიანება აქვს მარიამს მიყენებული. არა მხოლოდ ხელშეშლა, ეს იყო თავდასხმა იმის გამო, რომ მარიამი არის ჟურნალისტი, დევნა პროფესიული ნიშნით. შესაბამისად, არა მხოლოდ ერთი მუხლით, სამომავლოდ რამდენიმე მუხლით უნდა დაიწყოს და გააგრძელოს გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. ჩვენ მიერ მიცემული გამოკითხვის ოქმის თანახმად, მათ აქვთ სრული არეალი იმისთვის, რომ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება დაგეგმონ, თუმცა რამდენად გააკეთებენ ამას და შედეგი რამდენად იქნება, ამას უკვე პროცესის განმავლობაში ვნახავთ, იმიტომ რომ არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც შემზარავი ფაქტი მომხდარა და გამოკითხვის ოქმი შემდგარა, ჩვენგან ყველანაირი კომუნიკაცია შემდგარა, თუმცა შედეგი წლების შემდეგაც კი არ დამდგარა“, - განაცხადა მიგინეიშვილმა „TV პირველთან“ საუბრისას.

„TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გუშინვე გამოეხმაურნენ. 

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას აკისრებს „ქართულ ოცნებას“, „რომლის რეპრესიული პოლიტიკა მედიის მიმართ ქმნის გარემოს, სადაც ჟურნალისტების უსაფრთხოება და უფლებები დაცული არ არის და სადაც ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, ჟურნალისტებს თავს დაესხან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფონზე კი დღემდე არ არის გამოვლენილი და პასუხისგებაში მიცემული არცერთი პირი, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში ჟურნალისტებზე იძალადა“. 

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის“ გუშინ „მომხდარი ადასტურებს ჟურნალისტების მიმართ გახშირებული ძალადობის ფაქტებს, რასაც პირდაპირ უწყობს ხელს შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების გულგრილობა. ასეთი დამოკიდებულება ახალისებს ძალადობას და აჩენს დაუსჯელობის განცდას.

ისედაც გაუარესებულ მედიაგარემოში, საია გმობს მომხდარს და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პროკურატურას გავრცელებულ ინფორმაციაზე მოახდინონ სწრაფი და ეფექტიანი“.

მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას გმობს „მედიის ადვოკატირების კოალიციაც“ და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და უსაფრთხოების კრიტიკულ მდგომარეობას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს.

გუშინ, 12 მაისს, „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს, რომლებიც  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის გადადგომის მიზეზების გასარკვევად მარტყოფში, მის საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ, შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც მარიამ მაკასარაშვილი ჰყვება, ის აგრესიული მოულოდნელად გახდა, ოპერატორს - ვიდეოკამერა, მას კი პირადი მობილური წაართვა და ხელიც კი გაარტყა. 

მაკასარაშვილის თქმით, მათ შინაგან საქმეთა სამინისტრის მომხდარის შესახებ მალევე შეატყობინეს, პოლიციელები კი შემთხვევის ადგილას თითქმის საათნახევრის შემდეგ მივიდნენ.  

„ტვ პირველის“ ჟურნალისტს პირველადი სამედიცინო დახმარება სასწრაფო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს და ჩივილებიდან გამომდინარე კლინიკაში გადაიყვანეს.  

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ