ფოტო : მინდია გაბაძე
თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ჟურნალისტებს კამერებით
შესვლა დღესაც, უკვე
მესამედ აუკრძალეს.
სასამართლოს პრესსამსახურის განმარტებით, შეზღუდვის მიზეზი უსაფრთხოებაა: „უსაფრთხოებიდან გამომდინარე დღეს არის შეზღუდვა. სასამართლოს შენობაში შემოვა მხოლოდ ის მედიასაშუალება, ვინც დაშვებული იქნება უშუალოდ პროცესის გაშუქებაზე. ამაზე მეტს, ვერაფერს ვერ გეტყვით“.
დღეს, 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას პროცესი გაიმართება.
ჟურნალისტებს კამერებით სასამართლოს შენობაში არ უშვებდნენ 22 და 23 მაისსაც. 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესი გაიმართა, ის სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. მეორე დღეს კი, თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი გაიმართა. 14 მაისს, ოქრუაშვილიც სასამართლოს დარბაზში დააკავეს.
23 მაისის დილითაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ფოტო, ვიდეო გადაღების უფლება მხოლოდ იმ ჟურნალისტებს მისცეს, რომლებსაც პროცესების გაშუქების ნებართვა ჰქონდათ. მედიის სხვა წარმომადგენლებს კი, რომლებსაც სასამართლოში შესვლა კამერებით სურდათ, შენობაში რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ. მოგვიანებით, „მედიაჩეკერთან“ ჟურნალისტებმა თქვეს, რომ მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მათ შესვლის შესაძლებლობა მისცეს და მათი მონაცემები ჩაიწერეს.
აქამდე არსებული პრაქტიკით, ჟურნალისტებს, რომლებსაც სასამართლოს მიერ გაცემული სხდომის გადაღების უფლება არ ჰქონდათ, ფოტო-ვიდეო კამერებით სასამართლოს შენობაში, დერეფნებში, სხდომათა დარბაზებთან ყოფნა, გადაღება და მუშაობა შეეძლოთ.
----------