დღეს, 13:00 საათზე „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და
დირექტორის, მზია ამაღლობელის კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული
საქმის განხილვა დაიწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მზია ამაღლობელს ამჯერად 11 იანვარს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრის გამო იერსახის დამახინჯებას ედავება.
მოსამართლე სალიხ შაინიძემ ამაღლობელი პირველ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.
ამ საქმეზე პოლიცია „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით კი, შესაბამისი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ იყო და მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პოლიციას ყალბი ადმინისტრაციული დაკავების და სამართალდარღვევის ოქმები ჰქონდა შედგენილი.
----------------------------
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების ოქმში
წერია, რომ ის არა სტიკერის გაკვრისთვის, არამედ პოლიციელების
სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს. თუმცა, ამაღლობელი სტიკერის
გაკვრისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე
მუხლით რომ დააკავეს, ამას არსებულ ვიდეოჩანაწერში ბათუმის პოლიციის
უფროსი, ირაკლი დგებუაძეც ადასტურებს.
ადვოკატების განმარტებით, რადგან 150-ე მუხლი დაკავების საფუძველი არ არის, ოქმში 173-ე მუხლი სწორედ იმიტომ ჩაიწერა, რომ მზია ამაღლობელის დაკავების საფუძველი შექმნილიყო.
----------------------------
დღესვე, ადმინისტრაციული საქმის განხილვის შემდეგ, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა განახლდება. დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ნინო სახელაშვილი დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმენს.
ამაღლობელს ირაკლი დგებუაძისთვის, ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით 28 აპრილს საჩივრით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართა.
ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას 300-ზე მეტი ჟურნალისტი, რედაქტორი, მედიამენეჯერი და პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უფლებების დამცველი 80-ზე მეტი ორგანიზაცია ითხოვს. 18 მარტიდან „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელისა და დირექტორის სასამართლო პროცესების მონიტორინგი დაიწყო მსახიობ ჯორჯ კლუნისა და უფლებადამცველ ამალ კლუნის ფონდმა. ამაღლობელის საქმეში სამართლიანობის მოთხოვნით კამპანია დაიწყო ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მაც.