„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ პროტესტისა და საპროტესტო
განწყობების გაშუქებისას ჟურნალისტთა დევნის ფაქტებს ეხმაურება
და სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ჟურნალისტს, „რომლებიც
ამ დამთრგუნველ გარემოში, მაღალი პროფესიონალიზმით აგრძელებენ
საქმიანობას და საზოგადოების ინფორმირებას მათთვის მნიშვნელოვანი
საკითხებისა და პროცესების შესახებ“.
ქარტიის განცხადებით, ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყანაში საპროტესტო მოძრაობისა და საპროტესტო განწყობების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა ეზღუდება, რის მისაღწევადაც სახელისუფლებო სტრუქტურები საკანონმდებლო ბერკეტებსა და მათ ხელთ არსებულ ძალაუფლებას იყენებენ.
როგორც „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ აღნიშნვას, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, მწირი რესურსების მიუხედავად, ყველაფერს აკეთებენ სასამართლო სხდომების გასაშუქებლად და საზოგადოებამდე ინფორმაციის მისატანად. ამის პარალელურად კი მოსამართლეები, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ჟურნალისტებს სხდომათა დარბაზებში პროცესებზე დასასწრებად ხან საერთოდ არ უშვებენ, ხან კი პროცესს მის დასრულებამდე ატოვებინებენ.
„ზოგჯერ მათ ფოტო და ვიდეო გადაღების უფლებას არ აძლევენ. არის შემთხვევები, როცა ჟურნალისტებს სასამართლოს შენობაში მუშაობასაც კი უშლიან. მდგომარეობას ამძიმებს სასამართლოს მანდატურების ძალადობრივი ქცევა, რომლებიც ჟურნალისტთა მიმართ უხეშ ძალას იყენებენ“.
ქარტიის განცხადებით, სასამართლოში გაუარესებულ სამუშაო პირობებსა და ხელშეშლაზე ის ჟურნალისტები საუბრობენ, რომლებიც უკვე წლებია სასამართლო სხდომებს აშუქებენ:
- „12 ივნისს, მანდატურებმა, პროევროპულ აქციაზე დაკავებული სტუდენტის, მათე დევიძის, სასამართლო პროცესის გასაშუქებლად თბილისის საქალაქო სასამართლოში მისული ჟურნალისტების ერთ ნაწილს, მოქალაქეებთან ერთად, შენობა ძალით დაატოვებინეს. ჟურნალისტთა მეორე ნაწილს ისინი სასამართლოს შენობაში არ უშვებდნენ.
- 11 ივნისს მოსამართლემ პროევროპული აქციების მონაწილე ექიმის, ნარკოდანაშაულში ბრალდებული გიორგი ახობაძის, პროცესი სრულად დახურა და ჟურნალისტებს დარბაზი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაატოვებინა. 10 ივნისს, იგივე გააკეთა მოსამართლემ პროევროპული აქციების მონაწილე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის სასამართლო პროცესზეც, ოთხი მოწმის დაკითხვის შემდეგ. „პუბლიკას“ ჟურნალისტმა ნათია ამირანაშვილმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ მათ, ჟურნალისტებს, 11 ივნისს სხდომაზე წესრიგი არ დაურღვევიათ და რომ არც 11 ივნისს და არც წინა დღეს, 10 ივნისს, მედიის, მათ შორის იმ მედიის, რომელთაც გადაღების ნებართვა ჰქონდათ, დარბაზიდან გაძევებისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობდა.
- 11 ივნისს, მოსამართლე, პროევროპული აქციების მონაწილე ჯგუფური ძალადობაში ბრალდებული რვა პირის სასამართლო პროცესზე, „პუბლიკას“ ფოტოგრაფს, მინდია გაბაძეს, მის პროცესზე ფოტოგადაღების უფლების ჩამორთმევით დაემუქრა. ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ფოტოების გადაღებას სხდომის დასრულების შემდეგაც განაგრძობდა, თუმცა სრულიად უხმაუროდ, რამაც მოსამართლის გაღიზიანება გამოიწვია.
- 9 ივნისს სასამართლოს შენობაში ჟურნალისტებზე იძალადეს პროევროპული აქციების მონაწილის, ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაციას, საქმის მოწმე პოლიციელის თანმხლებმა პირებმა“.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ დაწერილი Facebook-პოსტების გამო ჟურნალისტების სასამართლოში დაბარებისა და დაჯარიმების ფაქტებსაც გამოეხმაურა. ორგანიზაციის შეფასებით, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტები შეფასებით მსჯელობას წარმოადგენს და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში სრულად ჯდება:
„მამუკა მდინარაძემ საჩივარი ტელეწამყვანების ვახო სანაიას, ვიკა ბუკიას, ეკა მიშველაძის და ნანუკა ჟორჟოლიანის, ჟურნალისტ დეა მამისეიშვილის და „ფორმულას“ თანამფლობელის მიშა მშვილდაძის წინააღმდეგ ახლად ამოქმედებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173(16)-ე მუხლის საფუძველზე შეიტანა. ეს მუხლი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის/მასთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წუხილის საგანია ამ მუხლის მსუსხავი ეფექტი და მის საფუძველზე მასობრივი ცენზურის საფრთხე“.
ქარტიის განცხადებით, 173(16)-ე მუხლში ჩამოთვლილ პირებს თმენის მაღალი ვალდებულება აქვთ, მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს კი მათი მისამართით კრიტიკული აზრის გამოთქმის არ უნდა ეშინოდეთ.