სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღება მნიშვნელოვნად იზღუდება
24.06.2025


„ქართული ოცნების“ პარლამენტი დაჩქარებული წესით, 27 ივნისამდე მიიღებს იმ საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც მედიისთვის სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება. 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიურომ გუშინ, 23 ივნისს დაარეგისტრირა. იმ მუხლის განახლებული რედაქციით, რომელიც სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქებას შეეხება, სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი გახდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს. 

დაგეგმილი ცვლილებით, „სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო, კინო და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არეწინააღმდეგება კანონს. 

სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა დაიშვება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერმიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით“. 

აქამდე მოქმედით კანონით, საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერა შეუზღუდავად შეეძლო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო სხდომა ნაწილობრივ ან სრულად დახურული იყო. ამასთან, ის ვალდებული იყო ჩანაწერი მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისთვის მათი მოთხოვნისთანავე გადაეცა. იმ შემთხვევაში კი თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონით მინიჭებული უფლებით არ სარგებლობდა, გადაღების უფლება სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს, სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისთვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე, შეეძლო. 

უქმდება კანონის ის ჩანაწერიც, რომლის მიხედვითაც სასამართლოს ეზოსა და შენობის დერეფანში ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იყო ნებადართული.

კანონპროექტის ინიციატორები „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი არიან. 

ბოლო პერიოდში ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობისას პროფესიულ საქმიანობაში ხელი ეშლებოდათ, მათ რამდენჯერმე სასამართლოს შენობაში კამერებით შესვლაც აუკრძალეს. 




კონტექსტი: საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. „ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. 
31 მაისიდან ამოქმედდა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტიც“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნს უწოდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას. 
კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ საჩივრებით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა კომუნიკაციების კომისიასაც. მიმართვის საფუძველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ის ცვლილებები გახდა, რომლითაც კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა.
ხუთ თვეზე მეტია უკანონო პატიმარია „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი; სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და დახურა გადაცემა „რეალური სივრცე“. ისინი „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ. 
ჟურნალისტებს ხელს უშლიან პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მათ აქციების გაშუქებისას აჯარიმებენ „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვისაც“. ამასთან, დღემდე არ დასჯილან პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე (გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული და სხვები) თავდამსხმელები. 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ