„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ შემოსავლების სამსახურს
მოუწოდებს,
„ბათუმელებს“ ბიუჯეტის მიმართ დავალიანების გასასტუმრებლად გრაფიკი
შეუდგინოს.
შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო რომ დაადო, ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემამ დღეს გაავრცელა. „ბათუმელების“ განცხადებით, ოფიციალური მიზეზი დავალიანებაა, რეალური - კი სურვილი, რომ მედია ორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტოს.
„უკვე წლებია, საქართველოში მედიას უკიდურესად მძიმე პირობებში უწევს მუშაობა, სარეკლამო რესურსების სიმცირის და რეპრესიული კანონმდებლობის გამო. „ბათუმელები“, მზია ამაღლობელის ხელმძღვანელობით, ძალ-ღონეს არ იშურებდა რომ, წინააღმდეგობების მიუხედავად, მკითხველამდე დროულად მიეტანა მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი, სანდო და გადამოწმებული ინფორმაცია. გამოცემა დაუღალავად ააშკარავებდა კორუფციის ფაქტებს და იცავდა ადამიანების შელახულ უფლებებს. 2025 წლის იანვრიდან მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში იმყოფება, რამაც ორგანიზაციის საქმიანობა მნიშვნელოვნად შეაფერხა და მის ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახა.
ინკასოს დასადებად შერჩეული დრო - როცა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება, ქარტიას აფიქრებინებს, რომ „ქართული ოცნება“ მის ხელთ არსებულ ფინანსურ ბერკეტს კრიტიკული მედიასაშუალების გასაჩუმებლად და შესავიწროებლად იყენებს.
შემოსავლების სამსახურის გააქტიურება მსგავს ეჭვებს აღძრავს იმის გამოც, რომ უკვე წლებია, პროსახელისუფლებო ტელევიზიებს - „იმედსა“ და „რუსთავი2“-ს, მილიონობით ლარი აქვთ საბიუჯეტო დავალიანება, რაც მათ მიმართ სააღსრულებო მოქმედების საფუძველი არ გამხდარა.
სახელმწიფოს ვალდებულებაა, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ინსტიტუციების, მათ შორის, მედიის განვითარებას, რომლის როლი დემოკრატიის გამართულად ფუნქციონირებაში შეუფასებელია. სახელმწიფო პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს მედიაბიზნესის, რომელიც განსაკუთრებულად მგრძნობიარეა პოლიტიკური და ეკონომიკური რყევების მიმართ, დაცვისა და ხელშეწყობისკენ და არა გადასახადების ამოღების მოტივით მისი დათრგუნვისა და განადგურებისკენ“, - ვკითხულობთ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებაში.
ორგანიზაცია ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს მოუწოდებს, მოხსნას ინკასო „ბათუმელების“ ანგარიშებს, შეუდგინოს მას გრაფიკი დავალიანების გასასტუმრებლად და გამოცემას ნორმალურად ფუნქციონირების საშუალება მისცეს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათი დავალიანება ბიუჯეტის წინაშე არის: ძირი თანხა - 47 ათასი ლარი, საურავი - 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი.
გამოცემას სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება აღიარებული ჰქონდა და მის დასაფარად შესაბამის თანხებს ყოველთვიურად იხდიდა.
როგორც „ბათუმელები“ წერს, 1 ივლისს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, რომ ვალი ჰქონდათ, რომელიც 5 დღეში უნდა გადაეხადათ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცემის ანგარიშებს ინკასოს დაადებდნენ, შემდეგ კი ქონებას დააყადაღებდნენ და აღსრულება დაიწყებოდა.
მოსალოდნელი ინკასოს შესახებ მიღებული ინფორმაციის შემდეგ, „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართა და საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, ვალის გადასახდელად გრაფიკის შეთავაზება ითხოვა, რაზეც უარი უთხრეს, 17 ივლისს კი მათ ანგარიშებს ინკასო დაადეს.