TI: „ჟურნალისტებზე ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების 180-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა 2025 წლის 9 თვეში“
08.10.2025


„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 2025 წლის 9 თვის (იანვარი-სექტემბერი) განმავლობაში, ჟურნალისტებზე ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების 180-ზე მეტი საჯაროდ დაფიქსირებული შემთხვევა აღრიცხა

ორგანიზაციის შეფასებით, დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, დაშინების, მუქარის, შევიწროების, დევნისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში სხვადასხვა ტიპის ხელშეშლის მანკიერი პრაქტიკა კვლავაც გრძელდება:

 „ამ პერიოდში, განსაკუთრებით საგანგაშო იყო ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობლის დაკავება და მისთვის 2-ლიანი პატიმრობის მისჯა“.

როგორც TI აღნიშნავს, მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის საგანგაშო ტენდენციასთან ერთად, სახიფათო პრაქტიკის სახე შეიძინა „ქართული ოცნების“ მხრიდან სასამართლო სისტემისა და სამართალდამცველი ორგანოების პარტიული ინტერესების შესაბამისად ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებამ:

„ეს ყველაზე თვალსაჩინოდ და ნათლად ვლინდება ჟურნალისტების გახშირებულ უკანონო დაკავებებსა და დაჯარიმებაში, მანდატურების მხრიდან არასათანადო დამოკიდებულებაში და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობაში. 2025 წელს, ტენდენციის სახე ჰქონდა მედიის წარმომადგენლებისთვის სასამართლო პროცესების გადაღებისას სხვადასხვა ტიპის დაბრკოლების შექმნასა და ჟურნალისტების სასამართლო დარბაზებიდან გაძევებას, რაც საბოლოოდ პროცესების ვიდეო და ფოტოგადაღებების სრული აკრძალვით დაგვირგვინდა. აღნიშნულმა მნიშვნელოვნად შეაფერხა და გაართულა სასამართლოებში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება და ისედაც დახურული სისტემა საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ჩაკეტილი გახადა“. 

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ მიმდინარე წელი საგანგაშო იყო დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არაერთი შემზღუდავი კანონის მიღების თვალსაზრისითაც, რითაც „ისედაც მწირი ფინანსური და ტექნიკური რესურსების მქონე მედიის საქმიანობა კიდევ უფრო გაართულა, რიგ შემთხვევებში კი - შეუძლებელიც გახადა“.

TI-ს შეფასებით, 2025 წელი დრამატულად რთული იყო რეგიონული მედიისთვისაც: 

„“რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ ინფორმაციით, ფინანსური სირთულეების გამო, მიმდინარე წელს, 21 რეგიონული მაუწყებლიდან ყოველდღიურ ახალ ამბებს ვეღარ აწარმოებს 17. მათ შორის, წლის დასაწყისში, მრავალწლიანი ოპერირების შემდეგ, მაუწყებლობა სრულად შეაჩერეს ტელეკომპანიებმა - „ბორჯომმა და „TV 25-მა“ (აჭარა), ასევე ახალციხის ტელევიზია „მეცხრე არხი ახალციხემ“. ამასთან, მფლობელებს შორის უთანხმოების შედეგად, 2025 წლის თებერვალში ჯერ მაუწყებლობა დროებით შეაჩერა, მაისში კი სრულად დაიხურა ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი კრიტიკული ტელევიზია „მთავარი არხი„“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აღნიშნავს, რომ მედიის მიმართ ამგვარი მიდგომა ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი თავისებურებაა, როდესაც თავისუფალი, გავლენებისგან დამოუკიდებელი მედია თავდასხმისა და რეპრესიების მთავარი სამიზნეა: 

„მთლიანობაში, მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების დევნის მავნე პრაქტიკა „ქართული ოცნების“ იმ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომლის მიზანიც ქვეყანაში თავისუფალი სივრცის მოსუფთავება და გაქრობაა. თუმცა, უამრავი სირთულის, გამოწვევისა და არაერთი შემზღუდავი კანონის მიღების მიუხედავად, რომელთა მიზანიც დამოუკიდებელი მედიის საბოლოო გაჩუმებაა, ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ მომენტში, ქართული კრიტიკული მედია მყარად იბრძვის ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ,მწირი რესურსების პირობებშიც კი, კვლავ აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას და პროსამთავრობო ტელევიზიების პროპაგანდისტული საინფორმაციო ველის დაბალანსებას“

TI-მ მედიის წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის ძალადობისა და ხელშეშლის შემთხვევები 5 კატეგორიად (მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმა და ძალადობა; ჟურნალისტების ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება; მმართველი გუნდისა და პროსამთავრობო მედიის თავდასხმა კრიტიკულ მედიაზე; კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნა საზოგადოებრივ მაუწყებელში; უცხოელი ჟურნალისტებისთვის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა) დააჯგუფა, მათ შესახებ ვრცლად იხილეთ აქ.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ