საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურეო საბჭოსა და დირექტორთა საბჭოს წევრები „მე-13 ხელფასს“ აიღებენ
23.12.2025


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები დამატებით 1 თვის ჰონორარებს აიღებენ. 

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი 8 817 ლარია (დარიცხული), მისი მოადგილის - 6 798 ლარი (დარიცხული), საბჭოს სხვა წევრების კი - 6 085 ლარი (დარიცხული).

1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით პრემიას მიიღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორთა საბჭოც. „პირველი არხის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციისმიხედვით, მასში შედიან: რუსუდან მანჯგალაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის დირექტორი, ნოდარ ჭიჭინაძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური დირექტორი, გოჩა ქუმსიაშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკური დირექტორი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 2025 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებისმიხედვით, დარჩენილი თანხა მიემართება „საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა რგოლის მენეჯერების და თანამშრომლების პრემირებაზე მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილების შესაბამისად ორგანიზაციის რეგულაციების დაცვით“.

„მე-13 ხელფასის“ გაცემის საკითხი 23 დეკემბრის სხდომაზე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ დააყენა

ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს: ზაზა აბაშიძემ, ლაშა ტუღუშმა და ლიკა ბასილაია-შავგულიძემ. სხდომას არ ესწრებოდა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, გია მურღულია. 

2025 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, სამეურვე საბჭომ, ასევე ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირა ცვლილებას პრემირების წესშიც, რომლის მიხედვითაც, გენერალური დირექტორის პრემირების შესახებ გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭო მიიღებს.  

სამეურვეო საბჭოს  2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით დამტკიცებული, საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულ პირთა პრემირების წესი აქამდე მაუწყებლის გენერალურ დირექტორზე არ ვრცელდებოდა

ამასთან ერთად, ცვლილება შევიდა სამეურვეო საბჭოს რეგლამენტშიც და ამიერიდან „სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის და მეურვეების ჰონორარებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში განსაზღვრული ბიუჯეტის 1% პროცენტის ფარგლებში კალენდარული წლის ბოლოსთვის დარჩენილი ნაშთი - 12 თვის ჰონორარების გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის ხარჯვის მიზნობრიობა განისაზღვრება სამეურვეო საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების შესაბამისად“. 

აქამდე ეს დარჩენილი თანხა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კაპიტალური ხარჯების დაფინანსების მიზნით „თიბისი ბანკიდან“ აღებული სესხის დასაფარად მიემართებოდა

23 დეკემბრის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა თინათინ ბერძენიშვილთან 2020 წლის 25 სექტემბერს გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში ცვლილებასაც და 2026 წლის 1 იანვრიდან „პირველი არხის“ გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურება ხელზე ასაღები 15 000 ლარით განისაზღვრა. 

თინათინ ბერძენიშვილის ხელფასი (დარიცხულ 16 250 ლარამდე) მიმდინარე წლის 1 იანვრიდან უნდა გაზრდილიყო, თუმცა 2024 წლის 5 დეკემბრის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მან არსებული ხელფასის - 12 500 ლარი (დარიცხული) შენარჩუნება ითხოვა.


ხელზე ასაღები 7 000 ლარი იქნება „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის შრომის ანაზღაურებაც. ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე არჩეულ კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისთანავე. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ორჯერ ჩაშლილი კონკურსის შემდეგ, „აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი 23 დეკემბერს მესამედ გამოაცხადა.

23 დეკემბრის სხდომაზე სამეურვეო საბჭომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა „პირველი არხისა“ და „აჭარის ტელევიზიის“ 2026 წლის ბიუჯეტებიც

საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ მომავალი წლის ბიუჯეტი 114 452 364 ლარი იქნება, საიდანაც 80 269 771 ლარი სახელმწიფო ასიგნებაა.

22 775 300 ლარი იქნება „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2026 წლის ბიუჯეტი, საიდანაც სახელმწიფო ასიგნება 20 931 200 ლარია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 11 წევრისგან შედგება: გია იაკობაშვილი, იზაბელა ოსიპოვა, სოსო სტურუა, გია კოხრეიძე, თამილა დოლიძე, ზაზა აბაშიძე, ბონდო მძინარაშვილი, ლაშა ტუღუში, ლიკა ბასილაია-შავგულიძე, გია მურღულია და ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც საბჭოს თავმჯდომარედ მეორე ვადით არის არჩეული.

სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით იცვლება. სამეურვეო საბჭოს თითოეულ წევრს კი 6 წლის ვადით ირჩევენ. 


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ