Postv-იმ, „იმედმა“ და „რუსთავი 2-მა“ Facebook რეკლამებისთვის 90 დღეში $100 000-ზე მეტი დახარჯეს
05.01.2026

 

სამთავრობო ტელეკომპანიებმა: Postv-იმ, „იმედმა“ და „რუსთავი 2-მა“ Facebook რეკლამებისთვის 90 დღეში $100 000-ზე მეტი დახარჯეს, საიდანაც უმეტესობა Postv-ზე მოდის. 

Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის (Ad Library) მიხედვით, პროპაგანდისტულმა Postv-იმ 2025 წლის 5 ოქტომბრიდან 2026 წლის 2 იანვრამდე პერიოდში, Facebook-ის 6 სხვადასხვა გვერდზე 3 744 პოსტი დაასპონსორა, რაშიც ჯამურად $76 918 დახარჯა:

  • „POSTV-ანალიტიკა“: 727 პოსტი - $33 971;
  • POSTV News: 2 881 პოსტი - $31 499;
  • „ევროკრატია-ყოფილი ევროპა“: 58 პოსტი - $7 098;
  • „ევროპის დაისი“: 15 პოსტი - $2 131;
  • „ლიბერალიზმის ანატომია“: 26 პოსტი - $1 860;
  • „კონსერვატორია“: 37 პოსტი - $359;


Postv-ს, რომლის 52%-იანი წილის მფლობელიც პარლამენტარი ვიქტორ ჯაფარიძეა, 2020 წლის აგვისტოდან [Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკა ამ დროიდან მოქმედებს] 2026 წლის 2 იანვრამდე, Facebook-ის სხვადასხვა გვერდზე, ჯამში 490 000 დოლარზე მეტი ღირებულების პოსტები აქვს დასპონსორებული. 

სამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“ კი ანალოგიურ პერიოდში (2025 წლის 5 ოქტომბრიდან 2026 წლის 2 იანვრამდე) Facebook-ის 2 გვერდზე 53 პოსტი დაასპონსორა, რაშიც ჯამურად 13 815 დოლარი დახარჯა:

  • tv imedi: 51 პოსტი - $13 485;
  • „იმედის კვირა“: 2 პოსტი - $330;



სამთავრობო „იმედს“, რომლის მფლობელიც ბიზნესმენი ირაკლი რუხაძეა, 2020 წლის აგვისტოდან 2026 წლის 2 იანვრამდე, Facebook-ის სხვადასხვა გვერდზე, ჯამში 219 000 დოლარზე მეტი ღირებულების პოსტები აქვს დასპონსორებული.

რაც შეეხება „რუსთავი 2-ს“, სამთავრობო არხმა Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის (Ad Library) მიხედვით, 2025 წლის 5 ოქტომბრიდან 2026 წლის 2 იანვრამდე პერიოდში, Facebook გვერდზე 117 პოსტი დაასპონსორა, რაშიც ჯამურად $9 572 დახარჯა.

„რუსთავი 2-ს“, რომლის 60%-იანი წილის მფლობელიც ქიბარ ხალვაშია, 40%-იანი წილის მფლობელი კი - შპს პანორამა, 2020 წლის აგვისტოდან [Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკა ამ დროიდან მოქმედებს] 2026 წლის 2 იანვრამდე, Facebook-ის სხვადასხვა გვერდზე, ჯამში 14 000 დოლარზე მეტი ღირებულების პოსტები აქვს დასპონსორებული. 

რეკლამების ბიბლიოთეკა არჩევნების, სოციალური და პოლიტიკური საკითხების შესახებ დასპონსორებულ პოსტებს აერთიანებს და Meta-ს კუთვნილ პლატფორმებზე განთავსებული ყველა იმ რეკლამის შესახებ მოიცავს ინფორმაციას, რომელიც განმათავსებლის მიერ მონიშნული იქნა სოციალურ/პოლიტიკურ რეკლამად ან თავად პლატფორმამ მიიჩნია ასეთად. 


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ