„ევრონიუს ჯორჯია“ განახლებული ფორმატით აქცენტს Euronews-ის საერთაშორისო კონტენტზე გააკეთებს
09.01.2026


Euronews Georgia-ს განცხადებით, ტელევიზია ახალ ფორმატზე გადადის, რომლის ფარგლებშიც მთავარი აქცენტი ქართული აუდიტორიისთვის ადაპტირებულ Euronews-ის საერთაშორისო კონტენტზე გაკეთდება.

„შპს სილქ მედიაში ფინანსური მდგომარეობის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, ტელევიზიის მოქმედი სამაუწყებლო მოდელი ვერ უზრუნველყოფს საკმარისი ფინანსური რესურსის გენერირებას, ტელევიზიის საოპერაციო ხარჯების და Euronews SA-სთან გაფორმებული ფრანშიზის ხელშეკრულების მიხედვით შესასრულებელი ფინანსური ვალდებულების დასაფარად.

ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, კომპანიის სტარტეგიული განვითარების ფარგლებში მიღებულია ტელევიზიის ახალ ფორმატზე გადასვლის გადაწყვეტილება. განახლებული მოდელის ფარგლებში მთავარი აქცენტი გაკეთდება ქართული აუდიტორიისთვის ადაპტირებულ Euronews-ის მუდმივად განახლებად, მაღალი ხარისხის საერთაშორისო კონტენტზე“, - წერია ტელეკომპანიის განცხადებაში.

„ევრონიუს საქართველომ“ მაუწყებლობა 2020 წელს დაიწყო. ის ევროპული „ევრონიუსის“ პარტნიორია. შპს „სილქ მედიასა“ და ფრანგულ სამაუწყებლო კომპანია „ევრონიუსს“ შორის პარტნიორული ხელშეკრულება 2019 წელს გაფორმდა. შპს „სილქ მედიას“ 100%-იანი წილის მფლობელი სააქციო საზოგადოება „სილქნეტია“. „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე „ზარალა“ 2025 წლის ივლისში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს და მოგვიანებით, 70 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ