„ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა“ - მედიის წარმომადგენლები სასამართლოში სივრცის გამოყოფას ითხოვენ
23.01.2026

 

სასამართლოს შენობასა და ეზოში გადაღების აკრძალვის შემდეგ მედიის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კი ოპერატორებს, რომლებსაც შიგნით კამერებით არ უშვებენ, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მუშაობა რთულ პირობებში უწევთ. 

მე-7 თვეა ისინი თითქმის ყოველდღე გამართულ პროცესებს სასამართლოს ეზოს შესასვლელიდან აშუქებენ. სწორედ აქ დგას მათი კამერები, აქ წერენ ჟურნალისტები რესპონდენტებს და ერთვებიან ტელევიზიების პირდაპირ ეთერში. ისინი ღია ცის ქვეშ მუშაობენ ამინდისა და ტემპერატურის მიუხედავად, ხშირად საათების განმავლობაშიც კი. 

--------------------------------

2025 წლის ივნისის ბოლოს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ,„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლითაც სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა დაუშვებელი გახდა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს.

კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით გადაღებისა და აუდიოჩაწერის დაშვება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია. თუმცა, მედიის წარმომადგენლების არაერთი განცხადების მიუხედავად, საბჭომ ნება აქამდე მხოლოდ ერთხელ, გასული წლის ივლისში, სამთავრობო ტელეკომპანია „იმედს“ და საზოგადოებრივ მაუწყებელს „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სხდომის გადასაღებად დართო. 

--------------------------------

„ნამდვილად ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა. ახლა - 4 გრადუსია, გაყინულია ყველაფერი. დილიდან საღამომდე აქ ვდგავართ, შიგნით არ გვიშვებენ. ზაფხულშიც ანალოგიური სიტუაციაა: მზეა და ელემენტარულად ხეც არაა, ჩრდილი რომ იყოს. ზაფხულში სიცხეში ვართ, + 40 გრადუსში, ზამთარში კი - ასე, ყინვაში. დღის მანძილზე არაერთი პროცესი ტარდება. დილით, 9-10 საათზე, გვიწევს მოსვლა და შესაძლოა, მთელი დღე აქ ყოფნა მოგვიწოს. ზოგჯერ სამსახურის მანქანები ვერ ახერხებენ მთელი დღით აქ დარჩენას, რადგან ცოტა მანქანაა და ბევრი ამბავი ხდება“, - ასე აღწერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მუშაობას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, დიმიტრი ლელინი.



ამ რთული სამუშაო პირობების გამო, მედიის წარმომადგენლებისთვის სპეციალური სივრცის მოწყობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორი, დავით მანია:

„იმ აბსურდული გადაწყვეტილებების გამო, რომელიც ე.წ. ხელისუფლებამ სასამართლოებთან მიმართებით მიიღო, გვიწევს ასე, ქუჩაში დგომა და ყინვასა თუ პაპანაქება სიცხის დროს არაადამიანურ პირობებში მუშაობა. გარშემო არანაირი სივრცე არაა, სადაც ელემენტარული, გათბები და ადამიანად იგრძნობ თავს. საჭირო კი არა აუცილებელიცაა, რომ მსგავსი სივრცე არსებობდეს“.



ჟურნალისტებისთვის სივრცის გამოყოფის საჭიროებაზე საუბრობს „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტი ეკუნა ლემონჯავაც, რომელიც ჩვენი იქ ყოფნის დროს, პირდაპირ ეთერში ჩასართავად სასამართლოს შენობიდან გამოსვლისას, ეზოში, ყინულზე წაიქცა და ფეხზე ტრავმა მიიღო. 

ლემონჯავას შეფასებით, არაადამიანურ მოპყრობასთანაც კი არის გათანაბრებული ის პირობები, რომელშიც ჟურნალისტებს სასამართლოსთან მუშაობა უწევთ:

„არ გვაქვს არანაირი გადახურული კონსტრუქცია, სადაც შეიძლება თავი შევაფაროთ. ჟურნალისტებს კიდევ არა გვიშვას, რადგან სასამართლო პროცესებზე შევდივართ, ვესწრებით და მხოლოდ ჩართვებისთვის და სინქრონების ჩასაწერად გამოვდივართ გარეთ. თუმცა საშინელ მდგომარეობაში არიან ოპერატორები, რომლებიც დილიდან ღამემდე მუშაობენ იმისთვის, რომ მაყურებლებამდე მიიტანონ ამბავი, კადრი. მათ მთელი დღის განმავლობაში ყინვაში უწევთ ყოფნა. ერთი ხეც კი არ არის, თუნდაც თაკარა მზის დროს, ან წვიმასა და თოვლში თავი რომ შეაფარო“.



„TV პირველის“ ჟურნალისტის, ნანუკა ქაჯაიას თქმით, ჟურნალისტებმა მედიისთვის სივრცის გამოყოფა არაერთხელ მოითხოვეს, თუმცა ამას ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ მოჰყოლია:

„ადამიანებმა, რომლებმაც კარგად იციან, რა პირობებში ვიმყოფებით, უბრალოდ ჩვენს ადგილას საკუთარი თავი უნდა წარმოიდგინონ და მიხვდებიან, რომ ამ პირობებში მუშაობა უბრალოდ წარმოუდგენელია…

გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს, ალბათ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, „ქართულმა ოცნებამ“, რომ სასამართლოს კარი გაიღოს ჩვენთვის, იმიტომ რომ ოდესღაც იყო აქ მედიისთვის მოწყობილი სივრცე და გვქონდა შესაძლებლობა იმ ოთახში შევსულიყავით. თუ მოგვცემენ უფლებას, რომ სასამართლოს დერეფნებში მაინც გადავიღოთ, რადგან სხდომათა დარბაზებში არ გვიშვებენ, ამით, ალბათ, არაფერი დაშავდება“.

მედიისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მუშაობის სირთულეებზე საჯაროდ საუბრისგან თავი შეიკავეს პროსამთავრობო ტელევიზიების წარმომადგენლებმა. 

გეგმავს თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლო, რთული სამუშაო პირობების გათვალისწინებით, მედიის წარმომადგენლებისთვის სივრცის გამოყოფას - ამ თემით „მედიაჩეკერი“ სასამართლოს პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, რაზეც გვიპასუხეს, რომ ასე ვერაფერს ვერ გვეტყვიან და მსგავს საკითხებზე წერილობით უნდა მივმართოთ. იუსტიციის უმაღლესი საბჭო კი რედაქციის ზარებს არ პასუხობს.



კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ